ანალიტიკური პორტალი ProPublica მასალას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ისეთი ცნობილი ამერიკელი მილიარდერები, როგორიც ჯეფ ბეზოსი, ილონ მასკი და უორენ ბაფეტია, საშემოსავლო გადასახადების გადახდას თავს არიდებენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
პორტალის განცხადებით, Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა 2007 და 2011 წლებში საერთოდ არ გადაიხადა საშემოსავლო გადასახადი, ხოლო ილონ მასკმა - 2018 წელს.
ProPublica ჟურნალ Forbes-ზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს მილიარდერები გადასახადებს არ იხდიან მაშინ როდესაც, 25 ამერიკელი მილიარდერის ქონება ჯამურად 401 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა 2014-2018 წლებში, აღნიშნული პერიოდისთვის მათ ჯამში მხოლოდ 13.6 მილიარდი აშშ დოლარი გადაიხადეს საშემოსავლო გადასახადის სახით.
BBC-ი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენს გარკვეული გეგმები აქვს საშემოსავლო გადასახადებთან დაკავშირებით, რის მიხედვითაც აშშ-ის მდიდარი ფენა უფრო მეტად დაიბეგრება, შედეგად ეს თეთრ სახლს ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პროგრამებისთვის თანხების მოზიდვაში დაეხმარება.
შეგახსენებთ, ბაიდენმა აშშ-ის მდიდარი მოქალაქეებისთვის გადასახადების გაზრდის ინიციატივა აპრილში დაანონსა. მედიის ინფორმაციით, ბაიდენის გეგმა საშემოსავლო გადასახადის ზედა ზღვრული მაჩვენებლის 37%-დან 39.6%-მდე გაზრდას ითვალისწინებს იმ ადამიანებისთვის, რომელთა შემოსავალი წლიურად მილიონ დოლარს აჭარბებს.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/