ბრიტანეთის არჩევნები ლეიბორისტებმა მოიგეს. გაერთიანებულ სამეფოს ახალი, ლეიბორისტული მთავრობა და პრემიერი ეყოლება, კირ სტარმერის მეთაურობით. 14 წლის განმავლობაში პირველად გაიმარჯვეს არჩევნებში ლეიბორისტებმა. მეტიც, ასეთი მასშტაბური გამარჯვება ლეიბორისტებისათვის ტონი ბლერის 2001 წლის გამარჯვების შემდეგ არ ყოფილა. კირ სტარმერი გამოცდილი პოლიტიკოსი და იურისტია. იგი საკუთარ თავს იდეოლოგიურად ცენტრისტად მიიჩნევს, თუმცა 80-ან წლებში უფრო მყარ მემარცხენედ მოიაზრებოდა.
სტარმერი დიდი ბრიტანეთის თავდაცვისუნარიანობის ზრდის მომხრეა. ასევე იგი წლების განმავლობაში მხარს უჭერდა ბრიტანეთის ევროკავშირში დარჩენას. სამომავლოდ, მისი პრემიერობის პერიოდში ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის კიდევ უფრო დაახლოება და მეტიც, ჰიპოთეტურად, წევრობაზე მსჯელობის დაწყებაც კი არაა გამორიცხული (მიუხედავად იმისა, რომ ახლა ამის შანსი მცირეა მაინც - გაერთიანებული სამეფოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირის დატოვებას ნეგატიურად აფასებს). სტარმერი შეხვდა კიდეც ზელენსკის და უკრაინას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
ბოლო თვეები ბრიტანულ პოლიტიკაში ძალიან ქაოსური და მძიმე იყო. ახლა კი ახალ, ლეიბორისტულ მთავრობაზე დიდი იმედები მყარდება. დასტაბილურებული ბრიტანეთი ევროპის უსაფრთხოებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში 650 მანდატია. წინასწარი ეგზიტპოლით (რომელიც ცხადია გარკვეულწილად შეიცვლება), ლეიბორისტებს 410 მანდატი აქვთ, კონსერვატორებს 131, ლიბერალ-დემოკრატებს კი 61.
გარდა ლეიბორისტებისა დიდი წინსვლა აქვთ ლიბერალ-დემოკრატებსაც. არადა ზოგი ამ პარტიის სიკვდილსაც ვარაუდობდა. ბრიტანეთის პოლიტიკაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ბევრი პოლიტიკური მიწისძვრა ვიხილეთ. ახლა კი ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ შედარებით პოზიტიური მოლოდინებია.