USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
თბილისი
ანაკლიის პორტის ინვესტორი ჩინური კონსორციუმის შვილობილი კომპანიები აშშ-ის მიერ არის სანქცირებული
თარიღი:  904

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი გამოვლინდება - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მინისტრის განმარტებით, საერთაშორისო კონკურსის მეორე რაუნდში გადასული ორი ჰოლდინგიდან საბოლოოდ წინადადება მხოლოდ ერთმა ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა, შესაბამისად, უახლოეს პერიოდში გამარჯვებულად სწორედ ის გამოვლინდება.

ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს ჩინეთის სახელმწიფო კორპორაცია China Communications Construction Company Limited-ისა და China Harbour Investment Pte-ს ჰოლდინგი ააშენებს. ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამ ჰოლდინგმა სახელმწიფოს სრულყოფილად შევსებული საინვესტიციო წინადადება 20 მაისს წარუდგინა, ხოლო კონკურსში მონაწილე მეორე ჯგუფმა ლუქსემბურგულ-შვეიცარიულმა Terminal Investment Limited Holding S.A.-მ სახელმწიფოს აღარ წარუდგინა საკუთარი საინვესტიციო წინადადება, შესაბამისად, გამარჯვებულად ჩინური ჰოლდინგი დასახელდება.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჩინური კონსორციუმის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სრულყოფილად შეიძლება ჩაითვალოს, შესაბამისად, გამარჯვებულად სწორედ ის გამოვლინდება. ამასთან, მინისტრის თქმით, ჩინურმა კონსორციუმმა სამინისტროს მისი მომავალი პარტნიორების შესახებაც წარუდგინა ინფორმაცია. China Communications Construction Company Limited-ი საქართველოს მთავრობას პორტის ოპერატორად ჩინდაოს პორტის ჯგუფს - Qingdao Port International Co-ს სთავაზობს, ხოლო საინჟინრო/სამშენებლო პარტნიორად China Road and Bridge Corporation-ს.

რა არის ცნობილი კომპანია China Communication Construction Company Limited-ის შესახებ:

China Communication Construction Company Limited არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მსხვილი კონგლომერატი, რომელიც ფოკუსირდება მსხვილი ინფრასტრუქტურული აქტივების მშენებლობაზე, ფლობასა და ოპერირებაზე, მათ შორის აეროპორტების, პორტების, რკინიგზების, ნავთობპლატფორმების და სხვა აქტივების ფლობა/ოპერირებაზე. კომპანია 2005 წელს არის დაფუძნებული, მისი 63.8%-იან წილს სახელმწიფო ფონდი SASAC ფლობს.

China Communication Construction Company Limited-ის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავალი 5%-ით გაიზარდა და მან 756 მილიარდ იუანს, ანუ $106 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამასთან, კომპანიის წმინდა მოგება 31 მილიარდი იუანი ($4.3 მილიარდი დოლარი) იყო, რაც 2022 წლის მოგებას 20%-ით აღემატებოდა. ჯგუფის აქტივები 236 მილიარდ დოლარს აღემატება.

ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ China Communication Construction Company Limited-ის შემადგენლობაში შედის სინგაპურში რეგისტრირებული კომპანია China Harbour Investment Pte, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, პროექტის ერთ-ერთი განმახორციელებელი იქნება.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ დასახელებული კიდევ ერთი კომპანია China Road and Bridge Corporation-ი, პროექტის საინჟინრო/სამშენებლო პარტნიორი იქნება. თავად აღნიშნული კომპანიაც China Communication Construction Company Limited-ის საკუთრებაშია. ამასთანავე, აღნიშნული კომპანია საქართველოში არაერთი წელია საქმიანობს და ის წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმსხვილეს კონტრაქტორს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაში, ის რიკოთის უბისა-შორაპნის 13-კილომეტრიან მონაკვეთს აშენებს, რომლის ღირებულებაც 902 მილიონი ლარია.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ China Communication Construction Company Limited-ის რამდენიმე შვილობილი კომპანია ჩართული იყო სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის არმიისთვის ხელოვნური კუნძულების მშენებლობაში, რაც აშშ-ის შეფასებით საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სხვა სუვერენული ქვეყნების ეკონომიკურ ზონაში ჩინეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო გავლენის გაძლიერების მცდელობას წარმოადგენდა. აღნიშნულისთვის 2020 წლის 26 აგვისტოს, აშშ-მა China Communication Construction Company Limited-ის შვილობილები სანქცირებულთა სიაში (OFAC-ის სიაში) შეიყვანა, თუმცა აღნიშნული შვილობილი კომპანიებიდან არცერთი ეკონომიკის სამინისტროს არ დაუსახელებია ანაკლიის პორტის პროექტის მონაწილედ.

BMG-იმ ეკონომიკის სამინისტროს მიმართა კითხვით თუ შეფასა ეკონომიკის სამინისტრომ ის გარეომება, რომ ამ ჩინური კომპანიის რამდენიმე შვილობილი არის აშშ-ის მიერ სანქცირებული და რაიმე სახით მოახდენს თუ არა ეს პორტის პროექტზე გავლენას. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, კომპანია სანქცირებული არაა.

"გავრცელებული ინფორმაცია კომპანიის (China Communications Construction Company Limited) სანქციებთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება, კომპანიის მიმართ არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. გამარჯვების შემთხვევაში კომპანიას თავისუფლად შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში,"- გვიპასუხეს სამინისტროდან წერილობით.

იქიდან გამომდინარე, რომ ჰოლდინგის ერთ-ერთი შემადგენელი კომპანია China Road and Bridge Corporation მიმდინარე რეჟიმში ჩართულია საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის უბისა-შორაპანის 902-მილიონიანი გზის მშენებლობაში, ხოლო აღნიშნული პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით ხორციელდება, სამინისტროს პასუხი სავარაუდოდ იქნება ის, რომ კომპანიის სანქცირებული შვილობილები არ იქნებიან ჩართული ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებაში, ისევე როგორც მათ არ აქვთ შეხება ჩქარსონული მაგისტრალის მშენებლობასთან.

რა საპორტო პროექტები აქვს განხორციელებული China Communication Construction Company Limited-ს

კომპანიის ვებგვერდის თანახმად, CCCC ჩართულია შემდეგი პორტების პროექტების განხორციელება/მშენებლობაში:

  • ჰამბანტოტას პორტი - შრი-ლანკა;
  • გვადარის პორტი - პაკისტანი;
  • აშდოთის პორტი - ისრაელი;
  • კრიბის პორტი - კამერუნი;
  • ადიჯანის პორტი - კოტ'დიუვარში
  • გუანჯოუს პორტი - ჩინეთი;
  • ტიანჯინი - ჩინეთი;
  • შანგჰაის იანგშანის პორტი - ჩინეთი.
საზოგადოება
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის