USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Tbilisi
არასამთავრობო ორგანიზაციები მედიაციაში ჩართულ პოლიტიკოსებს შეთანხმების 6-პუნქტიან გეგმას სთავაზობენ
Date:  955

მედიაციაში ჩართულ პოლიტიკოსებს არასამთავრობო ორგანიზაციები ღია წერილი მიმართავენ. მათი განცხადებით, ყველასთვის ნათელია, რომ კრიზისი უფრო და უფრო ღრმავდება; მედიაციის პირველი რაუნდის უშედეგოდ დასრულებამ საქართველოს ბევრ მოქალაქეს იმედი გაუცრუა. მათ სურთ, იხილონ ქვეყნის განვითარებაზე მომუშავე პარტიები, თუმცა, ამის საპირისპიროდ, მხოლოდ პოლარიზაციის გაღრმავებაზე ორიენტირებულ ქმედებებს იღებენ.

„სამწუხაროდ, პოლიტიკური დისკუსია  დაცლილია საზოგადოების უმთავრესი წუხილებისა და ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვისგან. საქართველოსკენ მომართულია საერთაშორისო ყურადღება, რაც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე მიუთითებს. ქვეყნის მთავარი პარტნიორები, ევროკავშირისა და აშშ-ს სახით, არსებული კრიზისიდან გამოსავლის პოვნისთვის ძალისხმევას არ ზოგავენ. ამავდროულად ნათელია, რომ პრობლემის გასაღები ხელში თქვენ, ქართველ პოლიტიკოსებს, გიჭირავთ. სამწუხაროდ, გვრჩება შთაბეჭდილება, რომ კრიზისის განმუხტვა არ წარმოადგენს მოლაპარაკებებში ჩართული მხარეების უმთავრეს პრიორიტეტს. ნაცვლად კომპრომისული გადაწყვეტილებების ძებნისა, მხარეები წითელ ხაზებს აწესებენ, რაც აჩენს განცდას, რომ შეთანხმების მოტივაცია არ არსებობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მიმართვაში ასევე აღნიშნულია, რომ ქვეყანა სოციალური, ეკონომიკური, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას და მათზე პასუხის გასაცემად საჭიროა სიცოცხლისუნარიანი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი ინსტიტუტები.

ორგანიზაციები აქვეყნებენ არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამოსავლის საკუთარ ხედვას, რომელიც მათივე განცხადებით, ეყრდნობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის 6-პუნქტიან ჩარჩო დოკუმენტს:

  1. როგორც საპარლამენტო, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უნდა ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ბუნებრივთან მიახლოებულ ბარიერთან. საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირებისა და მის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი უნდა შეიცვალოს იმგვარად, რომ მან უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიების სამართლიანი მონაწილეობა და ჩართულობა, ასევე საზოგადოების მაღალი ნდობა;
  2. პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეთა დანიშვნის, ისევე როგორ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა პარლამენტში წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოში საჭირო უნდა იყოს ე.წ. ორმაგი 2/3 (ერთდროულად მოსამართლე წევრთა 2/3 და არამოსამართლე წევრთა 2/3), თავის მხრივ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები პარლამენტში ორმხრივი, ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდაჭერით უნდა დაინიშნონ (ე.წ. ბილატერალური მხარდაჭერა);
  3. ბილატერალური მხარდაჭერითვე უნდა დაინიშნონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები; უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, გენერალური აუდიტორი და გენერალური პროკურორი. ეს თანამდებობის პირები, ისევე როგორც მოსამართლეები, უნდა დაექვემდებარონ განახლებული პროცედურით გადანიშვნის წესს 2021 წლის განმავლობაში;
  4. უმრავლესობამ უნდა გამონახოს სამართლებრივი გზები ოპოზიციისთვის პრინციპული მნიშვნელობის მქონე სისხლისსამართლებრივი საქმეების ფიგურანტი პირების სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გასათავისუფლებლად და მათი საქმეების დროებით შესაჩერებლად. საბოლოო გადაწყვეტილება მათზე ზემოაღნიშნული პუნქტების შესაბამისად რეფორმირებულმა მართლმსაჯულების სისტემამ უნდა მიიღოს;
  5. პარლამენტის სპიკერატში ოპოზიცია და უმრავლესობა თანაბარი რაოდენობით უნდა იყვნენ წარმოდგენილნი; პირველი ვიცესპიკერი უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი; კომიტეტის თავმჯდომარეთა თანამდებობები, მათ შორის წამყვანი კომიტეტების, ოპოზიციასა და უმრავლესობას იმ პროპორციით გადაუნაწილდეს, როგორიც მათი საპარლამენტო წარმომადგენლობაა;
  6. საქართველოს მოსახლეობისა და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ხელისუფლების მიერ ზემოაღნიშნული ვალდებულებების აღების შემდეგ, ოპოზიციამ უნდა აითვისოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოპოვებული მანდატები, ჩაერთოს ინსტიტუციონალიზებულ პოლიტიკაში და მონაწილეობა მიიღოს ზემოაღნიშნული რეფორმების როგორც შემუშავებაში, ისე იმპლემენტაციაში.

განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯები უნდა გახდეს საქართველოს საერთაშორისო მისწრაფებების ხორცშესხმის აუცილებელი წინაპირობა და ისინი უნდა გადაიდგას 2021 წლის საგაზაფხულო სესიაზე.

„გვჯერა, რომ ხელისუფლების განაწილება, მმართველობის დაბალანსებული სისტემა და დემოკრატიული რეფორმები არის ყველაფრის საპირწონე და ქვეყნისთვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების ერთადერთი გზა.  ამ რეფორმებზე მუშაობის პროცესი უნდა იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური, დაექვემდებაროს ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ზედამხედველობას. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ასეთი, ურთიერთანამშრომლობაზე დაფუძნებული მოდელი მოგვცემს შესაძლებლობას, პირველადი, თუმცა მყარი საფუძველი, შევქმნათ დემოკრატიული, ადამიანის ღირსებაზე, თავისუფლებასა და თანასწორობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობისთვის. მზად ვართ, მნიშვნელოვანი როლი ვითამაშოთ ამ პროცესში, მათ შორის მხარეებთან რეფორმების კონკრეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით კონსულტაციების კუთხით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ხელმომწერები მხარეებს მოუწოდებენ, რომ გამოიყენონ მედიაციის მეორე რაუნდით მინიჭებული შესაძლებლობა და ზემოაღნიშნული პუნქტების გათვალისწინებით მიაღწიოთ შეთანხმებას, რათა ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ რიტმს, სადაც სხვადასხვა პოლიტიკური პოზიციიდან, თუმცა ერთობლივად იმუშავებენ, საერთო მიზნის, ქვეყნის განვითარებისთვის.

მიმართვა ღიაა ნებისმიერი ორგანიზაციისა და ფიზიკური პირის ხელმოწერისთვის.

მიმართვის ავტორები არიან: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI Georgia)ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED); ლიბერალური აკადემია თბილისი.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way