USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
“არაბული გაზაფხულის” ოცნებები 10 წლის შემდეგ
дата:  448

2011 წლის იანვარში, ტუნისის პატარა ქალაქში, 26 წლის გარემოვაჭრემ, მუჰამად ბუაზიზიმ, თავი დაიწვა. ამ ფორმით მუჰამადმა თავისი საკუთრების კონფისკაცია და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა მხრიდან შეურაცხყოფა გააპროტესტა.

იმ დროს ჯერ არავინ იცოდა, რომ ტრაგიკული ინციდენტით გაბრაზებული ტუნისელები თანამდებობიდან გადადგომას და გაქცევას აიძულებდნენ დიქტატორ ბინ ალის, საპროტესტო ტალღა კი, რომელიც სხვა არაბულ ქვეყნებსაც მოედებოდა, სამუდამოდ შეცვლიდა პოლიტიკურ ვითარებას რეგიონში.

ეგვიპტის 25 იანვრის რევოლუცია: აქციის მონაწილეები ჯვრითა და ყურანით ხელში. ფოტო: AMEL PAIN

ეგვიპტის 25 იანვრის რევოლუცია: აქციის მონაწილეები ჯვრითა და ყურანით ხელში. ფოტო: AMEL PAIN

“არაბული გაზაფხულის” იმედებისა და ოცნებების დიდი ნაწილი, რომლებიც დემოკრატიასა და მეტ თავისუფლებას, უკეთეს სოციალურ ყოფასა და ნაკლებ კორუფციას უკავშირდებოდა, შემდგომმა პოლიტიკურმა მოვლენებმა შთანთქა:

ეგვიპტეში ერთი ავტორიტარული რეჟიმი მეორემ შეცვალა, სირიაში, ლიბიასა და იემენში – ომია, ტუნისი კი, რომელიც სახალხო პროტესტის წარმატებულ მაგალითად მიიჩნევა, ამ დრომდე მაინც დგას არაერთი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემის წინაშე.

მიუხედავად ყველაფრისა, ისტორიული პროცესის მონაწილენი 10 წლის შემდეგაც აღნიშნავენ, რომ რევოლუციებმა არაერთ ცვლილებას დაუდო სათავე ცალკეულ ქვეყნებში, რაც უპირველესად საზოგადოების ხედვებსა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მიმართ აღქმებს უკავშირდება.

წინააღმდეგობა = ტერორიზმს: ეგვიპტე ავტორიტარიზმის მარწუხებში

“ახლა ეგვიპტელები თავისუფალნი არიან. მთელი ეგვიპტე გათავისუფლებულია. ახლა ჩვენ თავად ავირჩევთ საკუთარ ლიდერებს და თუ არ მოგვეწონება, ისინი წავლენ”, – ამბობდა პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის 29-წლიანი მმართველობის დასასრულით გახარებული დემონსტრანტი 2011 წლის 11 თებერვალს, მისი გადადგომის ღამეს.

იმ ღამით, ასობით ათასი დემონსტრანტი ზეიმობდა თაჰრირის მოედანზე, სადაც 18 დღის განმავლობაში იდგნენ რეჟიმის ძალმომრეობის, კორუფციის, უმუშევრობისა და სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ. ქალაქმა მაშინ უმძიმესი შეტაკებები იხილა როგორც დემონსტრანტებსა და პოლიციას, ისე რეჟიმის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის.

კაიროს ცენტრში აღნიშნავენ ჰოსნი მუბარაქის გადადგომას. 11.02.11 ფოტო: EPA

კაიროს ცენტრში აღნიშნავენ ჰოსნი მუბარაქის გადადგომას. 11.02.11 ფოტო: EPA

ეგვიპტის 25 იანვრის რევოლუცია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის გაერთიანების შედეგი იყო, განსხვავებული ინტერესებითა და ხედვებით, თუმცა 10 წლის შემდეგ ნათელია, რომ მათი ოცნებების დიდი ნაწილი მოედანზე დარჩა.

რევოლუციის შემდგომი 2.5 წელი ეგვიპტეში ქაოტური პოლიტიკური პროცესებით აღინიშნა: ეგვიპტის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი – ისლამისტური “მუსლიმთა საძმოს” ლიდერი მუჰამად მურსი  – მასობრივი უკმაყოფილებისა და საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, არმიამ გადააყენა.

მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა აბდულ ფათაჰ ალ-სისიმ, რომელიც მალე პრეზიდენტად აირჩიეს, ისლამისტების მიმართ განხორციელებული ხისტი პოლიტიკა მალევე განავრცო ყველა სერიოზულ ოპონენტზე, სამოქალაქო აქტივისტებზე, ჟურნალისტებზე, პროფესორებზე, ადვოკატებსა და სხვებზე.

როდესაც სისი 2018 წელს მეორე ვადით აირჩიეს, გზა ყველა ძირითადი ოპოზიციური ძალისგან უკვე გათავისუფლებული იყო: ნაწილი დააპატიმრეს, ნაწილმა კი თავად შეწყვიტა კამპანია. აღნიშნულს მალევე მოჰყვა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა ძალითაც მოქმედ პრეზიდენტს ენიჭება უფლებამოსილება, აღნიშნულ თანამდებობაზე 2030 წლამდე იყაროს კენჭი.

აბდულ ჰათაჰ ალ-სისის ბილბორდი კაიროში. ფოტო: EPA

აბდულ ჰათაჰ ალ-სისის ბილბორდი კაიროში. ფოტო: EPA

Human Rights Watch-ის გამოთვლებით, 2014 წლიდან დღემდე, ეგვიპტეში 60 000 ადამიანი დააკავეს პოლიტიკური მოტივებით. არაერთი აქტივისტი და უფლებადამცველი, რომელიც 2011 წელს და შემდგომ საპროტესტო აქციებზე იდგა, ახლა გისოსებს მიღმა ზის.

დაკავებისას გამოყენებული მუხლები, ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთს ემთხვევა: ტერორისტული/არალეგალური ორგანიზაციის წევრობა, ყალბი ინფორმაციის გავრცელება, უკანონო დემონსტრაციებისკენ მოწოდება და სხვ.

“იმედი აღარ მამოძრავებს. ძირითადად, ოჯახის გადარჩენით ვარ მოტივირებული”, – ეუბნება FT-ს 2011 წლის რევოლუციის ერთ-ერთი თვალსაჩინო აქტივისტი მუნა სეიფი.

მისი ოჯახის მაგალითი ნათლად აჩვენებს 10 წლის წინ რევოლუციური გარდაქმნებით შთაგონებულ აქტივისტთა დიდი ნაწილის ამჟამინდელ ყოფას: სეიფის ძმა, რომელიც ასევე ცნობილი აქტივისტია, რამდენჯერმე დაპატიმრების შემდეგ,  ისევ ციხეშია, ხოლო მათი უმცროსი და, რომელიც ძმის უფლებებისთვის იბრძოდა, თავადაც ციხის კედლებში აღმოჩნდა.

მუნა სეიფი ამჟამინდელ სიტუაციას აღწერს, როგორც “ძალიან ძალადობრივსა და კოშმარულს”. მისი თქმით, აცნობიერებდა, რომ რევოლუციის შემდეგ დიდ გამოწვევებს უნდა შესჭიდებოდა, თუმცა მსგავსი მასშტაბები ვერ წარმოედგინა.

მონა სეიფის და-ძმა. ამჟამად, ორივე მათგანი ციხეშია. ფოტო: AP

მუნა სეიფის და-ძმა. ამჟამად, ორივე მათგანი ციხეშია. ფოტო: AP

ადამიანის უფლებათა დამცველები საუბრობენ არასათანადო პირობებსა და არაადამიანურ მოპყრობაზე, მათ შორის, წამებაზე, ეგვიპტის ციხეებში. ქვეყნის ხელისუფლება გამორიცხავს პატიმართა მიმართ მსგავსი პრაქტიკის გამოყენებას და არც იმას ადასტურებს, რომ ეგვიპტეში ვინმეს პოლიტიკური მოტივებით აპატიმრებენ.

  • კაიროს ციხეში დაიღუპა რეჟისორი, რომელიც პრეზიდენტისადმი დამცინავი კლიპისათვის დააკავეს

საერთაშორისო კრიტიკის პასუხად, ეგვიპტის მთავრობა კვლავ იმეორებს, რომ ადამიანის უფლებების კუთხით ვითარებაზე ეგვიპტის მოქალაქეებმა უნდა ისაუბრონ და არა “გარე მოთამაშეებმა”. თუმცა, მრავალი, ვინც აღნიშნულზე საუბარი ქვეყნის შიგნით დაიწყო, დღეს სხვადასხვა ბრალდებით იხდის სასჯელს ან ეგვიპტეში აღარ ცხოვრობს.

“პრესის თავისუფლების ინდექსით” ეგვიპტე 166-ე ადგილზეა 178 ქვეყანას შორის. მსხვილი მედიასაშუალებების დიდი ნაწილი სახელმწიფოსთან/არმიასთან დაახლოებულ პირთა ხელშია. ქვეყნის შიგნით სულ რამდენიმე დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემა მუშაობს, რომელთა ჟურნალისტებიც არაერთგზის დაუკავებიათ. ხელისუფლების მიერ დაბლოკილია ასობით ვებგვერდი.

კაირო, 2016 წლის აპრილი: ჟურნალისტები აწეული კალმებით აპროტესტებენ მედიის წარმომადგენელთა მიმართ არასათანადო მოპყრობას. ფოტო: EPA

კაირო, 2016 წლის აპრილი: ჟურნალისტები აწეული კალმებით აპროტესტებენ მედიის წარმომადგენელთა მიმართ არასათანადო მოპყრობას. ფოტო: EPA

სისის ხელისუფლება 25 იანვრის რევოლუციის საიუბილეო თარიღებს არ აღნიშნავს, თუმცა პროტესტის 10-წლისთავის მოახლოებასთან ერთად, მას ეგვიპტის სოციალურ ქსელებში განიხილავენ. მოქალაქეები სახალხო პროტესტის თვალსაჩინო მომენტებს იხსენებენ, ონლაინ დისკუსიების დიდი ნაწილის პათოსი კი ერთნაირია: ოცნებები, რომლებიც მოგონებებად დარჩა.

მიუხედავად ზემოხსენებულისა, პროცესების მონაწილეები არ ივიწყებენ წვლილსაც, რომელიც რევოლუციამ საზოგადოებრივი დისკურსის გარდაქმნაში შეიტანა. ემიგრაციაში მყოფი იუმორისტი ბასიმ იუსუფი, რომელსაც გადაცემა 2014 წელსვე დაუხურეს, ამბობს, რომ 10 წლის წინანდელი მოვლენების ეფექტი “კვლავ აქ არის”.

“[რევოლუციამ], ასე ვთქვათ, დაამსხვრია აზროვნების ხანგრძლივი, ტრადიციული გზა. ეს შეგიძლიათ დაინახოთ და შეიგრძნოთ ახალგაზრდა თაობის მაგალითზე, თუ როგორ უყურებენ ისინი პოლიტიკას, რელიგიას… ყველაფერს”, – დასძენს ის France Press-თან საუბრისას.

ტუნისი: “წარმატების ისტორია” ეკონომიკური სიდუხჭირით

2011 საპროტესტო მოძრაობა ტუნისიდან დაიწყო. უპრეცენდენტო სახალხო დემონსტრაციების შემდეგ, თანამდებობა და ქვეყანა დატოვა პრეზიდენტმა ზინ ალ-აბიდინ ბინ ალიმ, რომელიც 20 წელზე მეტ ხანს მართავდა ტუნისს.

არჩევნების დიდ ნაწილში ის, ოფიციალურად, 99%-ით იმარჯვებდა, რის გამოც ხუმრობით “მისტერ 99%” და “სამუდამო პრეზიდენტიც” შეარქვეს. ბინ ალის ხელისუფლება ოპონენტებს – როგორც ისლამისტებს, ისე დემოკრატებს – სხვადასვხა გზით იცილებდა. მათ შორის იყო დაპატიმრება, წამება და ქვეყნიდან წასვლის იძულება.

თუნისის რევოლუცია 2011 ფოტო: EPA

ტუნისის რევოლუცია 2011 ფოტო: EPA

იმას, რომ რევოლუციის მიზნების დიდი ნაწილი აღუსრულებელი რჩება, ქვეყანაში მიმდინარე კვირას განვითარებული მოვლენებიც აჩვენებს: დიქტატორის გადაყენებიდან 10 წლისთავზე, ტუნისში ისევ სახალხო მღელვარებაა: ეკონომიკური სიდუხჭირის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაკავებების ფონზე მიმდინარეობს.

არაერთი ანალიტიკოსი დემოკრატიის მშენებლობის კუთხით ტუნისს არაბული გაზაფხულის წარმატების მაგალითად განიხილავს: ქვეყანაში მრავალპარტიული არჩევნები ტარდება, არსებობს გამოხატვის თავისუფლება, კრიტიკოსები კი ღიად საუბრობენ ქვეყნის ხელისუფლების სისუსტეებსა და კორუფციულ გარემოზე.

თუმცა, გაცილებით მძიმეა სოციალურ-ეკონომიკური ფონი: უმუშევრობის მაჩვენებელი 18%-ს მიუახლოვდა, სახელმწიფო სერვისები გაუმართავად მუშაობს, კორუფცია კი ისედაც მწვავე მოცემულობას კიდევ უფრო ამძიმებს. მოქალაქეთა ნაწილი ხსნას ემიგრაციაში ხედავს: ადგილობრივი NGO-ს  თანახმად, მხოლოდ გასულ წელს 13 000-მა ტუნისელმა გარისკა თავისი სიცოცხლე, რათა იტალიის სანაპიროებამდე ნავით მიეღწია.

პროტესტი თუნისში მაღალი ფასების, სიღარიბისა და დაკავებების წინააღმდეგ. 19.01.21 ფოტო: EPA

პროტესტი ტუნისში მაღალი ფასების, სიღარიბისა და დაკავებების წინააღმდეგ. 19.01.21 ფოტო: EPA

“რევოლუციამ წინ წამოწია სლოგანები თავისუფლებაზე, ღირსებასა და დასაქმებაზე. მათ სკანდირებდნენ დამარცხებული, გარიყული, მარგინალიზებული მოქალაქეები… 10 წლის შემდეგ, ისინი ისევ მარგინალიზებულნი, ისევ გარიყულნი, ისევ ღირსებააყრილნი არიან”, – ეუბნება ადგილობრივი აქტივისტი ოლფა ლამლუმი FT-ს.

ლამლუმი ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს და ქვეყანაში არსებულ ვითარებას, 10 წლის წინანდელის მსგავსად, ამჟამადაც აპროტესტებს. თუმცა, ცვლილებების მოთხოვნით მხოლოდ ძველი რევოლუციონერები არ გამოდიან: დღევანდელ ტუნისში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი და მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი , აბირ მუსი, წლების წინ სწორედ დიქტატორ ბინ ალის ადმინისტრაციაში მსახურობდა.

თუ 2011 წლის მოვლენების შემდეგ ძველი რეჟიმის დაცვა ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული ნაბიჯი იყო, დღეს არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე, აბირ მუსის თავისი პოლიტიკური წარსული ხელს აღარ უშლის. ის არ ცნობს რევოლუციის ლეგიტიმაციას, ისლამისტურ გეგმას უწოდებს მას და არც ბინ ალის ადმინისტრაციის დანაშაულებს აღიარებს.

აბირ მუსი. ფოტო: EPA

აბირ მუსი. ფოტო: EPA

“თუ გამოხატვის თავისუფლებას მოგვცემ მაშინ, როცა ვშიმშილობთ, რას ნიშნავს ეს? თუნდაც ძველი რეჟიმის შეცდომების ფონზე, ცუდი რაღაცების ფონზე, ეკონომიკური ზრდა 7% იყო”, – ამბობს მუსის თანაპარტიელი.

სიდუხჭირის თანმდევი ნოსტალგია და პოლიტიკოსთა ნაწილის პოპულიზმი კრიტიკოსებს უქმნის განცდას, რომ ტუნისი, შესაძლოა, ისევ დაუბრუნდეს ავტორიტარულ საწყისებს. თუმცა, აღნიშნავენ იმასაც, რომ ნოსტალგია არა უშუალოდ ძველ რეჟიმს, არამედ იმ შედარებით უკეთეს ეკონომიკურ ყოფას უკავშირდება, რომელიც მაშინ არსებობდა. მათი თქმით, ცალსახაა, რომ მოქალაქეს სჭირდება როგორც თავისუფლება, ისე ეკონომიკური კეთილდღეობა.

აღნიშნავენ იმასაც, რომ წლების წინ პრობლემებზე ხმამაღლა საუბარიც კი შეუძლებელი იყო და თუნდაც ის, რომ დღეისათვის ძველი რეჟიმის წარმომადგენელ პოლიტიკოსებს საშუალება აქვთ, განაგრძონ პოლიტიკური საქმიანობა, უკვე დადებითის ნიშანია.

მათ შორის, ვინც სიდუხჭირის გამო ქვეყანას ტოვებს, მრავალი ახალგაზრდაა, თუმცა ქვეყანაში დარჩენილთაგან არაერთი ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს ვითარების გაჯანსაღებაში: ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანტიკორუფციული პლატფორმა ” I-Watch” 2011 წელს სწორედ სტუდენტებმა დააარსეს. ის დღემდე განაგრძობს საქმიანობას.

“ჯერ კიდევ არსებობს ახალგაზრდობა, რომელიც არ დამარცხებულა, ჩაბმულია ბრძოლებში და იგებს მათ”, – ამბობს აქტივისტი ოლფა ლამლუმი და დასძენს, რომ მისი აზრით, რევოლუციამ წააგო ბრძოლა, თუმცა არა – ომი.

2 სამოქალაქო ომი, 2 მთავრობა: როგორ მოვიდა ლიბია აქამდე

2011 წლის თებერვალში, როცა ქალაქ ბენღაზიში სოციალური ქსელის მეშვეობით პირველი დემონსტრაციები დაორგანიზდა, ჯერ კიდევ რთული წარმოსადგენი იყო, რომ მალე ასობით ათასი ადამიანი გამოვიდოდა უშუალოდ მუამარ კადაფის საწინააღმდეგო ლოზუნგებით.

კადაფიმ ძალაუფლება ხელში 1969 წელს ჩაიგდო, დაასრულა მონარქია და ლიბიის არაბთა რესპუბლიკა გამოაცხადა. მის დროს აფრიკის ქვეყნებს შორის ლიბიაში ცხოვრების ყველაზე მაღალი სტანდარტი არსებობდა, თუმცა პოლიციური სახელმწიფოს, რეპრესიებისა და კორუფციის მიმართ პროტესტი წლების მანძილზე მწიფდებოდა.

ხელშეუხებელი დიქტატორის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში თაობები აღიზარდნენ. თუმცა, ეგვიპტისა და ტუნისის მოვლენებმა ლიბიელებსაც ჩაუსახა იმედი, რომ 42-წლიანი დღის წესრიგის შეცვლა შესაძლებელი იყო.

კადაფის საწინააღმდეგო დემონსტრაცია ბენღაზიში. 11.03.11 ფოტო: EPA

კადაფის საწინააღმდეგო დემონსტრაცია ბენღაზიში. 11.03.11 ფოტო: EPA

წესრიგი მართლაც შეიცვალა, თუმცა დიდი ფასის სანაცვლოდ და არა ისე, როგორც მრავალი ლიბიელი ელოდა: ხელისუფლებამ პროტესტს სასტიკი მეთოდებით უპასუხა, რასაც პირველივე კვირებში ასობით დემონსტრანტი შეეწირა.

ასე დაიწყო სამოქალაქო ომი პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის, რასაც კადაფის წინააღმდეგ ნატოს სამხედრო ინტერვენცია მოჰყვა. საჰაერო დარტყმების შედეგად, მსხვერპლი იყო მშვიდობიან მოსახლეობაშიც. კადაფის ხელისუფლება იმავე წელს დასრულდა: მეამბოხეებმა ის  20 ოქტომბერს, მშობლიურ ქალაქ სირთში მოკლეს.

ქაოსი ნავთობით მდიდარ ქვეყანაში სამოქალაქო ომის დასრულებით არ შეწყვეტილა. მხარეები, რომლებიც მანამდე კადაფის წინააღმდეგ იბრძოდნენ, ახლა უკვე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები მრავლდებოდა. ქვეყნის მასშტაბით მოქმედი რიგი შეირაღებული დაჯგუფებები უარს ამბობდნენ ბრძოლის დასრულებაზე, რაც მეტად ართულებდა პროცესს.

2012 წელს ლიბიაში ათწლეულების შემდეგ პირველად ჩატარდა თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები. აირჩიეს “საერთო ეროვნული ასამბლეა”(GNC), რომელსაც ორი რადიკალურად განსხვავებული ძალა, ლიბერალები და ისლამისტები აკომპლექტებდნენ.

დაძაბულობის კულმინაცია – ლიბიის მეორე სამოქალაქო ომი – 2014 წელს დაიწყო, როცა ხსენებული საკანონმდებლო ორგანოს მანდატი ამოიწურა და ახალი არჩევნები ჩატარდა. ამომრჩეველთა ხმების დიდი ნაწილი ლიბერალებს შორის განაწილდა. ისლამისტებმა შედეგები არ აღიარეს და განაგრძეს ძველი, “საერთო ეროვნული ასამბლეის” მხარდაჭერა.

ასამბლეამ ახლადარჩეული “წარმომადგენელთა პალატის” ლეგიტიმაცია არ ცნო და საქმიანობა განაგრძო პოლიტიკური ცენტრით ტრიპოლიში, ქვეყნის დასავლეთში. ახლადარჩეული პალატა კი აღმოსავლეთში, ქალაქ ტუბრუკში გადავიდა და იქიდან შეუდგა საქმიანობას, ცნობილი გენერლის, ხალიფა ჰაფთარისა და მისი არმიის მხარდაჭერით. ასე დაიწყო “ორხელისუფლებიანობა” ლიბიაში.

ხალიფა ჰაფთარის მომხრე მებრძოლები ქალაქ თარჰუნაში, ტრიპოლიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 05.07.2020 ფოტო: EPA

ხალიფა ჰაფთარის მომხრე მებრძოლები ქალაქ თარჰუნაში, ტრიპოლიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 05.07.2020 ფოტო: EPA

2015 წელს, გაეროს შუამავლობით მოლაპარაკებების შედეგად, დაკომპლექტდა “ეროვნული შეთანხმების მთავრობა”, როგორც პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის გზა. აღნიშნულს ვითარება არ შეუცვლია: ბრძოლა ხალიფა ჰაფთარის მხარდაჭერილ ადმინისტრაციასა და გაეროს მიერ აღიარებულ მთავრობას შორის გაგრძელდა. ორივე მათგანს სურდა ლიბიის ტერიტორიაზე და რაც მთავარია, ნავთობბაზებზე, სრული კონტროლი.

ლიბიის მეორე სამოქალაქო ომი წლებია, მხოლოდ ქვეყნის შიდა საქმეს აღარ წარმოადგენს. გაეროს მხარდაჭერილ მთავრობას სხვადასხვა ფორმით ეხმარებიან თურქეთი, კატარი და იტალია, ჰაფთარის არმიას კი – რუსეთი, ეგვიპტე, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და შედარებით მცირე მასშტაბით, საფრანგეთი და იორდანია.

უკანასკნელ 2 თვეში მხარეები მხარეთა შორის გაეროს შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესია: შეთანხმდნენ, რომ მომდევნო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები დეკემბერში ჩატარდება, მანამდე კი, აირჩევა დროებითი მმართველი ორგანო ორივე მხარის ჩართულობით.

ლიბიაში 10-წლიანი კრიზისის მსხვერპლთა ოდენობის დადგენა რთულია, ვინაიდან საკითხი მეტად პოლიტიზებულია. რიცხვები 2 500-დან 25 000-მდე მერყეობს და ეს მხოლოდ პირველი სამოქალაქო ომის პერიოდში. გაეროს გასული წლის მონაცემებით, 200 000 ადამიანი ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულია, 1.3 მილიონი კი – ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.

იემენი: ჰუმანიტარული კატასტროფა

იემენი 10 წლის წინანდელ მოვლენებამდეც ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი არაბული ქვეყანა იყო, არაერთი პოლიტიკური გამოწვევით. მთავრობასა და შიიტ მეამბოხეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 2004 წლიდან მიმდინარეობდა, რასაც ალ-ქაიდას ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფრთის მოქმედებები ემატებოდა.

2011 წლის მარტში რეგიონში დაწყებული საპროტესტო ტალღა იემენსაც მოედო. მოითხოვდნენ პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის გადადგომას, რომელიც გაერთიანებულ იემენს 1990 წლიდან მართავდა. თავდაპირველი უარის მიუხედავად, დემონსტრაციებისა და ოპოზიციის ზეწოლის შედეგად, სალეჰი გადადგა.

პროტესტი იემენის დედაქალაქ სანააში. 2011 წლის იანვარი ფოტო: Hani Mohammed/AP

პროტესტი იემენის დედაქალაქ სანააში. 2011 წლის იანვარი ფოტო: Hani Mohammed/AP

მისი ადგილი დაიკავა ვიცე-პრეზიდენტმა აბდ რაბუჰ მანსურ ჰადიმ, რომელიც 2012 წელს აირჩიეს პრეზიდენტად.

კორუფცია, უმუშევრობა, საკვების ნაკლებობა და სხვა პრობლემები მხოლოდ უარესდებოდა. საბიუჯეტო და საკონსტიტუციო ცვლილებების კუთხით ჰადის მცდელობებს იმთავითვე ეწინააღმდეგებოდნენ ჰუსიტები – შიიტი უმცირესობის, ზაიდიტთა სექტის წარმომადგენლები – რომლებიც ქვეყნის ჩრდილოეთში მოქმედებდნენ.

უშედეგო კონსულტაციების შემდეგ, 2015 წლის იანვარში, ამბოხებულებმა დატოვეს თავიანთი კონტროლის ზონა ქვეყნის ჩრდილოეთში, შეიჭრნენ დედაქალაქ სანააში, შეუტიეს რიგ სტრატეგიულ ობიექტებს, აიღეს პრეზიდენტის სასახლე და მთელ ქალაქზე დაამყარეს კონტროლი. მათ აიძულეს ჰადი, ჯერ დედაქალაქი, შემდეგ კი ქვეყანა დაეტოვებინა.

ავიადარტყმებით განადგურებული შენობა სანააში. ფოტო: EPA/YAHYA ARHAB

ავიადარტყმებით განადგურებული შენობა სანააში. ფოტო: EPA/YAHYA ARHAB

იემენის კრიზისის ყველაზე სისხლისმღვრელი ნაწილი 2015 წლიდან დაიწყო, როცა კოალიციამ რეგიონის გავლენიანი მოთამაშის – საუდის არაბეთის – თაოსნობით საჰაერო დარტყმების მიტანა დაიწყო იემენზე. მთავარ სამიზნედ გამოცხადდნენ ჰუსიტები, რომელთაც სუნიტური საუდის არაბეთი ყოველთვის განიხილავდა შიიტური ირანის იარაღად რეგიონში. საუდის არაბეთის გაცხადებული მიზანი ქვეყნის ლეგიტიმური ხელისუფლების აღდგენაა.

ასე აღმოჩდა იემენი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე. გაეროს მონაცემებით, კრიზისის დროს დაღუპულ 233 000 იემენელს შორის 60%-ს მცირეწლოვანი ბავშვები შეადგენენ. ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი შიმშილის ზღვარზეა. ორგანიზაცია ამბობს, რომ ეს არის ადამიანის ქმედებებით გამოწვეული ყველაზე მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი ისტორიაში.

7 წლის ამალ ჰუსეინი. ის 1 ნოემბერს გარდაიცვალა. ფოტო: NY Times/Tyler Hicks

7 წლის იემენელი ამალ ჰუსეინი. ის 2018 წლის 1 ნოემბერს, გარდაიცვალა. ფოტო: NY Times/Tyler Hicks

ომში გახვეული სირია

დღეს, როდესაც სიტყვები – “სირია” და “ომი” – ფაქტობრივად, ერთმანეთთან ასოცირდება, შესაძლოა, ბევრს აღარც კი ახსოვდეს, როგორ დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი კონფლიქტი არაბულ რეგიონში.

2011 წლის მარტში ტუნისისა და სირიის დიქტატორები უკვე ჩამოშორებულნი იყვნენ ხელისუფლებას, როდესაც სირიის პატარა, სასაზღვრო ქალაქ დერააში, რამდენიმე მოსწავლემ სკოლის კედელზე დაწერა: “ახლა შენი ჯერია, დოქტორო!”

რთული გამოსაცნობი არ იყო, ვინ მიემართებოდა გრაფიტი: მეზობელი ქვეყნების რევოლუციური პროცესებით შთაგონებულმა მოსწავლეებმა ასე მიმართეს ბაშარ ალ-ასადს, რომელიც 11 წლის მოსული იყო ხელისუფლებაში მას შემდეგ, რაც მამამისი, ექსპრეზიდენტი ჰაზეფ ასადი გარდაიცვალა.

ბიჭი, რომელმაც სკოლის კედელზე ასადის საწინააღმდეგო წარწერა გააკეთა. ფოტო: AFP

ბიჭი, რომელმაც სკოლის კედელზე ასადის საწინააღმდეგო წარწერა გააკეთა. ფოტო: AFP

ახალგაზრდა ლიდერის მიმართ ოპტიმისტური მოლოდინები არსებობდა, მამამისის 30-წლიანი “რკინის ხელის” შემდეგ. თუმცა, წლებთან ერთად მატულობდა უკმაყოფილებაც უმუშევრობის, კორუფციისა და თავისუფლებების ნაკლებობის გამო.

ხსენებული გრაფიტის ავტორები პოლიციამ მალევე დააკავა. არაბული გაზაფხულის ათვლის წერტილად პროცესების არაერთი მონაწილე სწორედ ამ პერიოდს მიიჩნევს:

მოზარდების დაკავებისა და ციხეში მათდამი არაადამიანური მოპყრობის შემდეგ, უკმაყოფილო ადგილობრივები ჯერ მათი გათავისუფლების მოთხოვნით, სახელმწიფოს ძალისმიერი პასუხის შემდეგ კი პროტესტი დომინოს პრინციპით მოედო სხვა ქალაქებსაც.

ოპოზიციის მხარდამჭერებმა იარაღი ჯერ ძალოვნებისაგან თავდასაცავად აისხეს, შემდეგ კი კონკრეტული ტერიტორიების დაკავებაც დაიწყეს. ხელისუფლების ხისტი პასუხისა და ამბოხებულთა წინააღმდეგობის ფონზე, პროცესი მალე გადაიზარდა სამოქალაქო ომში.

საპროტესტო აქცია ქალაქ ჰომსთან ახლოს. 2011 წლის ოქტომბერი

საპროტესტო აქცია ქალაქ ჰომსთან ახლოს. 2011 წლის ოქტომბერი

დღეისათვის რთულია იმის თქმა, რომ ბრძოლა ასადის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მიმდინარეობს, ვინაიდან დროთა განმავლობაში, ომში უამრავი დაინტერესებული ჯგუფი თუ სახელმწიფო ჩაერთო.

დასავლეთის ქვეყნები და თურქეთი იმთავითვე ეხმარებოდნენ  მეამბოხეებს, რითაც შემდგომ მეტად გაძლიერებულმა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფებებმაც იხეირეს. თავის მხრივ, ასადს დაეხმარა ირანი, 2015 წელს კონფლიქტში რუსეთის ჩართვამ კი ვითარება ერთმნიშვნელოვნად შეცვალა პრეზიდენტის სასარგებლოდ. ამასობაში, სირიაზე ასობით ავიადარტყმა მიიტანა ისრაელმა, რომელიც რეგიონში ირანის გავლენას ებრძვის.

სირიის სამოქალაქო ომის შედეგები რთულად დასათვლელი, თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც შემაძრწუნებელია. ასობით ათასი ადამიანი დაღუპულია ან დაკარგულად მიიჩნევა, დაახლოებით ექვსმა მილიონმა სირიელმა ქვეყანა დატოვა, ინფრასტრქუტურას კი ასობით მილიარდი დოლარის ოდენობის ზიანი მიადგა.

ნგრევა მისწვდა ყველაფერს: საცხოვრებელ სახლებს, სასწავლო დაწესებულებებს, საავადმყოფოებს, სალოცავებს თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.

სირიის ტერიტორიის დიდ ნაწილზე ასადის ძალებმა, ძირითადად, რუსეთის დახმარებით, კონტროლის აღდგენა შეძლეს.

ბრძოლების შედეგად დანგრეული კვარტალი დამასკოსთან ახლოს. 29.03.2018 ფოტო: EPA

ბრძოლების შედეგად დანგრეული კვარტალი დამასკოსთან ახლოს. 29.03.2018 ფოტო: EPA

მრავალი აქტივისტი, რომელიც 10 წლის წინ დემოკრატიული ცვლილებებისთვის იბრძოდა, დღეს ემიგრაციაში ცხოვრობს. არაერთმა, სამშობლოს დატოვებამდე, სირიის ციხეებში წამება და არაადამიანური მოპყრობა გამოიარა. მათი აზრით, სწორედ ხელისუფლების ძალადობრივმა მოქმედებებმა განაპირობა სირიის დღევანდელი რეალობა.

ერთ-ერთი მათგანი, ომარ ალ-შუღრი, რომელიც 2011 წელს, 15 წლის ასაკში რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს და აწამეს, შემდეგ კი მამა მოუკლეს, ამჟამად შვედეთში ცხოვრობს. France Press-თან საუბრისას ის აღნიშნავს:

“მარტივი არ არის, დაკარგო შენი სახლი, მამა, ძმები, სკოლა, ქალაქი, მთები და მოგონებები. მაგრამ დროის უკან დაბრუნება რომც შემეძლოს, ამას არ ვიზამდი. ვინაიდან, რევოლუცია იყო პირველი სწორი რამ, რაც ჩვენ სირიაში გავაკეთეთ”.

წყარო:https://netgazeti.ge/

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати