USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივნი ტონი ბლინკენი, საქართველოს დიდი გულშემატკივარია
дата:  711

საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის პარალელურად, აშშ-ის ახალი ადამინისტრაციის მიმართ კიდევ უფრო მეტი ინტერესი ჩნდება. ახალი პრზიდენტი ჯო ბაიდენი 20 იანვრიდან გადაიბარებს, მანამდე კი აქტიურად მიმდინარეობს მისი ადმინისტრაციის დაკომპლექტება.

უკვე გარკვეულია, რომ ახალი სახელმწიფო მდივანი ტონი ბლინკენი იქნება, რომელიც კარგად იცნობს საქართველოს, თბილისში ორჯერ არის ნამყოფი და 2009 წელს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების პროცესშიც იყო ჩართული.

ტონი ბლინკენი, 1962 წლის 16 აპრილს დაიბადა,  ნიუ – იორკის გავლენიანი ებრაელი ადვოკატების, ჯუდიტ და დონალდ ბლინკენების ოჯახში. სწავლობდა ნიუ – იორკის დალტონის პრესტიჟულ კერძო სკოლაში.

მისი მშობლები 1970 წელს განქორწინდნენ. მალე ტონი ბლინკენის დედა,დაქორწინდა პოლონეთში დაბადებულ ადვოკატსა და მწერალზე სამუელ პიზარზე. რომელსაც ჰოლოკოსტის საშინელებები ჰქონდა გამოვლილი. ოჯახი პარიზში გადავიდა საცხოვრებლად,  სადაც ჯუდიტი სტუდენტთა და მხატვართა ამერიკულ ცენტრს ხელმძღვანელობდა. 1984 წელს ბლინკენმა დაამთავრა ჰარვარდის უნივერსიტეტი, სწავლა განაგრძო კოლუმბიის უნივერსიტეტში

2009-2013 წლებში ბარაკ ობამას პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში იგი მსახურობდა ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად.

2013-2015 წლებში იყო აშშ-ს პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე, 2015-2017 წლებში - აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე.

2018 წელს მან დააარსა საკონსულტაციო კომპანია  WestExec Advisors-ი აშშ – ს თავდაცვის მდივნის ყოფილ თანაშემწესთან პოლიტიკურ საკითხებში მიშელ ფლორნოისთან ერთად.

დღემდე არის სიენენის ანალიტიკოსი. დაქორწინებულია ევან რაიანზე, რომელიც ირლანდიელ კათოლიკეა.

ბლინკენი ამერიკაში საკმაოდ გავლენიანი ფიგურაა დადიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ის საქართველოს დიდი გულშემატკივარია და ჩვენმა ქვეყანამ ახლა ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენოს.

აი რას ამბობდა ის 2016 წელს საქართველოს შესახებ: "თქვენი (საქართველოს) სტრატეგიული მდებარეობა აზიასა და ევროპას შორის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამერიკის აბრეშუმის გზის პოლიტიკისთვის. აშშ მძლავრად უჭერს მხარს თქვენს რეგიონალურ ლიდერობას რათა შექმნათ მეგობრულ სახელმწიფოთ ქსელი ტრანსკასპიური კორიდორის ირგვლივ აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობის განსავითარებლად..საქართველო იმსახურებს განსაკუთრებულ დაფასებას. ის, რისი იმედიც გვაქვს საქართველოში,ეს არის დემოკრატიული პროცესების კიდევ უფრო გაღრმავებაა. ეს კარგი იქნება ასევე საქართველოს მისწრაფებისთვის, რომ მისი გაწევრიანება ევროატლანტიკური ინსტიტუტებში სხვადასხვა მიმართულებით მოხდეს.“

ქართველი დიპლომატები, რომელთაც ტონი ბლინკენთან პირადი ნაცნობობა და წარსულში საქმიანი ურთიერთობები აკავშირებდათ, მას უმაღლესი რანგის პროფესიონალად ახასიათებენ, რომელიც კარგად იცნობს ჩვენი რეგიონისა და კონკრეტულად საქართველოს სპეციფიკას და საქართველოს ისტორიასაც კი.

საქართველოს ყოფილი ელჩი ამერიკაში არჩილ გეგშიძე: „საკმაოდ ინფორმირებული ადამიანია, რომლიც ჩემთან საუბარში რეგიონის შესახებ დიდ ცოდნას ავლენდა. პოსტსაბჭოთა ქვეყნების შესახებ იცის დეტალური ინფორმაცია და საქართველოს მიმართ ამბავს მუდმივად დეტალებში კითხულობდა. მან რეგიონში არსებული პრობლემები სიღრმისეულად იცის. საქართველოს ისტორიის კარგი ცოდნაც შევამჩნია. როდესაც მას ვხდებოდი, და ის ჩემი მოღვაწეობის დროს ამერიკაში სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო, საქართველოს შესახებ საათობით, ბევრს მესაუბრებოდა. ნებისმიერი შეხვედრის დროს, ეს იყო დიდ ხნიანი ვიზიტი თუ ხანმოკლე, მუდმივად გულისყურით და ინტერესით მისმენდა. ჩვენი ქვეყნის კარგი გულშემატკივარია.“

ანალიტიკოსი და კონსტიტუციონალისტი ლევან ბოძაშვილი: „თუკი ამერიკის სახელმწიფო მდივნად ენტონი ბლინკენი დაინიშნა, საქართველოს თეთრი სახლის ადმინისტრაციიდან უშუალო მხადაჭერა ექნება და ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს პიროვნება საქართველოს პოლიტიკურ მოვლენებსა და რეგიონში არსებულ სიტუაციაში ზედმიწევნით კარგად ერკვევა. ის 2009 წელს ქვეყანაში უშუალოდ იყო ჩამოსული და მაშინდელ პოლიტიკურ მოვლენებში აქტიურად იყო ჩართული.

ამიტომაც მოლოდინი დიდია და ქვეყანამ ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. ახალი ადმინისტრაციისმხრიდან პირველ რიგში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება იქნება პრიორიტეტული. ამერიკა საგარეო პოლიტიკაში საერთოდ ღირებულებებს იყენებს და ახალი ადმინისტრაცია ამ ღირებულებების კიდევ უფრო გაღრმავებას დაიწყებს. ეს არის დემოკრატიული ინსტრიტუტების კიდევ უფრო გაძლიერება. როდესაც ამხელა თანამდებობაზე ადამიანი ინიშნება, რომელიც საქართველოს კარგად იცნობს, ჩვენს მიმართ ინტერესი გაორმაგდება“

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати