აშშ-ის ელჩი ნატო-ში კეი ბეილი ჰათჩისონი სირიაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, თურქებმა დაინახეს, „ვინ არის მათი სანდო პარტნიორი და ვინ - არა“.
„ჩემი აზრით, პრეზიდენტი ერდოღანი მიხვდება, რომ ჩვენ ვიყავით მათი მოკავშირე წარსულში და ვიქნებით მომავალში. მათ არ უნდა გამოიყენონ S-400-ები“,-აღნიშნა ჰათჩისონმა.
მისივე თქმით, აშშ-ში თურქეთის დახმარების საკითხი განიხილება.
„ეს ნამდვილად განიხილება. ძალიან, ძალიან რთული სიტიაციაა... მინდა ვთქვა, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენ ერთად დავდგეთ რუსეთისა და სირიის რეჟიმის წინააღმდეგ. ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ არის მიღებული ამასთან დაკავშირებით. მე არ ვიცი რა გვთხოვეს და რისი მიცემა შეგვიძლია. ეს რთული ვითარებაა და ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ“,-აცხადებს ჰათჩისონი.
ცნობისთვის, წუხელ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის სამთავრობო ძალების თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 33 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. აღნიშნულის შემდეგ მედიის ინფორმაციით, თურქეთისა და სირიის ოპოზიციის ძალები ინტენსიურ შეტევებს ახორციელებენ იდლიბის რეგიონის საკვანძო ქალაქებში.
თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორის ცნობით, ანკარა შეტევას სახმელეთო და საჰაერო ტექნიკით ახორციელებს.