USD 2.6047
EUR 2.9576
RUB 3.1039
Tbilisi
არჩილ ჯორჯაძე - ჩვენი ეკონომიკური პროგრამის გამო
Date:  2454

“პირველი მუხლი ჩვენის პროგრამისა მფარველობითი სისტემის შემოღებაა ქართველი ვაჭრების გასამრავლებლად  და გასამაგრებლად“

არჩილ ჯორჯაძე

ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი, პუბლიცისტი და პოლიტიკოსი, ილია ჭავჭავაძის იდეოლოგიური მემკვიდრე არჩილ ჯორჯაძე ( 10.01.1872 - 21.03.1913 ) სრულიად ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ იმდენის გაკეთება მოასწრო, რომ მისი ნააზრევისადმი ინტერესი დღემდე არ განელებულა.

განსაკუთრებით  საყურადღებოა, 1911 წელს გამოქვეყნებული მისი წერილი “ჩვენი ეკონომიკური პროგრამის გამო”, სადაც არჩილ ჯორჯაძე წარმოადგენს იმ დროინდელი საქართველოს ეკონომიკური განვითარების მისეულ პროგრამას. განხილული საკითხები იმდენად აქტუალურია დღესაც, რომ გადავწყვიტეთ ყოველგვარი კომენტარის

გარეშე შემოგვთავაზოთ ნაწყვეტები ამ წერილიდან. რომ არა განსხვავება იმდროინდელ და დღევანდელ ლიტერატურულ ქართულს შორის, ძნელი მისახვედრი იქნებოდა, რომ ეს წერილი დღეს კი არა, ერთი საუკუნის წინ არის დაწერილი.  არჩილ ჯორჯაძის საქართველოს ეკომნომიკური განვითარების პროგრამა, რომელიც თეზისების სახითაა ამ წერილში წარმოდგენილი, ჩვენი აზრით სწორედ ის პროგრამაა, რომელიც ისევე აქტუალურია დღეს ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც 109 წლის უკან.

“საქართველოს ეკონომიკური ხასიათი რთული და მრავალფეროვანია. ჩვენში არა თუ ერთი ქალაქი განირჩევა მეორისგან და ქალაქი, საზოგადოდ სოფლისგან, არამედ თვით სოფლებიც ხშირად განსხვავდებიან ერთი ერთმანეთისაგან. ეს მრავალ გვარიანი ხასიათი ჩვენის ეკონომიურის ცხოვრებისა შედეგია ჩვენის წარსულისა, ქართველი ხალხის ძველი ისტორიისა, როდესაც ამ სამეფოებს და სამთავროებს კარ ჩაკეტილი ცხოვრების ხასიათი ჰქონდათ. ჩვენი წარსული ისტორიის დიდი ნაკლულვანება სწორედ იმაშია, რომ მე-XIX საუკუნემდე ვერ განხორციელდა პოლიტიკური, ეროვნული და ეკონომიური განვითარება საქართველოსი.”

“ჩვენი ცდა იმაშია მხოლოდ, რომ შეძლების დაგვარად, შევაგროვოთ ჩვენი დაფანტული ძალ-ღონე, შევაერთოთ სხვადასხვა ნაწილი ჩვენი ერისა და ამ შეერთებით აღვადგინოთ ჩვენი ეროვნება, ვინაიდან ჩვენს პირობებში მყოფი ხალხებისათვის ეროვნების ძალა უნდა ჩაითვალოს ერთად0ერთ წარმატების იარაღად.

ვიცით, რომ საქართველოს გაერთიანებას ხელს შეუწყობს იმისი ეკონომიური საერთო კეთილდღეობა, მისი ნივთიერი გაერთიანება. ამისთვის საჭიროა განვმარტოთ იმ გვარის მიმართულება ჩვენის ეკონომიური პროგრამისა, რომელიც ჩვენის გაერთიანების იარაღად შეიქნება.”

“ჩვენი ეკონომიური პროგრამის დედა-აზრი - საქართველოს ეკონომიკური გაერთიანება უნდა იყოს. და ამ გაძლიერება-გაერთიანებისათვის საჭიროა მტკიცე მფარველობითი სისტემის გზას დავადგეთ. ჩვენს ვაჭრობას, მრეწველობას და მეურნეობას მფარველობა უნდა აღმოვუჩინოთ, ვინაიდან ქართველი ხალხის კეთილ დღეობისათვის აუცილებლად საჭიროა ეკონომიკური მონობიდან განთავისუფლება. ჩვენი გადამზიდავი ვაჭრობა ძალიან სუსტია. კავკასიიდან ყოველ წლივ 14-16 მილიონის საღირალი გადის რუსეთში და უცხოეთში, მაშინ როდესაც ჩვენში მოაქვთ 50 მილიონისა.”

“გასაყიდ საქონელსაც სხვისი ხელით ვასაღებთ. ჩვენს წარმოებელსა და მყიდველს შორის უცხო ტომის შუამავალი უდგა. სარგებლობა მწარმოებელს და მყიდველს უნდა რჩებოდეს და არა გარეშე პირებს, მხოლოდ სანამ ჩვენ ამ წერტილამდე მივაღწევთ, უცხოტომის შუამავალთ (აგენტი-ვაჭარი) ადგილი უნდა დაუთმონ ქართველ ვაჭრებს, რადგან ფული - ეს მძლავრი თანამედროვე ცხოვრების ფაქტორი, ჩვენშივე დატრიალდება. ასე რომ პირველი მუხლი ჩვენის პროგრამისა მფარველობითი სისტემის შემოღებაა ქართველი ვაჭრების გასამრავლებლად და გასამაგრებლად.”

“ჩვენი საზოგადო ეკონომიკური მონობა იმაში მდგომარეობს, რომ მიუხედავად ჩვენი ბუნების სიმდიდრისა, ვერ ვაწარმოებთ ამ სიმდიდრეს და ის საქონელი, რომელიც ჩვენშიაც შემუშავდებოდა, რუსეთიდან და საზღვარ-გარეთიდან მოგვაქვს. მარტო თამბაქო შემოდის ჩვენში 2 მილიონისა. ჩვენ სამჯერ მეტს ვყიდულობთ, ვიდრე ვყიდით

და, საუბედუროდ, ის შემოგვაქვს, რაც ჩვენშიაც კარგად შემუშავდებოდა: ჩითი, მიტკალი, ძაფი, რკინეულობა, თუჯი, სამუშაო იარაღი, შაქარი და სხვა. ყველა ამ საქონლის სასყიდელად ჩვენი მყიდველი ღირებულების ორ ფასს იხდის და სანამ ამგვარი დამოკიდებულება არ გაუქმდება, წელში ვერ გავმაგრდებით და მუდმივ უცხოელების სასარგებლოდ ხარჯის მძლეველნი ვიქნებით. აი სწორედ ამ მოსაზრებიდან გამომდინარეობს მეორე მუხლი ჩვენის პროგრამისა - საჭიროება ნაციონალური მრეწველობის წარმატებისა”

“მესამე მუხლი ჩვენის ეკონომიკურის პროგრამისა, ქართული მიწა-წყლის საკითხია. ჩვენის მოსაზრებით, ამ კითხვას უმეტესი ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან ენასთან და გვარტომობასთან მიწაა ერთი უპირველესთაგანი ფაქტორი ეროვნული ცხოვრებისა.”

“ჩვენი მდგომარეობა მეტად მძიმეა, გარემოება შემდეგია: ორი მილიონი დესიატინა მიწა-წყლის ბედია განსაცდელში. ამ უთვალავ მიწას დაცვა უნდა, თვითონ მკითხველმა წარმოიდგინოს, რა უნდა დაემართოს ჩვენ ხალხს, ჩვენს ეროვნებას და პიროვნებას, ამ მიწის ნახევარსაც რომ უცხოელები დაეპატრონონ? ჩვენი გადაგვარება, გაქარწყლება სწორედ მაშინ იქნება.

რასაკვირველია, იმ მოძღვრების შეხედულებით, რომელიც ჩვენში კაპიტალისტების და მუშების შეტაკების ბრძოლის მეტს არაფერს ხედავს, ამ საკითხის სიმწვავე არ სჩანს. მართლაც, ამ შეხედულების ძალით, განა სულ ერთი არ არის - რა ტომის კაცია მამულის პატრონი, ქართველი თუ სომეხი? ქართველი მემამულე, როგორც კაპიტალისტი ისეთივე მტერიაო მუშისა, როგორიც იქნებოდა სომეხი და სხვ.

ჩვენის აზრით, ეგ დიდი შეცდომაა. მიუხედავად ჩვენის მემამულის და გლეხის ერთმანეთთან წინააღმდეგობისა, ხალხის საერთო კეთილდღეობა მოითხოვს, რომ მამული მაინც ქართველს დარჩეს, გლეხია იგი თუ თავადი. ჩვენი მიწა-წყლის უცხოელების ხელში ჩავარდნას, ისევ, თუ კი შეძლებს, ქართველ თავად-აზნაურობას შერჩეს იგი!

დიაღ, ქართველი ხალხის ინტერესები ამასაც კი მოითხოვენ. მხოლოდ, როგორც ზემოთ ვსთქვით, ჩვენი აზნაურობის აღორძინება საეჭვოა და ამისათვის უნდა იმის ზრუნვაში ვიყოთ მაინც, რომ ჩვენი მიწა-წყალი (განურცევლად წოდებისა) ქართველობას შეუნარჩუნოთ.

სილეზიაში (გერმანიაში) პოლონელებმა დაარსეს განსაკუთრებული ეროვნული ბანკი, რომელსაც მიზნად ქონდა შეეძინა ყოველი პოლონელებისგან გაყიდული მამული. ამ მამულებს ჰყოფდნენ ნაწილებათ და პოლონელებს აყიდვევინებდნენ ნაწილ-ნაწილ ან კიდევ ერთიანად. განა ჩვენ კი არ შეგვიძლია დავაარსოთ ამგვარივე დაწესებულება, რომელიც გაუადვილებდა ქართველებს მამულის შეძენას?

თუ ფულიანი მყიდველი გამოუჩნდებოდა გასაყიდ მამულს - აზნაური იქნება იგი, თუ მრეწველ-ვაჭარი, ის იყიდდა ამ მამულს, თუ არა და, ბანკი გაანაწილებდა ხსენებულ მამულს და გრძელვადიანის სესხის საშუალებით ქართველ გლეხ-კაცობას მიჰყიდდა. ფული არ არისო ჩვენში ბანკების დაარსებისთვის. ამ საქმისთვის ფული მოიძებნება. აი, დღესაც აქვს სჯა ჩვენს აზნაურობას, რას მოახმაროს გამოსატანი საადგილ-მამულო ბანკის დამფუძნებელი ფული. ამას სხვაც მიემატება, თუ შეიგნო ჩვენმა საზოგადოებამ თავისი მოვლეობა, და თუ ჩვენი თავად-აზნაურობა თავის უკანასკნელ დანიშნულების ასრულებაზე ხელს არ აიღებს, მან უნდა მოიპოვოს ყოველი ღონისძიება, რათა არ უღალატოს თავის საზოგადოებრივ მოვალეობას.

ამ მოსაზრებიდან ნათლად ირკვევა მესამე მუხლი ჩვენის პროგრამისა - ჩვენ ყოველი ღონისძიება უნდა ვიხმაროთ, რომ ქართველების მიწა-წყალი მათვე შერჩეთ. პოლიტიკო-ეკონომიური მდგომარეობა საქართველოსი იმ გვარია, რომ ჩვენ გვესაჭიროება ჩვენი ერის ეკონომიურად გაერთიანება. ეს გაერთიანება, ვრცელ შრომის განაწილებაზედ და არა კლასურ ანტაგონიზმზედ აშენებული, საჭიროა ჩვენი ეროვნულის წარმატებისათვის.

ჩვენ არ შევეხეთ სხვა წვრილმან საკითხებს ეკონომიკურ კითხვებს, რომელთა განწყობა და განმარტება განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, არ შევეხეთ ამხანაგობების, სინდიკატების, იაფ-ფასიანი კრედიტის, გზების გაუმჯობესობის და სხვა ამგვარ კითხვებს, არ შევეხეთ იმ განზრახვით, რომ ჩვენი დედა-აზრი არ დაგვეფარა, ნათლად და მტკიცედ გამოგვესახა მიმართულება ჩვენის ეკონომიკურ პროგრამისა, რომელიც მფარველობითი სისტემის დამყარება-დაფუძნებაში მდგომარეობს ვაჭრობა-მრეწველობის დასაცველად და წარმატებისათვის. ამ სისტემის რიგიანად მოწესრიგებას მოჰყვება შრომის განაწილების ასპარეზის გაგანიერება, რაიც საფუძვლად დაედება ჩვენის ქვეყნის ეკონომიურ განვითარებას.”

 

World
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way