USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
Тбилиси
აშშ და ევროპა პანდემიას ებრძვიან, ჩინეთი კი...
дата:  839

ალექსი პეტრიაშვილი

04 December, 2020 

მაშინ როდესაც აშშ და ევროპა პანდემიის მეორე ტალღას ებრძვიან და ვირუსის მასშტაბური გავრცელებით გამოწვეულ ეკონომიკურ სირთულეებთან გამკლავებას ცდილობენ, ჩინეთმა, საიდანაც დაიწყო კოვიდ- 19- ის გავრცელება, არა მხოლოდ ვირუსთან ბრძოლაში გამარჯვება შეძლო, არამედ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებსაც მიაღწია. წლის მესამე მეოთხედის მონაცემების მიხედვით, ჩინეთის ეკონომიკურმა ზრდამ 4.9% შეადგინა. მართალია, პირველ კვარტალში 6.8%-იანი ვარდნის გათვალისწინებით, სასურველ მაჩვენებლამდე ჯერ კიდევ შორია, მაგრამ არც ძალიან. მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ინსტიტუტებისა და ექსპერტების შეფასებით, ჩინეთი იქნება დიდი ოცეულის ერთადერთი წევრი ქვეყანა, რომელიც შეძლებს 2020 წლის ეკონომიკური ზრდით დასრულებას.

ჩინეთის ეროვნული ბანკის პროგნოზებით, ზრდის მაჩვენებელი 1,9%-ს შეადგენს. შეიძლება ეს არ არის ძალიან ბევრი, მაგრამ მსოფლიო ეკონომიკის 4.4%-ით ვარდნის პროგნოზის, აშშ- ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის კიდევ უფრო არასახარბიელო მაჩვენებლების ფონზე ნამდვილად დიდი წარმატებაა. ჩინეთი ქვეყნის მასშტაბით დაუბრუნდა ნორმალური ცხოვრების რიტმს: რესტორნები, მაღაზიები და საცალო ვაჭრობის სხვა ობიექტები უკვე სრული დატვირთვით მუშაობენ, რაც აისახება კიდეც მათ შემოსავლებზე და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე. აშკარაა, რომ ჩინელმა მომხმარებელმა ფულის ხარჯვა დაიწყო. ამის კიდევ ერთ ნათელ დადასტურებას წარმოადგენს კულტურისა და ტურიზმის უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ოქტომბრის პირველ კვირეულში, ოფიციალური დასვენების დღეების განმავლობაში ქვეყნის შიგნით 637 მილიონმა!!! ჩინელმა იმოგზაურა და 69 მილიარდი დოლარი დახარჯა!!! (ალბათ გასაგებია, რატომ უწოდებენ ამ არდადეგებს “ოქროს კვირეულს“).

თქვენ წარმოიდგინეთ, ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით მაინც მცირედით შემცირებულია, მაგრამ მხოლოდ მცირედით. როგორც გითხარით, საცალო ვაჭრობამ მოიმატა და 3.3% შეადგინა, ხოლო ავტომობილების რეალიზება 12.8%-ით გაიზარდა. ცოტა ხნის წინ ჩინეთის პრეზიდენტი თავის ერთ-ერთ გამოსვლაში ხალხს დაჰპირდა, რომ მოქალაქეები საშუალო კეთილდღეობის დონეს, არც მეტი, არც ნაკლები, მიმდინარე წელს მიაღწევენ. კიდევ ერთი ფაქტიც და ციფრებით თავს აღარ შეგაწყენთ: პანდემიის პირობებში, ჩინეთის 257 მილიარდერი 1.5 ტრილიონი დოლარით!!! გამდიდრდა და ჩინელი მილიარდერების საერთო კაპიტალი 4 ტრილიონამდე გაზარდა (მავანი აუცილებლად იტყვის, აი, სად არის ძაღლის თავი დამარხულიო).

ზუსტად მაშინ, როდესაც აშშ-ის საპრეზიდენტო დებატებში დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ამომრჩევლების დარწმუნებაში, თუ ვინ უფრო წარმატებით გაუმკლავდება ჩინეთის მზარდ ამბიციებს და ჩინეთის კომუნისტური პარტიისგან მომავალ საფრთხეებს, ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის უმაღლესი მთავარსარდალი, პრეზიდენტი სი ძინპინი სიტყვით მიმართავდა პეკინის გრანდიოზულ სასახლეში შეკრებილ სამხედროებსა და კომუნისტური პარტიის ელიტას. ღონისძიება ჩინეთის მიერ ჩრდილოეთ კორეაში სამხედრო გამარჯვების 70 წლისთავს ეძღვნებოდა. სი ძინპინმა მისთვის დამახასიათებელი კორექტულობით ისაუბრა ერთპოლუსიანობის, ერთი ქვეყნის ინტერესებზე დანარჩენი მსოფლიოს მორგების და მისი ეგოს დაკმაყოფილების დაუშვებლობაზე. ცხადია, ჩინეთის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებს გულისხმობდა, მაგრამ, განსხვავებით ამერიკელი კოლეგისგან, ის პირდაპირ არასდროს ესხმის თავს მთავარ კონკურენტ ქვეყანას.

უბრალოდ, ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ძლიერი ლიდერი საუბრობს მისი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაზე და ერთი ქვეყნის ჰეგემონიის მიუღებლობაზე. მისი თქმით, "შანტაჟი, ბლოკირება და უკიდურესი ზეწოლა მსოფლიოს მხოლოდ ჩიხში შეიყვანს“. აგრეთვე, სი ძინპინის აზრით, ჩინელი ხალხი ყოველთვის უნდა ელაპარაკოს დამპყრობლებს იმ ენაზე, რომელიც მათ ესმით.

ამასობაში, აშშ- ში, ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში პანდემიის გავრცელების მეორე ტალღამ აიძულა ეს ქვეყნები, კვლავ წასულიყვნენ ზომების გამკაცრებაზე, რამაც ეკონომიკის შეფერხებაც გამოიწვია და მოქალაქეთა უკმაყოფილებაც. სხვათა შორის, ჩინეთის ეკონომიკის კიდევ უფრო სწრაფად ზრდის შემაფერხებელ ფაქტორებად სწორედ დანარჩენი სამყაროს რთული ეკონომიკური მდგომარეობა და აშშ- ის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული შეზღუდვები სახელდება. მართლაც, თუ ქვეყნის შიგნით საცალო ვაჭრობის მხრივ მზარდი მაჩვენებელები ფიქსირდება, ექსპორტის მონაცემები ჯერ კიდევ არცთუ ისე სახარბიელოა, რაც, ცხადია, ჩინური წარმოების ზრდის ტემპებზეც პირდაპირ აისახება. ამ თვალსაზრისით ძალიან ნიშანდობლივია ჩინეთის ლიდერის მიერ გაზაფხულზე გახმიანებული კიდევ ერთი გზავნილი, რომ ახლო მომავალში ჩინეთმა უნდა შეამციროს დამოკიდებულება საერთაშორისო ბაზრებზე და უფრო დიდი აქცენტი შიდა მიწოდება/მოხმარებაზე უნდა გადაიტანოს.

რაც შეეხება საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ასპექტებს, აქაც ჩინეთის კომუნისტური პარტია უდრეკად განაგრძობს ჰონკონგში საკუთარი პოზიციების განმტკიცებას და ამის პარალელურად შენჟენის შესახებ, როგორც ჰონკონგის ალტერნატივაზე, საუბარს, სინძიანში უიღური მუსლიმი უმცირესობისთვის საკონცენტრაციო ბანაკებში “აღმზრდელობითი სამუშაოების“ ჩატარებას და ტაივანის მისამართით საფრთხის შემცველი განცხადებების კეთებას. გარდა ამისა, სამხრეთ ჩინეთის ზღვაშიც იზრდება მისი სამხედრო ყოფნა და გრძელდება ჩინური კუნძულების მშენებლობა/მოწყობა/აღჭურვა. ამ ყველაფერს ჩინეთისთვის არ შეუშლია ხელი, რომ რუსეთთან ერთად ის გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი გამხდარიყო.

ვინაიდან რუსეთიც ვახსენეთ, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ საერთაშორისო ექსპერტების შეფასებებიც, რომელთა თანახმად აშშ და მასთან ერთად ევროპაც, სანქციებისა და რუსეთთან მიმართებით ზეწოლის პოლიტიკის განხორცილების პირობებში თავად უბიძგებენ რუსეთს ჩინეთთან უფრო მჭიდრო კავშირისკენ. შესაძლოა, ეს რუსეთს მაინცდამაინც არ ახარებდეს, მაგრამ შექმნილი რეალობა მას აიძულებს, გააღრმაოს თანამშრომლობა ცისქვეშეთის კანცელარიასთან. აქვე ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ აშშ- სა და ევროპას შორის ურთიერთობებში ისედაც არ არის საუკეთესო პერიოდი და ეს ჩინეთთან მიმართებითაც მკაფიოდ იკვეთება. თუ აშშ-სთვის ჩინეთი ნომერ პირველ საფრთხეს წარმოადგენს, ევროკავშირი მას ოდენ “სისტემურ მოწინააღმდეგეს“ უწოდებს და ჯერ კიდევ ეძებს ჩინეთთან ურთიერთსასარგებლო სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების გზებს.

რომ შევაჯამოთ: რა გამოდის? ჩინეთის უჰანის პროვინციიდან გავრცელდა კოვიდ- 19; ჩინეთმა, უმკაცრესი კონტროლის ხარჯზე და პირველ კვარტალში მძიმე ეკონომიკური ზიანის ფასად პირველმა დაამარცხა პანდემია, პრაქტიკულად სრულად აღიდგინა ეკონომიკა და სერიოზული გამოწვევის წინაშე დატოვა დანარჩენი მსოფლიო.

კონსპირაციებში არ შევდივართ და არ ვამტკიცებთ, რომ ჩინეთმა ამ ვირუსის გავრცელებას შეგნებულად შეუწყო ხელი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: მან არაფერი იღონა (საკმაო ხანს არ შეწყვიტა ფრენები ევროპისა და ამერიკის მიმართულებით, დამალა ინფორმაციები გავრცელების მასშტაბებთან დაკავშირებით და ა.შ.) ვირუსის შესაკავებლად, რამაც მსოფლიოს კიდევ ერთი, ძალიან სერიოზული და მასშტაბური ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია, თავად კი უკვე ეკონომიკურ ზრდასა და საერთო-საქვეყნო კეთილდღეობის წლის ბოლომდე მიღწევის შესაძლებლობაზე საუბრობს.

ასეა თუ ისე, ცხადია, ჩინეთი შექმნილ ვითარებას ძალიან ეფექტიანად გამოიყენებს მისი გაცხადებული მიზნის - 2050 წელს მსოფლიოს ნომერ 1 სახელმწიფოს სტატუსის მისაღწევად. შეძლებენ თუ არა ტრადიციული მოკავშირეები - აშშ და ევროპა ურთიერთობებში არსებული სირთულეების გადალახვას და ჩინეთის ამბიციური გეგმების განხორციელების წინააღმდეგ ძალისხმევის გაერთიანებას, ამას უახლოესი წლები გვიჩვენებს.

 

 
წყარო:https://forbes.ge/news/
аналитика
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати