USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
Far ტიპის ულტრაიისფერი-C სინათლე ჰაერში კორონავირუსის 99.9%-ს კლავს
Date:  823

კოლუმბიის უნივერსიტეტში დასრულდა კვლევა, რომელიც ჰაერში კორონავირუსებზე Far ტიპის ულტრაიისფერი-C (Far-UVC) სინათლის სხივების ზემოქმედებას სწავლობდა. ამ ტიპის სხივებს 10 წელზე მეტია, დასავლეთის ბევრი ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებში, საავადმყოფოს პალატების და სამედიცინო აღჭურვილობის სტერილიზაციისთვის იყენებენ.

მკვლევარები აცხადებენ, რომ Far-UVC-ის კონკრეტული სიგრძის სხივები ჰაერში კორონავირუსისის 99.9 პროცენტს კლავს. ამასთან, საუბარია ისეთ გამოსხივებაზე, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის. ასეთია კოლუმბიის უნივერსიტეტის ირვინგის სამედიცინო ცენტრის მეცნიერთა ჯგუფის დასკვნა.

„ჩვენს შედეგებზე დაყრდნობით, არსებული რეგულაციების ლიმიტების დაცვით, ჰაერის ხანგრძლივ დეზინფექციას Far-UVC სინათლით, შეუძლია დიდი რაოდენობით შეამციროს ვირუსი ჰაერში, ისეთ დახურულ სივრცეში, სადაც ადამიანები იმყოფებიან“ - ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი დევიდ ბრენერი. ის კოლუმბიის უნივერსიტეტში რადიაციული ბიოფიზიკის პროფესორი და რადიოლოგიური კვლევების ცენტრის დირექტორია.

ამ ტიპის სინათლეს გაცილებით მოკლე სხივები აქვს, ვიდრე სხვა ულტრაიისფერ გამოსხივებას. სწორედ ამიტომ არის ის ნაკლებად სახიფათო ადამიანისთვის, თორემ ზოგადად, ულტრაიისფერი გამოსხივება ადამიანისთვის რისკების შემცველია. მათ შეუძლიათ გაზარდონ კანის სიმსივნის რისკი, დაასუსტონ ადამიანის იმუნური სისტემა, დააზიანონ ჩვენი კანი და თვალები.

სწორედ ამიტომ, კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩატარებული ექსპერიმენტისთვის შეირჩა Far-UVC, რომლის ფოტონებს ადამიანის კანში შეღწევის უნარი გაცილებით შეზღუდული აქვთ. მეორეს მხრივ, მათ შეუძლიათ გაცილებით იოლად მოკლან ისეთი ბაქტერიები და ვირუსები, რომელთა სისქე 1μm-ს არ აღემატება.

2018 წელს ჩატარებული კვლევებით უკვე დადასტურებული იყო, რომ ულტრაიისფერი გამოსხივების ეს ტიპი წარმატებით კლავს გრიპის ვირუსებს. მკვლევარებს ახლა მისი გამოცდა კორონავირუსებზე აინტერესებდათ.

მეცნიერებმა შეარჩიეს აღნიშნული სინათლის ტალღის არა 254nm სიგრძე, რომელიც ცარიელი საავადმყოფოების, ან მეტროს ვაგონების დეზინფექციისთვის გამოიყენება, არამედ კიდევ უფრო მოკლე სიგრძის ტალღა - 222nm, რაც ადამიანის ჯანმრთელობას რისკს არ უქმნის. ამ ზომის Far-UVC სინათლე ვერც ცრემლის საფარში აღწევს და ადამიანის ორგანიზმის ცოცხალ უჯრედებსაც ვერ აზიანებს.

უნივერსიტეტში ფიქრობენ, რომ ასეთი განათების დაყენება თავისუფლად შეიძლება მაგალითად, ოთახის ჭერში. ის ეფექტურად მოკლავს კორონავირუსებს ისე, რომ იქ მყოფ ადამიანებს რისკებს არ შეუქმნის. ამგვარი განათება კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემას მნიშვნელოვნად შეამცირებდა, ისევე როგორც სხვა გრიპის ვირუსების გავრცელებას.

ექსპერიმენტისთვის, მეცნიერებმა აეროზოლის ტიპის დანადგარით, Far-UVC (222nm) ლამპის წინ, ოთახში კორონავირუსის ორი სახე გააფრქვიეს. შემდეგ შეამოწმეს, თუ რა დროში, ვირუსის რა რაოდენობა მოკვდებოდა. მათი ნაშრომის მიხედვით, სინათლემ 8 წუთში ჰაერში ვირუსის დაახლოებით 90% მოკლა, 11 წუთში - 95%, 16 წუთში - 99% და 25 წუთში - 99.9%.

ჯერ კიდევ მიმდინარეობს ექსპერიმენტი, რომელიც კონკრეტულად ახალ კორონავირუსს, სარს-კოვ-2-ს სწავლობს. ვირუსს, რომელმაც პანდემია კოვიდ-19 გამოიწვია. პირველადი მონაცემები უკვე ადასტურებს, რომ Far-UVC (222nm) სინათლე მასზეც ისეთივე წარმატებით მოქმედებს, როგორც სხვა კორონავირუსებზე.

„Far-UVC სინათლე სინამდვილეში კორონავირუსის სახეობებს ერთმანეთისგან ვერ არჩევს, ასე რომ ჩვენ მოველით, რომ ის სარს-კოვ-2-საც ისევე მოკლავს“ - ამბობს პროფესორი ბრენერი. მისი თქმით, „ვინაიდან სარს-კოვ-2 უმეტესად აირწვეთოვანი გზით ვრცელდება, ჰაერში დახველების და დაცემინების შედეგად, მნიშვნელოვანია გაგვაჩნდეს საშუალება, რომელიც ჰაერში ვირუსის აქტივობას გაანეიტრალებს, კერძოდ იქ, სადაც ხალხი იმყოფება“.

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ფიქრობს, რომ ამ ტიპის განათების დაყენება უსაფრთხო იქნება საავადმყოფოებში, ავტობუსებში, თვითმფრინავებში, მატარებლებში, მეტროს, თუ მატარებლის სადგურებზე. ასევე - ოფისებში, უნივერსიტეტებში, სკოლებში, რესტორნებში, მაღაზიებში, კინოთეატრებში, თუ სპორტულ დარბაზებში. „ნებისმიერ ადგილას, სადაც ხალხი დახურულ სივრცეში იკრიბება, Far-UVC სინათლე სხვა ზომებთან კომბინაციაში, როგორიცაა ნიღბები, ხელის დაბანა, სარს-კოვ-2-ის და სხვა ვირუსების გავრცელებას შეზღუდავდა“ - აღნიშნავს პროფესორი ბრენერი.

აღნიშნული ნაშრომი 24 ივნისს გამოქვეყნდა. მისი დეტალურად გაცნობა შესაძლებელია სამეცნიერო ჟურნალში „ნეიჩერ“. კვლევა დააფინანსა შოსტაკის ფონდმა და შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა. დევიდ ბრენერთან ერთად, კვლევის ავტორები არიან კოლუმბიის უნივერსიტეტის ირვინგის სამეცნიერო ცენტრის თანამშრომლები: მანუელა ბუონანო, დევიდ უელში და იგორ შურიაკი.

 

წყარო: amerikiskhma.com

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way