USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი: თუ რუსეთი უკრაინაში ომს მოიგებს, პუტინი ნატოს წევრ ქვეყანას დაესხმება
თარიღი:  1018

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილმა დირექტორმა, დევიდ პეტრეუსმა განაცხადა, რომ, თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, მისი ლიდერი, ვლადიმერ პუტინი ნატოს წევრ ქვეყანას დაესხმება.

პეტრეუსის აზრით, შემდეგი ქვეყანა ბალტიისპირეთის რეგიონიდან, სავარაუდოდ ლიეტუვა იქნება.

ლონდონში მიმდინარე ერთ-ერთ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილმა დირექტორმა აღნიშნა, რომ პუტინის გეგმას უკრაინაში ხელისუფლების დამხობა და „მარიონეტი რეჟიმის დასმა“ წარმოადგენს. „თუ ეს მოხდება, ნახავთ, რომ ის ყურადღებას ბალტიის რეგიონის ქვეყნებზე გადაიტანს“, - თქვა პეტრეუსმა.

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილმა დირექტორმა, რომელიც უწყებას 2011-2012 წლებში ხელმძღვანელობდა, აღნიშნა, რომ რუსული აგრესიის საფრთხის ქვეშ ლიეტუვა არის.

„ლიეტუვას მის [პუტინის] გამოსვლებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა, და ჩვენ მას უფრო ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ“, - აღნიშნა პეტრეუსმა.

ყოფილმა გენერალმა, რომელიც ერაყსა და ავღანეთში ათი ათასობით ამერიკელ, ბრიტანელ და სხვა სამხედროებს ხელმძღვანელობდა, პუტინის საბოლოო მიზნად უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება დაასახელა.

მან აღნიშნა, რომ რუსეთს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დამხობა და პრორუსი მარიონეტის დასმა სურს.

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის