USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Tbilisi
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ხელშეკრულება ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან (იან დე ნული) გაფორმდა
Date:  713
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ხელშეკრულება ბელგიურ კომპანია Jan De Nul-თან (იან დე ნული) გაფორმდა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაა საზღვაო მიმართულებით.
ხელმოწერის ცერემონია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერა ,,ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორმა ზურაბ სიჭინავამ, ხოლო კონსორციუმის მხრიდან Jan De Nul NV-ის საქართველოს ფილიალის (უცხოური საწარმოს ფილიალი) დირექტორმა ტიმ დევოლდერმა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოსთვის სტრატეგიული პროექტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ქვეყნის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ისე მთლიანად შუა დერეფნის ინფრასტრუქტურულ გაუმჯობესებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდაში.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის სტრატეგიული პროექტის მშენებლობის პროცესში ასეთი დიდი გამოცდილებისა და მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიის ჩართვა, რომელიც სწორედ საზღვაო-სამშენებლო სამუშაოებზეა სპეციალიზებული.
„იან დე ნული“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულად ე.წ. დიდი ოთხეულიდან შეირჩა. „იან დე ნული“ ჯგუფი 1938 წელს დაფუძნდა, მისი ბრუნვა 2,5 მლრდ ევროა და დასაქმებული ჰყავს 7000-ზე მეტი ადამიანი. „იან დე ნული“ ჯგუფის საქმიანობა ხუთ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ოფშორული ელექტროსადგურების მოწყობა, ზღვის ფსკერის დაღრმავება და საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - მათ შორის ნავსადგურების მშენებლობა, სამოქალაქო მშენებლობა და გარემოსდაცვითი პროექტების განვითარება. კომპანიის ოპერირების გეოგრაფიული არეალებია: ევროპა, სპარსეთის ყურე, აზია, აფრიკა, ამერიკა, და სხვ.
აღსანიშნავია, რომ „იან დე ნულ“ ჯგუფის მიერ სრულად ან ნაწილობრივ განხორციელებულია ისეთი მსხვილი პროექტები, როგორებიცაა - პანამის არხის გაფართოების პროექტი, სუეცის ახალი არხი ეგვიპტეში, ახალი საზღვაო პორტი ნადორში (მაროკო), ჰამბურგის პორტის დაღრმავების პროექტი, the Palm Jebel Ali - დუბაის ხელოვნური კუნძული და სანაპირო.
,,ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის" დირექტორის ზურაბ სიჭინავას ინფორმაციით, კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს უახლოეს პერიოდში დაიწყებს.
society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way