უკრაინაში ბრძოლის ველზე სიტუაცია უკიდურესად მძიმეა. უკრაინის ჯარებს არ გააჩნიათ საკმარისი საბრძოლო მასალა, რომელიც საჭიროა რუსული აგრესიის მოსაგერიებლად, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელები მამაცურად ბრძოლას განაგრძობენ. მათ ჯერ კიდევ აქვთ ჯავშანტექნიკა, იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ, მაგრამ უწევთ მისი ეკონომიურად გამოყენება, რადგან შეერთებული შტატების კონგრესმა ვერ იმოქმედა.
„ველით, რომ უკრაინული ძალები გააგრძელებენ მამაცურად ბრძოლას და მიაღწევენ წარმატებას, როგორც ეს, ყველაზე შესამჩნევად, შავ ზღვაში გააკეთეს. მაგრამ მათთვის ბევრად უფრო რთული იქნება, თუ არ ექნებათ წვდომა საჭირო საბრძოლო მასალაზე“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ პრეზიდენტი ბაიდენი კონგრესს მოქმედებისკენ მოუწოდებს.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ კონგრესს, შეასრულოს თავისი მოვალეობა, ჩაატაროს კენჭისყრა და დაამტკიცოს დახმარება უკრაინის არმიისთვის, რომელსაც ეს ძალიან სჭირდება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/