აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ელჩი ჯეიმს ო’ბრაიენი თბილისს ეწვევა, რათა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან საერთო ინტერესის საკითხები, კერძოდ, სანქციები და მათი ეფექტური განხორციელება განიხილოს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
როგორც საელჩო აღნიშნავს, ვიზიტის მიზანია, კომუნიკაციის პირდაპირი არხისა და სამომავლო თანამშრომლობითი დიალოგის დამყარება.
ერთობლივ ვიზიტში, ასევე, მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სანქციების დესპანი, დევიდ ო’სალივანი და კუმარ აიერი, დიდი ბრიტანეთის მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პრემიერ-მინისტრ ღარიბაშილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერ და ეკონომიკის მინისტრ დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტთან თურნავასთან და გენერალურ პროკურორთან შოთაძესთან.
"ჩვენ მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებასა და ძალისხმევის გაძლიერებას სანქციებზე თავის არიდების პრევენციის მიზნით, აგრძელებს რა რუსეთი სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.