USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ამერიკის ხმა - „ოცნება“ ემზადება იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს“
дата:  320

აშშ-ის რადიოს „ამერიკის ხმის“ (Voice of America) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ოცნება“ ემზადება იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს“ (ავტორი - ზაზა წულაძე, თბილისელი კორესპონდენტი).

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

საქართველოს ხელისუფლებამ ერთდღიანი უარყოფის და საზოგადოების პროტესტის შემდეგ დაადასტურა, რომ ქვეყანაში ნამდვილად შემოუშვა ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ქალიშვილი ეკატერინა ლავროვა-ვინოკუროვა და მისი ქმარი, რუსი ბიზნესმენი ალექსანდრე ვინოკუროვი. ცოლ-ქმარ ლავროვა-ვინოკუროვის წინააღმდეგ, საერთაშორისო სანქციები 2022 წლიდან, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოქმედებს. ეკატერინე ლავროვა-ვინოკუროვას, მიუხედავად იმისა, რომ იგი აშშ-ის მოქალაქეც არის, აკრძალული აქვს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ევროკავშირში, კანადაში, ავსტრალიაში, იაპონიასა და უკრაინაში შესვლა.

როგორც „ამერიკის ხმას“ GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანმა ბაკურ კვაშილავამ უთხრა, „ქართული ოცნება“ ემზადება იმისთვის, რომ საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი“. მისი აზრით, „ყველა ნაბიჯი, რაც მმართველმა პარტიამ ბოლოს გადადგა, რუსეთთან ფრენების აღდგენის და იმის ხაზგასმის ჩათვლით, რომ საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს არასოდეს მიეურთდება, სწორედ აქეთკენ არის გადადმული. „ოცნებას“ აცნობიერებს, რომ ის რეფორმები, რომლის შესრულებასაც 12 პირობის სახით ითხოვს მისგან ევროკავშირი, პირველ რიგში, „ოცნების“ ძალაუფლებას დაასუსტებს“.

საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქალიშვილისთვის საზღვრის კვეთის უფლების მიცემა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სწორედ იმით ახსნა, რომ საქართველო არ მიერთებია და არც აპირებს მიუერთდეს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. ამავე დროს, ირაკლი კობახიძემ სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებისთვის დაწესებულ სანქციებს არასწორი უწოდა.

„არ შეიძლება სანქცია ეხებოდეს ოჯახის წევრს, ეს მიდგომა ადამიანის უფლებების სტანდარტებს ეწინააღმდეგება, ეს გერმანიაში ვისწავლე...თუ არ იყო დარღვეული ოკუპაციის შესახებ კანონი, რა თქმა უნდა, არ გვქონდა საფუძველი იმისათვის, რომ კონკრეტული პირები არ შემოგვეშვა საქართველოში“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში ეკატერინა ლავროვა-ვინოკუროვა ოჯახის წევრებთან და სამეგობროსთან ერთად, მაზლის - ისრაელის მოქალაქე მოშე ვინოკუროვის - ქორწილში ჩამოვიდა. მოშემ, სასცენო სახელით - MIKA VINO, ცოლად რუსეთის მოქალაქე დიანა ახმადიშინა მოიყვანა და ხელი თბილისში, უზნაძის ქუჩაში მდებარე, „ქორწინების სახლში“ მოაწერა. "ქორწინების სახლში" ამტკიცებენ, რომ ცერემონიის დეტალები ჯერ კიდევ, მარტში შეთანხმდა და ჯავშანიც მაშინ გაფორმდა.

სიტუაცია უკიდურესად, მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ინსტაგრამსა“ და „ტვიტერზე“ რუსმა სტუმრებმა საქართველოში მოლხენის ამსახველი ვიდეოს გავრცელება დაიწყეს. ამის შემდეგ, ოპოზიციამ ყვარელში, სასტუმრო Kvareli Like Resort-ის ბლოკირება სცადა, სადაც რუსეთიდან ჩამოსული მაყრიონის ნაწილი, მათ შორის ეკატერინა ლავროვა-ვინოკუროვაც იმყოფებოდა.

პოლიციამ საერთო ჯამში, ყვარელსა და თბილისში საპროტესტო აქციებზე, 17 პირი დააკავა, მათ შორის, პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია. ამ დროისთვის, შსს-ის განცხადებით, ყველა დაკავებული თავისუფალია.

როგორც Kvareli Like Resort-ში, ისე Akhasheni Wine Resort-ში 20 მაისს, კატეგორიულად უარყოფდნენ, რომ მათთან სტუმრად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შვილი იმყოფებოდა. მათ სპეციალური განცხადებაც კი გაავრცელეს და მედიაში გასულ ინფორმაცია, დეზინფორმაცია უწოდეს.

ყვარლის ტბასთან პოლიციასა და ოპოზიციის აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირების გამო, Kvareli Like Resort-ში საქმიან სადილზე ვერ შეძლო შესვლა საქართველოში ფინეთის ელჩმა კირსტი ნარინენმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის სიურპრიზი იყო ყვარელში ეკატერინა ლავროვას ყოფნა.

„ლავროვის ოჯახი სანქცირებულია და მათი ევროპის ქვეყნებში შეშვება აკრძალულია. საქართველოს მთავრობის გაცხადებული პოზიციაა, რომ სანქციებს არ უერთდებიან, მეორე მხრივ მათ ნათქვამი აქვთ, რომ სანქციების გარკვეულ ნაწილს შეუერთდებოდნენ. თუმცა აუცილებლობის მიუხედავად, ამას ვერ ვხედავთ“ - განაცხადა ქართულ მედიასთან ფინეთის ელჩმა კირსტი ნარინენმა.

„რას ნიშნავს, რომ სანქცირებული, თან როგორი სანქცირებული, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირის შვილი, იმ წრიდან, რომელიც არის პუტინის გარემოცვა, ჩამოდის ქვეყანაში...“ - ასე გამოეხმაურა საქართველოში ლავროვის შვილის შემოშვებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის და 31 მაისს, ევროპარლამენტში გამოსვლის უფლებას არ აძლევს, გამოვიდა ღია მოწოდებით, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი დაწესდეს და საავიაციო მიმოსვლა შეწყდეს.

ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, შსს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაარწმუნა, რომ „ის ოჯახი, ის ადამიანები, რომლებიც აპირებდნენ ქორწილის გადახდას, წასულები არიან და ქორწილი აღარ ჩატარდება“.

პრეზიდენტის ეს განცხადება მოგვიანებით „ქართულ ოცნებაში“ უარყვეს - „შეუძლებელია, რომ შსს მინისტრს პრეზიდენტისთვის ეთქვა, რომ ის ქორწილს გადადებდა, რადგან ეს გომელაურის და შსს-ს საქმე არ არის“ - განაცხადა „ოცნების“ დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ.

ამ დროისთვის უცნობია, რა რაოდენობის ადამიანი შემოვიდა საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ნათესავების ქორწილზე დასასწრებად და პროტესტის შემდეგ, რამდენმა დატოვა ქვეყანა. შსს-ში ამ საკითხზე კომენტარი არ კეთდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრების ქორწილი საქართველოში, დროში დაემთხვა, 23 წლის შემდეგ, რუსეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის მოხსნას და ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენას.

19 მაისს, თბილისის აეროპორტში, პირველი ფრენა რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ შეასრულა, 20 მაისს კი მოსკოვის აეროპორტში ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ლაინერი დაჯდა.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა რუსეთში ფრენების დაწყებისთვის „ჯორჯიან ეარვეისს“ ბოიკოტი ოფიციალურად გამოუცხადა და საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა ამ ავიაკომპანიის სერვისით აღარ ისარგებლონ.

საპასუხოდ, „ჯორჯიან ეარვეისის“ პრეზიდენტმა თამაზ გაიაშვილმა სალომე ზურაბიშვილი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა და პრეზიდენტის წინაპრები, რომლებმაც ქვეყანა 1921 წლის რუსული ოკუპაციის შემდეგ დატოვეს, „საქართველოს ხაზინის, მუზეუმების და ეკლესია-მონასტრების გაძარცვაში“ დაადანაშაულა. „ჩვენ მას (ზურაბიშვილს) ბორტზე არ დავუშვებთ“ - ხაზი გაუსვა გაიაშვილმა.

ნიშანდობლივია, რომ გაიაშვილმა მოსკოვში, „ჯორჯიან ეარვეისის“ პირველი ფრენის შემდეგ, რუსული ტელევიზიის ეთერით, ვლადიმერ პუტინს სავიზო რეჟიმის მოხსნისა და ფრენების აღდგენის გამო დიდი მადლობა გადაუხადა. ფრენების აღდგენას და უვიზო რეჟიმს რუსეთთან, მანამდე საქართველოს ხელისუფლებაც მიესალმა.

„დღეისათვის ვითარება ასე ჩანს, რომ რუსული ნარატივი დასავლური ნარატივის წინააღმდეგ, გახდა სახელისუფლებო ნარატივი - ოპოზიციური ნარატივის წინააღმდეგ“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ დავით ძიძიშვილმა, ჰიბრიდული ომის სპეციალისტმა. მისი თქმით, „ასეთი გარემოს შექმნაზე, ძირითადად, ხელისუფლებაა პასუხისმგებელი. სამწუხაროდ, ხელისუფლების ნარატივი ხშირად ემთხვევა რუსულ ნარატივს. ყველა დანარჩენ ადამიანებს, ვინც დასავლურ ნარატივზე ვდგავართ და ვცდილობთ, ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი დავიცვათ, ხელისუფლება გვაცხადებს, ბნელებად, მოღალატეებად, ომის პარტიის წევრებად და ა.შ. ამიტომ, როგორც კი ვდგებით იმ ვითარებაში, როცა ხელისუფლება და მისი მომხრეები ცალსახად იმას ამბობენ, რასაც რუსეთი ამბობს... ბუნებრივია, რომ რუსეთი აუცილებლად გადადგამს რაღაც ნაბიჯებს, რომ ხელისუფლების პოლიტიკას მხარი დაუჭიროს. ამას დღეს ნათლად ვხედავთ“.

„სულ რომ გულწრფელად არ იყოს, „ქართული ოცნება“ პრორუსული, არადა, რეალობა, მათი ბოლო ნაბიჯებიდან გამომდინარე, ფრენების აღდგენის ჩათვლით, რბილად რომ ვთქვათ, განსხვავებულია, რუსეთის ხელისუფლება ამას ისე შეფუთავს და ისეთ ვითარებას შექმნის, რომ ყველამ იფიქროს, საქართველოს ხელისუფლების კურსი შეიცვალა და იგი პრორუსულია. სწორედ ეს არის რუსული ჰიბრიდული ომის მთელი არსი“, - ამბობს დავით ძიძიშვილი.

მესამე სექტორის აზრით, ამ დროისთვის, ევროკავშირის 12 პუნქტიდან, საქართველოს ხელისუფლებას არ შეუსრულებია 5 მოთხოვნა, 4 მოთხოვნა ნაწილობრივ არის შესრულებული და სრულად შესრულებულად კი მხოლოდ 2 მოთხოვნა შეიძლება ჩაითვალოს.

ამ ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვანად გაზარდა რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება და გახსნა ორმხრივი ფრენები, რაც რუსეთთან ომში ჩაბმული უკრაინის მოკავშირე დასავლეთის სტრატეგიულ პოლიტიკას ცალსახად ეწინააღმდეგება.

წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/7102742.html

 

общество
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати