USD 2.6480
EUR 3.0200
RUB 3.5526
Тбилиси
არის შენობები, რომელთა რეალიზაციითაც შეიძლება, აშენდეს ახალი ინფრასტრუქტურა​ - კობახიძე საუნივერსიტეტო რეფორმაზე
дата:  542

მთავარი ხარჯები დაკავშირებული იქნება ინფრასტრუქტურის განვითარებასთან, თუმცა ვფიქრობთ, რომ გადათამაშებით შეიძლება, რეალურად გავიდეთ საკმაოდ დაბალ ხარჯზე, - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში უმაღლესი განათლების დაანონსებული რეფორმის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არის შენობები, რომელთა რეალიზაციის სანაცვლოდ შეიძლება, აშენდეს ახალი ინფრასტრუქტურა.

„თბილისში არის საინტერესო ადგილმდებარეობებზე არაერთი შენობა, ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხსაც, რომ ამ შენობების რეალიზაციის სანაცვლოდ, ავაშენოთ სრულიად ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა. არ შევეხებით ისეთ შენობებს, რომლებიც დაკავშირებულია უნივერსიტეტების იდენტობასთან, რაც ჩვენი კულტურის და ისტორიის ნაწილია. არ შევეხებით მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსს, მეორე კორპუსს, სამედიცინო უნივერსიტეტს, ასეთ შენობებს, მაგრამ არის შენობები, რომელთა რეალიზაციის სანაცვლოდ შეიძლება, აშენდეს ახალი ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი უნივერსიტეტების შენობებს გულისხმობდა, რომელთაც მთავრობა სარეალიზაციოდ განიხილავს.

შეგახსენებთ, 16 ოქტომბერს "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა. მისი თქმით, იგეგმება, რომ ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე, თბილისთან ერთად უნდა შეიქმნას მეორე ძირითადი საუნივერსიტეტო კერა და ეს არის ქუთაისი. ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სკოლებში 11- წლიან სასწავლო პროგრამა იქნება, ბაკალავრიატი 3-წლიანი, მაგისტრატურა 1-წლიანი.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати