USD 2.7632
EUR 2.9848
RUB 3.2640
თბილისი
ასადის რეჟიმის დამხობა – მხარეთა პოზიციები, მოგებულები და წაგებულები
თარიღი:  1083

ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი

 2024 წლის 8 დეკემბერს ოპოზიციის 12-დღიანი სამხედრო მარშის შედეგად დაემხო ასადების ოჯახის 54-წლიანი დიქტატურა სირიაში.[1] თავად ბაშარ ალ-ასადი ოჯახთან ერთად მოსკოვში გაიქცა.

რეჟიმის დამხობის შედეგად სწრაფად შეიცვალა გეოპოლიტიკური სიტუაცია რეგიონში. სირიისა და მისი სამეზობლოს ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება.

როგორია მხარეთა პოზიციები? ვინ არიან მოგებულები და წაგებულები მოცემულ ეტაპზე?

1-1 (2)

სირიელები ზეიმობენ ასადის რეჟიმის დამხობას

 მთავარი მოგებული მხარე სირიის მოსახლეობაა (განსაკუთრებით კი, სუნიტური უმრავლესობა, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე იჩაგრებოდა ასადების ალავიტური კლანის მიერ), რომელმაც 13-წლიანი სამოქალაქო ომისა და უდიდესი მსხვერპლის ფასად[2] შეძლო დიქტატორის ჩამოგდება.

ამ პროცესს ხელი შეუწყო ორმა მნიშვნელოვანმა საგარეო-პოლიტიკურმა ფაქტორმა: ასადის მთავარი მოკავშირე რუსეთი ჩაფლულია უკრაინასთან ომში და მას ნაკლები დრო და ენერგია აქვს სხვა კონფლიქტებისთვის.

ასადის მეორე მოკავშირე, ირანის მთავარი სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტი რეგიონში „ჰესბოლა“ (რომელიც ძალიან აქტიური იყო სირიის ომშიც) კი ძალზე დასუსტდა ისრაელთან კონფლიქტში.

მართალია, ასადის რეჟიმი დაემხო, მაგრამ ამ ეტაპზე დიდწილად გაურკვეველია, თუ როგორი ქვეყანა იქნება ახალი სირია. ეს ბევრადაა დამოკიდებული იმ ოპოზიციური ძალების ქმედებებზე, რომლებმაც შეძლეს ასადის რეჟიმის ლიკვიდაცია.

2

ვინ რას აკონტროლებს სირიაში 2024 წლის 16 დეკემბრისთვის

სირიის ოპოზიცია

სირიის ოპოზიცია ერთიანი ორგანიზაცია არაა და თითქმის არც არასდროს ყოფილა. ოპოზიციას წარმოადგენს როგორც რადიკალური ჯიჰადისტური „ალ-ქაიდას“ გაგრძელება „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“,[3] ისე მისი მოკავშირე შედარებით ზომიერი პროთურქული ძალები. ისინი ამ მომენტისთვის აკონტროლებენ ქვეყნის უდიდეს ნაწილს (მათ შორის, დედაქალაქ დამასკოს).

3-1

 ბევრი იმ ფაქტსაც დააკვირდა, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემდეგ „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ ლიდერმა აბუ მოჰამედ ალ-ჯულანიმ ვერბალურთან ერთად ვიზუალური იმიჯიც კი შეიცვალა

 

„ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ ლიდერი აბუ მოჰამედ ალ-ჯულანი ცდილობს ორგანიზაციის რებრენდირებას, ლეგიტიმაციის მოპოვებას და აცხადებს, რომ დაიცავს უმცირესობების უფლებებს და ა.შ. მან 10 დეკემბერს ქვეყნის გარდამავალი მთავრობის თავმჯდომარედ ასევე „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის“ რიგებიდან გამოსული მოჰამედ ალ-ბაშირი დანიშნა.[4]  ამ უკანასკნელს წინ უამრავი გამოწვევა ელის, თუმცა რამდენად წარმატებული იქნება ის ამ საქმეში, ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია.

პროქურთული ძალები

პროქურთული „ხალხთა დაცვის ნაწილები“ აშშ-ის მოკავშირეა რეგიონში, რომელიც წარმატებულად ებრძოდა და ებრძვის ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოს“, რომელიც სირიაში ფეხის მოკიდებას ცდილობს.

„ხალხთა დაცვის ნაწილები“ აშშ-სთან კოორდინირებულად მოქმედებს და აკონტროლებს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს.

მათ დროდადრო უწევდათ ჰქონოდათ შეიარაღებული კონფლიქტები როგორც ასადის, ისე პროთურქულ ოპოზიციასთანაც.

როგორც ჩანს, ამ ეტაპზე მათი მთავარი საფრთხე თურქეთი და სირიაში მოქმედი პროთურქული ძალები იქნებიან.

ჯერჯერობით გაურკვეველია აქ მოპოვებული ნავთობისა და ზოგადად ნავთობსაბადოების  შემდგომი ფუნქციონირების საკითხი (მათი უმრავლესობა სწორედ პროქურთული ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მდებარეობს). ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ირანმა შეწყვიტა სირიისთვის ნავთობის მიწოდება. თავად სირიას კი ნავთობით ვაჭრობაზე სერიოზული ამერიკული სანქციები ადევს. ამიტომ აქამდე მხოლოდ მცირე მოცულობით ნავთობი მოიპოვებოდა პროქურთული ძალების მიერ კონტროლირებად ნავთობსაბადოებზე.  

 თურქეთი

ცხადია, თურქეთი ერთ-ერთი მთავარი გამარჯვებულია შექმნილ სიტუაციაში, რომელიც რეგიონში კატართან ერთად მოქმედებს. მან მოიშორა ათწლეულების განმავლობაში ანკარის წინააღმდეგ აქტიურად მოქმედი ასადის რუსული რეჟიმი, რომელიც სასტიკ რეპრესიებში ამყოფებდა მოძმე სუნიტურ უმრავლესობას.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ როდესაც ანკარამ სირიაში ოპოზიციის მიერ შეტევის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო, მის მიზანს მხოლოდ ჩრდილოეთში მდებარე ქ. ალეპოს აღება წარმოადგენდა, რათა ასადის რეჟიმი თურქეთში მცხოვრები მილიონობით სირიელი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების თაობაზე გასამართ მოლაპარაკებებზე დაეთანხმებინა, მაგრამ როდესაც ქ. ალეპო თითქმის წინააღმდეგობის გარეშე აიღეს,  გადაწყდა სხვა ქალაქებზეც გალაშქრება, რაც წარმატებულიც გამოდგა და ასადის რეჟიმი ბევრისთვის მოულოდნელად რამდენიმე დღეში ჩამოიშალა.

ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ ანკარა არა მხოლოდ წლების განმავლობაში აკონტროლებს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილებს, არამედ დიდი გავლენა აქვს ოპოზიციის ნაწილზეც (მაგალითად, „სირიის ეროვნულ არმიაზე“). უშუალოდ სამხედრო ოპერაციის დაწყებისას კი თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ღიად დაუჭირა მხარი ოპოზიციის მარშს დამასკოზე, რასაც ასადის რეჟიმის დამხობა მოჰყვა.   

მოელიან, რომ თურქეთს ექნება დიდი გავლენა სირიის ახალ ხელისუფლებაზე. აქედან გამომდინარე, ბევრი მიიჩნევს, რომ ანკარამ შესაძლოა ისეთი მომგებიანი ენერგეტიკული პროექტებიც წამოსწიოს წინ, როგორიცაა კატარის ბუნებრივი აირის (კატარი-საუდის არაბეთი-იორდანია-სირია-თურქეთის გავლით) ევროპაში ტრანსპორტირების საკითხი.

 4-1 

კატარული ბუნებრივი აირის ევროპაში ტრანსპორტირების სავარაუდო მარშრუტი

 

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ გავლენას თავისი ფასიც აქვს. თუ დასავლეთმა არ ცნო სირიის ახალი ხელისუფლება და არ დაეხმარა მას, მაშინ დიდწილად თურქეთსა და კატარს მოუწევთ სირიის ეკონომიკის გაუმჯობესებაზე ზრუნვა (2022 წლის მონაცემებით, სირიელების 69% სიღარიბის ზღვარს ქვევით ცხოვრობს, 13-წლიანი სამოქალაქო ომის შედეგად ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზარალი ასეულ მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და ა.შ.). ეს კი შესაძლოა დიდ ტვირთად დააწვეს თურქეთის ეკონომიკას, რომელსაც ისედაც სერიოზული სირთულეები აქვს.

დამასკოზე გავლენის მოპოვების მიუხედავად, თურქეთისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ რჩება „ხალხთა დაცვის ნაწილები“, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ PKK-ს („ქურთისტანის მუშათა პარტია“) გაგრძელებად აღიქვამს და რომლის წინააღმდეგაც პერიოდულად სამხედრო ოპერაციებს ატარებს ხოლმე. გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთი ამ მომენტისთვის დამატებით სამხედრო ნაწილებს აგზავნის რეგიონში, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა გამოყენებულ იქნას სირიის პროქურთული ნაწილების წინააღმდეგ.

ამ ეტაპზე ძნელი სათქმელია, რა ინტენსივობით გაგრძელდება ეს დაპირისპირება. ცხადია, რომ ამ საკითხში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ერდოღან-ტრამპის ურთიერთობის ხარისხზე.

რუსეთი

ცხადია, რუსეთი, როგორც ათწლეულების განმავლობაში ასადის მთავრობის მთავარი მფარველი, წაგებულია ამ რეჟიმის დამხობით. ასადის რეჟიმის დამხობით მცირდება მოსკოვის გავლენა და პრესტიჟი მთელი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.

უკრაინასთან ომში ჩაფლულმა რუსეთმა ვერანაირი ქმედითი სამხედრო დახმარება ვერ აღმოუჩინა ასადის რეჟიმს, რითაც გამოჩნდა, რომ მას არ შეუძლია ორ ფრონტზე ბრძოლა. ამასთან, კიდევ ერთხელ გაბათილდა მითი რუსეთის უძლეველობის შესახებ.

რუსეთს გრძელვადიან პერიოდში, დიდი ალბათობით, გაუძნელდება სამხედრო ბაზების[5] შენარჩუნება სირიაში, რომელიც უზრუნველყოფდა არა მხოლოდ ასადის რეჟიმის სამხედრო მხარდაჭერას ქვეყნის შიგნით, არამედ აგროვებდა სადაზვერვო სახის ინფორმაციას მთელი ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით და თან წარმოადგენდა ერთგვარ დამაკავშირებელ რგოლს (სამხედრო ლოჯისტიკურ ჰაბს) რუსეთის ფედერაციასა და აფრიკის პრორუსულ რეჟიმებს შორის.

ამ მომენტისთვის სირიაში ბაზირებული რუსული სამხედრო გემები ხმელთაშუა ზღვაში არიან გასულები. ეტყობა, ამ გაურკვეველ პერიოდში ინციდენტების თავიდან არიდება სურთ, თუმცა ისიც უნდა აღნიშნოს, რომ ისინი სანაპიროდან შორს არ წასულან და 8 მილის (13 კმ) მანძილზე გაჩერდნენ. არსებობს ვარაუდი, რომ მოსკოვს სირიაში არსებული საზღვაო ბაზის ლიბიაში (ქ. ბენღაზიში) გადატანა მოუწევს.

რუსეთისთვის ის საკითხიც საინტერესო უნდა იყოს, თუ საით წასვლას გადაწყვეტენ (დაბრუნდებიან თუ არა სამშობლოში) ის ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები, რომლებიც წლების განმავლობაში სირიაში იბრძოდნენ.

ირანი

რუსეთთან ერთად წაგებულია ირანიც, რომელმაც ასადის რეჟიმის დამხობის შედეგად დაკარგა როგორც სახმელეთო ხიდი (ირანი-ერაყი-სირიის სახმელეთო გზა) ლიბანთან („ჰესბოლასთან“), ისე  გასასვლელი ხმელთაშუა ზღვასა და ისრაელზე. თეირანი ამ ხიდს ათწლეულების განმავლობაში აშენებდა და მასში უამრავი დრო, ენერგია და თანხები ჰქონდა ჩადებული.[6]

ახლა ირანი, ერთი მხრივ, ფიქრობს, როგორ შეინარჩუნოს ფიზიკური კავშირი ლიბიაში მოქმედ და ისრაელთან შეტაკებების გამო უკიდურესად დასუსტებულ მოკავშირე შიიტურ სამხედრო-პოლიტიკურ დაჯგუფება „ჰესბოლასთან“ და, მეორე მხრივ, ცდილობს სირიის სცენარი აირიდოს ერაყში, სადაც ყველა კმაყოფილი არაა იქ არსებული შიიტური მმართველობით.

აშშ/დასავლეთი

აშშ-ისა და ზოგადად დასავლეთის მთავარი მამოძრავებელი ინტერესი სირიაში წლების განმავლობაში იყო ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა და ამას ძირითადად პროქურთული ძალების საშუალებით ახორციელებდა.[7]

აშშ და ევროკავშირი მიესალმნენ ასადის რეჟიმის დამხობას. ამასთან, ევროპაში ბევრს იმედიც კი გაუჩნდა, რომ სირიელი ლტოლვილები თავიანთ სამშობლოში დაბრუნდებიან.

ამ მომენტისთვის აშშ-ის სირიაში პროქურთული ძალების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე დაახლოებით 900 სამხედრო ჰყავს განლაგებული. როგორი იქნება მათი როლი და ფუნქცია მომავალში ამ ეტაპზე უცნობია.

ასევე უცნობია, როგორი იქნება აშშ-ისა და ზოგადად დასავლეთის დამოკიდებულება სირიის ახალი ხელისუფლებისა და სირიის პრობლემატიკის მიმართ. ამ საკითხში ბევრი რამ დამოკიდებული იქნება თავად სირიის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკაზე როგორც ქვეყანაში მცხოვრები უმცირესობების (დრუზები, ალავიტები, ქრისტიანები, ქურთები და ა.შ.) მიმართ, ისე იმაზე, თუ როგორ მოიქცევა ახალი ხელისუფლება ისრაელსა და დასავლეთთან მიმართებით.

 ისრაელი

ისრაელი ერთ-ერთი იმათგანი იყო, ვინც თავისი ქმედებებით (ამ შემთხვევაში, „ჰესბოლას“ დასუსტებით) დიდწილად გამოიწვია ასადის რეჟიმისთვის მნიშვნელოვანი დასაყრდენის გამოცლა. ასადის რეჟიმის ჩამოშლამ კი შეამცირა პირდაპირი ირანული საფრთხე ისრაელის საზღვრების სიახლოვეს.

ახლა, როდესაც გადაჭრილია „ჰესბოლას“ იარაღით მომარაგების პირდაპირი სახმელეთო ხაზი, ისრაელს შეუძლია მაქსიმალურად ისარგებლოს შექმნილი ვითარებით და უფრო დამაჯერებლად იმოქმედოს ლიბანის მიმართულებით.

ამასთან, ამ ეტაპზე ძნელია გადაჭრით ითქვას, თუ რამდენად მოგებულია ისრაელი. ის ფრთხილობს და ყურადღებით აკვირდება სირიის ახალი ხელისუფლების ქმედებებსა და ნარატივს ისრაელთან მიმართებით. მინიმუმ მოელის, რომ სირიის ახალი ხელისუფლება სოლიდარული იქნება პალესტინელების მიმართ.

პარალელურად, ისრაელი პრევენციის მიზნით ანადგურებს ასადის რეჟიმის მიერ დატოვებულ სამხედრო საწყობებს, შეიარაღებასა და ინფრასტრუქტურას, რათა მომავალში არ მოხდეს მათი გამოყენება ისრაელის წინააღმდეგ, ასევე წამოიწყო ახალი სახმელეთო ოპერაცია სირიის ტერიტორიაზე და 20 კმ-ზე მიუახლოვდა დედაქალაქ დამასკოს.

5

 ისრაელის სამხედრო ნაწილების წინსვლა დამასკოს მიმართულებით

 საქართველოს განზომილება

სირიის კონფლიქტის საკითხი საინტერესოა საქართველოსთვისაც.

სირია ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, რომელმაც რუსეთის ზეწოლის შედეგად 2018 წლის 29 მაისს აღიარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და    ცხინვალის    რეგიონის    ე.წ. „დამოუკიდებლობა“.

მოგვიანებით აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა იქ საკუთარი ე.წ. „საელჩოც“ გახსნა, თუმცა ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, 2024 წლის 15 დეკემბერს, რუსეთმა ამ ე.წ. „საელჩოს“ პერსონალის ევაკუაცია განახორციელა. ამ საკითხზე ოდნავ განსხვავებულ, თუმცა მსგავს ინფორმაციას ავრცელებს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი. კერძოდ, ე.წ. „საგარეო საქმეთა მინისტრის“ მოვალეობის შემსრულებელმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ „სირიაში აფხაზეთის საელჩო“ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. ე.წ. ელჩი მუჰამედ ალი ადგილზე იმყოფება, ხოლო ერთ-ერთი თანამშრომელი ევაკუირებულია მოსკოვში.

„დიახ, აფხაზეთის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი ევაკუირებულია მოსკოვში და ბრუნდება აფხაზეთში. აფხაზეთის საელჩო აგრძელებს მუშაობას, ის გადავიდა ახალი ხელისუფლების მფარველობის ქვეშ. სირიის ელჩი აფხაზეთში მუჰამედ ალი ადგილზეა, ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან“, – ამის შესახებ შამბამ რუსულ TASS-თან საუბრისას განაცხადა.

საქართველოში არაორდინალური სიტუაცია რომ არ იყოს შექმნილი, ახლა სწორედ ის დროა, როცა საქართველოს სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს სირიის მიერ ჩვენი ოკუპირებული რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ ცნობის უკან წაღებაზე.

 

ამრიგად, ამ ეტაპზე მოგებული არიან სირიის ოპოზიცია, თურქეთი და ნაწილობრივ ისრაელი, წაგებული – ასადის რეჟიმი, რუსეთი და ირანი. თავად სირიაში კი ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასარკვევი და ჩამოსაყალიბებელი.

[1] აქედან 30 წელი (1970-2000 წლებში) ქვეყანას მართავდა მამა – ჰაფეზ ალ-ასადი, ბოლო 24 წლის განმავლობაში კი შვილი – ბაშარ ალ-ასადი.

[2] ამ ომს შეეწირა დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანის სიცოცხლე, 2 მილიონი სირიელი დასახიჩრდა, ხოლო 14 მილიონამდე ადამიანი ადგილნაცვალ პირად იქცა.

[3] ამ მომენტისთვის „ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი“ ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული აშშ-ში, ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, თურქეთში, რუსეთში და ა.შ.

[4] ალ-ბაშარი ამ თანამდებობაზე იქნება 2025 წლის 1 მარტამდე.

[5]რუსეთს სირიაში ჰქონდა 2 სამხედრო ბაზა (ხმეიმიმის საჰაერო ბაზა თავისი სადაზვერვო კომპონენტით და საზღვაო ბაზა ხმელთაშუა ზღვის ქ. ტარტუსში) და ათობით სადამკვირვებლო პუნქტი ქვეყნის ჩრდილოეთით.

[6] ამ ქსელის ერთ-ერთი შემოქმედი იყო ირანის ისლამური რესპუბლიკის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყუდსის ძალების სარდალი, გენერალი ყასემ სოლეიმანი, რომლის ლიკვიდაცია 2020 წლის 3 იანვარს ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტის სიახლოვეს დრონებიდან გაშვებული რაკეტების აფეთქების შედეგად მოხდა.

[7] თავად წვრთნიდა და აიარაღებდა ამ ძალებს. ასევე უზრუნველყოფდა საჰაერო მხარდაჭერას.

წყარო:https://gfsis.org/

კულტურა
«Frankfurter Allgemeine Zeitung» (გერმანია): „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება: ტრადიციული სუფრის თავისებურებები“

„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.

ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...

ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.

ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.

„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...

ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.

რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.

ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.

მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს  სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.

თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.