USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
თბილისი
არის თუ არა ვაქცინაცია ხელმისაწვდომი ყველა მსურველისათვის- რა ქნან მათ, ვისაც ინტერნეტთან წვდომა არა აქვს?
თარიღი:  622

ბოლო 24 საათში სოციალური ქსელის რამდენიმე მომხმარებელმა დაწერა შემთხვევების შესახებ, როდესაც ასაკოვანი ადამიანები კლინიკაში მივიდნენ და COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრა ითხოვეს, რაზეც პასუხად მიიღეს, რომ ამისათვის ონლაინ რეგისტრაცია წინასწარ უნდა გაევლოთ.

ვიზიტის დაჯავშნა პორტალზე  booking.moh.gov.ge მართლაც წარმოადგენს აცრის წინაპირობას, თუმცა არიან ადამიანები, ვისაც არც ინტერნეტთან წვდომა აქვთ და არც იმის საშუალება, სხვას სთხოვონ დახმარება შესაბამის კლინიკაში ვიზიტის დასაჯავშნად.

რას სთავაზობს ასეთ მოქალაქეებს სახელმწიფო?  პასუხისმგებელი პირები ამბობენ, რომ შესაბამისი სერვისები არსებობს და სამომავლოდ ამ მიმართულებით დამატებითი ღონისძიებების გატარება იგეგმება. სხვა საკითხია, რამდენად იციან მოქალაქეებმა ამის შესახებ.

“ეგ კომპიუტერით უნდა ქნათო”

ერთ-ერთი შემთხვევის შესახებ, როდესაც ვაქცინაციისთვის კლინიკაში მისული მოხუცი უკან გააბრუნეს, “ევროპული საქართველოს” წევრმა” გიორგი კანდელაკმა “ფეისბუქზე” დაწერა. მისი თქმით, ფაქტი, რომელსაც თავად შეესწრო, თბილისში, “ამტელ ჰოსპიტალში” მოხდა.

როგორც გიორგი კანდელაკI ყვება, მოგვიანებით, ასაკოვანი კაცი თავად დაარეგისტრირა სხვა კლინიკაში “ასტრაზენეკას” ვაქცინაზე. თუმცა ხაზს უსვამს, რომ პრობლემა მხოლოდ ერთეულ შემთხვევებს არ მოიცავს.

აღნიშულთან დაკავშირებით  “ამტელ ჰოსპიტალის” კლინიკური დირექტორის, ლაშა მაჭარაშვილის კომენტარი ვრცელდება. მისი თქმით, კონკრეტულ ფაქტს ვერ დაადასტურებს, რადგან ინფორმაცია არ აქვს. მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ “ამტელში” მხოლოდ “ფაიზერის” ვაქცინაცია კეთდება, რომლის მისაღებადაც ადამიანები წინასწარ არიან დარეგისტრირებულნი და ჩაწერილნი.

საპასუხოდ კითხვისა, ხომ არ შეიძლებოდა, კლინიკის თანამშრომლებს კეთილი ნება გამოეჩინათ და ასაკოვანი მოქალაქე თუნდაც სხვა კლინიკაში დაერეგისტრირებინათ, ლაშა მაჭარაშვილი რესურსის უკმარისობაზე ამახვილებს ყურადღებას:

“ჩემთან რომ მოსულიყო, მივეხმარებოდი, არ არის ეს პრობლემა. მაგრამ ჩვენ თვითონ რეგისტრაციას ასე არ ვაწარმოებთ. ჩვენ ვართ კოვიდ კლინიკა, ჩვენი რეგისტრატორები საკმაოდ დატვირთულები არიან. ჯერ ერთი, 200 კოვიდ-პაციენტი გვიწევს, ასევე, აცრების დიდი ნაკადია და ოთხი კაბინეტი მუშაობს.

“ცაში არიან გამოკიდებულნი ეს ადამიანები”

მსგავსი შემთხვევის შესახებ სოციალურ ქსელში ბავშვთა ფსიქოლოგმა, მაია ცირამუამაც დაწერა. მისი თქმით, თავად შეესწრო, როგორ მივიდა “ევექსის” კლინიკაში რამდენიმე ხანდაზმული მოქალაქე და იკითხა, სად უნდა გაეკეთებინა აცრა.

აღნიშნულ კლინიკაში, “ამტელ ჰოსპიტალის” მსგავსად, მხოლოდ “ფაიზერით” კეთდება ვაქცინაცია და ადამიანები მიმდინარე პერიოდში  უკვე  ვაქცინის მეორე დოზებს იღებენ. ამასთან, როგორც მაია ცირამუა ამბობს, კლინიკის თანამშრომლებმა თქვეს, რომ იმ მომენტში “ბაზები დახურული იყო” და ხსენებულ მოქალაქეებს სხვა კლინიკაში რეგისტრაციით ვერ დაეხმარნენ.

მაია ცირამუას თქმით, ხანდაზმულებს უხეშად არ მოპყრობიან, თუმცა პრობლემა ის არის, რომ არც კლინიკის თანამშრომლებს და არც აცრის მსურველ მოქალაქეებს არ აქვთ ინფორმაცია, როგორ იმოქმედონ მსგავს შემთხვევებში.

რას სთავაზობს სახელმწიფო მსგავსი საჭიროებების მქონე მოქალაქეებს

როგორც აღმოჩნდა, ვაქცინაციისთვის დასარეგისტრირებლად დახმარება ერთ-ერთი სერვისია, რომელსაც ვაქცინაციის ცხელი ხაზი — 15 22 — სთავაზობს მოქალაქეებს. ცხელი ხაზის ოპერატორმა გვითხრა, რომ თავად უჯავშნიან აცრაზე ვიზიტებს იმ მსურველებს, რომლებიც უკავშირდებიან.

ეს ინფორმაცია  დაავადებათა კონტროლის ცენტრის (NCDC) დირექტორმა, ამირან გამყრელიძემაც დაადასტურა. მას ასევე ვკითხეთ, ხომ არ ფიქრობს, რომ სახელმწიფომ მეტად უნდა უზრუნველყოს ხსენებული ცხელი ხაზის რეკლამირება ამ კუთხით.

მისივე განცხადებით, არსებობს პრაქტიკაც, როცა ამცრელ პუნქტებში წინასწარი ჯავშნის გარეშე მისულ ადამიანებს ადგილზევე არეგისტრირებენ და ასეთ შემთხვევებს თავად შეესწრო თელავში. NCDC-ის დირექტორს სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაამბობიც გავუზიარეთ, რაზეც გვიპასუხა:

“მეც მომცეს ეს ინფორმაცია, ამიტომ კიდევ დამატებითი ცირკულარი გავუშვით საავადმყოფოებზე, რომ ასეთი შემთხვევები არ იყოს… რომ იქ მისულ ადამიანებს, განსაკუთრებით, ხანდაზმულებს, მოეპყრან პატივისცემით და დახმარება გაუწიონ ადგილზე”.

ამირან გამყრელიძის თქმით, მსგავსი დირექტივები შესაბამის კლინიკებს პერიოდულად ეგზავნებათ. რაც შეეხება კლინიკებს, სადაც მხოლოდ “ფაიზერის” ვაქცინა გაიცემა, გამყრელიძე ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაშიც არის შესაძლებელი, კლინიკის პერსონალი იქ მისულ ადამიანს სხვა კლინიკასა და სხვა ვაქცინაზე რეგისტრაციაში დაეხმაროს.

გამყრელიძე ასევე დასძენს, რომ ვაქცინაციის პროცესის დასაწყისში ამცრელ პუნქტებში გაიხსნა ე.წ. ვირტუალური ოთახები, რომლებშიც ადამიანებს რეგისტრაციაში ეხმარებოდნენ. მისი თქმით, იქ, “სადაც საჭიროება და შესაბამისი რესურსია”, ეს პუნქტები დღესაც მოქმედებს.

“ვაქცინაციის ოფიცრები”

რას გეგმავს სახელმწიფო იმისთვის, რომ მეტმა ადამიანმა დაჯავშნოს ვიზიტი წინასწარ და მიიღოს ინფორმაცია ვაქცინაციის პროცესთან, შესაბამის პროცედურებთან და სხვადასხვა სერვისთან დაკავშირებით?

28 აპრილს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად იგეგმება, ერთი მხრივ, ვაქცინაციის პუნქტების რაოდენობის გაზრდა, მეორე მხრივ კი — “ვაქცინაციის ოფიცრების” ჩართვა პროცესში. მისი განცხადებით, “ოფიცრები” მოსახლეობას მიაწვდიან სრულ ინფორმაციას ამ პროცესის შესახებ და ყველა მსურველს დაეხმარებიან ვაქცინაციის პორტალზე რეგისტრაციაში.

ამირან გამყრელიძეს ამ გეგმის დეტალებზე ვკითხეთ. მისი თქმით, კონცეფცია ამჟამად ყალიბდება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ “ვაქცინაციის ოფიცრები”, უმეტესწილად, კარდაკარის პრინციპით იმოქმედებენ და ვიზიტის დაჯავშნაში დაეხმარებიან ადამიანებს, ვისაც “საინფორმაციო ტექნოლოგიებთან მუშაობის ნაკლები ჩვევები აქვს”.

გამყრელიძე დასძენს, რომ საუბარია მოხალისეთა ჯგუფებზე, მათ შორის, სამედიცინო უნივერსიტეტის მაღალი კურსის სტუდენტებზე. ამ კუთხით სახელმწიფო “წითელი ჯვრისგანაც” ელის დახმარებას, დაახლოებით 300 მოხალისის სახით.

 

წყარო: netgazeti.ge

საზოგადოება
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.