ბოლო 24 საათში სოციალური ქსელის რამდენიმე მომხმარებელმა დაწერა შემთხვევების შესახებ, როდესაც ასაკოვანი ადამიანები კლინიკაში მივიდნენ და COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა ითხოვეს, რაზეც პასუხად მიიღეს, რომ ამისათვის ონლაინ რეგისტრაცია წინასწარ უნდა გაევლოთ.
ვიზიტის დაჯავშნა პორტალზე booking.moh.gov.ge მართლაც წარმოადგენს აცრის წინაპირობას, თუმცა არიან ადამიანები, ვისაც არც ინტერნეტთან წვდომა აქვთ და არც იმის საშუალება, სხვას სთხოვონ დახმარება შესაბამის კლინიკაში ვიზიტის დასაჯავშნად.
რას სთავაზობს ასეთ მოქალაქეებს სახელმწიფო? პასუხისმგებელი პირები ამბობენ, რომ შესაბამისი სერვისები არსებობს და სამომავლოდ ამ მიმართულებით დამატებითი ღონისძიებების გატარება იგეგმება. სხვა საკითხია, რამდენად იციან მოქალაქეებმა ამის შესახებ.
ერთ-ერთი შემთხვევის შესახებ, როდესაც ვაქცინაციისთვის კლინიკაში მისული მოხუცი უკან გააბრუნეს, “ევროპული საქართველოს” წევრმა” გიორგი კანდელაკმა “ფეისბუქზე” დაწერა. მისი თქმით, ფაქტი, რომელსაც თავად შეესწრო, თბილისში, “ამტელ ჰოსპიტალში” მოხდა.
როგორც გიორგი კანდელაკI ყვება, მოგვიანებით, ასაკოვანი კაცი თავად დაარეგისტრირა სხვა კლინიკაში “ასტრაზენეკას” ვაქცინაზე. თუმცა ხაზს უსვამს, რომ პრობლემა მხოლოდ ერთეულ შემთხვევებს არ მოიცავს.
აღნიშულთან დაკავშირებით “ამტელ ჰოსპიტალის” კლინიკური დირექტორის, ლაშა მაჭარაშვილის კომენტარი ვრცელდება. მისი თქმით, კონკრეტულ ფაქტს ვერ დაადასტურებს, რადგან ინფორმაცია არ აქვს. მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ “ამტელში” მხოლოდ “ფაიზერის” ვაქცინაცია კეთდება, რომლის მისაღებადაც ადამიანები წინასწარ არიან დარეგისტრირებულნი და ჩაწერილნი.
საპასუხოდ კითხვისა, ხომ არ შეიძლებოდა, კლინიკის თანამშრომლებს კეთილი ნება გამოეჩინათ და ასაკოვანი მოქალაქე თუნდაც სხვა კლინიკაში დაერეგისტრირებინათ, ლაშა მაჭარაშვილი რესურსის უკმარისობაზე ამახვილებს ყურადღებას:
“ჩემთან რომ მოსულიყო, მივეხმარებოდი, არ არის ეს პრობლემა. მაგრამ ჩვენ თვითონ რეგისტრაციას ასე არ ვაწარმოებთ. ჩვენ ვართ კოვიდ კლინიკა, ჩვენი რეგისტრატორები საკმაოდ დატვირთულები არიან. ჯერ ერთი, 200 კოვიდ-პაციენტი გვიწევს, ასევე, აცრების დიდი ნაკადია და ოთხი კაბინეტი მუშაობს.
მსგავსი შემთხვევის შესახებ სოციალურ ქსელში ბავშვთა ფსიქოლოგმა, მაია ცირამუამაც დაწერა. მისი თქმით, თავად შეესწრო, როგორ მივიდა “ევექსის” კლინიკაში რამდენიმე ხანდაზმული მოქალაქე და იკითხა, სად უნდა გაეკეთებინა აცრა.
აღნიშნულ კლინიკაში, “ამტელ ჰოსპიტალის” მსგავსად, მხოლოდ “ფაიზერით” კეთდება ვაქცინაცია და ადამიანები მიმდინარე პერიოდში უკვე ვაქცინის მეორე დოზებს იღებენ. ამასთან, როგორც მაია ცირამუა ამბობს, კლინიკის თანამშრომლებმა თქვეს, რომ იმ მომენტში “ბაზები დახურული იყო” და ხსენებულ მოქალაქეებს სხვა კლინიკაში რეგისტრაციით ვერ დაეხმარნენ.
მაია ცირამუას თქმით, ხანდაზმულებს უხეშად არ მოპყრობიან, თუმცა პრობლემა ის არის, რომ არც კლინიკის თანამშრომლებს და არც აცრის მსურველ მოქალაქეებს არ აქვთ ინფორმაცია, როგორ იმოქმედონ მსგავს შემთხვევებში.
როგორც აღმოჩნდა, ვაქცინაციისთვის დასარეგისტრირებლად დახმარება ერთ-ერთი სერვისია, რომელსაც ვაქცინაციის ცხელი ხაზი — 15 22 — სთავაზობს მოქალაქეებს. ცხელი ხაზის ოპერატორმა გვითხრა, რომ თავად უჯავშნიან აცრაზე ვიზიტებს იმ მსურველებს, რომლებიც უკავშირდებიან.
ეს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) დირექტორმა, ამირან გამყრელიძემაც დაადასტურა. მას ასევე ვკითხეთ, ხომ არ ფიქრობს, რომ სახელმწიფომ მეტად უნდა უზრუნველყოს ხსენებული ცხელი ხაზის რეკლამირება ამ კუთხით.
მისივე განცხადებით, არსებობს პრაქტიკაც, როცა ამცრელ პუნქტებში წინასწარი ჯავშნის გარეშე მისულ ადამიანებს ადგილზევე არეგისტრირებენ და ასეთ შემთხვევებს თავად შეესწრო თელავში. NCDC-ის დირექტორს სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაამბობიც გავუზიარეთ, რაზეც გვიპასუხა:
“მეც მომცეს ეს ინფორმაცია, ამიტომ კიდევ დამატებითი ცირკულარი გავუშვით საავადმყოფოებზე, რომ ასეთი შემთხვევები არ იყოს… რომ იქ მისულ ადამიანებს, განსაკუთრებით, ხანდაზმულებს, მოეპყრან პატივისცემით და დახმარება გაუწიონ ადგილზე”.
ამირან გამყრელიძის თქმით, მსგავსი დირექტივები შესაბამის კლინიკებს პერიოდულად ეგზავნებათ. რაც შეეხება კლინიკებს, სადაც მხოლოდ “ფაიზერის” ვაქცინა გაიცემა, გამყრელიძე ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაშიც არის შესაძლებელი, კლინიკის პერსონალი იქ მისულ ადამიანს სხვა კლინიკასა და სხვა ვაქცინაზე რეგისტრაციაში დაეხმაროს.
გამყრელიძე ასევე დასძენს, რომ ვაქცინაციის პროცესის დასაწყისში ამცრელ პუნქტებში გაიხსნა ე.წ. ვირტუალური ოთახები, რომლებშიც ადამიანებს რეგისტრაციაში ეხმარებოდნენ. მისი თქმით, იქ, “სადაც საჭიროება და შესაბამისი რესურსია”, ეს პუნქტები დღესაც მოქმედებს.
რას გეგმავს სახელმწიფო იმისთვის, რომ მეტმა ადამიანმა დაჯავშნოს ვიზიტი წინასწარ და მიიღოს ინფორმაცია ვაქცინაციის პროცესთან, შესაბამის პროცედურებთან და სხვადასხვა სერვისთან დაკავშირებით?
28 აპრილს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად იგეგმება, ერთი მხრივ, ვაქცინაციის პუნქტების რაოდენობის გაზრდა, მეორე მხრივ კი — “ვაქცინაციის ოფიცრების” ჩართვა პროცესში. მისი განცხადებით, “ოფიცრები” მოსახლეობას მიაწვდიან სრულ ინფორმაციას ამ პროცესის შესახებ და ყველა მსურველს დაეხმარებიან ვაქცინაციის პორტალზე რეგისტრაციაში.
ამირან გამყრელიძეს ამ გეგმის დეტალებზე ვკითხეთ. მისი თქმით, კონცეფცია ამჟამად ყალიბდება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ “ვაქცინაციის ოფიცრები”, უმეტესწილად, კარდაკარის პრინციპით იმოქმედებენ და ვიზიტის დაჯავშნაში დაეხმარებიან ადამიანებს, ვისაც “საინფორმაციო ტექნოლოგიებთან მუშაობის ნაკლები ჩვევები აქვს”.
გამყრელიძე დასძენს, რომ საუბარია მოხალისეთა ჯგუფებზე, მათ შორის, სამედიცინო უნივერსიტეტის მაღალი კურსის სტუდენტებზე. ამ კუთხით სახელმწიფო “წითელი ჯვრისგანაც” ელის დახმარებას, დაახლოებით 300 მოხალისის სახით.
წყარო: netgazeti.ge