2011 წლის იანვარში, ტუნისის პატარა ქალაქში, 26 წლის გარემოვაჭრემ, მუჰამად ბუაზიზიმ, თავი დაიწვა. ამ ფორმით მუჰამადმა თავისი საკუთრების კონფისკაცია და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელთა მხრიდან შეურაცხყოფა გააპროტესტა.
იმ დროს ჯერ არავინ იცოდა, რომ ტრაგიკული ინციდენტით გაბრაზებული ტუნისელები თანამდებობიდან გადადგომას და გაქცევას აიძულებდნენ დიქტატორ ბინ ალის, საპროტესტო ტალღა კი, რომელიც სხვა არაბულ ქვეყნებსაც მოედებოდა, სამუდამოდ შეცვლიდა პოლიტიკურ ვითარებას რეგიონში.
“არაბული გაზაფხულის” იმედებისა და ოცნებების დიდი ნაწილი, რომლებიც დემოკრატიასა და მეტ თავისუფლებას, უკეთეს სოციალურ ყოფასა და ნაკლებ კორუფციას უკავშირდებოდა, შემდგომმა პოლიტიკურმა მოვლენებმა შთანთქა:
ეგვიპტეში ერთი ავტორიტარული რეჟიმი მეორემ შეცვალა, სირიაში, ლიბიასა და იემენში – ომია, ტუნისი კი, რომელიც სახალხო პროტესტის წარმატებულ მაგალითად მიიჩნევა, ამ დრომდე მაინც დგას არაერთი პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემის წინაშე.
მიუხედავად ყველაფრისა, ისტორიული პროცესის მონაწილენი 10 წლის შემდეგაც აღნიშნავენ, რომ რევოლუციებმა არაერთ ცვლილებას დაუდო სათავე ცალკეულ ქვეყნებში, რაც უპირველესად საზოგადოების ხედვებსა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მიმართ აღქმებს უკავშირდება.
“ახლა ეგვიპტელები თავისუფალნი არიან. მთელი ეგვიპტე გათავისუფლებულია. ახლა ჩვენ თავად ავირჩევთ საკუთარ ლიდერებს და თუ არ მოგვეწონება, ისინი წავლენ”, – ამბობდა პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის 29-წლიანი მმართველობის დასასრულით გახარებული დემონსტრანტი 2011 წლის 11 თებერვალს, მისი გადადგომის ღამეს.
იმ ღამით, ასობით ათასი დემონსტრანტი ზეიმობდა თაჰრირის მოედანზე, სადაც 18 დღის განმავლობაში იდგნენ რეჟიმის ძალმომრეობის, კორუფციის, უმუშევრობისა და სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ. ქალაქმა მაშინ უმძიმესი შეტაკებები იხილა როგორც დემონსტრანტებსა და პოლიციას, ისე რეჟიმის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის.
ეგვიპტის 25 იანვრის რევოლუცია სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის გაერთიანების შედეგი იყო, განსხვავებული ინტერესებითა და ხედვებით, თუმცა 10 წლის შემდეგ ნათელია, რომ მათი ოცნებების დიდი ნაწილი მოედანზე დარჩა.
რევოლუციის შემდგომი 2.5 წელი ეგვიპტეში ქაოტური პოლიტიკური პროცესებით აღინიშნა: ეგვიპტის პირველი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი – ისლამისტური “მუსლიმთა საძმოს” ლიდერი მუჰამად მურსი – მასობრივი უკმაყოფილებისა და საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, არმიამ გადააყენა.
მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა აბდულ ფათაჰ ალ-სისიმ, რომელიც მალე პრეზიდენტად აირჩიეს, ისლამისტების მიმართ განხორციელებული ხისტი პოლიტიკა მალევე განავრცო ყველა სერიოზულ ოპონენტზე, სამოქალაქო აქტივისტებზე, ჟურნალისტებზე, პროფესორებზე, ადვოკატებსა და სხვებზე.
როდესაც სისი 2018 წელს მეორე ვადით აირჩიეს, გზა ყველა ძირითადი ოპოზიციური ძალისგან უკვე გათავისუფლებული იყო: ნაწილი დააპატიმრეს, ნაწილმა კი თავად შეწყვიტა კამპანია. აღნიშნულს მალევე მოჰყვა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა ძალითაც მოქმედ პრეზიდენტს ენიჭება უფლებამოსილება, აღნიშნულ თანამდებობაზე 2030 წლამდე იყაროს კენჭი.
Human Rights Watch-ის გამოთვლებით, 2014 წლიდან დღემდე, ეგვიპტეში 60 000 ადამიანი დააკავეს პოლიტიკური მოტივებით. არაერთი აქტივისტი და უფლებადამცველი, რომელიც 2011 წელს და შემდგომ საპროტესტო აქციებზე იდგა, ახლა გისოსებს მიღმა ზის.
დაკავებისას გამოყენებული მუხლები, ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთს ემთხვევა: ტერორისტული/არალეგალური ორგანიზაციის წევრობა, ყალბი ინფორმაციის გავრცელება, უკანონო დემონსტრაციებისკენ მოწოდება და სხვ.
“იმედი აღარ მამოძრავებს. ძირითადად, ოჯახის გადარჩენით ვარ მოტივირებული”, – ეუბნება FT-ს 2011 წლის რევოლუციის ერთ-ერთი თვალსაჩინო აქტივისტი მუნა სეიფი.
მისი ოჯახის მაგალითი ნათლად აჩვენებს 10 წლის წინ რევოლუციური გარდაქმნებით შთაგონებულ აქტივისტთა დიდი ნაწილის ამჟამინდელ ყოფას: სეიფის ძმა, რომელიც ასევე ცნობილი აქტივისტია, რამდენჯერმე დაპატიმრების შემდეგ, ისევ ციხეშია, ხოლო მათი უმცროსი და, რომელიც ძმის უფლებებისთვის იბრძოდა, თავადაც ციხის კედლებში აღმოჩნდა.
მუნა სეიფი ამჟამინდელ სიტუაციას აღწერს, როგორც “ძალიან ძალადობრივსა და კოშმარულს”. მისი თქმით, აცნობიერებდა, რომ რევოლუციის შემდეგ დიდ გამოწვევებს უნდა შესჭიდებოდა, თუმცა მსგავსი მასშტაბები ვერ წარმოედგინა.
ადამიანის უფლებათა დამცველები საუბრობენ არასათანადო პირობებსა და არაადამიანურ მოპყრობაზე, მათ შორის, წამებაზე, ეგვიპტის ციხეებში. ქვეყნის ხელისუფლება გამორიცხავს პატიმართა მიმართ მსგავსი პრაქტიკის გამოყენებას და არც იმას ადასტურებს, რომ ეგვიპტეში ვინმეს პოლიტიკური მოტივებით აპატიმრებენ.
საერთაშორისო კრიტიკის პასუხად, ეგვიპტის მთავრობა კვლავ იმეორებს, რომ ადამიანის უფლებების კუთხით ვითარებაზე ეგვიპტის მოქალაქეებმა უნდა ისაუბრონ და არა “გარე მოთამაშეებმა”. თუმცა, მრავალი, ვინც აღნიშნულზე საუბარი ქვეყნის შიგნით დაიწყო, დღეს სხვადასხვა ბრალდებით იხდის სასჯელს ან ეგვიპტეში აღარ ცხოვრობს.
“პრესის თავისუფლების ინდექსით” ეგვიპტე 166-ე ადგილზეა 178 ქვეყანას შორის. მსხვილი მედიასაშუალებების დიდი ნაწილი სახელმწიფოსთან/არმიასთან დაახლოებულ პირთა ხელშია. ქვეყნის შიგნით სულ რამდენიმე დამოუკიდებელი ონლაინ გამოცემა მუშაობს, რომელთა ჟურნალისტებიც არაერთგზის დაუკავებიათ. ხელისუფლების მიერ დაბლოკილია ასობით ვებგვერდი.
სისის ხელისუფლება 25 იანვრის რევოლუციის საიუბილეო თარიღებს არ აღნიშნავს, თუმცა პროტესტის 10-წლისთავის მოახლოებასთან ერთად, მას ეგვიპტის სოციალურ ქსელებში განიხილავენ. მოქალაქეები სახალხო პროტესტის თვალსაჩინო მომენტებს იხსენებენ, ონლაინ დისკუსიების დიდი ნაწილის პათოსი კი ერთნაირია: ოცნებები, რომლებიც მოგონებებად დარჩა.
მიუხედავად ზემოხსენებულისა, პროცესების მონაწილეები არ ივიწყებენ წვლილსაც, რომელიც რევოლუციამ საზოგადოებრივი დისკურსის გარდაქმნაში შეიტანა. ემიგრაციაში მყოფი იუმორისტი ბასიმ იუსუფი, რომელსაც გადაცემა 2014 წელსვე დაუხურეს, ამბობს, რომ 10 წლის წინანდელი მოვლენების ეფექტი “კვლავ აქ არის”.
“[რევოლუციამ], ასე ვთქვათ, დაამსხვრია აზროვნების ხანგრძლივი, ტრადიციული გზა. ეს შეგიძლიათ დაინახოთ და შეიგრძნოთ ახალგაზრდა თაობის მაგალითზე, თუ როგორ უყურებენ ისინი პოლიტიკას, რელიგიას… ყველაფერს”, – დასძენს ის France Press-თან საუბრისას.
2011 საპროტესტო მოძრაობა ტუნისიდან დაიწყო. უპრეცენდენტო სახალხო დემონსტრაციების შემდეგ, თანამდებობა და ქვეყანა დატოვა პრეზიდენტმა ზინ ალ-აბიდინ ბინ ალიმ, რომელიც 20 წელზე მეტ ხანს მართავდა ტუნისს.
არჩევნების დიდ ნაწილში ის, ოფიციალურად, 99%-ით იმარჯვებდა, რის გამოც ხუმრობით “მისტერ 99%” და “სამუდამო პრეზიდენტიც” შეარქვეს. ბინ ალის ხელისუფლება ოპონენტებს – როგორც ისლამისტებს, ისე დემოკრატებს – სხვადასვხა გზით იცილებდა. მათ შორის იყო დაპატიმრება, წამება და ქვეყნიდან წასვლის იძულება.
იმას, რომ რევოლუციის მიზნების დიდი ნაწილი აღუსრულებელი რჩება, ქვეყანაში მიმდინარე კვირას განვითარებული მოვლენებიც აჩვენებს: დიქტატორის გადაყენებიდან 10 წლისთავზე, ტუნისში ისევ სახალხო მღელვარებაა: ეკონომიკური სიდუხჭირის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაკავებების ფონზე მიმდინარეობს.
არაერთი ანალიტიკოსი დემოკრატიის მშენებლობის კუთხით ტუნისს არაბული გაზაფხულის წარმატების მაგალითად განიხილავს: ქვეყანაში მრავალპარტიული არჩევნები ტარდება, არსებობს გამოხატვის თავისუფლება, კრიტიკოსები კი ღიად საუბრობენ ქვეყნის ხელისუფლების სისუსტეებსა და კორუფციულ გარემოზე.
თუმცა, გაცილებით მძიმეა სოციალურ-ეკონომიკური ფონი: უმუშევრობის მაჩვენებელი 18%-ს მიუახლოვდა, სახელმწიფო სერვისები გაუმართავად მუშაობს, კორუფცია კი ისედაც მწვავე მოცემულობას კიდევ უფრო ამძიმებს. მოქალაქეთა ნაწილი ხსნას ემიგრაციაში ხედავს: ადგილობრივი NGO-ს თანახმად, მხოლოდ გასულ წელს 13 000-მა ტუნისელმა გარისკა თავისი სიცოცხლე, რათა იტალიის სანაპიროებამდე ნავით მიეღწია.
“რევოლუციამ წინ წამოწია სლოგანები თავისუფლებაზე, ღირსებასა და დასაქმებაზე. მათ სკანდირებდნენ დამარცხებული, გარიყული, მარგინალიზებული მოქალაქეები… 10 წლის შემდეგ, ისინი ისევ მარგინალიზებულნი, ისევ გარიყულნი, ისევ ღირსებააყრილნი არიან”, – ეუბნება ადგილობრივი აქტივისტი ოლფა ლამლუმი FT-ს.
ლამლუმი ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს და ქვეყანაში არსებულ ვითარებას, 10 წლის წინანდელის მსგავსად, ამჟამადაც აპროტესტებს. თუმცა, ცვლილებების მოთხოვნით მხოლოდ ძველი რევოლუციონერები არ გამოდიან: დღევანდელ ტუნისში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი და მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი , აბირ მუსი, წლების წინ სწორედ დიქტატორ ბინ ალის ადმინისტრაციაში მსახურობდა.
თუ 2011 წლის მოვლენების შემდეგ ძველი რეჟიმის დაცვა ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული ნაბიჯი იყო, დღეს არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე, აბირ მუსის თავისი პოლიტიკური წარსული ხელს აღარ უშლის. ის არ ცნობს რევოლუციის ლეგიტიმაციას, ისლამისტურ გეგმას უწოდებს მას და არც ბინ ალის ადმინისტრაციის დანაშაულებს აღიარებს.
“თუ გამოხატვის თავისუფლებას მოგვცემ მაშინ, როცა ვშიმშილობთ, რას ნიშნავს ეს? თუნდაც ძველი რეჟიმის შეცდომების ფონზე, ცუდი რაღაცების ფონზე, ეკონომიკური ზრდა 7% იყო”, – ამბობს მუსის თანაპარტიელი.
სიდუხჭირის თანმდევი ნოსტალგია და პოლიტიკოსთა ნაწილის პოპულიზმი კრიტიკოსებს უქმნის განცდას, რომ ტუნისი, შესაძლოა, ისევ დაუბრუნდეს ავტორიტარულ საწყისებს. თუმცა, აღნიშნავენ იმასაც, რომ ნოსტალგია არა უშუალოდ ძველ რეჟიმს, არამედ იმ შედარებით უკეთეს ეკონომიკურ ყოფას უკავშირდება, რომელიც მაშინ არსებობდა. მათი თქმით, ცალსახაა, რომ მოქალაქეს სჭირდება როგორც თავისუფლება, ისე ეკონომიკური კეთილდღეობა.
აღნიშნავენ იმასაც, რომ წლების წინ პრობლემებზე ხმამაღლა საუბარიც კი შეუძლებელი იყო და თუნდაც ის, რომ დღეისათვის ძველი რეჟიმის წარმომადგენელ პოლიტიკოსებს საშუალება აქვთ, განაგრძონ პოლიტიკური საქმიანობა, უკვე დადებითის ნიშანია.
მათ შორის, ვინც სიდუხჭირის გამო ქვეყანას ტოვებს, მრავალი ახალგაზრდაა, თუმცა ქვეყანაში დარჩენილთაგან არაერთი ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს ვითარების გაჯანსაღებაში: ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანტიკორუფციული პლატფორმა ” I-Watch” 2011 წელს სწორედ სტუდენტებმა დააარსეს. ის დღემდე განაგრძობს საქმიანობას.
“ჯერ კიდევ არსებობს ახალგაზრდობა, რომელიც არ დამარცხებულა, ჩაბმულია ბრძოლებში და იგებს მათ”, – ამბობს აქტივისტი ოლფა ლამლუმი და დასძენს, რომ მისი აზრით, რევოლუციამ წააგო ბრძოლა, თუმცა არა – ომი.
2011 წლის თებერვალში, როცა ქალაქ ბენღაზიში სოციალური ქსელის მეშვეობით პირველი დემონსტრაციები დაორგანიზდა, ჯერ კიდევ რთული წარმოსადგენი იყო, რომ მალე ასობით ათასი ადამიანი გამოვიდოდა უშუალოდ მუამარ კადაფის საწინააღმდეგო ლოზუნგებით.
კადაფიმ ძალაუფლება ხელში 1969 წელს ჩაიგდო, დაასრულა მონარქია და ლიბიის არაბთა რესპუბლიკა გამოაცხადა. მის დროს აფრიკის ქვეყნებს შორის ლიბიაში ცხოვრების ყველაზე მაღალი სტანდარტი არსებობდა, თუმცა პოლიციური სახელმწიფოს, რეპრესიებისა და კორუფციის მიმართ პროტესტი წლების მანძილზე მწიფდებოდა.
ხელშეუხებელი დიქტატორის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში თაობები აღიზარდნენ. თუმცა, ეგვიპტისა და ტუნისის მოვლენებმა ლიბიელებსაც ჩაუსახა იმედი, რომ 42-წლიანი დღის წესრიგის შეცვლა შესაძლებელი იყო.
წესრიგი მართლაც შეიცვალა, თუმცა დიდი ფასის სანაცვლოდ და არა ისე, როგორც მრავალი ლიბიელი ელოდა: ხელისუფლებამ პროტესტს სასტიკი მეთოდებით უპასუხა, რასაც პირველივე კვირებში ასობით დემონსტრანტი შეეწირა.
ასე დაიწყო სამოქალაქო ომი პრეზიდენტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის, რასაც კადაფის წინააღმდეგ ნატოს სამხედრო ინტერვენცია მოჰყვა. საჰაერო დარტყმების შედეგად, მსხვერპლი იყო მშვიდობიან მოსახლეობაშიც. კადაფის ხელისუფლება იმავე წელს დასრულდა: მეამბოხეებმა ის 20 ოქტომბერს, მშობლიურ ქალაქ სირთში მოკლეს.
ქაოსი ნავთობით მდიდარ ქვეყანაში სამოქალაქო ომის დასრულებით არ შეწყვეტილა. მხარეები, რომლებიც მანამდე კადაფის წინააღმდეგ იბრძოდნენ, ახლა უკვე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემები მრავლდებოდა. ქვეყნის მასშტაბით მოქმედი რიგი შეირაღებული დაჯგუფებები უარს ამბობდნენ ბრძოლის დასრულებაზე, რაც მეტად ართულებდა პროცესს.
2012 წელს ლიბიაში ათწლეულების შემდეგ პირველად ჩატარდა თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები. აირჩიეს “საერთო ეროვნული ასამბლეა”(GNC), რომელსაც ორი რადიკალურად განსხვავებული ძალა, ლიბერალები და ისლამისტები აკომპლექტებდნენ.
დაძაბულობის კულმინაცია – ლიბიის მეორე სამოქალაქო ომი – 2014 წელს დაიწყო, როცა ხსენებული საკანონმდებლო ორგანოს მანდატი ამოიწურა და ახალი არჩევნები ჩატარდა. ამომრჩეველთა ხმების დიდი ნაწილი ლიბერალებს შორის განაწილდა. ისლამისტებმა შედეგები არ აღიარეს და განაგრძეს ძველი, “საერთო ეროვნული ასამბლეის” მხარდაჭერა.
ასამბლეამ ახლადარჩეული “წარმომადგენელთა პალატის” ლეგიტიმაცია არ ცნო და საქმიანობა განაგრძო პოლიტიკური ცენტრით ტრიპოლიში, ქვეყნის დასავლეთში. ახლადარჩეული პალატა კი აღმოსავლეთში, ქალაქ ტუბრუკში გადავიდა და იქიდან შეუდგა საქმიანობას, ცნობილი გენერლის, ხალიფა ჰაფთარისა და მისი არმიის მხარდაჭერით. ასე დაიწყო “ორხელისუფლებიანობა” ლიბიაში.
2015 წელს, გაეროს შუამავლობით მოლაპარაკებების შედეგად, დაკომპლექტდა “ეროვნული შეთანხმების მთავრობა”, როგორც პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის გზა. აღნიშნულს ვითარება არ შეუცვლია: ბრძოლა ხალიფა ჰაფთარის მხარდაჭერილ ადმინისტრაციასა და გაეროს მიერ აღიარებულ მთავრობას შორის გაგრძელდა. ორივე მათგანს სურდა ლიბიის ტერიტორიაზე და რაც მთავარია, ნავთობბაზებზე, სრული კონტროლი.
ლიბიის მეორე სამოქალაქო ომი წლებია, მხოლოდ ქვეყნის შიდა საქმეს აღარ წარმოადგენს. გაეროს მხარდაჭერილ მთავრობას სხვადასხვა ფორმით ეხმარებიან თურქეთი, კატარი და იტალია, ჰაფთარის არმიას კი – რუსეთი, ეგვიპტე, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და შედარებით მცირე მასშტაბით, საფრანგეთი და იორდანია.
უკანასკნელ 2 თვეში მხარეები მხარეთა შორის გაეროს შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესია: შეთანხმდნენ, რომ მომდევნო საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები დეკემბერში ჩატარდება, მანამდე კი, აირჩევა დროებითი მმართველი ორგანო ორივე მხარის ჩართულობით.
ლიბიაში 10-წლიანი კრიზისის მსხვერპლთა ოდენობის დადგენა რთულია, ვინაიდან საკითხი მეტად პოლიტიზებულია. რიცხვები 2 500-დან 25 000-მდე მერყეობს და ეს მხოლოდ პირველი სამოქალაქო ომის პერიოდში. გაეროს გასული წლის მონაცემებით, 200 000 ადამიანი ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულია, 1.3 მილიონი კი – ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.
იემენი 10 წლის წინანდელ მოვლენებამდეც ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი არაბული ქვეყანა იყო, არაერთი პოლიტიკური გამოწვევით. მთავრობასა და შიიტ მეამბოხეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 2004 წლიდან მიმდინარეობდა, რასაც ალ-ქაიდას ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ფრთის მოქმედებები ემატებოდა.
2011 წლის მარტში რეგიონში დაწყებული საპროტესტო ტალღა იემენსაც მოედო. მოითხოვდნენ პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის გადადგომას, რომელიც გაერთიანებულ იემენს 1990 წლიდან მართავდა. თავდაპირველი უარის მიუხედავად, დემონსტრაციებისა და ოპოზიციის ზეწოლის შედეგად, სალეჰი გადადგა.
მისი ადგილი დაიკავა ვიცე-პრეზიდენტმა აბდ რაბუჰ მანსურ ჰადიმ, რომელიც 2012 წელს აირჩიეს პრეზიდენტად.
კორუფცია, უმუშევრობა, საკვების ნაკლებობა და სხვა პრობლემები მხოლოდ უარესდებოდა. საბიუჯეტო და საკონსტიტუციო ცვლილებების კუთხით ჰადის მცდელობებს იმთავითვე ეწინააღმდეგებოდნენ ჰუსიტები – შიიტი უმცირესობის, ზაიდიტთა სექტის წარმომადგენლები – რომლებიც ქვეყნის ჩრდილოეთში მოქმედებდნენ.
უშედეგო კონსულტაციების შემდეგ, 2015 წლის იანვარში, ამბოხებულებმა დატოვეს თავიანთი კონტროლის ზონა ქვეყნის ჩრდილოეთში, შეიჭრნენ დედაქალაქ სანააში, შეუტიეს რიგ სტრატეგიულ ობიექტებს, აიღეს პრეზიდენტის სასახლე და მთელ ქალაქზე დაამყარეს კონტროლი. მათ აიძულეს ჰადი, ჯერ დედაქალაქი, შემდეგ კი ქვეყანა დაეტოვებინა.
იემენის კრიზისის ყველაზე სისხლისმღვრელი ნაწილი 2015 წლიდან დაიწყო, როცა კოალიციამ რეგიონის გავლენიანი მოთამაშის – საუდის არაბეთის – თაოსნობით საჰაერო დარტყმების მიტანა დაიწყო იემენზე. მთავარ სამიზნედ გამოცხადდნენ ჰუსიტები, რომელთაც სუნიტური საუდის არაბეთი ყოველთვის განიხილავდა შიიტური ირანის იარაღად რეგიონში. საუდის არაბეთის გაცხადებული მიზანი ქვეყნის ლეგიტიმური ხელისუფლების აღდგენაა.
ასე აღმოჩდა იემენი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე. გაეროს მონაცემებით, კრიზისის დროს დაღუპულ 233 000 იემენელს შორის 60%-ს მცირეწლოვანი ბავშვები შეადგენენ. ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი შიმშილის ზღვარზეა. ორგანიზაცია ამბობს, რომ ეს არის ადამიანის ქმედებებით გამოწვეული ყველაზე მწვავე ჰუმანიტარული კრიზისი ისტორიაში.
დღეს, როდესაც სიტყვები – “სირია” და “ომი” – ფაქტობრივად, ერთმანეთთან ასოცირდება, შესაძლოა, ბევრს აღარც კი ახსოვდეს, როგორ დაიწყო ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი კონფლიქტი არაბულ რეგიონში.
2011 წლის მარტში ტუნისისა და სირიის დიქტატორები უკვე ჩამოშორებულნი იყვნენ ხელისუფლებას, როდესაც სირიის პატარა, სასაზღვრო ქალაქ დერააში, რამდენიმე მოსწავლემ სკოლის კედელზე დაწერა: “ახლა შენი ჯერია, დოქტორო!”
რთული გამოსაცნობი არ იყო, ვინ მიემართებოდა გრაფიტი: მეზობელი ქვეყნების რევოლუციური პროცესებით შთაგონებულმა მოსწავლეებმა ასე მიმართეს ბაშარ ალ-ასადს, რომელიც 11 წლის მოსული იყო ხელისუფლებაში მას შემდეგ, რაც მამამისი, ექსპრეზიდენტი ჰაზეფ ასადი გარდაიცვალა.
ახალგაზრდა ლიდერის მიმართ ოპტიმისტური მოლოდინები არსებობდა, მამამისის 30-წლიანი “რკინის ხელის” შემდეგ. თუმცა, წლებთან ერთად მატულობდა უკმაყოფილებაც უმუშევრობის, კორუფციისა და თავისუფლებების ნაკლებობის გამო.
ხსენებული გრაფიტის ავტორები პოლიციამ მალევე დააკავა. არაბული გაზაფხულის ათვლის წერტილად პროცესების არაერთი მონაწილე სწორედ ამ პერიოდს მიიჩნევს:
მოზარდების დაკავებისა და ციხეში მათდამი არაადამიანური მოპყრობის შემდეგ, უკმაყოფილო ადგილობრივები ჯერ მათი გათავისუფლების მოთხოვნით, სახელმწიფოს ძალისმიერი პასუხის შემდეგ კი პროტესტი დომინოს პრინციპით მოედო სხვა ქალაქებსაც.
ოპოზიციის მხარდამჭერებმა იარაღი ჯერ ძალოვნებისაგან თავდასაცავად აისხეს, შემდეგ კი კონკრეტული ტერიტორიების დაკავებაც დაიწყეს. ხელისუფლების ხისტი პასუხისა და ამბოხებულთა წინააღმდეგობის ფონზე, პროცესი მალე გადაიზარდა სამოქალაქო ომში.
დღეისათვის რთულია იმის თქმა, რომ ბრძოლა ასადის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მიმდინარეობს, ვინაიდან დროთა განმავლობაში, ომში უამრავი დაინტერესებული ჯგუფი თუ სახელმწიფო ჩაერთო.
დასავლეთის ქვეყნები და თურქეთი იმთავითვე ეხმარებოდნენ მეამბოხეებს, რითაც შემდგომ მეტად გაძლიერებულმა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფებებმაც იხეირეს. თავის მხრივ, ასადს დაეხმარა ირანი, 2015 წელს კონფლიქტში რუსეთის ჩართვამ კი ვითარება ერთმნიშვნელოვნად შეცვალა პრეზიდენტის სასარგებლოდ. ამასობაში, სირიაზე ასობით ავიადარტყმა მიიტანა ისრაელმა, რომელიც რეგიონში ირანის გავლენას ებრძვის.
სირიის სამოქალაქო ომის შედეგები რთულად დასათვლელი, თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც შემაძრწუნებელია. ასობით ათასი ადამიანი დაღუპულია ან დაკარგულად მიიჩნევა, დაახლოებით ექვსმა მილიონმა სირიელმა ქვეყანა დატოვა, ინფრასტრქუტურას კი ასობით მილიარდი დოლარის ოდენობის ზიანი მიადგა.
ნგრევა მისწვდა ყველაფერს: საცხოვრებელ სახლებს, სასწავლო დაწესებულებებს, საავადმყოფოებს, სალოცავებს თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს.
სირიის ტერიტორიის დიდ ნაწილზე ასადის ძალებმა, ძირითადად, რუსეთის დახმარებით, კონტროლის აღდგენა შეძლეს.
მრავალი აქტივისტი, რომელიც 10 წლის წინ დემოკრატიული ცვლილებებისთვის იბრძოდა, დღეს ემიგრაციაში ცხოვრობს. არაერთმა, სამშობლოს დატოვებამდე, სირიის ციხეებში წამება და არაადამიანური მოპყრობა გამოიარა. მათი აზრით, სწორედ ხელისუფლების ძალადობრივმა მოქმედებებმა განაპირობა სირიის დღევანდელი რეალობა.
ერთ-ერთი მათგანი, ომარ ალ-შუღრი, რომელიც 2011 წელს, 15 წლის ასაკში რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს და აწამეს, შემდეგ კი მამა მოუკლეს, ამჟამად შვედეთში ცხოვრობს. France Press-თან საუბრისას ის აღნიშნავს:
“მარტივი არ არის, დაკარგო შენი სახლი, მამა, ძმები, სკოლა, ქალაქი, მთები და მოგონებები. მაგრამ დროის უკან დაბრუნება რომც შემეძლოს, ამას არ ვიზამდი. ვინაიდან, რევოლუცია იყო პირველი სწორი რამ, რაც ჩვენ სირიაში გავაკეთეთ”.
წყარო:https://netgazeti.ge/