USD 2.7374
EUR 2.9058
RUB 2.7753
Tbilisi
«Parlamentni Listy» (ჩეხეთი): „ფული უკრაინისათვის: რას გააკეთებს დონალდ ტრამპი?“ // „რატომ აქვს საქართველოს მიმართ რუსეთს განსაკუთრებული დამოკიდებულება“
Date:  109

ჩეხური გაზეთი „პარლამენტნი ლისტი“ (Parlamentni Listy) სათაურით „ფული უკრაინისათვის: რას გააკეთებს დონალდ ტრამპი?“ აქვეყნებს ინტერვიუს პრაღის (კარლის) უნივერსიტეტის პროფესორთან, პოლიტოლოგ ზდენეკ ზბორჟილთან, რომელსაც ჟურნალისტი იაროსლავ პოლანსკი ესაუბრება.

გთავაზობთ ამონარიდებს:

- დონალდ ტრამპი სანამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორედ გაიმარჯვებდა, მის წინააღმდეგ ე.წ. „ინტელექტუალთა“ ფართო ფრონტი შეიკრა: „შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები“, ექს-პრეზიდენტების - ბილ კლინტონისა და ბარაკ ობამას მეთაურობით. ისინი ვითომდა „იცავდნენ“ მრავალგვარი უმცირესობის ინტერესებს, „ებრძოდნენ“ გლობალურ დათბობას და დემოკრატთა „მონაპოვრების“ შესანარჩუნებლად გამოდიოდნენ. თქვენი აზრით, ხომ არ გადააჭარბეს ამერიკულმა (და ევროპულმა) ელიტებმა თავიანთ კრიტიკაში? საბოლოო ჯამში, მათ ისეთმა „სულელმა“ (როგორც რესპუბლიკელ კანდიდატს უწოდებდნენ) აჯობა, როგორც დონალდ ტრამპია...

- თქვენ მართალს ბრძანებთ. აშშ-ის არჩევნების დროს შექმნილი სიტუაცია ალექსანდრე მაკედონელთან დაკავშირებულ ისტორიას მაგონებს. 334 წელს ჩვენს ერამდე ალექსანდრე ქალაქ გორგიონის ტაძარში მივიდა და ზევსისადმი მიძღვნილი ურემის წინ დადგა. ურემის ხელნა ფრიგიის მეფის გორდიას მიერ საოცრად რთული კვანძით (ნასკვით) იყო შეკრული. ვინც ამ ნასკვს გახსნიდა, იგი მსოფლიოს მბრძანებელი იქნებოდა. ალექსანდრე მაკედონელს ბევრი არ უფიქრია, ხმალი დაჰკრა და გორდიას კვანძი გადაჭრა. დღემდე გაურკვეველია, რით შეიძლება აიხსნას ალექსანდრეს ასეთი ქცევა - მოუთმენლობით, მოუფიქრებლობით თუ ამაში მისი ის გაბედულება გამოიხატა, რომელსაც მოგვიანებით უმღეროდნენ - იგი ხომ იმდროინდელი მსოფლიოს მბრძანებელი გახდა.

რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპი ალექსანდრე დიდი არ არის, თუმცა იგი, ალბათ, თავის თავს მაკედონელი მხედართმთავრის მსგავსად უკვე თვლის - მან იმ მიზანს მიაღწია, რისთვისაც ხუთი წელი იბრძოდა. არსებობს საერთაშორისო სოლიდარობა არა მხოლოდ პოლიტიკოსებს და ხელოვნების სამყაროს (და ინტელიგენციის) წარმომადგენლებს შორის, არამედ იმათ შორისაც, ვინც გამორჩეულ პოლიტიკოსებს ამერიკაშიც მოკვლით ემუქრება და ვთქვათ, სლოვაკეთშიც. მათ ერთნაირი ტრაექტორია აქვთ. ევროპა ათასობით კილომეტრით არის დაშორებული ამერიკულ პოლიტიკურ გარემოს, მაგრამ აქაც არიან ადამიანები, რომელთა გონებას სიხარბე ხელისუფლებისადმი წყურვილი აბნელებს. ისინი, ჰეროსტრატეს მსგავსად, საკუთარი თავის უკვდავსაყოფად, არაფერზე უკან დაიხევენ...

- ჩვენთან, ევროპაში და ჩეხეთშიც, დონალდ ტრამპის გამარჯვებასთან დაკავშირებით, ალბათ, ყველაზე უფრო მეტად აშფოთებთ მისი დამოკიდებულება რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის მიმართ. დონალდ ტრამპს ომის დაფინანსება არ სურს და ამიტომ ახლა „ადგილობრივი უფროსები“ გვიკიჟინებენ, რომ ჩვენ, ევროპელებმა, ანუ ჩეხებმაც, მეტი ფული უნდა გამოვყოთ კიევისათვის იარაღის შესასყიდად. რას ნიშნავს მათი ასეთი განცხადებები?

- ვერ გეტყვით, რამდენად იწონებს მათ განცხადებებს ჩვენი მოსახლეობა, რომლებთაც უამრავი პრობლემა აქვთ მოსაგვარებელი, მაგრამ ცნობილია ერთ-ერთი უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნის ამასწინანდელი განცხადება, რომლის თანახმად, უკრაინამ იმ ფულის მხოლოდ 10% მიიღო, რომელიც მას აშშ-მა გამოუყო. არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ გარკვეული ეჭვი მაქვს, რომ იმ ფულის 90% ამერიკელი თუ უკრაინელი ოლიგარქების ჯიბეში დევს. ისინი ამ ფულის მითვისებით უკრაინელ ბავშვებს და მოხუცებს სასაფლაოსთვის ამზადებენ. მესმის, რომ გენერლებს - უკრაინელებსაც და ჩეხებსაც, სულ უფრო მეტად სურთ ფინანსების გაკონტროლება, მაგრამ ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა - ამოწმებს ვინმე თავდაცვის სამინისტროს უმაღლესი თანამდებობების პირების საგადასახადო დეკლარაციებს? იქნებ გავიგოთ, ხომ არავინ გამდიდრდა სამხედრო ხარჯებით? არავის არ უნდა გაუკვირდეს ასეთი კითხვები - კორუფცია სამხედრო სფეროში არა მხოლოდ უკრაინაშია გავრცელებული, არამედ სხვა ქვეყნებშიც და ჩვენთანაც...

- რამდენად შესაძლებელია მშვიდობა გამეფდეს მსოფლიოში, თუ ჩვენ უარს ვიტყვით ჩვენს ამბიციებზე ჩავერიოთ უკრაინის, საქართველოს, მოლდოვასა და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის საქმეებში?

- სამწუხაროდ, თანამედროვე მსოფლიოში, როცა ჩვენ სხვა ხალხებს განგებ „ვასწავლით“, თუ როგორ უნდა დაიცვან ადამიანის უფლებები, ეს შეუძლებელია. ბოროტება და სიხარბე არსად არ გამქრალა. ყოფილი საბჭოთა ტერიტორიის სიმდიდრე უამრავ ავანტიურისტს იზიდავს. ამას წინათ გავეცანი სიას, თუ რა მიაქვთ უცხოელებს იაკუტიის (საჰას)  რესპუბლიკიდან, რომელიც ციმბირში მდებარეობს და ფართობით თითქმის ევროკავშირს უტოლდება და ვიფიქრე, პეტრე პირველის დროინდელი დოკუმენტი ხომ არ არის-მეთქი. მიაქვთ ყველაფერი - ბეწვეულიდან დაწყებული, ალმასებით და ოქროთი დამთავრებული, პლუს მენდელეევის სისტემის ყველა ელემენტი...

რა თქმა უნდა, მართლები არიან ისინი, ვინც რუსეთის იმპერიულ ამბიციებს აკრიტიკებს, მაგრამ ასეთივე იმპერიული ამბიციები აქვთ ჩინეთს, ამერიკის შეერთებული შტატებს, ევროპის რიგ სახელმწიფოებს, რომლებიც თავიანთ ინტერესებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ატარებენ. ისინი თავისებურ მეტროპოლიებს წარმოადგენენ. ისინი, სარგებლობენ რა ფიქტიური „ხალხთა თვითგამორკვევით“,  დე-ფაქტო ინარჩუნებენ წინა პერიოდებში მიტაცებულ მიწებს... ასეთი იმპერიები ხელშეუხებლები არიან, უკვდავები. მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ დიდი ბრიტანეთიც ცდილობს შეინარჩუნოს თავისი იმპერია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შემცირდა. და ამ დროს ლონდონი არ ითვალისწინებს, რომ რუსეთის შემადგენლობაში ყირიმს თავისი განსაკუთრებული ისტორია აქვს. ასევე საქართველოს, რომელსაც მოსკოვი ძველებურად თავისად თვლის - თუმცა დამოუკიდებელ, მაგრამ მაინც თავის ახლო ქვეყნად, ისტორიული თვალსაზრისით. განსაკუთრებით იმ ფაქტორის გახსენებით, რომ რუსეთის იმპერიას ქართველი იოსებ სტალინი მართავდა და მისი სახელით გაიმარჯვა მეორე მსოფლიო ომში...

წყარო: https://www.parlamentnilisty.cz/arena/monitor/Kolar-od-Pavla-jeho-syn-a-penize-pro-Ukrajinu-Zboril-tusi-co-prijde-s-Trumpem-764443

 

analytics
«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): „ორნი თეთრ სახლში: თვითკმაყოფილი ჯო ბაიდენი - ერთადერთი დემოკრატი პრეზიდენტი, რომელმაც თავის დროზე რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი დაამარცხა“

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ორნი თეთრ სახლში: ჯო ბაიდენის თვითკმაყოფილება - იგი ერთადერთი დემოკრატია, რომელმაც თავის დროზე რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი დაამარცხა“ (ავტორი - ტონი დაივერი), რომელშიც ორი ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი პრეზიდენტის, თეთრი სახლის წარმავალი ბინადარისა და მომავალის გულთბილი შეხვედრაა გადმოცემული.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 ხელი, რომელიც ჯერ კიდევ ოვალურ კაბინეტში მყოფმა ჯო ბაიდენმა გაუწოდა ოთხშაბათს, 13 ნოემბერს, თეთრი სახლის მომავალ ბინადარს დონალდ ტრამპს, არ იყო სავალდებულო, რომ მეგობრული ყოფილიყო. ბოლო თითქმის ექვსი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით წინასაარჩევნო კამპანიების დროს, ორივე ერთმანეთს ულმობლად ურტყამდა: დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს „მძინარე ჯოს“ და „ნამდვილი საფრთხის განსახიერებას“ უწოდებდა, ჯო ბაიდენი კი, თავის მხრივ (ზოგჯერ კი პრესმდივნის პირით) აცხადებდა, რომ დონალდ ტრამპი ყველაფრით აკმაყოფილებს ფაშისტის სახელს.

თუმცა ჯო ბაიდენისათვის გარდამავალი ხელისუფლების პერიოდი (როცა ერთი მიდის და მეორე მოდის) ისეთ მომენტად იქცა, რომ მას შესაძლებლობა მიეცა მოხდენილად დახვედროდა ჯერ კიდევ სტუმრის სტატუსში მყოფ დონალდ ბაიდენს და ასევე მოხდენილად  დაშორებოდა. მან კამერების წინაშე ქვეყანას აცვენა, თუ როგორ შეიძლება ხელისუფლებიდან  წასვლა და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა პოლიტიკურ მტრობაზე მაღლა დააყენო.

 უფლებამოსილების გადაცემა, რასაკვირველია, ჯო ბაიდენისათვის ერთგვარი თვითკმაყოფილების გრძნობით იყო მოცული, რადგან იგი ჯერ-ჯერობით ერთადერთ დემოკრატ პრეზიდენტს წარმოადგენს, რომელმაც ორ არჩევნებში ერთხელ მაინც შეძლო რესპუბლიკელი  ექს-პრეზიდენტის დამარცხება.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც კი შეგვიძლია, რომ თქვენი განთავსება თეთრ სახლში სასიამოვნო იყოს“, - უთხრა ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს.

აღსანიშნავია, რომ „კოჭლ იხვს“ იისფერი ჰალსტუხი ეკეთა, რაც ორპარტიულობის ფერს შეესაბამება. მასპინძელმა სტუმრისადმი პატივისცემის ნიშნად ბუხარიც კი აანთო, რათა სიმბოლურად განეიტრალებულიყო ის მკვეთრი აცივება, რომელიც ამ კვირაში ვაშინგტონში მოხდა.

სცენა, რომელიც დამშვენებული იყო წითელი ვარდებით და რომელიც ბუხრის ცეცხლის ალისფერ ათინათს უთავსდებოდა, უფრო მეტად მოგვაგონებდა ორი მოხუცი მამაკაცის შეხვედრას, რომლებიც ერთმანეთს თავს გადახდილ ისტორიებს უზიარებენ, ვიდრე პოლიტიკური მოწინააღმდეგეების რანდევუს, რომლის დროსაც მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს მეთაურის პოსტის გადაცემის დეტალები იხილებოდა.

დონალდ ტრამპისა და ჯო ბაიდენის უკან, კედელზე, აშშ-ის დამფუძნებელი მამების სურათები ეკიდა, მათ შორის კი, ცენტრალურ ადგილზე, ფრანკლინ დელანო რუზველტის ფოტო, რომელსაც ჯო ბაიდენს ხშირად ამსგავსებენ. ჯონ კენედისა და მარტინ ლუთერ კინგის ბიუსტები ორივე მხარის - დემოკრატებისა და რესპუბლიკელების მომხრე მასმედიის  კამერების ფოკუსში მოხვდნენ, რაც საკმაოდ ნიშანდობლივია.

ბევრი რამ შეიცვლა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა 2021 წლის იანვარში თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი დატოვა.

არჩეული პრეზიდენტის შეხვედრა წარმავალ პრეზიდენტთან - ამერიკული პოლიტიკური ცხოვრების დიდი ხნის ტრადიციას წარმოადგენს. მაგრამ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც დონალდ ტრამპმა წააგო, მაგრამ დამარცხება არ აღიარა, ასეთი შეხვედრა არ გამართულა: დონალდ ტრამპმა უარი თქვა ჯო ბაიდენის მიწვევაზე თეთრ სახლში.

ამჯერად მისტერ დონალდ ტრამპი თავისი გამარჯვებით იმდენადვე დიდსულოვანი იყო, რამდენადაც ჯო ბაიდენი თავის დამარცხებაში: „პოლიტიკა მკაცრი რეალობაა და ბევრ შემთხვევაში ჩვენთვის მაინცდამაინც დიდად სასიამოვნო არ არის ხოლმე“, - ფილოსოფიურად შენიშნა დონალდ ტრამპმა და ამით ჯო ბაიდენს მიანიშნა ის, რომ ჯო ბაიდენი იძულებული გახდა საპრეზიდენტო რბოლაზე უარი ეთქვა და ასპარეზი კამალა ჰარისისათვის დაეთმო. გარდა ამისა, დონალდ ტრამპი საკმაოდ მწარედ აკრიტიკებდა ჯო ბაიდენს წინასაარცევნო კამპანიის დროს. „დღეს კი ყველაფერი მშვენივრად მიმდინარეობს და მე ამას ვაფასებ“, - დაამატა ახლად არცეულმა პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის ქცევაში აშკარად გამოსჭვიოდა ტრიუმფი, რომ იგი იმ კაბინეტს სამართლიანად დაუბრუნდა, რომლის დატოვება 2020 წლის არჩევნების შემდეგ იძულებით მოუწია.

„დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენთან შეხვედრისას იგივე ძალაუფლებრივი ჟესტები გვაჩვენა, რომლის ნახვასაც მივეჩვიეთ“, - ამბობს დარენ სტენტონი, ქცევითი საკითხების ექსპერტი, - მან ჟესტი „შპილი“ აჩვენა (ორივე ხელის თითები ერთად, პირამიდული სახით, ზემოთ მიმართული), რაც ავტორიტარულ ჟესტს წარმოადგენს. ვინ ასე აკეთებს, იგი თავის მოქმედებაში დარწმუნებულია“.

„ჯო ბაიდენს კი ხელები მუხლებზე ჰქონდა დადებული - ასეთი თავისუფალი და დამაჯერებელი პოზა იმის მიმანიშნებელია, რომ იგი ჯერ კიდევ პრეზიდენტია და სიტუაციას აკონტროლებს. ვერ ვიტყვი, მან ეს გაუცნობიერებლად თუ შეგნებულად გააკეთა, მაგრამ ფაქტია, რომ ჯო ბაიდენი ცდილობს აჩვენოს, რომ მისი რეპუტაცია შელახული არ არის“, - აღნიშნავს დარენ სტემტონი.

ორივე მამაკაცმა მოახერხა, რომ შეხვედრას ნორმალური სახე ჰქონოდა, მიუხედავად იმისა, რომ მათ ურთიერთობაში მრავალი უხერხული ფაქტი და მოვლენა იყო მომხდარი.

არადა, ყველამ კარგად იცის, რომ დონალდ ტრამპი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში თვლიდა, რომ ჯო ბაიდენს უსამართლოდ ჰქონდა მისი ადგილი დაკავებული თეთრ სახლში. თავის მხრივ, ჯო ბაიდენისათვის დონალდ ტრამპი ის „ცეცხლისწამკიდებელია“, რომელიც დანაშაულის ადგილზე დაუსჯელი დაბრუნდა.

თუმცა ორივეს მხიარული განწყობა და ღიმილი იმის დადასტურებად უნდა ჩავთვალოთ, რომ პრობლემა უკვე წარსულს ჩაბარდა.

2016 წელს, როცა ბარაკ ობამას თავისი ბოლო შეხვედრა ჰქონდა არჩევნებში გამარჯვებულ დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში, ისინი კამერების წინაშე სამი წუთი საუბრობდნენ. წარმავალი და მომავალი პრეზიდენტის ლაპარაკი მკაცრი და ცივი იყო - არცერთი არ იღიმებოდა.

2016 წელს არც ბუხარში არ გიზგიზებდა ცეცხლი. ბარაკ ობამას შავი კოსტიუმი ემოსა, თითქოსდა იგი დაკრძალვაზე იმყოფებოდა. არც ყვავილები არ ჩანდა - მათ როლს ვაშლით სავსე ვაზა ასრულებდა.

ამჯერად პრესკონფერენცია მხოლოდ 40 წამი გაგრძელდა. როცა ჟურნალისტები თბილი ოვალური კაბინეტიდან გარეთ გამოვიდნენ და კითხვებისათვის მოემზადნენ, დონალდ ტრამპმა ინიციატივა ჯო ბაიდენს დაუთმო. მასპინძელს კი არაფერი აღარ უთქვამს და კამერების წინაშე ისევ გაიღიმა.

წყარო: https://www.telegraph.co.uk/us/politics/2024/11/13/joe-biden-bowed-out-grinning-as-the-only-democrat-to-ever-b/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way