27 ივლისს აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების ყოფილ უფროსს ჯონ მალხაზ შალიკაშვილს დაბადებიდან 85 წელი შეუსრულდა. სოციალურ ქსელსი ამ ფაქტს ბ-ნი ზურაბ შარეიძე ეხმაურება და დღემდის უცნობ დეტალებს გვიყვება ჯონ შალიკაშვილის შესახებ.
"დღეს ამ დიდი კაცის დაბადების დღეა!
ბევრჯერ შესთავაზეს ჯონ შალიკაშვილს გვარი "შალიზე" შეემოკლებინა, რომ მისი წარმოთქმა მარტივი გამხდარიყო ამერიკელებისთვის. თვით ბილ კლინტონმაც კი სთხოვა, მაგრამ ყველამ მტკიცე უარი მიიღო და სამუშაოს უფრო გამოეთხოვებოდა, ვიდრე ერთ ასოს მაინც შეცვლიდა საკუთარ გვარში.
როდესაც ჯონი პატარა იყო და ჯერ კიდევ პოლონეთში ცხოვრობდა, მათს ოჯახს თავადური გვარის ვინმე ანდრონიკაშვილი ესტუმრა, რომელსაც, როგორც გაირკვა, გვარი რუსულ "ანდრონიკოვზე" შეეცვალა. ჯონის მამამ, დიმიტრი შალიკაშვილმა, სტუმარი კინწისკვრით გააგდო, შენ რა ქართველი ხარ, მამის გვარი ვერ შეგინარჩუნებიაო. ეს მუდამ ახსოვდა ჯონს.
ჯონ-მალხაზ შალიკაშვილი - ქართული წარმოშობის ამერიკელი გენერალი, ვიეტნამის ომის ვეტერანი, ნატოს შეიარაღებული ძალების მეთაური, ამერიკის შეიარაღებული ძალების თავჯდომარე 1993-1997 წლებში და ბირვული ღილაკის ერთ-ერთი პატრონი (ამერიკის პრეზიდენტსა და თავდაცვის მინისტრთან ერთად).
მისი ძმა ოთარ-იოსებ შალიკაშვილი, ასევე სამხედრო, მეთაურობდა ამერიკის 506-ე საჰაერო-სადესანტო ქვედანაყოფს, ამერიკის არმიის სპეციალური სამსახურების მეათე ჯგუფს, 2001 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს სამხედრო კონსულტანტი საქართველოს საკითხებში.
მათი მამა, დიმიტრი შალიკაშვილი, გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ვიცე-პოლკოვნიკი და მომავალში ქართული ლეგიონის ოფიცერი.
ამონარიდი ბატონ კობა ლიკლიკაძის სტატიიდან, ბატონ დავით თევზაძის მოგონებანი ჯონ მალხაზ შალიკაშვილის შესახებ:
„გენერალ შალიკაშვილის ძალისხმევის შედეგად, ჩვენი ჯარი დღეს გაცილებით ძლიერია, “-ალბათ ძნელია უფრო უკეთ დაახასიათო სამხედრო მეთაურის ღვაწლი, ვიდრე ამერიკის არმიის გაერთიანებული შტაბების უფროსის, ადმირალ მაიკლ მალენის ეს სიტყვებია, რომლითაც იგი უფროს კოლეგას გამოეთხოვა. გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი 23 ივლისს მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მთელ ძალისხმევას ამერიკის სამხედრო სიძლიერეს ახმარდა, ჯონ შალიკაშვილი არ ივიწყებდა თავისი ფესვების სამშობლოს, საქართველოს, სადაც სიცოცხლეში რამდენჯერმე იმყოფებოდა - მან ბიძგი მისცა ორმხრივ სამხედრო ურთიერთობას და უშუალო ურთიერთობით ქართველ ოფიცრებსაც სამუდამოდ დაამახსოვრა თავი.
საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით თევზაძის პირად არქივში ბევრი ფოტო ინახება, თუმცა მისთვის ერთი ყველაზე მრავლისმეტყველია - 1997 წლის სექტემბერში ჯონ შალიკაშვილთან ერთად გადაღებული სურათი, რომელსაც საკუთარი ისტორია აქვს. დავით თევზაძის თქმით, ეს იყო ვაშინგტონში ქართველი და ამერიკელი პოლკოვნიკების ორდღიანი შეხვედრა, რომლის ბოლოს დაგეგმილი იყო სამახსოვრო ფოტოს გადაღება ამერიკის არმიის პირველ პირთან ერთად. ამასთან, პროტოკოლის ოფიცერმა მკაცრად გააფრთხილა ქართული დელეგაციის წევრები, რომ არ დაესვათ შეკითხვა, რადგან მისალმებისა და სურათის გადაღებისათვის გათვალისწინებული იყო მხოლოდ სამი წუთი.
„შეგვირჩია ფოტოგრაფმა ადგილი. დავდექით, გადავიღეთ სურათი და უნდა დავმშვიდობებოდით, რომ ამ დროს შალიკაშვილი გვეკითხება - პენტაგონში ნამყოფები ხართო? მე შევხედე ჯერ პროტოკოლის ოფიცერს. იმან მომცა დასტური, უპასუხეო, და მე ვუთხარი, არა-მეთქი. და არ გინდათ დაათვალიეროთო? გამეცინა. ვუთხარი: კი, გვინდა, მაგრამ პროტოკოლში არ გვაქვს-მეთქი ეს. ამ დროს ჩაერია პროტოკოლის ოფიცერი, რომ შეხვედრა დამთავრებულია და ჩვენ უნდა გაგვიყვანოს. და მოულოდნელად შალიკაშვილს ჰქონდა ძალიან ისეთი რეაქცია: მოუტრიალდა ამ ოფიცერს - ლეიტენანტი იყო, თუ არ მეშლება, ერთი მშვენიერი შავკანიანი ოფიცერი ქალბატონი - და უთხრა: კი, მაგრამ, თქვენ, ლეიტენანტო, ვინ მოგცათ ჩემს კაბინეტში ბრძანებების გაცემის უფლებაო.“
„მე ეს პროტოკოლი არ შემიდგენია და არ ვარ ვალდებული თქვენს პროტოკოლს დავემორჩილო“, - მიუგო გენერალმა ჯონ შალიკაშვილმა ოფიცერს და თავადვე იკისრა გაკვირვებისაგან სახტად დარჩენილი სამი ქართველი პოლკოვნიკის - დავით თევზაძის, დავით გიორგობიანისა და გიორგი თავაძის - მეგზურობა პენტაგონში. როგორც დავით თევზაძე იგონებს, ეს უცნაური ექსკურსია პენტაგონში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
„დერეფანში ხალხი იდგა გაოგნებული. დერეფნებში, უფრო სწორად. იქ უამრავი დერეფანია. რაღაცებს გვიხსნიდა: კედლებზე რა სურათები ეკიდა, რატომ და ასე შემდეგ და ბოლოს შეგვახედა ერთ პატარა ოთახში და თქვა, აქედან დაიწყო ჩემი სამხედრო კარიერაო. თვითონ ოთახი ძალიან უცნაური იყო - არც ერთი ფანჯარა არ ჰქონდა.“
ის, რომ ის ქართველი გახლდათ, რა თქმა უნდა, ჯერ ერთი, არა მარტო მისთვის იყო ცნობილი, არამედ ყველა რანგის ოფიცრისათვის, რომელიც ჩვენთან შეხებაში შემოდიოდა მაშინ...
1997 წლის სექტემბერში გენერალ ჯონ შალიკაშვილის ინიციატივით პენტაგონში გამართულ ამ არაპროტოკოლურ ექსკურსიას ესწრებოდა აშშ-ის პირველი სამხედრო ატაშე საქართველოში, მაიორი ჯეიმს ჰაუკროფტი, რომელსაც ქართველი ოფიცრებისთვის შემდეგ უთქვამს: „ასეთი რამ, რაც აქ ამ ერთი საათის მანძილზე მოხდა, პენტაგონის ისტორიაში არ მომხდარაო.“
„მე ყველა შეხვედრიდან, პრინციპში, აი ეს ყველაზე მეტად მივიჩნიე, რომ ღირს ამ ამბის მოყოლა. რადგან ეს იყო ბოლო წელი, როდესაც შალიკაშვილი თავისი კარიერის უმაღლეს საფეხურზე იმყოფებოდა. ჩვენ კი ვინ ვიყავით ახლა? ახალგაზრდა ქართული არმიის არა იმ კლასის ოფიცრები, რომელთაც, ვთქვათ, შალიკაშვილი მეგზურობას გაუწევდა. მან ეს გააკეთა, ჩვენ მოგვეჩვენა, იმის გამო, რომ ქართველები ვიყავით.“
ქართველ ოფიცრებთან ამ შეხვედრის შემდეგ ერთ თვეში აშშ-ის გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარემ, ოთხვარსკვლავიანმა გენერალმა ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილმა საკუთარი განცხადებით დატოვა უმაღლესი სამხედრო თანამდებობა და თადარიგში გავიდა. ჯონი და მისი ძმა ოთარი, ასევე პროფესიონალი სამხედრო, სამჯერ იყვნენ საქართველოში - პირველად 1997 წელს და მეორედ 1999 წელს, როდესაც საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით გურჯაანში მისი დიდი წინაპრის, პაპისპაპის, ანდრონიკაშვილის, საგვარეულო სახლში „ჯონ მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ქართული მხედრული ისტორიის მუზეუმი“ გაიხსნა. 2001 წელს ჯონ შალიკაშვილი კიდევ ერთხელ ჩამოვიდა თბილსში და ქართულ-ამერიკული კოლეჯის გახსნის ცერემონიაზე ძალიან საინტერესო სიტყვაც წარმოთქვა. იმ ღონისძიებას მეც ვესწრებოდი. კარგად მახსოვს, რომ გენერალი შალიკაშვილი საუბრობდა საქართველოს ისტორიაზე, ამერიკის როლზე საქართველოს დამოუკიდებლობის განმტკიცების საქმეში და იმ გამოწვევებზე, რომლებიც ახლაც აქტუალურია:
"ეს არის უპრეცედენტო ინფორმაციის გაცვლა. და ამ უპრეცედენტო ტექნოლოგიებმა - უპირველეს ყოვლისა, ინტერნეტმა, რომლის შესახებ ათი წლის წინ ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი არაფერი ვიცოდით - მოშალეს ტრადიციული საზღვრები სახელმწიფოებს შორის. მაგრამ შესაძლოა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ წარმოიშვა ერთი მსოფლიო ბაზარი ახალი იდეებისა, კაპიტალისა და ადამიანური რესურსებისა. და სწორედ ამ კონტექსტში საქართველოს წინაშე დგას ძალზე სერიოზული შეკითხვა – ამ უდიდესი კონკურენციის პირობებში როგორ შეუძლია საქართველოს გადარჩეს და გახდეს კონკურენტუნარიანი სახელმწიფო."
27 ივლისს აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების ყოფილ უფროსს ჯონ მალხაზ შალიკაშვილს დაბადებიდან 85 წელი შეუსრულდებოდა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ბ-ნი ზურაბ შარეიძე ეხმაურება და
"დღეს ამ დიდი კაცის დაბადების დღეა!
2001 წლის შემდეგ ჯონ მალხაზ შალიკაშვილი აღარ ჩამოსულა საქართველოში. უცნობი დარჩა მისი დამოკიდებულება საქართველოში 2003 წლის „ვარდების რევოლუციისა“ და მოგვიანებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ხუთღიანი ომის მიმართ. თუმცა აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების უფროსად მუშაობის პერიოდში ჯონ შალიკაშვილი შეძლებისდაგვარად ხელს უწყობდა ამერიკისა და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობას: სწორედ 1994-97 წლებში გაფორმდა ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ხელშეკრულება საქართველოსა და აშშ-ს სამხედრო უწყებებს შორის, საფუძველი ჩაეყარა „ვერტმფრენთა პროგრამას“ და ქართულმა სამხედრო ქვედანაყოფმა პირველად მიიღო მონაწილეობა ნატოს „მშვიდობისათვის პარტნიორობის“ მანევრებში. როგორც საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე იხსენებს, ჯონ შალიკაშვილის ქართული წარმომავლობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო საქართველოს აშშ-ის სამხედრო უწყებასთან დაახლოების საქმეში:
„ის, რომ ის ქართველი გახლდათ, რა თქმა უნდა, ჯერ ერთი, არა მარტო მისთვის იყო ცნობილი, არამედ ყველა რანგის ოფიცრისათვის, რომელიც ჩვენთან შეხებაში შემოდიოდა მაშინ. და ამას ხაზს უსვამდნენ. ხშირად ასეთი ფრაზაც წამოსცდენიათ: თქვენი გენერალი.“
მამით ქართველი და დედით პოლონელი ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილი 1936 წელს პოლონეთში დაიბადა. ესეც მისი ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი დეტალია. გენერალი ჯონ შალიკაშვილი აშშ-ის არმიის გაერთიანებული შტაბების უფროსთა კომიტეტის პირველი თავმჯდომარეა, რომელიც უცხოეთში დაიბადა. “დაწყებული იმით, რომ ახალგაზრდა კაცი ჯონ ვეინის ფილმებით სწავლობდა ინგლისურს, დამთავრებული უმაღლესი სამხედრო თანამდებობებით, რომლებსაც მან მიაღწია, შალის ცხოვრება იყო ‘მხოლოდ ამერიკაში შესაძლებელი’ ამბავი“, - განაცხადა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გენერალ შალიკაშვილზე და მას „ჭეშმარიტი ჯარისკაცი“ უწოდა. გენერალი ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილი 2011 წლის 23 ივლისს გარდაიცვალა. იგი მხედრული პატივით დაკრძალეს არლინგტონის სასაფლაოზე, ამერიკის გამოჩენილი მხედართმთავრებისა და პოლიტიკური მოღვაწეების გვერდით.