USD 2.7102
EUR 3.1127
RUB 3.3361
თბილისი
«Washington Examiner» (აშშ): „რატომ აგრძელებს უკრაინა უტიფრად ქცევას უცხოური დახმარების თხოვნის დროს“
თარიღი:  322

ამერიკული ჟურნალის „ვაშინგტონ ეგზამინერის“ (Washington Examiner) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რატომ აგრძელებს უკრაინა უტიფრად ქცევას უცხოური დახმარების თხოვნის დროს“ (ავტორი - ტომ როგანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინის სურვილი - რაც შეიძლება მეტი ეფექტური იარაღი და ფინანსური დახმარება  მიიღოს რუსეთთან საბრძოლველად - სრულიად გასაგებია: კიევი თვლის, რომ მოსკოვი მის არსებობას ემუქრება.

მაგრამ უკრაინელი ჩინოვნიკების მანერა, რომ იარაღისა და ფულის თხოვნის დროს ისინი თავხედურად და უტიფრად იქცევიან, კაპრიზობენ და როცა მათ უცხოელი პარტნიორები ეუბნებიან, „გეხმარებით და ცოტაოდენი მადლობა მაინც გადაგვიხადეთო“, კიეველები ღიზიანდებიან და ქედმაღლობენ, ეს საკმაოდ ბევრ კითხვას იწვევს. გავიხსენოთ, მაგალითად, რა მოხდა პირველ აგვისტოს.

მარჩინ ფშიდაჩმა, პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საერთაშორისო პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელმა, განაცხადა, რომ „დროა უკრაინამ ღირსეულად შეაფასოს ის როლი, რომელსაც მის სასარგებლოდ პოლონეთი ასრულებს ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაშიო“. მართლაცდა, პოლონეთის დახმარება და თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია: ვარშავამ კიევს 2022 წლის თებერვლიდან, ანუ რუსეთის არმიის შეჭრის დროიდან, 4,3 მილიარდი დოლარი გამოუყო.

და რა გააკეთა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მარჩინ ფშიდაჩის განცხადების საპასუხოდ? გაბრაზებულმა კიევმა პოლონეთის ელჩი გამოიძახა და „ყურები აუწია“ - მიანიშნა, რომ „ვარშავის განცხადება უკრაინელების უმადურობის შესახებ პოლონეთის მიერ გაწეული დახმარების მიმართ სინამდვილეს არ შეესაბამება, ამიტომ თქვენი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადება ჩვენთვის მიუღებელიაო“.

ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის თანამშრომელი ანდრეი სიბიგა უფრო შორს წავიდა და ფეისბუქში ასე დაწერა: „როცა უკრაინა ომშია ჩაბმული და ამ დროს მას მადლობის გადახდას სთხოვ და ევაჭრები, ეს მზაკვრულ და მუხანათურ ქმედებას წარმოადგენს... ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. არაფერია იმაზე ცუდი, როცა შენი მხსნელი და გადამრჩენელი გადარჩენისათვის საფასურს გთხოვს, თანაც იმ დროს, როცა სისხლისაგან იცლები“. გულში ჩამწვდომი სიტყვებია, ვერაფერს იტყვი.

როგორც ჩანს, ვაჭრობაში“ ანდრეი სიბიგა გულისხმობს ვარშავის ზეწოლას კიევზე, რათა უკრაინამ პოლონეთში მარცვლეულის ექსპორტი შეამციროს. საქმე იმაშია, რომ უკრაინას სულ უფრო მეტი იაფფასიანი მარცვლეულის ექსპორტს ახდენს მეზობელ ქვეყანაში, რის შედეგადაც ადგილობრივი პოლონელი ფერმერები უკმაყოფილოები არიან. პოლონეთის მთავრობას კი ფერმერების უკმაყოფილება არ აწყობს, რადგან შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ჯერ-ჯერობით პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კატეგორიულად უარს აცხადებს მარცვლეულის ექსპორტის შემცირებაზე (კიევსა და ვარსავას შორის თავისუფალი ვაჭრობის პრინციპი მოქმედებს), რადგან რუსეთი შავი ზღვის ე.წ. „მარცვლეულის გარიგებიდან“ გავიდა და უკრაინის ნავსადგურებიდან ხორბლისა და სიმინდის ექსპორტი თითქმის შეწყდა.

თუმცა ამ დროს პრობლემა ის არ არის, რომ უკრაინა მარცვლეულის ექსპორტის საკითხში მტკივნეულ მსხვვერპლზე წავიდეს. საკითხი ეხება იმას, რომ უკრაინელი ჩინოვნიკები სპეციალურად ამწვავებენ დიპლომატიურ უთანხმოებას უცხოეთის მთავრობებთან - ითხოვენ სულ უფრო მეტს და ყურადღებას არ ქცევენ დასავლელი ქვეყნების ინტერესებს. ისინი თავიანთ ქმედებას იმით ამართლებენ, რომ აგრესორ რუსეთს ებრძვიან, სისხლს ღვრიან და ამ დროს ყველა ქვეყანა ვალდებულია კიევს დახმარება ულაპარაკოდ გაუწიოს, დაყვედრებისა და მადლობის გადახდის მოთხოვნის გარეშე. მორჩა და გათავდა.

უკრაინის რისხვა მხოლოდ პოლონეთს არ დაატყდა თავს, კიევის საყვედურები სხვა ქვეყნებმაც იწვნიეს, მაგალითად  დიდმა ბრიტანეთმა. გასულ თვეში ბრიტანელმა ტავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა, კიევში ყოფნისას, როცა მას უკრაინელებმა იარაღისა და სამხედრო მასალების გრძელი ჩამონათვალი გადასცეს - „აქ რაც არის აღნიშნული, ყველაფერი უნდა მოგვცეო“, მინისტრმა ვერ მოითმინა და მასპინძლებს უთხრა - „რა ამბავია ამხელა სია, თქვენ მე “ამაზონი“ (ამერიკული სავაჭრო ინტერნეტკომპანია) ხომ არ გგონივართ, თქვენგან ერთი პატარა მადლობაც არ გამიგიაო“. სხვათა შორის, დიდი ბრიტანეთი უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა (აშშ-ის შემდეგ) და კიევს 10,8 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია. ლონდონმა ისეთი ნაბიჯებიც კი გადადგა კიევის დასახმარებლად, რასაც ვაშინგტონიც კი ვერ ბედავს - უახლესი რაკეტები და მძიმე ტექნიკა მიაწოდა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი ბენ უოლესის საყვედურზე ასეთი ირონიული პასუხი გასცა: „მე არ ვიცი ამ კაცს რა აქვს მხედველობაში. არ ვიცი, როგორ გადავუხადო მადლობა. მომწეროს, როგორ ვთქვა და მეც ისე ვეტყვი მადლობას. თუ უნდა, ყოველ დილით გავიმეორებ: მადლობა, მადლობა და მადლობა“.

როცა დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩს ვადიმ პრისტაიკოს ტელეინტერვიუს დროს ჰკითხეს, „რას იტყოდით თქვენი პრეზიდენტის ასეთ ნათქვამზეო“, დიპლომატმა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების შერბილება და ბრიტანელთა წყენის განმუხტვა სცადა და თქვა, „პრეზიდენტს ნათქვამი ცოტა სარკასტულად გამოუვიდაო“. ეს რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიგო, ვადიმ პრისტაიკო იმავ წუთს თანამდებობიდან მოხსნა.

ვფიქრობ, უკრაინის მადლობა გაწეული დახმარებისთვის ფორმალური და უსაფუძვლო მოთხოვნა არ არის. მადლობა, მორალურად და ზნეობრივად, იმიტომ არის საჭირო, რომ დასავლეთის ქვეყნების ხალხები უფრო მტკიცედ გამოვიდნენ კიევის დასახმარებლად. შესაბამისად, მათ მიერ არჩეულ მთავრობებს უფრო მეტი მოტივაცია ექნებათ უკრაინის დასახმარებლად.

დასკვნა: უკრაინის რწმენა, რომ ის თავისუფალი სამყაროს ფართო დახმარებას საჭიროებს აგრესორ რუსეთისადმი წინააღმდეგობის გაწევისას, სრულიად გასაგებია და ეჭვს არ იწვევს. მაგრამ თუ უკრაინა ყოველთვის რეფლექტორულ გამოხტომებს გააკეთებს დასავლელი მზრუნველების მორიდებულ თხოვნებზე - „ცოტა პატივისცემა მაინც გამოიჩინეო“, კიევი ამით საკუთარ თავს დათვურ სამსახურს გაუწევს. თუ უკრაინის ხელმძღვანელები საკუთარ თავს არ გააკონტროლებენ გამონათქვამებში, ისინი სამომავლო შანსს დაკარგავენ, რომ დახმარება კვლავ გულუხვი იქნება.

წყარო: https://www.washingtonexaminer.com/opinion/ukraine-rude-foreign-aid

 

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.