USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
ანო ოზაშვილი-ამერიკაში მცხოვრები უძრავი ქონების აგენტი
თარიღი:  1201
ნიუ იორკში პირველად 2014 წელს ჩამოვედი. თბილისში კერძო სკოლა “მთიები” დავამთავრე და ჩავაბარე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში. ამის შემდეგ ჩემი პროფესიით გავიარე სტაჟირება და ვიმუშავე სხვადასხვა კერძო სტრუქტურაში.
2016 წელს დავიწყე მუშაობა ნიუ-ჯერსის ერთ-ერთ ბანკში, რომელიც უძრავი ქონების შესასყიდად გასცემს სესხებს. სესხის ოფიცრები და ბროკერები ამ სფეროში მჭიდრო პარტნიორები არიან, რადგან ორივე მხარე სახლის შეძენის პროცესში ეხმარება კლიენტს. ამიტომ ოფისში ხშირად გვსტუმრობდნენ იმ დროისათვის უკვე ძალიან წარმატებული და გამოცდილი ბროკერები. ვისმენდი საინტერესო და სახალისო ისტორიებს, რაც თან ახლავს ამ პროფესიას. მიუხედავად იმისა, რომ სტრესულ სიტუაციებთან უწევდათ გამკლავება ყოველდღიურად, ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ მათი საქმიანობა დიდ სიამოვნებას ანიჭებდათ და არცერთ სხვა პროფესიაში არ გაცვლიდნენ. სწორედ ამ პერიოდში დავიწყე კურსებზე სიარული, რათა ამეღო ლიცენზია და შევუერთდი ერთ-ერთ ცნობილ საბროკერო კომპანიას. ნიუ იორკის რეალ ისტეიტის სპეციფიკა არამარტო სხვა ქვეყნებისგან, არამედ სხვა შტატებისგანაც ძალიან განსხვავდება.
მიუხედავად იმისა, რომ ნიუ იორკში სახლის შესაძენად კლიენტები რეკორდულ ფასებს იხდიან, მოთხოვნა მაინც არასდროს იკლებს და ამიტომაც, ნიუ იორკის მარკეტი ყველაზე სტაბილურად ითვლება. ინვესტორებისთვის აქ უძრავი ქონების შეძენა შორეულ პერსპექტივაში გარანტირებულ ფინანსურ მოგებასთან ასოცირდება . სხვადასხვა პოლიტიკური თუ ფინანსური მოვლენები, მაგალითად არჩევნები, ინფლაცია, სესხებზე პროცენტის ზრდა, გარკვეულ ზიანს აყენებს ამ სფეროსაც, მაგრამ ნიუ იორკში, ამ ქალაქის მნიშვნელობიდან გამომდინარე, უძრავ ქონებაზე ფასები მნიშვნელოვნად არასდროს ეცემა.
ამ ბიზნესში წარმატებას რომ მიაღწიო, საჭიროა იყო კომუნიკაბელური, შრომისმოყვარე და გქონდეს დისციპლინა. უნდა გიყვარდეს ადამიანებთან ურთიერთობა და მათი დახმარება. მნიშვნელოვანია მოთმინების და სტრესთან გამკლავების უნარი. ტრანზაქციის შესრულება ხშირ შემთხვევაში 2-3 თვე გრძელდება და მთელი ამ ხნის განმავლობაში ბეწვის ხიდზე გადიხარ. ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება ისეთი პრობლემა წარმოიშვას, რომ გამოსავლის მოძებნა შეუძლებლად მოგეჩვენოს და ასეთი “Deal breaker” შემიძლია უსასრულოდ ჩამოვთვალო. რაც მთავარია, “Multi-tasking” უნდა შეგეძლოს. ცოტა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მე ხშირად მიწევს კლიენტისთვის სახლის ჩვენების პარალელურად მეილების გაგზავნა და საათზე ყურება, რადგან, როგორც წესი, მომდევნო შეხვედრაზე მეჩქარება.
ლიცენზიის აღება განსაკუთრებულ ფინანსებთან და დროსთან არ არის დაკავშირებული. სკოლების დიდი არჩევანია და ალბათ შენთვის მოსახერხებელი ლოკაციიდან გამომდინარე უნდა შეარჩიო, სადაც 77 საათიან კურსს გაივლი და შემდეგ ორ გამოცდას, სკოლის და შტატის დონეზე აბარებ. შემდეგ ყოველ 2 წელიწადში საჭიროა ამ ლიცენზიის განახლება. ნიუ იორკის ლიცენზიით სხვა შტატში ვერ იმუშავებ, თუმცა შესაძლებელია, ერთდროულად რამდენიმე შტატში იყო ლიცენზირებული და აწარმოო საქმიანობა.
ემიგრანტებისთვის, პირველ რიგში, ენის სრულყოფილად ცოდნაა საჭირო. ნიუ იორკელებს მოსწონთ აქცენტი და ხშირად კომპლიმენტსაც გეუბნებიან, თუმცა უნდა გახსოვდეს, რომ მათთვის ინფორმაციის პირველწყარო ხარ და შეიძლება მინიმალური დეტალი, რომელიც მე უმნიშვნელოდ მომეჩვენოს, მათთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ამიტომ უნდა შეგეძლოს დიალოგის იდეალურად წარმართვა. ასევე მზად უნდა იყო იმისთვის, რომ მუშაობა მოგიწევს კვირაში შვიდი დღე, სხვანაირად წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ამის გამო ბევრ რამეზე მიწევს უარის თქმა. წარმოუდგენლად დიდი კონკურენციის ფონზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება კლიენტს შესთავაზო, არის ის, რომ მუდმივად გეცალოს და მზად იყო მათთან სასაუბროდ, აჩვენო სახლი მათთვის მოსახერხებელ დროს, დაეხმარო საჭირო დოკუმენტების მოძიებაში და ასე შემდეგ… ამას შენ თუ არა, სხვა ბროკერი გააკეთებს.
კლიენტებთან ურთიერთობა ჩემი საქმიანობის მთავარი ხიბლია. ეს ადამიანები თავისი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას იღებენ და ამ პროცესში ნდობას გიცხადებენ. ჩემი ტრანზაქციების უმრავლესობაში გამყიდველის მხარეს წარმოვადგენ და ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მათთვის სასურველ ფასად ვყიდი სახლს. დროთა განმავლობაში მეგობრული ურთიერთობაც ყალიბდება და მათი რეკომენდაციით ახალ კლიენტებსაც ვიძენ. ყველაზე პრობლემატური კლიენტიც საბოლოო ჯამში გიფასებს შრომას, რადგან ხედავს, რამხელა ძალისხმევის გაღება გჭირდება შედეგის მისაღწევად. ბროკერის ანაზღაურება გასაყიდი სახლის ღირებულებაზეა დამოკიდებული, თუმცა ჩემი საქმიანობის მანძილზე ყველაზე იაფფასიანმა სახლმა, რომელიც რთულად გასაყიდი აღმოჩნდა, სხვადასხვა მიზეზის გამო, ჩემგან ყველაზე დიდი შრომა და ენერგია მოითხოვა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველა კლიენტი თანაბრად მნიშვნელოვანია.
ვინც ამ ბიზნესს ახლა იწყებს, აუცილებლად ვურჩევდი გამოცდილ და წარმატებულ ბროკერთან დაეწყოთ მუშაობა, ვისგანაც ბევრს ისწავლიან. ბევრი აქ მცხოვრები ქართველი მიკავშირდება, ვინც ახლახანს აიღო ლიცენზია ან მომავალში აპირებს და აზრს მეკითხება. მეც ყველას ამ რჩევას ვაძლევ. გამოცდის ჩაბარება მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რეალურად მზად არ ხარ რომ ამ სფეროში დამოუკიდებლად იმუშაო.
ამ საქმეში წარმატების გაზომვა ციფრებით შესაძლებელია. სხვადასხვა ონლაინ პლატფორმები, რომლებსაც ლიცენზირებული ბროკერები უძრავი ქონების მარკეტინგისთვის იყენებენ, მათი ერთგვარი სავიზიტო ბარათია. კლიენტი ვიდრე შენთან თანამშრომლობას გადაწყვეტს, ამ საიტებზე ამოწმებს შენს პროფილს, სადაც ხედავს როდის შეასრულე ბოლო ტრანზაქცია, რამდენად ხშირად ყიდი სახლს მის უბანში ან მის საცხოვრებელ კომპლექსში. ჩემი და ალბათ ყველა უძრავი ქონების აგენტის მიზანი — რეიტინგების სათავეში მოხვედრა და იმ შედეგების გაუმჯობესებაა, რაც გასულ წელს მქონდა. თუ ეს ასე მოხდა, იმ წელს წარმატებულად ვთვლი.
ნიუ იორკი ძალიან კომპლექსური ქალაქია. ერთ-ერთი პირველი, რაც ბროკერმა უნდა გააკეთოს როდესაც ამ სფეროში გადაწყვეტს საქმიანობას, სამიზნე ჯგუფის არჩევაა. ჩემი სპეციფიკა მანჰეტენის რეალ ისტეიტია სხვადასხვა მიზეზის გამო. პირველ რიგში, კარგად ვიცნობ აქაურობას და როდესაც ბევრი პოზიტიური ინფორმაციის მიწოდება შემიძლია კლიენტისთვის კონკრეტულ სახლზე, უბანსა და საცხოვრებელ კომპლექსზე, მათი დაინტერესებაც მარტივად გამომდის. გარდა ამისა, უძრავ ქონებას მანჰეტენზე გაცილებით მაღალი ფასი აქვს, ვიდრე ბრუკლინსა და ქუინსში. აქ გაყიდული ერთი პენტჰაუსი შასაძლოა ფინანსურად იმაზე მომგებიანი იყოს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქალაქში მთელი წლის განმავლობაში გაყიდული უძრავი ქონება ერთად აღებული.
ამ ბიზნესში უფრო მომგებიანი და რეალისტური ხანმოკლე მიზნების დასახვაა. ყოველ კვირეული და თუნდაც ყოველ დღიური. დღის განმავლობაში მიღწეულ პატარა წარმატებას ან კონკრეტული შედეგის დადებას საბოლოო ჯამში დიდ მიზნამდე მივყავარ, რაც ნიუ იორკის ტოპ ბროკერების სიაში მოხვედრაა. ამ სფეროში ყოველი დღე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება და მოულოდნელობებითაა აღსავსე. ეს ჩემს საქმიანობას უფრო საინტერესოს ხდის და დაღლილობას მხოლოდ დღის ბოლოს სახლში მისვლისას ვგრძნობ.
იმედგაცრუებას დამწყები აგენტების სრული უმრავლესობა განიცდის. საბოლოოდ იმარჯვებს ის, ვინც არ ნებდება და საკუთარი თავის რწმენას ინარჩუნებს. ვისმენ ისტორიებს ამერიკის ყველაზე წარმატებული ბროკერების,თუ როგორ გაუჭირდათ პირველი კლიენტის მოძიება, როგორ დაასრულეს პირველი წელი სეილის გარეშე და აპირებდნენ სხვა სამსახურის ძიებას, თუმცა ისინი დღეს წელიწადში მილიარდი დოლარის უძრავ ქონებას ყიდიან და თავბრუდამხვევი კარიერა აქვთ. ამ ქალაქს ერთი საოცრება ახასიათებს: საკუთარ თავში აღმოგაჩენინოთ ისეთი თვისებები, რისი არსებობის შესახებ თავადაც არ იცოდით და თუ ამ თვისებებს სწორად გამოიყენებთ, აუცილებლად დაჯილდოვდებით!
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის