USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Тбилиси
არჩევნები და "დაკერილი" ამომრჩეველი
дата:  1083

ერთხელ ცნობილ ბრიტანელ ქართველოლოგს -სტივენ ჯონსს, რომელიც კარგად იცნობს ჩვენს ქვეყანას (პირველი რესპუბლიკის შესახებ საუკეთესო კვლევის ავტორს დაეჯერება) და შესანიშნავად ლაპარაკობს ქართულად,  ვკითხე, თუ რა იყო, მისი აზრით,  ქართველებისათვის დამახასიათებელი  მთავარი ნაკლი. მან დაუფიქრებლად მიპასუხა: ნებისმიერი საქმის კეთებისას ცდილობთ გვერდი აუაროთ კანონს.

გამართული ქართულის გათვალისწინებით ასე თქვა: გვერდი აუაროთ კანონს.

რა თქმა უნდა,  ბრიტანელი ქართველოლოგი არ გახლავთ ერთადერთი, რომელმაც ეს ეთნოფსიქოლოგიური  სახასიათო ნეგატივი  დიაგნოზში გამოიტანა. მისმა გვერდიდან მხედავმა და, მაშასადამე, ობიექტურმა თვალმა ეს მანკიერება ადვილად  შეამჩნია.

დაწერილი წესის, დადგენილი ნორმის უგულვებელყოფა, როგორც ასეთი, როგორც ნაციონალური სახასიათო შტრიხი.

რატომ უნდა სურდეს ადამიანს კანონისათვის გვერდის ავლა?

ჯერ დავსვათ კითხვა: რა არის კანონი?

საზოგადოებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი წესი, რომელიც სავალდებულოა ყველასთვის, რომლის წინაშეც თანასწორია ყველა,  რომელიც თანაბრად ზღუდავს ყველას, მაგრამ რომლის სიკეთითაც ასევე ყველა თანაბრად სარგებლობს.

მაშ, რა მიზეზით უნდა ცდილობდეს ადამიანი დაუსხლტეს კანონს, თუკი იგი საერთო სიკეთეს თანაბრად ხელმისაწვდომს ხდის ყველასთვის?

არ უნდა ესმოდეს საერთო სიკეთის მნიშვნელობა (სიბეცე, უგუნურება) და საკუთარი პერსონა (ოჯახი, ნათესავები, მეგობრები, მოკლედ, მისიანები) გამონაკლისად ესახებოდეს (ეგოცენტრიზმი).

ევროპული სამოქალაქო საზოგადოებისაგან განსხვავებით, რომელსაც ქმნიან მოვალეობის შეგნების მქონე, თანასწორობის პრინციპის გამტარებელი  პასუხისმგებლიანი  მოქალაქეები, ჩვენში არსებობს  სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან თავისუფალი, კანონის უზენაესობის არ და ვერ მცნობი  თავკერძა ადამიანებისაგან შემდგარი სოციუმი, რომლისთვისაც  მიუწვდომელია საერთო-საზოგადო სიკეთის ცნება.

ახლა არ განვავრცობთ თემას და არ შევუდგებით მიზეზების კვლევას,  თუ რა როლი მიუძღვის ამაში სახელმწიფოებრიობის წყვეტას-საბჭოთა რეჟიმის დამკვიდრების შედეგად როგორ წარმატებით მოვირგეთ ცხოვრების, წარმოებისა და აზროვნების მახინჯი საბჭოთა წესი და ამ მენტალობამ როგორ დაამუხრუჭა ჩვენში სამოქალაქო თვითშეგნების ჩამოყალიბება.

კანონს არ ვიცავთ იმიტომ, რომ ამჟამინდელ ვიწრო-პირად სარგებელზე გამოკიდებულებს არ გვესმის შორს გათვლილი საყოველთაო სიკეთის მნიშვნელობა  და დოზა ჩვენს პირად კეთილდღეობაში.

და არაფერში ისე ზუსტად  და დრამატულად არ ვლინდება ეს სიბეცე, ეს ინფანტილური მანკიერება, როგორც საარჩევნო ინდიფერენტიზმში, არჩევნებისადმი განურჩეველ დამოკიდებულებაში, რადგან სწორედ არჩევნები აქცევს ხალხს ხელისუფლების წყაროდ, რომ შემდეგ ყველას თანაბრად მიუწვდებოდეს ხელი საერთო სიკეთეზე.

ჯერ კიდევ როდის ამბობდა არისტოტელე, რომ პოლიტიკა, როგორც საერთო-საზოგადო სათნოების მისაღწევად წარმართული საქმიანობა, არის ადამიანური მოღვაწეობის უმაღლესი ფორმა. ადამიანი ბუნებით პოლიტიკური ცხოველია  და მისი უმაღლესი დანიშნულებაა სახელმწიფოს მართვაში მონაწილეობის მიღება. ის, ვინც პოლიტიკის მიღმა იყენებს თავს, ან ზნეობრივად სრულყოფილია, ან ზნეობისაგან თავისუფალი, ან ღმერთია და ან ცხოველი. სხვა ალტერნატივა, როგორც არათვითკმარი არსებისათვის, უბრალოდ, არ არსებობს.

კაცობრიობამ დღემდე ვერ მიაგნო ადამიანთა, როგორც არასრულყოფილ არსებათა  თანაცხოვრების უკეთეს ორგანიზაციულ ფორმას, ვიდრე სახელმწიფოა და ვერც  ხელისუფლების ფორმირების უკეთესი გზა  მოიფიქრა, ვიდრე არჩევნებია.

რამდენი საუკუნე გვაშორებს ანტიკურობას და დღესაც კი, 21 საუკუნის ქართველი ამომრჩევლისთვის ჯერაც არ არის გასაგები და ნათელი, რომ ხელისუფლების არჩევა საკუთარი ბედის გადაწყვეტას უტოლდება  და მასში მონაწილეობა, ანუ თავისუფალი ნების გამოხატვა  გონებისა და სინდისის კარნახით,- მისი უმთავრესი მოქალაქეობრივი მოვალეობაა.

უფრო მეტიც, არ მახსენდება ქართველს საკუთარი იდენტობის რა ნაწილის მიმართ  შეიძლება ჰქონდეს იმდენად გულგრილი და განურჩეველი  მიმართება, როგორიც ამომრჩევლის მიმართ და მის ღირებულებით შკალაზე რა სიდიდე შეიძლება იყოს იმდენად უმნიშვნელო  და გაუფასურებული, როგორც საარჩევნო ხმა.

ელექტორატის გადაბირების სტრატეგია, რომელსაც ჩვენში ყოველთვის თანაბრად იყენებდა და იყენებს ყველა საარჩევნო ძალა-ხელისუფლებაც და ოპოზიციაც, სწორედ ამ  ძირითადი ნაკლოვანებიდან იღებს სათავეს და მასზეა გათვლილი. კერძოდ, სამოქალაქო თვითშეგნების იმგვარ გადაგვარებას და იმდენად მოშლაზე, როცა ამომრჩეველი არაფრად აგდებს თავის უმთავრეს სამოქალაქო მოვალეობას, არაფრად უღირს, ან უკეთესი, ჩალის ფასად უღირს საარჩევნო ხმა  და ამით ხელ-ფეხს უხსნის პარტიებს მის ხმებზე სანადიროდ.

როგორ იმხრობენ ამომრჩეველს?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჯერ ვიკითხოთ: რა კატეგორიის ამომრჩეველი გვყავს?

ამომრჩეველი, რომელიც აუცილებლად მიდის არჩევნებზე, რომელსაც მყარი პოლიტიკური პრეფერენცია აქვს-იცის ვის უნდა მისცეს ხმა და აძლევს კიდეც (მნიშვნელობა არა აქვს ხელისუფლებას,  თუ რომელიმე ოპოზიციურ ძალას, იდეური მომხრეა, თუ ადმინისტრაციული და პარტიული რესურსია) და ამომრჩეველი, რომელიც არ მიდის არჩევნებზე.

მეორე კატეგორიის ამომრჩეველს წაუსვლელობის სხვადასხვა მიზეზი აქვს: 1. არჩევნების მიმართ გულგრილია. 2. ყველა საარჩევნო სუბიექტის მიმართ უკმაყოფილოა („ესენი“ [ ხელისუფლება]  არ ვარგა, მაგრამ უკეთესი რომელია?“) და 3. ამომრჩეველი , რომლის მონაწილეობა კენჭისყრაში მეტ-ნაკლებ ყოფით დისკომფორტსა და დანაკარგს უკავშირდება. მაგ. ამომრჩევლისათვის, რომლის რეგისტრაციის  და ფაქტიური საცხოვრებელი ადგილები სხვადასხვაა, კენჭისყრაში მონაწილეობა სერიოზულ ძალისხმევასთან-დროისა და ფინანსების დანაკარგთანაა დაკავშირებული (მაგ. თბილისში მცხოვრები, რაიონში რეგისტრირებული ამომრჩევლები, ხშირად ოჯახები.  დედაქალაქში მიგრირებული ეს ამომრჩეველი დიდწილად არ იწუხებს  თავს თავისი მოქალაქეობრივი ვალის მოსახდელად).

არჩევნების ბედს სწორედ ეს-არწამსვლელთა კატეგორია (თანამედროვე პოლიტიკური ტერმინოლოგიით მათ სხვაგვარად გადაუწყვეტელ ამომრჩეველს უწოდებენ) წყვეტს-უფრო ზუსტად, თუ როგორ მოხდება მათი ხმების გადანაწილება.

„ყველა შედარება მოიკოჭლებსო“-ამბობენ.

ამ შეგონების გათვალისწინებით საარჩევნო სუბიექტების დამოკიდებულება ამ კატეგორიის ამომრჩევლის მიმართ, მის ხმებზე ნადირობა ძალიან ჰგავს მამაკაცის მხრიდან ქალის დევნას მის „შესაბმელად“  (იმედი მაქვს ქალის მიმართ დისკრიმინაციაში არავინ ჩამომართმევს) და ამ მარულაში  ყველა თავდაჯერებული პარტია, ისევე როგორც ყველა თავმომწონე მამაკაცი თავს დებს მხოლოდ გამარჯვებაზე, დარწმუნებულია, რომ ამომრჩევლის (ქალის) გულის გასაღები მხოლოდ მას აქვს, რომ ამ გულს მხოლოდ ის მოიგებს.

„მაჩო“ კი მათ შორის ყოველთვის სახელისუფლებო ძალაა და როგორც ნამდვილ მაჩოს შეეფერება, თავი მაღლა უჭირავს, რადგან სხვებთან შედარებით მეტი ქარიზმა და რესურსი აქვს ქალის შესაბმელად, ისევე როგორც ხელისუფლებას აქვს უპირატესობა სხვა საარჩევნო სუბიექტებთან შედარებით.  და აქ იმდენად შანტაჟი და იძულება კი არ იგულისხმება, რაზეც ხელი მიუწვდება  და რისი პრაქტიკაც, როგორც წესი, ყოველთვის აქვს ხელისუფლებას, არამედ ის, რომ  იგი თავისი ძლევამოსილი იმიჯით, თავისი სწორუპოვარი ქარიზმით იოლად ნუსხავს ამომრჩეველს. ხელისუფლების ძლევამოსილებას  ბევრი ფაქტორი განაპირობებს, მაგრამ მთავარი რესურსი მაინც კოორდინატორების ფართო ქსელია.

ხშრად, სოციოლოგიური კვლევებისა და კენჭისყრის შედეგების დისბალანსის გამო (კვლევები ადასტურებს ხელისუფლების დაბალ რეიტინგს, მაშინ, როცა არჩევნებში იმარჯვებს ხელისუფლება) ყალიბდება აზრი არჩევნების უპრეცენდენტო გაყალბების შესახებ. აბა სხვაგვარად რით უნდა აიხსნას ამ მასშტაბის აცდენა ამ მონაცემებს შორის.  ახსნადია, ბატონებო, რადგან ქართველი ამომრჩეველი ღიად და ხმამაღლა  რომ დედას აგინებს მთავრობას, ფარულად  და გულში (ანუ საარჩევნო კაბინაში) ხელის აუკანკალებლად ხაზავს მის ნომერს, იმიტომ, რომ ასე დაარიგა,ურჩია,  სთხოვა, შეეხვეწა, მოსთხოვა კოორდინატორმა, ძმაკაცმა, თბილისიდან საარჩევნოდ ჩამოსულმა  ბიძაშვილმა, კაცურმა კაცმა, „კაი ბიჭმა“-რა ჩამოთვლის... ხოლო კოგნიტური დისონანსის ეს უპრეტენზიო მაგალითი აბა რა მოსატანია ერში, სადაც კაცი, ერთი ხელით რომ პირჯვარს იწერს, მეორეთი  ყელში დანას უსვამს მოძმეს.

სამიზნე ამომრჩევლის შებმა,  მისი პოლიტიკური მოტივირება (ისევე როგორც ქალის სექსუალური მოტივირება)  სოციალური კომუნიკაციის შედეგად მიიღწევა  და საჭიროებს ინტერპერსონალური საკომუნიკაციო უნარების, უფრო ზუსტად,  გარკვეული მანიპულაციური ტექნიკის ფლობას და გამოყენებას,   რომლის ამოქმედების შემდეგაც ამომრჩეველს ვიყოლიებთ ისეთ ქცევაზე, რომელიც თავდაპირველად მისთვის მიუღებელი იყო. ამომრჩეველი, რომელიც არ აპირებდა არჩევნებზე წასვლას,  რომელიმე საარჩევნო სუბიექტისთვის ხმის მიცემას, ასე გასინჯეთ, ყველა საარჩევნო სუბიექტი მისთვის ერთნაირად მიუღებელი იყო,  ყველა ლოგიკის საწინააღმდეგოდ მონაწილეობს კენჭისყრაში თქვენს სასარგებლოდ.

და ვითარცა  ქალის შემთხვევაში, რომლის „შებმის“ გზაც მისსავე  სისუსტეზე გადის (  თუმცა ეს სუსტი წერტილი   ყველა ქალში ინდივიდუალურია და,  შესაბამისად,   მანიპულატორი მამაკაცისაგან   ინდივიდუალურ  მიდგომას, მრავალფეროვანი სტრატეგიის გამოყენებას  მოითხოვს)  ქართველი ამომრჩევლის სუსტი წერტილი  ყოველთვის სამოქალაქო შეგნების არქონაა  და მისი ცდუნების გზაც ამ აქილევსის ქუსლზე  გადის.

ქართველი ამომრჩეველი, უბრალოდ,   თავს მოქალაქედ არ განიხილავს-არ სარგებლობს საკუთარი უფლებებით და არ იღებს პასუხისმგებლობას,  არ არის ჩართული სახელმწიფოს მართვაში და არ ესმის საკუთარი როლი ქვეყნის ცხოვრებაში.

ქართველი უთავმოყვარეო ამომრჩეველი -მოქალაქის ფიქციაა, არაფრად აგდებს, არად დაგიდევს, მოქალაქეობრივ ღირსებას და არ ანაღვლებს ვის მიუგდებს თავის საარჩევნო ხმას.

და ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, „მაჩო“ ხელისუფლებას „დანებდება“  ამომრჩეველი,  თუ სხვა მოარშიყე პარტიას. მთავარია, რომ იგი ფეხმსუბუქი ქალივით  იოლად ახურდავებს საკუთარ ღირსებას.

 გახსოვთ, ჯაბამ რა თქვა დემოკრატიაზე: „დემოკრატია ლობიოობა არ არისო“.

 ხოდა, არც არჩევნები არ არის ლობიოობა.

 

ავტორი: ნანა თოფურიძე

 

спорт
საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები - ლაშა ბექაურის, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურია შემადგენლობით - ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 0 : 4 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას ანგარიშით 4:3, ხოლო ხორვატიას ანგარიშით 4:1 სძლიეს.
ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати