USD 2.7467
EUR 3.1219
RUB 3.3965
თბილისი
Washington Post - „დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სასაზღვრო კედელი უნდა ააშენოს“
თარიღი:  381

ამერიკულ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სასაზღვრო კედელი უნდა ააშენოს“ (ავტორი - მარკ ტისენი). პუბლიკაციაში განხილულია უკრაინის პერსპექტიული უსაფრთხოების საკითხი - რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერისა და სადემარკაციო ხაზის დადგენის შემთხვევაში: „ახალ საზღვარზე“ კედლის მშენებლობა.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებული სახით:

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ სასაზღვრო კედლების მშენებლობა სასარგებლოა. „კედლები მუშაობენ“, - თქვა მან. დონალდ ტრამპს ძველებურად გადაწყვეტილი აქვს აშშ-ის სამხრეთ საზღვარზე, მექსიკასთან, კედელი ააშენოს, რასაც ადრე ხელს დემოკრატები უშლიდნენ, მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის პერიოდში.

ახლა კი ახალი იდეა გაჩნდა: რა მოხდება, თუ დონალდ ტრამპი კედელს რუსეთსა და უკრაინას შორისაც ააშენებს?

ამჟამად პოლონეთი სასაზღვრო კედელს აგებს რუსეთთან (კალინინგრადის ოლქი) და ბელარუსთან, რომლის საერთო სიგრძე 650 კილომეტრზე მეტია. პოლონელმა ჩინოვნიკებმა კარგად შეისწავლეს უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დეტალები და შეიმუშავეს სასაზღვრო ბარიერის, რომელიც მოსკოვ-მინსკის ჯარების პოლონეთზე შეტევას ხელს შეუშლის და სავარაუდოდ, მათ შეაჩერებს. პროექტის სახელმწოდებაა „აღმოსავლეთის ფარი“ და მისი განხორციელება გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. სასაზღვრო კედელი წარმოადგენს ფიზიკურ ბარიერს და მოიცავს დაკვირვების მაღალტექნოლოგიური სისტემის კომპონენტებს.

ფიზიკური ბარიერია ლითონის კედელი, რომლის ზემოთა ნაწილზე მავთულხლართია გაბმული და რომელიც რიგ მონაკვეთებზე გამაგრებულია ღრმა ტანკსაწინააღმდეგო თხრილით.  შემდეგ არის 200-მეტრიანი ველი ტანკსაწინააღმდეგო ბოძკინტებით და ნაღმებით, რომელსაც მოსდევს ტრანშეა - საიდანაც ნატოელი და პოლონელი ჯარისკაცები მომხდურ მტერს შეუტევენ. თუ თავდამსხმელის შეჩერება ვერ მოხერხდება, ასეთ შემთხვევაში ჯარისკაცები მომდევნო გამაგრებულ ადგილზე გადაინაცვლებენ, სადაც არის ტანკსაწინააღმდეგო ხელოვნური ჭაობები, სადრენაჟო თხრილები, სამხედრო ბუნკერები ტყვიამფრქვევებით, ჰაუბიცებით და მიწისქვეშა თავშესაფრებით.

ეს მრისხანე ფიზიკური დაცვა განმტკიცებულია მაღალტექნოლოგიური ელემენტებით, რომლებიც შეუარაღებელი თვალით არ ჩანს. პოლონეთი საზღვრის გასწვრივ ამონტაჟებს საბაზო დამკვირვებელ სადგურებს, რომლებიც სიგნალის სახით ვიდეო და ფოტოინფორმაციებს იღებენ კოსმოსური თანამგზავრებიდან, ასევე აკუსტიკური სენსორები. ინფორმაციები მიიღება აგრეთვე სადაზვერვო თვითმფრინავებიდან და დრონებიდან, დიდი აეროსტატ-რადარებით და დირიჟაბლებით, რომლებიც პერმანენტურად გააკონტროლებენ საჰაერო სივრცეს საზღვართან ახლოს (ხელოვნური ინტელექტის დახმარებით). ეს სისტემები პოლონეთმა აშშ-ის კომპანიებს შეუკვეთა და მათი დამონტაჟების შემდეგ დაკვირვება და თვალთვალი საზღვრის მიღმა ასეულ კილომეტრზე გავრცელდება.

პროექტმა „აღმოსავლეთის ფარი“ პოლონეთში დიდი მხარდაჭერა მიიღო ყველანაირი პოლიტიკური სპექტრის მხრიდან. თავის დროზე პროექტი შეიმუშავა და მისი რეალიზება დაიწყო იმ დროს, როცა პარტია „კანონი და სამართალი“ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში იყო. თუმცა კედლის მშენებლობას მისი მემკვიდრეც - „სამოქალაქო პლატფორმაც“ აგრძელებს. „ჩვენი საზღვარი მშვიდობიან დროს უსაფრთხო იქნება, ხოლო ომის დროს - გადაულახავი“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ერთი წლის წინათ.

მაშ განა არ შეიძლება მსგავსი სასაზღვრო ბარიერის აშენება უკრაინაშიც? თუ პოლონეთს აქვს რთული ბარიერის აგების შესაძლებლობა რუსეთის არმიის შესაჩერებლად, განა უკრაინა ვერ ააგებს დასავლეთის დახმარებით მსგავს ბარიერს იმ ტერიტორიაზე, სადაც სამშვიდობო მოლაპარაკებისა და შეთანხმების დადების შემდეგ სადემარკაციო ხაზი გაივლის? და რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის არსებული დემილიტარიზებული ზონის მსგავსად, უკრაინასა და რუსეთს ერთმანეთისაგან დააშორებს?

პროექტი თავისი უპირატესობებით მომგებიანი გარიგება იქნებოდა. პოლონეთის ხარჯები, როცა 650-კილომეტრიანი ლითონის კედლის აგება დასრულდება მთელი თავისი ინფრასტრუქტურით, მიაღწევს 2,5 მილიარდ დოლარს. შესაბამისად, თუ მას უკრაინა-რუსეთის საზღვრისთვის გადავიანგარიშებთ, შესაძლოა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარით მეტი დაჯდეს. თუმცა ეს თანხა არაფერი არ იქნება იმ ფულთან შედარებით, რომლის დახარჯვას უკრაინა იარაღის შესაძენად აპირებს - 50 მილიარდ დოლარს. დიახ, იარაღი აუცილებელია, მაგრამ საზღვრის საიმედოდ დაცვა კიდევ უფრო მეტად აუცილებელი, მით უმეტეს, რომ მტკიცედ გამაგრებული საზღვარი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის მაღალ გარანტიას ნიშნავს.

აქვე შევნიშნავთ, რომ უკრაინის კედლისათვის ამერიკელი გადასახადის გადამხდლები არცერთ ცენტს არ დახარჯავენ. აშშ შეძლებს უკრაინას დაეხმაროს იმ კრედიტების პროცენტებით, რომლის დაფარვისას პოლონეთი ამერიკას გადაუხდის. გარდა ამისა, უკრაინას შესაძლებლობა ექნება „დიდ შვიდეულს“ კრედიტი სთხოვოს (50 მილიარდი დოლარი), რომელსაც იმ ფულით დაფარავს, რომელსაც, სავარაუდოდ, გაყინული რუსული აქტივების პროცენტების სახით მიიღებენ. ასევე, თუ ევროკავშირი დათანხმდება, მშენებლობის ფულად თვითონ აქტივების გამოყენებაც შეიძლება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკრაინის სასაზღვრო კედელი მაინცდამაინც ძვირი არ დაჯდება, ხოლო მისი ხარჯების გადახდის მექანიზმიც საკმაოდ ბევრია. ყველაფერი, რაც ამისთვის იქნება საჭირო, ესაა სამშვიდობო ხელსეკრულების დადება და პოლიტიკური ნება კედლის მშენებელობისათვის.

უკრაინული საზოგადოების ნაწილი, ალბათ, არ მოიწონებს კედლის აგებას უკრაინის თავისუფალ და ოკუპირებულ ნაწილებს შორის და მას ერთგვარ თანამედროვე „რკინის ფარდა“ ჩათვლიან. სხვათა შორის, მაგრამ უკრაინელებს უნდა ახსოვდეთ: ბერლინის კედელი დაეცა აშენებიდან 20 წლის შემდეგ. ცივი ომი დასრულდა და გერმანია გაერთიანდა. იგივე შეიძლება მოხდეს უკრაინის შემთხვევაშიც: რადგანაც რუსეთი მის არსებობას სასიკვდილო საფრთხეს უქმნის, ამის გამო სასაზღვრო კედელი - პოლონური „აღმოსავლეთის ფარის“ მგავსად, უკრაინელ ხალს კრემლის მუქარა-საფრთხეებისაგან დაიცავს. დონალდ ტრამპმა კედლის მშენებლობას ხელი უნდა შეუწყოს. იგი მართალია: კედლები მართლაც მუშაობენ.

თბილისი
დადიანის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე, სადაც საცხოვრებელი სახლის იატაკი ჩამოიშალა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში დროებითი ცვლილებები შევიდა

ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, რევაზ ურიდიასა და ნიკოლოზ ხუდადოვის ქუჩებს შორის არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სქემაში დროებითი ცვლილებები შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ საცხოვრებელი სახლის იატაკი ჩამოიშალა, რის გამოც, გადაუდებელი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შემთხვევის ადგილი ლითონის ღობით შემოისაზღვრა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა.

„საპრევენციო ღონისძიებების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადართულია ალტერნატიულ მარშრუტებზე. კერძოდ, 12-მეტრიანი ავტობუსები N323, N317, N370 და N395 მოძრაობენ დავით გურამიშვილის გამზირიდან თორნიკე ერისთავის ქუჩის მიმართულებით, ხოლო წერეთლის გამზირის გავლით უკავშირდებიან სადგურის მოედანს; N323 და N395 სადგურის მოედნიდან მოძრაობას ფიროსმანის ქუჩით განაგრძობენ და უერთდებიან გიორგი ჩიტაიას ქუჩას, რის შემდეგაც გადაადგილდებიან დადგენილი სქემით, ორივე მიმართულებით.

რაც შეეხება 8-მეტრიან ავტობუსებს, N333, N362 და მიკროავტობუსები - N416, N436, N507 და N517, ცოტნე დადიანის ქუჩიდან მოძრაობისას, შედიან რევაზ ურიდიას ქუჩაზე, საიდანაც გადაადგილდებიან ეროსი მანჯგალაძის ქუჩაზე. ამის შემდეგ, ხუდადოვის ქუჩაზე მარჯვნივ მოხვევით, ისევ უკავშირდებიან დადიანის ქუჩას (ე.წ. გადასასვლელ ხიდთან) და განაგრძობენ მოძრაობას დადგენილი მარშრუტებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.