USD 2.7067
EUR 3.1230
RUB 3.3103
Тбилиси
ამ ქვეყნის შვილები საუკუნეებია, უზარმაზარ ურჩხულებს შორის მოქცეულები, აცოცხლებენ საკუთარ სახელს, საკუთარ ტრადიციებს და იდენტობას
 1101

დაახლოებით საღამოს 17 საათზე, ბოლო პრეზენტაცია წარმოადგინეს, რის შემდეგაც, მოულოდნელად ტრიბუნასთან მივიდა საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე, 50 წლამდე ასაკის მამაკაცი, გვარად ჰარისონი, მიკროფონი აიღო და განაცხადა:

- მეგობრებო, სიმპოზიუმი მინდა დავასრულო ჩემი პრეზენტაციით, რომელიც ეხება ჩემთვის აქამდე უცნობ ქვეყნის ისტორიას.

არ მესიამოვნა, რადგან უკვე დარბაზიდან გასასვლელად ვემზადებოდი. თუმცა, ვინაიდან კომისიის მოპირდაპირედ ვისხედით, ეს უტაქტობად ჩამეთვლებოდა და იძულებული გავხდი, დავრჩენილიყავი ადგილზე.

- ეს იმდენად პატარა ქვეყანაა, რომ ამ რუკაზე არც კი ჩანს. დარბაზში სიცილი ატყდა. ჰარისონმა ხელი უზარმაზარი მონიტორისკენ გაიშვირა, სადაც მსოფლიოს რუკა გამოისახა. - ამ ქვეყნის მოსახლეობა ჩვენი ერთი ქალაქის მოსახლეობაზე სამჯერ ნაკლებია, წარმოგიდგენიათ? თუმცა, მისი ასაკი, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებზე ათჯერ მეტია. გულწრფელად გეტყვით, ამ ქვეყნის და მისი ისტორიის აღმოჩენა ჩემთვის მსოფლიოს მერვე საოცრებაა!

ჰარისონის ასეთმა შესავალმა ,,ალბერტ ჰოლის“ აუდიტორია უცებ გამოაფხიზლა. დარბაზი გაისუსა და ინტერესით მიაჩერდა მომხსენებელს, თან მონიტორიზე გამოსახულ რუკას მისჩერებოდნენ. ჰარისონი აზარტში შევიდა, სცენაზე ვერ ჩერდებოდა, თვალებიდან ნაპერწკლებს ჰყრიდა და ისეთი აღტაცებით და მგზნებარებით საუბრობდა, მიუხედავად მოწყენილობისა, მეც კი დავინტერესდი.

- მაშინ, როდესაც ჩვენი საამაყო ინგლისი სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, ამ ქვეყანაში უკვე შექმნილი იყო ხელოვნების და კულტურის ბრწყინვალე შედევრები! როდესაც ჩვენთან საფუძველი ჩაეყარა პარლამენტს, ამ ქვეყანაში უკვე არსებობდა მისი წინამორბედი, მეფის სათათბირო ორგანო. როცა ამერიკა შეიქმნა, სწორედ იმ დროს, ამ ქვეყანაში დაიბეჭდა მსოფლიო პოეზიის საგანძური, სიყვარულის და მეგობრობის ბალადა! სწორედ აქ, პირველად მთელ მსოფლიოში, ხმამაღლა ითქვა, რომ ქალი და მამაკაცი თანასწორნი არიან! ხვდებით, რა დონის ცივილიზაცია, საზოგადოების განვითარების რა დონე იყო ამ ხალხში?

ამ ქვეყანამ გაუძლო რომაელთა ლეგიონებს, ალექსანდრე მაკედონელს, ჩინგიზ ყაენის და თემურ ლენგის დამანგრეველ შემოსევებს და თითქმის მომაკვდავი, დანგრეული, ათასგზის გადამწვარი და დარბეული, სასწაული ძალით, ფენიქსისებურად ფერფლიდან აღდგებოდა! ისევ ახერხებდა არათუ გადარჩენას, არამედ უფრო შესანიშნავი კულტურის და გამაოგნებელი ისტორიის წერას!

სრულად გამოვფხიზლდი.. თითქოს რაღაც ძალიან ნაცნობზე და ჯერ არდავიწყებულზე, ძალიან მშობლიურზე საუბრობდა მომხსენებელი. გარინდებული ვისმენდი თითოეულ სიტყვას და ფიქრმა გამიელვა: ,,ნუთუ? მაგრამ, საიდან, როგორ?- მყისვე უკუვაგდე სულელური ვარაუდი.

ჰარისონი კი ისევ აგრძელებდა საგალობელივით: - ამ ქვეყანაში სიმღერით იბადებიან, სიმღერით შრომობენ, სიმღერით საუბრობენ და სიმღერით კვდებიან! მათთვის მუსიკა სულის საკვებია, რომლითაც საუკუნეებია, უზარმაზარ ურჩხულებს შორის მოქცეულები, აცოცხლებენ საკუთარ სახელს, საკუთარ ტრადიციებს და იდენტობას! ისინი უმღერიან სიცოცხლეს, უმღერიან მზეს, დიახ, მათ აქვთ მზის სადიდებელი სიმღერა, როგორც მადლიერების გამოხატვა სიცოცხლის მინიჭებისათვის!

ამ ქვეყნის შესწავლისას აღმოვაჩინე, რომ ეს ერი საკუთარ მიწას ღვთისმშობლის წილხვედრს უწოდებს! გეცინებათ? სრულიად ტყუილად! როგორ შეიძლება ამაში ეჭვი შეიტანო? სხვა რა ძალას შეეძლო გადაერჩინა ეს ერთი მუჭა ერი, რომელიც უძველესი ქალაქებით, კულტურის უძველესი ძეგლებით და საკუთარი, უნიკალური დამწერლობით იწონებს თავს?

ამ ქვეყანამ სამყაროს აჩუქა შოთა რუსთაველი, ვაჟა-ფშაველა, ვახტანგ ჭაბუკიანი, დავით აღმაშენებელი? ალბათ, ბევრს არ გსმენიათ ჩამოთვლილი პიროვნებები, ხომ? ეს ჩვენი სირცხვილია, მაგრამ ზუსტად ვიცი, აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში, სამყაროს ყველა კუთხეში იცნობენ უდიდეს სამხედრო და პოლიტიკურ მოღვაწეს, მსოფლიოს ყველა დროის უძლიერეს მხედართმთავარს, ,,ფოლადის კაცად“ წოდებულ იოსებ სტალინს! დიახ, სტალინის ნამდვილი გვარია ჯუღაშვილი და ის ქართველი იყო!

ჰარისონის ბოლო წინადადებაზე დარბაზს გაოცებულმა შეძახილმა გადაუარა - აშკარად მოულოდნელი იყო მოსმენილი ინფორმაცია.

- მე სხვა პრეზენტატორებივით არ წარმოვადგენ დოკუმენტებს ნიშნად ამ ერის უნიკალურობისა. მე მინდა, მხოლოდ მათი კულტურული შემოქმედების რამდენიმე ნიმუში წარმოგიდგინოთ, რომელიც სრულყოფილად დაგვანახებს ამ ქვეყნის სახეს!

უცებ საკონცერტო დარბაზ ქართული ,,დაისის“ ჰანგებით გაივსო. უზარმაზარ მონიტორზე ავაზასავით შემოვარდნენ ქართული ნაციონალური ანსამბლის ,,სუხიშვილების“ სოლისტები. ,,დაისს“ ,,მთიულური“ მოჰყვა და .. ცეცხლი დაინთო! ცეცხლი კი არა, ეს იყო ხანძარი, ,,ალბერტ ჰოლის“ სტუმრების წინაშე წარმოდგენილი იყო ,,ჭეშმარიტად ქართული გენია, როკვით განფენილი“.

ალბათ, ადვილად წარმოსადგენია, ამ დროს მე რა დამემართა! ეს იყო ის მომენტი, როდესაც სიტყვები სრულიად უძლური, უფერულია ემოციების და გრძნობების გადმოსაცემად. სრულყოფილად ვერც დარბაზში მსხდომთა ემოციებს აღვწერ, რადგან თავად მთვრალივით არეულს, აღქმა წამიერად დამიქვეითდა. ეს იყო სრული ფურორი! მთელი დარბაზი ფეხზე იდგა, სინქრონულად გაიძახოდა ,,ბრავო“-ს და უწყვეტად უკრავდა ტაშს. არ მახსოვს, რამდენი წუთი გრძელდებოდა ეს ყველაფერი. ვხედავდი, რომ ჩემს თვალწინ გაქრა მათი თავშეკავებულობა. იცინოდნენ, ყვიროდნენ როგორც სტადიონზე და ერთმანეთს ხელით რაღაცას ანიშნებდნენ მონიტორისკენ. მცირე პაუზის შემდეგ, ,,სულიკოს“ მელოდიამ გამომაფხიზლა და სხეულში დენივით გამიარა. ვიცოდი, რომ ეს სიმღერა ბევრ ენაზე იყო ნამღერი, მაგრამ მთელი დარბაზი ასეთი სიზუსტით და ასე ერთხმად ამღერებული, აქამდე მხოლოდ ,,ქუინის“ კონცერტზე მყავდა ნანახი.

სიმღერის დასრულების შემდეგ, ჰარისონმა, რომელიც სახეგაბადრული და ბედნიერი იდგა სცენაზე, ხელის აწევით სთხოვა აუდიტორიას დამშვიდება, შემდეგ კი ხმამაღლა განაცხადა: როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, ჩვენთან იმყოფება ამ ქვეყნის ერთადერთი წარმომადგენელი, რომლის სტუმრობის შესახებ არავინ ვიცოდით. მივესალმოთ მას და ერთხმად ვუთხრათ მადლობა იმისთვის, რომ არსებობენ! - ჰარისონი შემობრუნდა და ორივე ხელი ჩემკენ გამოიშვირა. არ მახსოვს, როდის წამოვდექი, რას ვამბობდი, რას ვაკეთებდი, რას ვლუღლუღებდი არეული.. ვიდექი ფეხზე, თავზე დამნათოდა საკონცერტო დარბაზის პროჟექტორი და ვგრძნობდი დამსწრეთა ჩემკენ მომართულ მზერას.

მხოლოდ იმ წამს მივხვდი, თუ რა ბედნიერება მხვდა წილად, რომ ქართველად დავიბადე. მივხვდი, რომ სწორედ იმით ვიყავი ამაყი და გოროზი, შექსპირის - ინგლისელებზე, ჰიუგოს და ნაპოლეონის - ფრანგებზე, ველასკესის და სერვანტესის - ესპანელებზე, მიქელანჯელოს და იულიუს კეისრის იტალიელებზე აღმატებული და უფრო დიდი, რომ მე, ამ ერთი ციდა, მაგრამ უზარმაზარი გულის და სიამაყის მქონე ერის ნაწილი ვიყავი, რომელიც ვერ გააქრო სამყაროდან თავად უკვე გამქრალმა მაკედონელის იმპერიამ, დაშლილ-დანაწილებულმა რომის იმპერიამ, ათასგზის იავარქმნილმა ბიზანტიამ, მრავალჯერ სახელ და სახეცვლილმა ირანმა და ოსმალეთმა.

მოძალებული ემოციების გამო, თავი ვერ შევიკავე, სახეზე ორივე ხელი ავიფარე და ტირილი დავიწყე..

ვტიროდი ყველას წინ უხმოდ, მაგრამ დიდი ცრემლებით..

ვტიროდი, რადგან შემრცხვა ჩემი პატარა, ჯვარზე ათასჯერ გაკრული და არც ერთხელ ჩამოხსნილი სამშობლოს წინაშე.

ვტიროდი, როგორც უძღები, უმადური შვილი პატარა საქართველოსი და ამ ცრემლებით ვითხოვდი მისგან პატიებას.

თენგიზ საგარეჯოელი

04.11.2023 წელი

аналитика
კრემლს ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - გიორგი კობერიძე
დღევანდელი რუსული ბეჭდური პრესა ივლისის თვეში ეკონომიკური ვითარების დამძიმებაზე საუბრობს - რაც რუსეთის დახურული სისტემის პირობებში საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. გაზეთები აღნიშნავენ, რომ: საშუალოდ 12%-ით მოხდა რუსეთში კომუნალურები გადასახადების ზრდა. გაძვირდა პურის ფასიც, არადა ხორბლის ფასი გაიაფდა. მშენებლობის ბიზნესი დაეცა და ქარხნები იხურება.
 
მიზეზი? მუშახელის კატასტროფული დეფიციტი ბაზარზე, რასაც ადამიანური რესურსების კლების ხარჯზე ემატება მოთხოვნის ბუნებრივი შემცირება - რუსების ნაწილი ფრონტზე კვდება, ნაწილი კი ქვეყნიდან გარბის. დარჩენილი კვალიფიციური მუშახელი კი სამხედრო ინდუსტრიაშია მობილიზებული. იაფ ხორბალს რუსეთი თავის მოკავშირეებს საბითუმო ფასებში ყიდის, ხოლო ბაზარზე შემოსავლის შესანარჩუნებლად კრემლთან დაახლოებული პურის მსხვილი მეწარმეები მის ფასს ზრდიან.
 
ამას კი ემატება სანქციები. დღეს ევროპის მხრიდან სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდა, რომელიც რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას ურტყამს. 47.6 დოლარი - ესაა ის თანხა, რომელზე ძვირადაც ნავთობს არ შეიძენს ევროკავშირი და ბრიტანეთი რუსეთისაგან, რომელსაც გათვლა 60 დოლარზე ჰქონდა. კრემლს რომ მყარი მოგება ჰქონდეს 70 დოლარად უნდა ჰყიდდეს ბარელს. სანქციების მიხედვით ნორდ სტრიმების გაზსადენები აღარ ამუშავდება. ამას ემატება რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე დევნაც, რომელიც სხვა ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავი ხომალდების დახმარებით ცდილობდა რუსული ნავთობის ევროპაში გაყიდვას და სანქციების გვერდის ავლას.
 
ამ ფონზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ რუსეთში ტოტალიტარული მმართველობა კიდევ უფრო უჭერს მოსახლეობას: ქვეყანაში 5500 აკრძალული საიტი, მუსიკა, საინფორმაციო საშუალება, კოდური სიტყვა, ფილმი და გამოთქმაა, რისი მოძიებაცა და ნახვაც არ შეიძლება, მათ შორის არც VPN-ის გამოყენებით. თუ ნახავ ჯერ დაგაჯარიმებენ, შემდეგ ჯერზე კი პასუხისგებაში მისცემენ შენს თავს.
 
მზარდი ინფლაციისა და ძირითადი რესურსების სამხედრო წარმოებასა თუ ფრონტზე მობილიზების ფონზე ეკონომიკური პერსპექტივა კარგად არ გამოიყურება. არსებობს ვარაუდი, რომ გვიანი შემოდგომიდან რუსეთი კიდევ უფრო მეტი ბანკნოტების დაბეჭდვას აპირებს.
 
მუშახელის დეფიციტის ფონზე ინდური პრესა საუბრობდა პოტენციურ გეგმაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთი წლის ბოლომდე მილიონი ინდოელი მუშახელის რეკრუტირებას აპირებს, თუმცა ამ ამბავმა რუსეთში დადებითი რეაქცია არ გამოიწვია, რის გამოც რუსეთის შრომის მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო. მიუხედავად ამისა, მარტო წელს რუსეთში 71,817 ინდოეთის მოქალაქეზე გაიცა ოფიციალური სამუშაო ნებართვა. ეს რაც ლეგალურად ჩანს, და რაც არა ის კიდევ სხვაა. ინდოელების გარდა რუსეთში დიდი რაოდენობით არიან შუა აზიელები და ჩინელები.
 
ამ ვითარებაში ფრონტზე რუსეთის ვითარება არასახარბიელოა. დონეცკის მონაკვეთზე მომარაგების გზას უკვე ეწოდა "სიკვდილის ხაზი", სადაც უკრაინული დრონები ყველაფერს ბომბავენ რაც კი გადაადგილდება. მიუხედავად ამისა, რუსეთი არ წყვეტს ცოცხალი ძალის მობილიზებას და დონეცკის ოლქის დასავლეთ ნაწილში, პოკროვსკის სექტორზე დაწოლას. რუსეთის მხრიდან ყველა გათვლა ისეთი იყო, რომ პოკროვკი ჯერ 2024 წლის ბოლომდე უნდა აეღოთ, შემდეგ 2025 წლის მარტამდე, ახალი თარიღი 2025 წლის 9 მაისი იყო, შემდეგ კი ამ სექტორზე დაწყებული შეტევის ერთი წლის თავი, ანუ ივლისი. მაგრამ ერთი წლის თავზე რუსები ჯერ კიდევ არ არიან ქალაქის ფარგლებში შესულები. ზოგადად პოკროვკისაკენ გაჭრას რუსები 2024 წლის თებერვლიდან ცდილობენ, ავდიივკას დაცემის შემდეგ.
 
დასავლური მედია ამბობს, რომ რუსული ზაფხულის შეტევის მხოლოდ პირველი ფაზა ვიხილეთ ჯერ და რომ მეორე ფაზა ჯერ კიდევ წინააო. ისინი 150 ათას დამატებით რუს, კორეელ და სხვა ქვეყნებიდან დაქირავებულ სამხედროებზე საუბრობენ და ახალი მიმართულებით გაჭრას არ გამორიცხავენ, ან ძველ სექტორებზე მათ გადანაწილებასა და უკრაინულ პოზიციებზე დაწოლის გაძლიერებას.
 
კრემლი ტრამპის მიერ მიცემულ 50 დღიან ვადას მაქსიმალური შეტევისათვის გამოიყენებს და ამაში უცნაური არაფერია. მთავარია რამხელა იქნება მსხვერპლი და გამოფიტვა. როგორც ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, მხოლოდ წელს რუსეთს 100 ათასი მოკლული ჰყავს. მან ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საუბარია მოკლულ სამხედროებზე და არა დაჭრილებზე, დაშავებულებზე ან ტყვეებზე. რუსეთი წლებია იმით პოზიციონირებს, რომ თითქოს ბოლო სამხედრომდე და ბოლო საკვებამდე შეუძლია იომოს. ასეთი რამ არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მაგრამ კრემლს რომ ომის შეწყვეტის მზაობა ჯერ კიდევ არ აქვს და რუსეთის ეკონომიკის შეწირვასაც არ ერიდება - ეს უკვე ვნახეთ. და ისიც ნათელია, რომ ახლა ომს სერიოზული გამოფიტვის სახე აქვს მიღებული, რის გამოც დამატებითი მოთამაშეებისა და სახელმწიფოების ირიბი ჩართვა კიდევ უფრო მზარდია.
 
პუტინმა ისიც კარგად იცის, რომ ომის შეწყვეტა სხვა მიზეზითაცაა საშიში - ამდენი სამხედროსა და ციხეებიდან გამოსული, თუ მობილიზებული კრიმინალის რესოციალიზაცია ძალიან რთული იქნება, მით უფრო გართულებული ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე. თუმცა ყველაფერს აქვს თავისი ზედა ზღვარი - ეკონომიკის გამძლეობასაც, მსხვერპლის რაოდენობასაც და გამარჯვების რწმენასაც.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати