USD 2.6989
EUR 3.1083
RUB 3.3612
თბილისი
ანტიკორუფციულმა ბიურომ 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
თარიღი:  719

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა ბიუროს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ბიუროს უფროსმა გამოსვლის დასაწყისში აღნიშნა, რომ დამოუკიდებელი და მრავალფუნქციური უწყების შექმნამ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის, კოორდინირებული ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების ეფექტიანი შესაძლებლობა გააჩინა, რაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ძლიერი იარაღია.

„შექმნიდან ერთი წლის მანძილზე, ბიურომ არსებული ინსტიტუციური გამოცდილების, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების შესწავლის, აკადემიური წრეების წარმომადგენლებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობის, საჯარო სექტორთან კომუნიკაციებისა და ასევე საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით შეძლო მყარი ფუნდამენტის ჩაყრა ბიუროს წარმატებული სამომავლო საქმიანობისათვის“, - აღნიშნა ბიუროს უფროსმა.

რაჟდენ კუპრაშვილმა ყურადღება გაამახვილა ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე.

მისი თქმით, ეფექტიანი სტრატეგიის დასახვისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, 2023 წელს ბიუროს მიერ შესწავლილ იქნა 15 ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა, გაკეთდა სიტუაციური ანალიზი, გადამზადდა ბიუროს თანამშრომლები და დაიგეგმა სპეციალური სასწავლო პროგრამების შემუშავება, რომელიც საჯარო მოხელეებს მისცემს გეგმით დადგენილი აქტივობების შესრულებისათვის საჭირო ცოდნასა და კვალიფიკაციას.

ბიუროს უფროსი მამხილებლის ინსტიტუტის გაძლიერების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ „აღნიშნულის უზრუნველყოფისათვის, ანტიკორუფციული ბიუროს წინადადებით, საქართველოს პარლამენტის მიერ მომზადდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს მამხილებლისათვის უფასო იურიდიული დახმარების უზრუნველყოფასა და უფასო ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას.“

რაჟდენ კუპრაშვილმა წარადგინა სტატისტიკა წლის განმავლობაში შემოწმებული თანამდებობის პირების, დასრულებული მონიტორინგისა და დაჯარიმებულ პირთა რაოდენობების შესახებ. ბიუროს უფროსმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგის პროცესების სტატისტიკური მონაცემები.

ბიუროს საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას საერთაშორისო თანამშრომლობა და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება წარმოადგენს.

„ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში გადიოდა მნიშვნელოვან რეფორმებს და ერთ-ერთი რეფორმა ანტიკორუფციული ბიუროს ჩამოყალიბება გახლდათ. მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ანტიკორუფციული ბიურო გაგვეცნო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, ასევე ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებისთვის წარგვედგინა საქართველოში განხორციელებული რეფორმის შინაარსი“, - აღნიშნა მან.

ღონისძიებას დაესწრნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, თბილისის მერი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

მსოფლიო
რესპუბლიკელი კონგრესმენი ტიმ ბურჩეტი: თუ ოდესმე გასაჯაროვდება უცხოპლანეტელების შესახებ არსებული ინფორმაცია, ბევრს ღამე არ დაეძინება

რესპუბლიკელი კონგრესმენის ტიმ ბურჩეტის თქმით, ვაშინგტონის მიერ ოდესმე თუ გასაჯაროვდება უცხოპლანეტელების შესახებ არსებული ინფორმაცია, ბევრს ღამე არ დაეძინება. ამის შესახებ New York Post წერს.

„უბრალოდ ამას ვიტყვი - თუ ისინი გაასაჯაროებდნენ იმას, რაც მე ვნახე, თქვენ ღამე ვერ დაიძინებდით, ამაზე ფიქრში იქნებოდით“, - თქვა ბურჩეტმა Newsmax-ის წამყვანთან, რობ ფინერტთან საუბარში.

ბურჩეტმა, რომელიც წარმომადგენელთა პალატის საიდუმლო ფედერალური მასალების დეკლასიფიკაციის სამუშაო ჯგუფის წევრია - გაიხსენა, რომ ორი კვირის წინ მიიღო ინფორმაცია „ერთ საკითხზე“, რომელიც არამიწიერ სიცოცხლეს ეხებოდა და რომლის გასაჯაროებაც „დედამიწას თავდაყირა დააყენებდა“ და ქვეყანას „შოკში ჩააგდებდა“.

„ხალხი პასუხებს მოითხოვდა“, - განაცხადა ბურჩეტმა, თუმცა დეტალებზე არ ისაუბრა.

გადაცემაში წამყვანმა ყოფილი კონგრესმენის, მეტ გეცის ვიდეო აჩვენა, სადაც ის ამტკიცებდა, რომ იცოდა ადამიანი-უცხოპლანეტელების ჰიბრიდული პროგრამების შესახებ.

ბურჩეტმა ამ განცხადებაზე პირდაპირი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

„მე ისევ კონგრესის წევრი ვარ, ამიტომ ვერ შევძლებ მეტის თქმას იმაზე, რაც მეტმა თქვა“, - აღნიშნა ბურჩეტმა.

„მოიცა, მართლა?“ - ოდნავ დაეჭვებით უპასუხა ფინერტიმ.

„100%-ით სერიოზულად ვამბობ“, - უპასუხა ბურჩეტმა

კონგრესმენმა ტიმ ბურჩეტმა განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს „ინფორმაციის სრულ გამჟღავნებას“ მიუხედავად იმისა, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სიმართლეს საზოგადოებაზე.

„ხალხს აქვს უფლება იცოდეს, ეს თქვენი გადახდილი გადასახადებია. მოდი, ყველაფერი გამოვიტანოთ სააშკარაოზე“, - თქვა მან.

ბურჩეტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ სენსიტიურ საკითხებზე პასუხისმგებელი ადამიანები თავად პრობლემის გულში არიან.

„როდესაც ვარ დახურულ შეხვედრაზე და ვსვამ კითხვას პრეზიდენტის პოზიციებზე ამ თემებთან დაკავშირებით და რომელიღაც ამპარტავანი მეუბნება, რომ პრეზიდენტიც კი მხოლოდ იმაზეა ინფორმირებული, რაც საჭიროა იცოდეს - ვფიქრობ, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რაც რეალურად ხდება“, - აღნიშნა ბურჩეტმა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის