USD 2.6699
EUR 2.8450
RUB 2.8530
Tbilisi
ამიხსენი | „უცხოეთის აგენტების“ რა კანონს იხილავენ კანადაში?
Date:  359

რა ხდება:

კანადაში საჯარო განხილვაზეა გამოტანილი წინადადება „უცხო გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის“ შექმნის შესახებ.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი

კანადაში ამ ინიციატივის საჯარო განხილვის დაწყება დაემთხვა ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტს მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენლი ე.წ. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ. ცნობები კანადაში ინიცირებული რეესტრის შესახებ საქართველოში მალევე აიტაცეს დასავლეთისადმი უარყოფითად განწყობილმა ჯგუფებმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ „აგენტების შესახებ“ ქართული კანონის მიღებას. მათი თქმით, ვინაიდან კანადა, დასავლური დემოკრატიის ქვეყანა, განიხილავს ასეთ ინიციატივას, ქართული კანონპროქტის მიმართ კრიტიკა გაუმართლებელი იყო.

თუმცაღა, კანადასა და საქართველოში წარმართულ პროცესებს, ისევე, როგორც კანონმდებლობის მიზანსა და აზრს შორის ფუნდამენტური განსხვავებები არსებობს.

როგორ წარიმართება პროცესი კანადაში?

10 მარტს მთავრობამ განსახილველად ზოგადი წინადადება, საკვანძო დებულებები და მისი აუცილებლობის დასაბუთება წარმოდგინა და არა უკვე მზა კანონპროექტი. მოქალაქეებს, აკადემიურ და კვლევით ორგანიზაციებს, იურისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, თემებსა და დიასპორის წარმომადგენლებს შეეძლებათ კომენტარების გაკეთება 2023 წლის 9 მაისამდე. მათი წინადადებების გათვალისწინებით, მთავრობა წარმოადგენს კონკრეტულ საკანონმდებლო წინადადებებს, რომლებსაც მერე პარლამენტი განიხილავს.

ამ დროს, საქართველოში პირდაპირ მზა კანონპროექტები წარმოადგინეს, წარდგენიდან პარლამენტში პირველი მოსმენით მიღებამდე კი სულ რაღაც 20 დღე გავიდა. საჯარო განხილვა არ მომხდარა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საერთაშორისო პარტნიორების, საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკა კი მმართველმა უმრავლესობამ უგულვებელყო.

წინაპირობები:

არამეგობრული ქვეყნების მიერ კანადაზე მავნე ზეგავლენის მცდელობებმა ბოლო დროს კანადელების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.

  • შარშან გაზაფხულზე, კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა „საგანგაშოდ“ შეაფასა კრემლის მიერ კანადაში წარმოებული დეზინფორმაციული კამპანიები.
  • 2022 წლის შემოდგომაზე საზოგადოება შეაშფოთა ჟურნალისტურმა გამოძიებამ, რომელმაც კანადის ტერიტორიაზე მოქმედი არასანქცირებული ჩინური „პოლიციის სადგურების“ არსებობა გამოავლინა.
  • ორიოდე კვირის წინ კი გამოქვეყნდა კანადის 2021 წლის არჩევნების დამოუკიდებელი შეფასების ანგარიში, რომლის თანახმადაც ჩინეთმა, რუსეთმა და ირანმა აქტიურად სცადეს კანადის არჩევნებში ჩარევა.
ამ დროს, საქართველოში წარმოდგენილ ინიციატივას და მის მიზნებს ობიექტური, დამოუკიდებელი უწყებების მიერ წარმოდგენილი წინაპირობები არ გააჩნდა.

კანონმდებლობის მიზანი:

ახალი კანონმდებლობის მიზნად სახელდება „ბოროტგანზრახული უცხოური გავლენისაგან“ თავდაცვის გაძლიერება.

ამ დროს, საქართველოში ინიციატივის ოფიციალურ მიზნად “არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა” სახელდებოდა, თუმცა პოლიტიკური რიტორიკა “უცხოეთის გავლენის აგენტების” გამოვლენისკენ იყო მიმართული.

კანადური პროექტის საკვანძო ცნებები:

რა არის „ბოროტგანზრახული უცხოური გავლენა“? კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, ესაა ფარული ან გაუმჭვირვალე ღონისძიებები რომლებიც ხორციელდება უცხოეთის წარმომადგენლის უშუალო ხელმძღვანელობით, მისი სახელით ანდა მისი არსებითი დახმარებით, და რომლის ამოცანაცაა გავლენის მოპოვება ან პოლიტიკური პროცესების შედეგების შეცვლა.

ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ბოროტ განზრახვაში იგულისხმება: კანადელებს შორის შუღლის დათესვა, დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობისათვის ძირის გამოთხრა, სოციალური ერთობისათვის მიყენებული ზიანი, კანადის სუვერენიტეტისა და კარგი მმართველობის პრინციპების შებღალვა.

„ბოროტგანზრახული უცხოური გავლენა“ უცხოეთიდან ჩარევის ერთ-ერთი ფორმაა. „უცხოეთიდან ჩარევა“ განისაზღვრება, როგორც უცხო სახელმწიფოს ან მისი წარმომადგენლის მიერ წარმოებული საქმიანობა, რომელიც აზიანებს კანადის ინტერესებს და თავისი ხასიათით ფარულია ან ცრუ, ანდა ვინმესადმი მუქარას შეიცავს. მაგალითად მოყვანილია კანადელების ამა თუ იმ თემის შევიწროება, დევნა ან მუქარა, რისი მიზანიცაა შიშის დამკვიდრება, განსხვავებული აზრის ჩახშობა ანდა პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლა.

უცხოეთის წარმომადგენელი ვიღაა? უცხოეთის წარმომადგენელი, ამ კანონის მიზნებისათვის არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი რომელიც კანონის ძალით ანდა პრაქტიკულად ეკუთვნის ან იმართება უცხო სახელმწიფოს მთავრობის მიერ. ეს შეიძლება იყოს თავად მთავრობა და მისი უწყებები, ბიზნეს ანდა პოლიტიკური ორგანიზაციები, კერძო პირები ან ჯგუფები, რომლებიც უცხო ქვეყნის მთავრობასთანაა კავშირში.

უცხოეთის წარმომადგენლების გავლენად მოიხსენიება უცხოეთის წარმომადგენლების მიერ ღიად წარმართული საქმიანობა, რომლის მიზანიც კანადის მთავრობის პოლიტიკის, ამ პოლიტიკის შედეგების ან პროცესის შეცვლა, ანდა მათთვის სასარგებლო საზოგადოებრივი აზრის შექმნაა. განმარტებით მასალებში ნათლადაა ნათქვამი, რომ ამგვარ გავლენას დაგეგმილი საკანონმდებლო ინიციატივა არ ერჩის. მისი ამოცანაა „ბოროტგანზრახული“ – ანუ ფარული და კანადისთვის საზიანო გავლენის შეზღუდვა.

ამ დროს, საქართველოში ინიციატივა ეხებოდა ზოგადად საზღვარგარეთიდან მომავალ საგრანტო დაფინანსებას, რომელიც ძირითადად დასავლეთის მოკავშირე ქვეყნებიდან შემოდის. კანადური ინიციატივის ტერმინებით, ეს შეიძლება ჩაითვალოს “უცხოეთის წარმომადგენლების გავლენად,” მაგრამ ის “ბოროტგანზრახულად” თუნდაც იმიტომ ვერ ჩაითვლება, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ამ ქვეყნებთან დამტკიცებული სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. მეტიც, ის არც “ფარულია” რადგან მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებების ძალით რეგულირდება, ხოლო მთავრობას გაცემული თანხების შესახებ საგადასახადო ინფორმაცია გააჩნია როგორც გამცემის, ისე მიმღებისაგან.

აუცილებლობის დასაბუთება

განმარტებითი ბარათი მოიცავს კანადაში არსებული იმ საკანონმდებლო ბაზის მოკლე მიმოხილვას, რომელიც მსგავსი რისკების მართვას ემსახურება.  ესენია:

  • კანონი ლობიზმის შესახებ
  • კანონი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ
  • საარჩევნო კანონმდებლობა

ბარათი ასაბუთებს, რომ ზემოაღნიშნული კანონები არაა მომართული ბოროტგანზრახული უცხოური გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად, ხოლო უსაფრთხოების სამსახურები იტყობინებიან, რომ ბოროტგანზრახული სახელმწიფოები ადვილად ახერხებენ უკვე არსებული კანონებით დაწესებული ბარიერების გადალახვას, იყენებენ რა პირად, ოჯახურ, კულტურულ და სხვა სახის გავლენებს კანადის პოლიტიკური და საჯარო თანამდებობების პირებზე გავლენის მოსახდენად ისე, რომ არ უწევთ ამის შესახებ ღიად გაცხადება.

ამ დროს, საქართველოში შემოტანილი საკანონმდებლო ინიციატივის განმარტებითი ბარათი საერთოდ არ ასახავს მომიჯნავე კანონმდებლობას და არ ასაბუთებს ახალი კანონის მიღების აუცილებლობას.

თუკი მიიღეს, რა ტიპის საქმიანობას შეეხება კანადური კანონი?

  • საპარლამენტო ლობირება: არჩევითი თანამდებობის პირები და მათი აპარატი თავიანთი ფუნქციებიდან გამომდინარე, პირდაპირ გავლენას ახდენენ მთავრობის გადაწყვეტილებებსა და პოლიტიკაზე. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ ნათლად იყოს ცნობილი როდის და ვის მიერ ხდება უცხოეთიდან მათი ლობირება, როცა ეს ჩვეული დიპლომატიური არხების მიღმა კეთდება.
  • პოლიტიკური ლობირება და ადვოკატირება: ეს მოიცავს საჯარო მოხელეების, უწყებების, სააგენტოების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, პარტიების ანდა არჩევნებში მონაწილე კანდიდატების ლობირებას – ანუ მათ ამა თუ იმ ფორმით დარწმუნებას, რომ გარკვეულ გადაწყვეტილებებს და პოლიტიკას დაუჭირონ მხარი ან შეუწყონ ხელი.  
  • დისტრიბუცია: ეს მოიცავს ფულის ან სხვა ფასეულობების გადაცემას უცხოეთის წარმომადგენლის მიერ  სხვა პიროვნების ანდა ორგანიზაციისათვის კანადაზე ანდა კანადელებზე ზეგავლენის მოსახდენად.
  • კომუნიკაცია: განმარტებაში ხაზგასმულია, რომ ადრინდელი კანონმდებლობა სათანადოდ არ ფარავდა ბოროტგანზრახულ კომუნიკაციას, რომლის სამიზნეც კანადელი მოქალაქები შეიძლება იყონ. ახალი წინადადებით, თუკი საკომუნიკაციო საქმიანობა უცხოეთის წარმომადგენლობისა მიერაა წარმოებული და მიზნად მთავრობის პოლიტიკის ანდა საზოგადოებრივი აზრის შეცვლას ლამობს, ისიც რეგისტრაციას დაექვემდებარაება, განსაკუთრებით მათინ შემთხვევაში, თუ ადგილი აქვს ინფორმაციის მანიპულირებას, დემოკრატიული ინსტიტუტებისათვის ძირის გამოთხრას, შუღლის დათესვას ანდა უცხო მთავრობის გეო-სტრატეგიული ინტერესების გატარებას.
ამ დროს, საქართველოში ინიცირებული კანონი საერთოდ არ ეხებოდა რეესტრში შესატანი ორგანიზაციების საქმიანობის ფორმებს ან მიზნებს, ის მხოლოდ დაფინანსების წილის (20%) კრიტერიუმით ითვალისწინებდა “აგენტების რეესტრში” ორგანიზაციების გატარებას.

რას ვალდებულებებს წარმოშობს კანონი?

კანადაში შემოთავაზებული კანონის ძალით უცხოეთის წარმომადგენლებს მოეთხოვებათ გაასაჯაროვონ ინფორმაცია, ანუ დარეგისტრირდნენ საჯაროდ ხელმისაწვდომ რეესტრში.

კანონისადმი მორჩილების უზრუნველსაყოფად, გათვალისწინებული იქნება ადმინისტრაციული სანქციები: გაფრთხილება, გაფრთხილების უგულვებელყოფის შემთხვევაში – ინფორმაციის გამოთხოვნა, შემდეგ ეტაპზე ჯარიმების გამოყენება. ყოველივე ეს არ გულისხმობს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას..

აღნიშნულია, რომ შესაძლებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოღებაც განსაკუთრებით მძიმე დარღვევებისათვის, რადგან ბოროტგანზრახული გავლენის მოხდენის მცდელობა ამჟამად არსებული სისხლის სამართლის კანონმდებლობით არ ისჯება.

რას ეკითხება მთავრობა კანადელებს?

საკანონმდებლო ინიციატივეზე საჯარო კონსულტაციის გამოცხადებით, კანადის მთავრობა მოქალაქეებს და ორგანიზაციებს ექვს კითხვას უსვამს:

  1. რა ტიპის ორგანიზაციები შეიძლება ჩაითვალონ „უცხოეთის წარმომადგენლად“?
  2. რა ტიპის საქმიანობა უნდა ექვემდებარებოდეს რეგისტრაციას?
  3. რა ტიპის საქმიანობა არ უნდა ექვემდებარებოდეს რეგისტრაციას?
  4. რა სახის ინფორმაცია უნდა იყოს მოთხოვნილი რეგისტრაციის ვალდებულების მქონე ორგანიზაციებისაგან?
  5. რა სახის სასჯელი უნდა იყოს გათვალისწინებული
  6. სხვა რა მოსაზრებები გაგაჩნიათ ამ წინადადების შესახებ?
ამ დროს, საქართველოში სწორედ ამგვარ კითხვებზე პასუხების არარსებობამ და ამგვარი კითხვების მმართველი ძალის მიერ აგრესიულმა უგულვებელყოფამ წარმოშვა საპროტესტო ტალღა.

კიდევ რა საყურადღებო განსხვავებებია საქართველოსა და კანადას შორის?

  • კანადა თავად გასცემს საერთაშორისო დახმარებას: კანადა ყოველწლიურად დაახლოებით 5 მილიარდ დოლარს ხარჯავს საერთაშორისო დახმარებაზე და მათ შორის, საქართველოშიც ეხმარება დემოკრატიულ განვითარების, გამჭვირვალობის, სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის და სამოქალაქო განათლების პროგრამებს. კანადაში არასამთავრობო სექტორი და მედია არსებობისთვის ადგილობრივ წყაროებს ეყრდნობა. მთავრობის გამჭვირვალობის მოსათხოვნად, მას უცხოური დაფინანსება არ სჭირდება. საქართველოში „აგენტის“ იარლიყის მიკვრით არასამთავრობო სექტორი მნიშვნელოვნად დაზიანდებოდა, რაც მთავრობის მიერ მის მიმართ კრიტიკული ხმების ჩახშობის იარაღად აქცევდა კანონს.
  • დემოკრატიის ხარისხი ორ ქვეყანას შორის ფრიად განსხვავდება: კანადის საკანონმდებლო წინადადების განმარტებით ბარათში მკვეთრად და რამდენჯერმეა გამეორებული, რომ საჯარო კონსულტაციის ამოცანაა, მაქსიმალურად თავიდან აირიდონ უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა ისე, რომ უპასუხონ დასაბუთებულ საფრთხეს. თუნდაც იდენტური ტექსტის მქონე კანონს სრულიად განსხვავებული ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ორ სხვადასხვა ქვეყანაში მათი დემოკრატიულობის ხარისხის მიხედვით. მსოფლიოს თავისუფლების ინდექსში, რომელსაც ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუსი” ყოველწლიურად აქვეყნებს კანადა წლიდან წლამდე მოწინავე ადგილზეა და ყველაზე „თავისუფალი“ ქვეყნების ხუთეულში შედის (100-დან 98 ქულით), ხოლო საქართველო „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში გადის (100-დან 58 ქულით). ქვეყნებში, სადაც  პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები მყარად არ არის უზრუნველყოფილი, ნებისმიერი კანონი, რომელიც მთავრობას აძლევს უფლებამოსილებას, მოქალაქეებს დამატებითი ვალდებულებები დააკისროს, თავისუფლების ხარისხზე უფრო მავნე ზეგავლენას იქონიებს, ვიდრე განვითარებული დემოკრატიის მქონე ქვეყნებში. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ კანადა განვითარებული დემოკრატიაა, არ გამოდგება იმის დასასაბუთებლად, რომ კანადაში წამოყენებული ინიციატივა საქართველოშიც გაამართლებს. პირიქით – ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ორი ქვეყნის დემოკრატიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება.

 

მასალა მოამზადეს ქეთი შუბითიძემ (პოლიტიკის და მართვის საკონსულტაციო ჯგუფის (PMCG) აშშ ოფისის ბიზნეს განვითარების მენეჯერი) და ჯაბა დევდარიანმა (Civil.ge)

წყარო: https://civil.ge/

culture
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way