USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
თბილისი
ანი წერეთელი- გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი
თარიღი:  2458
ექიმობის სურვილი ბავშვობიდან მქონდა. მახსოვს, 5 წლის ასაკში ხელოვნების სტუდიაში დავდიოდი, სპექტაკლის შემდეგ ჟურნალისტმა ინტერვიუ ჩაწერა და შემეკითხა, ვინ მსურდა გამოვსულიყავი. ჩემი პასუხი იყო - მინდა გამოვიდე ექიმი, რომ ადამიანებს დავეხმარო.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე. სადაც ჩამოვყალიბდი, რომ მინდოდა ექიმ-რადიოლოგობა. სტუდენტობისას გერმანულ ენაში ვემზადებოდი და ენის ცოდნის სერთიფიკატი ავიღე. 2011 წელს სტუდენტური გაცვლითი პროგრამით, 2 თვით წავედი გერმანიის ქალაქ ტრაუნშტაინში , რადიოლოგიის მიმართულებით.
 
ძალიან მომეწონა გერმანიის სამედიცინო განათლების და ჯანდაცვის სისტემა. საქართველოში დაბრუნებულმა დავიწყე იმ გზების მოძიება, რომლის დახმარებითაც შევძლებდი გერმანიაში ცოდნის გაღრმავებას და კარიერის გაგრძელებას.
 
2014 წელს მოვიპოვე ERASMUS MUNDUS-ის დაფინანსება და ერთი წლის განმავლობაში ვიყავი ბერლინის შარიტეს კლინიკის (Charité Universitätsmedizin Berlin) რადიოლოგიური განყოფილების მოწვეული ექიმი (Gastarzt). ვფიქრობ, რომ ეს იყო პირველი სერიოზული ნაბიჯი ჩემს კარიერაში. ერთი წლის შემდეგ იმავე განყოფილებაში დავიწყე სადოქტორო ნაშრომზე მუშაობა DAAD-ის კვლევითი სტიპენდიის ფარგლებში. ამ საფეხურის წარმატებით დამთავრების შემდეგ 2018 წელს მუშაობა დავიწყე ბერლინის ერთერთ წამყვან კლინიკაში (Vivantes Klinikum am Urban) ექიმ-რადიოლოგად.
 
ჩემთვის ეს იყო სერიოზული გამოწვევა, რომელიც დიდ შრომას და ცოდნის გაღრმავებას მოითხოვდა. მალე დავიწყე კლინიკაში რეგულარული ღამის მორიგეობა, რომელიც კვირის განმავლობაში 18 საათი, ხოლო შაბათ-კვირას 24 საათი განყოფილებაში ერთადერთ რადიოლოგად მუშაობას გულისხმობდა. პასუხისმგებლობა და დატვირთვა ძალიან დიდი იყო, თუმცა საინტერესო. პრაქტიკული საქმიანობიდან გამომდინარე აქ დიდი გამოცდილების მიღება შეიძლება, კლინიკა მრავალპროფილურია და სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტებთან მქონდა შეხება. ამ პერიოდში გავიარე რენტგენოლოგიის, ექოსკოპიის, კომპიუტერული ტომოგრაფიის და ნაწილობრივ მაგნეტორეზონანსული ტომოგრაფიის როტაცია. პრაქტიკული მუშაობის პარალელურად გვიტარდებოდა ლექციები, როგორც კლინიკის ფარგლებში, ასევე მის გარეთ. დავესწარი ბევრ საერთაშორისო სიმპოზიუმს და კონგრესს. ვეცნობოდი სიახლეებს და ინოვაციებს ჩვენს სფეროში.
 
ევროპაში და განსაკუთრებით გერმანიაში, რადიოლოგია ძალიან მაღალ დონეზეა, აქვს უწყვეტი განვითარების პერსპექტივა. ყველაზე მეტად მომწონს გერმანიის ჯანდაცვის სისტემა. ეს არის კარგად აწყობილი, პაციენტის ინტერესების გათვალისწინებით შექმნილი სამედიცინო მომსახურების მყარი ცენტრი. სადაზღვევო კომპანიები მთლიანად ფარავენ ნებისმიერი სახის სამედიცინო მომსახურებას.
 
რაც შეეხება საქართველოს ჯანდაცვის სისტემას, სამწუხაროდ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რომ გამართული იყოს სამედიცინო მომსახურება. პირველ რიგში სახელმწიფო რეზიდენტურა უფასო უნდა იყოს. აუცილებელია რეზიდენტის და პაციენტის უშუალო კონტაქტი. რეზიდენტურა უნდა მოიცავდეს მთელ სასწავლო პროგრამას და ლიცენზიის გამოცდის ჩაბარების შემდეგ დამწყებ ექიმებს არ უნდა უწევდეთ დამატებითი 8 თვიანი ფასიანი კვალიფიკაციის ამაღლება. ამჟამად ვდგავარ ახალი გამოწვევების წინაშე. დაგროვილი გამოცდილებით ვაპირებ ახალ კლინიკაში გავაგრძელო მუშაობა.
 
დამწყებ ექიმებს მინდა ვუსურვო წარმატებები და ვურჩიო სტუდენტობის პარალელურად დაეუფლონ უცხო ენას. რაც შეიძლება ხშირად გააკეთონ გაცვლითი პროგრამები, რითიც გაეცნობიან უცხოეთში არსებულ ჯანდაცვის და სამედიცინო განათლების სისტემებს. არ შეუშინდნენ სირთულეებს, იყვნენ შრომისმოყვარეები, მიზანდასახულები. დაუძლეველი არაფერია!
საზოგადოება
საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებული მოქალაქეს სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში ხელის შეწყობას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 8 ათასი აშშ დოლარი მოითხოვა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ხელს შეუწყობდა სავალდებულო დეკლარირების გარეშე 200 000 აშშ დოლარის შემოტანაში. აღნიშნული მფარველობის სანაცვლოდ, საჯარო მოხელემ ქრთამის სახით, ყოველ ერთეულ შემთხვევაში, 8 000 აშშ დოლარის გადახდა მოითხოვა.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული წინასწარ მოთხოვნილი თანხის ნაწილის - 4 000 აშშ დოლარის აღებისთანავე დააკავეს.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-იდან 11 წლამდე ვადით.

მოუწოდებს საჯარო მოხელეებსა და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილის მქონე პირებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან, ვინაიდან სამართალდამცავი უწყებების რეაგირება ნებისმიერ მსგავს ფაქტზე იქნება მყისიერი და კანონის შესაბამისად მკაცრი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 


სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის