USD 2.6527
EUR 3.0408
RUB 3.6199
Tbilisi
აშშ და ირანი შეთანხმების რეალიზებასთან დაკავშირებით საიდუმლო წინადადებებზე მუშაობენ
Date:  117

აშშ და ირანი მიმდინარე კვირას ხელმოწერილი 14-პუნქტიანი შეთანხმების განხორციელების მიზნით საიდუმლო წინადადებების შემუშავებაზე მუშაობენ. ინფორმაციას CNN-ი მოლაპარაკებების პროცესში ჩართული სამ ამერიკელ ოფიციალურ პირზე, ერთ რეგიონულ მაღალჩინოსანსა და აშშ-ის ყოფილ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, განხილვები მოიცავს ირანის ბირთვული პროგრამის მომავლის საკითხსაც და შეთანხმების პრაქტიკაში განხორციელების კონკრეტულ მექანიზმებს.

როგორც CNN-ი იუწყება, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ხუთშაბათს მიანიშნა, რომ ადმინისტრაციის მიერ ე.წ. „ჯენტლმენურ შეთანხმებებად“ მოხსენიებული გარკვეული შეთანხმებები, რომლებიც ურთიერთგაგების მემორანდუმში არ შესულა, წერილობითი ფორმითაც არსებობს.

თუმცა, წყაროები ხაზს უსვამენ, რომ ეს დოკუმენტები ჯერ საბოლოო სახით ჩამოყალიბებული არ არის. ირანს, როგორც ეს ურთიერთგაგების მემორანდუმის შემთხვევაში მოხდა, დამატებით დოკუმენტებზე ხელი ჯერ არ მოუწერია, რაც აჩენს კითხვებს, ხომ არ გადააჭარბა ადმინისტრაციამ თეირანისგან მიღებული ვალდებულებების შეფასებას. ამასთან, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მყიფეა საბოლოო შეთანხმების მიღწევის პოლიტიკური პროცესი და რამდენად სწრაფად შეიძლება ის ჩაიშალოს.

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ამერიკელმა მომლაპარაკებლებმა გადაწყვიტეს, ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმი საჯაროდ გაევრცელებინათ ისე, რომ არ დალოდებოდნენ ირანის უმაღლესი ხელმძღვანელობის თანხმობას შეთანხმების 14-პუნქტიანი ჩარჩოს განხორციელების დეტალურ გეგმებზე.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way