USD 2.6970
EUR 3.1803
RUB 3.4395
თბილისი
«産経新聞»//«Sankei Shimbun» (იაპონია): „ჩინური საშუამავლო დიპლომატიის ჭეშმარიტი მიზნები“
თარიღი:  373

იაპონურმა გამოცემამ - გაზეთმა „სანკეი შიმბუნმა“ (産経新聞//Sankei Shimbun) გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ჩინური საშუამავლო დიპლომატიის ჭეშმარიტი მიზნები“, რომლის ავტორია მიაკე კუნიხიკო, ყოფილი დიპლომატი, კიოტოს უნივერსიტეტის პროფესორი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მიმდინარე კვირაში საერთაშორისო მასმედიის მთავარ თემას ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტი წარმოადგენს. პრესის, ტელევიზიის და სხვადასხვა გამოცემების ინტერესი და ყურადღება მიპყრობილი იყო და არის იმ მიზეზებისაკენ, რის გამოც ჩინეთი საშუამავლო დიპლომატიას ახორციელებს რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის მიზნით (ირან-საუდის არაბეთის შერიგების შემდეგ), აგრეთვე შეფასებებსა და პროგნოზებზე - რამდენად წარმატებული იქნება პეკინის მცდელობა. ექსპერტებისა და დამკვირვებლების უმრავლესობა თვლის, რომ ჩინეთს მართლაც აქვს განზრახული მშვიდობის დამყარება უკრაინაში და ამ მიზნით თავის  გლობალურ გავლენას იყენებს. მაგრამ ნამდვილად ასეა?

მეომრულობიდან მონაწილეობისაკენ?

რა თქმა უნდა, ჩინური დიპლომატია ბოლო დროს მართლაც იცვლება. ამის ცვლილებები ჯერ-ჯერობით კარგად გარკვეული არ არის, მაგრამ კომპარტიის გასული წლის ყრილობის შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ პეკინის დიპლომატია ტრადიციული „მიმწოლი“ ღია მეთოდებიდან აქცენტს კულისებში მიმდინარე დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე აკეთებს.

დასავლეთისთვის ცუდი ამბავი იმაში გამოიხატება, რომ არაეფექტური მეომრული დიპლომატიის შესაცვლელად ჩინელებმა გადაწყვიტეს უფრო დახვეწილ დიპლომატიურ მეთოდებზე გადასულიყვნენ, ანუ მუქარებიდან მასში მონაწილეობაზე, რაც პერსპექტივაში მეტი ეფექტის მომტანი უნდა იყოს.

კარგი ამბავი კი, როგორც  მიმდინარე ეტაპი გვაჩვენებს, იმაში გამოიხატება, რომ ჩინეთს ჯერ-ჯერობით არ შეუძლია სრულფასოვანი საშუამავლო დიპლომატიის გატარება არც უკრაინაში და არც ახლო აღმოსავლეთში.

ზოგიერთი შეიძლება შემედავოს - ფაქტები ჯიუტია, პეკინმა დიპლომატიაში მართლაც წარმატებებს მიაღწიაო, მაგრამ მოდით, თანმიმდევრულად ვიმსჯელოთ.

დავიწყოთ ახლო აღმოსავლეთიდან.

ჩინეთი ირანმა და საუდის არაბეთმა მიიწვიეს?

ათ მარტს ჩინეთის კომპარტიის პოლიტბიუროს წევრი ვან ი, რომელიც პარტიაში ქვეყნის საგარეო ურთიერთობებს კურირებს, პეკინში ჩასული ირანისა და საუდის არაბეთის წარმომადგენლებს შორის იდგა და ფართოდ იღიმებოდა. ეს იმიტომ, რომ ორივე ქვეყანა დათანხმდა გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას და საელჩოების გახსნას ჩინეთის შუამავლობით.

მე სრულებით არ მინდა პეკინის ძალისხმევის დისკრედიტირება, მაგრამ, კაცმა რომ თქვას, ირანსა და საუდის არაბეთის შერიგების პროცესი, სანამ ჩინეთი ჩაერთვებოდა, უკვე დაწყებული იყო ერაყისა და ომანის შუამავლობით. ამას თავისი მიზეზები აქვს: ავღანეთიდან 2021 წელს ჯარების გაყვანის შემდეგ, აშშ-ის დიპლომატიურმა პრიორიტეტებმა ახლო აღმოსავლეთიდან ინდოეთ-წყანარო ოკეანის რეგიონში გადაინაცვლა. რა უნდა ექნათ ასეთ სიტუაციაში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს? ის, რომ მათ დაიწყეს თავიანთი პოლიტიკის გადასინჯვა, რათა რეაგირება მოეხდინათ სტრატეგიული ვითარების მოულოდნელ შეცვლაზე.

ირანი, რომელიც მკაცრი სანქციების ქვეშ იმყოფება აშშ-სთან ბირთვული მოლაპარაკების ჩაშლის შემდეგ, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მწვავე აუცილებლობას განიცდიდა. თავის მხრივ, საუდის არაბეთი, რომელიც პრინცი მუჰამედის თაოსნობით ეკონომიკურ რეფორმებს ატარებს, ასევე სურდა გარკვეული პაუზა აეღო იემენის კონფლიქტში მონაწილეობაზე, რომელიც ირანის წაქეზებით მიმდინარეობს. სწორედ ამ გარემოებებმა შეასრულეს წინამძღვრების როლი ჩინეთის წარმატებულ შუამავლობაში. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებმა თვითონ მიიწვიეს პეკინი, რომ შექმნილი ვითარებით ესარგებლა. სხვათა შორის, იგივე მოხდა საბჭოთა კავშირთან მიმართებით ცივი ომის პერიოდში.

ჩინეთს უკრაინის პრობლემის მოგვარება კი არ სურს, არამედ...

პეკინისათვის ახლო აღმოსავლეთში არსებული სტრატეგიული სიტუაცია უკრაინისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. სი ძინპინის ვიზიტის მიზანს რუსეთში საშუამავლო მისიის რეალიზება კი არ არის, არამედ ჩინეთის ეროვნული ინტერესების მაქსიმიზაცია, ანუ ომი არ უნდა დასრულდეს და ამერიკის ყურადღება მუდმივად ევროპისკენ უნდა იყოს გადატანილი, რის შედეგადაც აღმოსავლეთ აზიაში ჩინეთისათვის საფრთხე შემცირდება. ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია, რომ რუსეთი არ დამარცხდეს, ომი გააგრძელოს, ჩინეთი კი პარალელურად აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესებას უნდა შეეცადოს.

თავის მხრივ, რუსეთს ჩინეთის სამხედრო მხარდაჭერა სურს ომის გასაგრძელებლად. მე რომ ვლადიმერ პუტინის ადგილზე ვყოფილიყავი, სი ძინპინს ვიზიტის პირველივე დღეს გამართული საიდუმლო მოლაპარაკების დროს იარაღის მოწოდებას მოვთხოვდი, მაგრამ სი ძინპინის ადგილზე რომ ვყოფილიყავი, მისთვის დამახასიათებელი ორჭოფული მანერით მოვახდენდი რეაგირებას და არაფერს არ აღვუთქვამდი. იმიტომ, რომ იარაღის მიწოდებაზე თანხმობის შემდეგ ჩინეთს დასავლეთთან ურთიერთობა ძალიან გაუფუჭდებოდა.

ალბათ, ყველასათვის ცნობილია, რომ უკრაინის ომამდე ცოტა ხნით ადრე, ვლადიმერ პუტინთან პეკინში შეხვედრის დროს, სი ძინპინმა მტკიცედ განაცხადა, რომ რუსეთ-ჩინეთის მეგობრობა უსაზღვროაო, მაგრამ, სავარაუდოდ, მოსკოვში ვიზიტის დროს მას ასეთი შეცდომა აღარ დაუშვია.

ჩინური დიპლომატია - ეკვილიბრისტიკა ბაგირზე?

გასულ თვეში ვწერდი, რომ ჩინეთის მოკლევადიანი ინტერესების მაქსიმიზაცია ნიშნავს უკრაინაში მიმდინარე ომისგან გამოწვეული ნეგატიური შედეგების მინიმიზაციას. ამისათვის საჭიროა: ა) აშშ-სთან ურთიერთობის გაუმჯობესება, ბ) რუსეთისადმი მხარდაჭერა და გ) დასავლეთის რიგებში განხეთქილების შეტანა. სი ძინპინის რუსეთში ვიზიტის მიზნებიც იგივეა. ჩინეთი გააგრძელებს ბალანსის დაცვას, ცირკში ბაგირზე გამავალი ეკვილიბრისტის მსგავსად.

მაგრამ ასეთი მოქმედება პრობლემატური გახდება, თუ პეკინი აგრესიულ დიპლომატიას საბოლოოდ შეცვლის და კურსს პრობლემის მოგვარებაში მონაწილეობისაკენ აიღებს. ეს არ უნდა იქნეს დაშვებული. იაპონიამ და ამერიკამ მთელი თავისი სიბრძნე უნდა გამოიყენონ, რომ წინ აღუდგნენ ჩინეთის ახალ დიპლომატიურ შეტევას.

წყაროები: https://inosmi.ru/20230324/kitay-261639888.html

https://www.sankei.com/article/20230323-SA2PYHVXTZP2BFH2KL7I4WNWFU/

თბილისი
კახა კალაძის განცხადებები 24 დეკემბრის თბილისის მთავრობის სხდომაზე

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და 2026 წლის ბიუჯეტის პარამეტრებზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მომავალ წელს ფინანსები მიემართება იმ პროექტებისკენ, რომლებიც მოქალაქეების კეთილდღეობასა და კომფორტს ეხება, მთავარი პრიორიტეტები კი კვლავ ინფრასტრუქტურის განვითარება და ჯანდაცვის მიმართულება იქნება.

„გუშინ თბილისის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ვისაც გახსოვთ, 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, ბიუჯეტის მოცულობა, დაახლოებით, 861 მლნ ლარს შეადგენდა. ამის შემდეგ თანდათანობით, დედაქალაქის ბიუჯეტი იზრდებოდა, რაც საშუალებას გვაძლევდა, ქალაქში ხელშესახები ცვლილებები განხორციელებულიყო. გამონაკლისი არ იქნება მომავალი წელიც. 2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა შეადგენს 2 193 388 700 ლარს, რომელიც 210 210 700 ლარით მეტია 2025 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემოსავლების სტრუქტურა შემდეგნაირია: საკუთარი შემოსულობები – 1 533 357 600 ლარი; სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები კაპიტალური სპეციალური ტრანსფერი – 630 000 000 ლარი; სხვა კაპიტალური გრანტები (სესხის ფარგლებში დასაფარი დღგ-ის ჩათვლით) – 25 480 000 ლარი; მიზნობრივი ტრანსფერი, დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად – 4 551 100 ლარი.

„მომავალ წელსაც პრიორიტეტული მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურის განვითარება, რადგან მიგვაჩნია, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურული ნაწილი - გზები, ხიდები, სკვერები, მუნიციპალური ტრანსპორტის მოწესრიგება და ა.შ., მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტ თანხას კი, რა თქმა უნდა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით დავხარჯავთ, რადგან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ადამიანი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყველაფერი, რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობისა და კომფორტისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა იმ მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებზე, რომლებსაც მუნიციპალიტეტი 2026 წელს განახორციელებს.

„გუშინაც დეტალურად ვისაუბრეთ ბიუჯეტის პროექტის მიხედვით დაგეგმილ მსხვილ და ახალ პროექტებზე, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მომავალი წელი აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების დასაწყისი, რადგან განხორციელდება: სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება/მშენებლობა; სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა; ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია; ოთხი საბავშვო ბაღის მშენებლობა; ავარიული სახლების ჩანაცვლება; ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) და ბევრი სხვა პროექტი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებს, ცენტრალურ ხელისუფლებას და უწყების თითოეულ თანამშრომელს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს წევრებს მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, ფინასთა მინისტრს, რადგან მათი თანადგომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების ბოლომდე მიყვანა. მადლობას ასევე იმსახურებენ ჩვენი უწყების თანამშრომლები, რადგან მათი დაუღალავი შრომისა და ერთგულების გარეშე, წარმატებაზე საუბარი წარმოუდგენელია.

მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომელი საკუთარ აგურს დებს ქალაქის აღმშენებლობის საქმეში, რაც მე, როგორც თბილისის მერს და როგორც ამ ქალაქში მცხოვრებს, მეამაყება. ბედნიერი ვარ, რომ მყავს ძლიერი, პროფესიონალი, საქმესა და ქალაქზე შეყვარებული, ერთგული ადამიანები. ყველაფერი, რაც ბოლო წლებში გაკეთდა და რაც დაგეგმილია, ჩვენი თითოეული თანამშრომლის დიდი დამსახურებაა. ამ გაკეთებულ საქმეებში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომითა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერით, ქალაქი მომავალი წლების განმავლობაში იქნება უფრო მწვანე, მოწესრიგებული და თანამედროვე“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თბილისის მერმა აქვე აღნიშნა, რომ მოქალაქეებთან ყოველკვირეული, პირისპირი შეხვედრები 25 დეკემბრიდან 13 იანვრის პერიოდში არ გაიმართება, 2026 წლის 14 იანვრიდან კი მოქალაქეების მიღებას ჩვეულ რეჟიმში შეძლებს.

„ყოველ ოთხშაბათს, 16:00-დან 18:00 საათამდე გვაქვს მოქალაქეების მიღება, სადაც პირისპირ ვხვდებით მათ. ვისმენთ პრობლემურ საკითხებს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. დღესაც გვექნება აღნიშნული შეხვედრა, თუმცა მომდევნო კვირიდან, საახალწლო დღესასწაულების პერიოდში, აღარ გაიმართება, 14 იანვრიდან კი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ყურადღება რეკრეაციულ სივრცეებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ისნის რაიონში ოთხი სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

მისი თქმით, ვაზისუბანში რეაბილიტირდა N8 კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერი, ხოლო N7 კორპუსის მიმდებარედ მოეწყო სრულიად ახალი რეკრეაციული ზონა, მანამდე კი, ამავე ტერიტორიაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა შაქარაშვილის სახელობის სკვერს და სრულად განახლდა 90-ე სკოლის მიმდებარედ არსებული მარტიაშვილის სახელობის სკვერი.

„სამუშაოების ფარგლებში რეკრეაციულ სივრცეებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სავარჯიშო მოედნები, სასმელი წყლის შადრევნები, ძაღლების გასასეირნებელი ზონა, ხოლო ტერიტორიაზე განთავსდა თანამედროვე საპარკო ავეჯი. მარტიაშვილის სახელობის სკვერში მოეწყო შადრევანიც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამწვანებას - მოეწყო სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ამჟამად განხორციელებულმა პროექტებმა ხელი შეუწყო რეკრეაციული ზონების ერთმანეთთან ინტეგრაციას და ერთიანი სარეკრეაციო სივრცის შექმნას, რომელიც თითქმის 3 ჰექტარს მოიცავს.

გარდა ამისა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებს 46 ბიზნესსუბიექტი, რომელიც გამარჯვებულად შესაბამისმა კომისიამ გამოავლინა.

კახა კალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ბიზნესსუბიექტების დასაფინანსებლად მერიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გამოყო.

„გამოცხადებული გვქონდა განაცხადების მიღება მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტზე. შესაბამისმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და გამარჯვებულად გამოავლინა 46 ბიზნესსუბიექტი. თავდაპირველად გამოყოფილი იყო 300 000 ლარი, თუმცა გავზარდეთ ბიუჯეტი და საბოლოო ჯამში, 523 000 ლარი იქნება განაწილებული აღნიშნულ ბიზნესსუბიექტებზე. ადგილობრივი წარმოების გაძლიერება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მდგრადი ეკონომიკური განვითარების განუყოფელი ნაწილია. ვულოცავ გამარჯვებულებს და ვუსურვებ წარმატებებს. მსგავსი პროექტების დაფინანსებას მომავალშიც აქტიურად განვაგრძობთ, უფრო გაზრდილი ბიუჯეტით და მეტი შესაძლებლობებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის