„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ „ფოტოგრაფების საქმე“ სპეცსამსახურში არსებული პარანოიის შედეგი იყო და მას პოლიტიკური სარჩული არ ჰქონია.
„ფოტოგრაფების საქმე იყო ძალიან ცუდი საქმე, მტკიცებულებების, რაც იყო მაგ ხალხის მიმართ, სუსტიც კი არ ჰქვია, როცა ასეთ ბრალდებას უყენებ. ოღონდ პოლიტიკური მოტივი არ არსებობდა. არანაირი 26 მაისის შესახებ კადრები“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ 20 ოქტომბერს „რუსთავი 2-ის“ ეთერში ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილის კითხვაზე პასუხად.
„ჩემი აზრი გაინტერესებთ, რატომ მოხდა? – პარანოიას აქვს ხოლმე ადგილი ზოგჯერ სპეცსამსახურების მიერ და ეს ძალიან სახიფათო რამეა“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.
„გამართლებას კი არ ვცდილობ რამის, რომ არ გეგონოთ. პარანოია ძალიან სახიფათოა, სპეცსამსახური რომ ხარ, გელანდება ჯაშუშები და მერე იწყებ მოქმედებას და, თუ არავინ გაკონტროლებს, ეგეთი რამეები ხდება. მაგრამ ამისთვის კუდის მობმა და ამ საქმესთან შედარება – ივერის და ნატალიას საქმესთან შედარება — არაკორექტულია, რადგან ეს საქმე არის კატასტროფა“, – განაცხადა მან.
„მანდ არანაირი პოლიტიკური კამპანიის მოტივი არ არსებობდა… ვინმემ გამოიყენა ეგ საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ? ოღონდ ეგ არ ამართლებს… ეგ ხალხი ციხეში იჯდა ისე, რომ მათ წინააღმდეგ მტკიცებულებები აღმკვეთი ღონისძიებისთვისაც კი, ჩემი აზრით, არ იყო საკმარისი. ოღონდ ეს მოგონილი ამბავია, მერე რომ 26 მაისის რაღაც კადრები იყო [მოტივი], რომელმაც მოიარა მთელი მსოფლიო იქამდეც. სისულელეა“, – თქვა გიგა ბოკერიამ.
ფოტოგრაფების დაკავება 2011 წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე იყო, რომელსაც არაერთი საპროტესტო აქცია მოჰყვა:
2011 წლის 7 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს ფოტორეპორტიორები, ზურაბ ქურციკიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე და მისი მეუღლე, ნათია გედენიძე.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ამ საქმის გამოძიება დაიწყო. უწყების პოზიციით, ფოტოგრაფების დაკავების რეალური მიზეზი არა ჯაშუშობა, არამედ ამავე წლის 26 მაისს ხელისუფლების სანააღმდეგოდ გამართული აქციის დარბევის ფოტოების გავრცელება გახდა.
ფოტოგრაფების საქმეზე 2017 წლის 20 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ კონტრდაზვერვის ყოფილ მაღალჩინოსან დავით დევნოზაშვილს ოთხნახევარი წლით, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილ დირექტორ ალექსანდრე მუხაძეს წლინახევრით პატიმრობა მიუსაჯა.