„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შემზღუდავი ღონისძიებები თანდათან მსუბუქდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოქალაქეებმა მედიკოსთა რეკომენდაციების იგნორირება მოახდინონ.
„თუ ასეთი დინამიკა ამ ორი კვირის განმავლობაში შევინარჩუნეთ, ანუ მე-6, მე-7, მე-8 კვირას თუ იქნება 20, 30, 40 ინფიცირების შემთხვევა ყოველდღიურად, ეს ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის სრულიად მართვადია. შემზღუდავი ღონისძიებები თანდათან მსუბუქდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იმ რეკომენდაციების იგნორირება მოხდეს, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი იძლევა. მთავარი რეკომენდაციაა, ისევ და ისევ – დარჩით სახლში! ეს განსაკუთრებით ხანდაზმულ და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს ეხებათ. ასევე, ხშირად ხელების დაბანა, სანიტაიზერებით დამუშავება, სოციალური დისტანცირება – ეს გახლავთ მთავარი. ასევე, პირველივე ნიშნებზე აუცილებელია მივმართოთ ექიმს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.