სტიქიის შედეგად დაზიანებული ალავერდის სამონასტრო კომპლექსის კარიბჭე-სამრეკლოს გუმბათზე ახალჩამოსხმული ჯვარი აღიმართა. აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის - მეუფე დავითის (მახარაძე) მიერ ჯვრის კურთხევასა და არქიტექტორ-რესტავრატორების მიერ მის აღმართვას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ აზნაურაშვილი და ბრინჯაოს მხატვრული ჩამომსხმლები ოლეგ გელაშვილი და პაატა გელაშვილი.
ჯვრის დამზადება სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უშუალო ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა, აღნიშნულ პროცესს კი წინ უძღოდა საპროექტო სამუშაოები. პროექტის მიხედვით გაკეთდა მაკეტი, რის საფუძველზეც დამზადდა ყალიბი, რომელშიც ჩამოისხა თითბრის ჯვარი. ჯვრის ჩამოსხმა მიმდინარეობდა არქიტექტორ-რესტავრატორების ზედამხედველობით. ასევე, ანალოგიური გეგმით
დამზადდა ჯვარი, რომელიც ალავერდის საკათედრო ტაძრის გუმბათზე აღიმართება. მოგეხსენებათ, 25 ივნისს მომხდარმა ძლიერმა სტიქიამ ალავერდის ტაძრის გუმბათის თუნუქის საფარი დააზიანა, კერძოდ სტიქიამ საფარი გადახადა ტაძრის გუმბათს. ასევე, ჩრდილოეთ კალთის სხვადასხვა ადგილას დაიმტვრა ლორფინის ქვები და დანარჩენ ადგილებში დაზიანდა კრამიტის სახურავი, ჩაიმსხვრა ტაძრის დასავლეთ მხარისა და გუმბათის სარკმლები, დაზიანდა სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის კრამიტის სახურავები, ასევე, ჩამოიშალა სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდნილია ჯვარი და მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.
ალავერდის ეპარქიასთან შეთანხმებით სააგენტოს მიერ უმოკლეს ვადაში მოეწყო როგორც ტაძარზე (გუმბათის ჩათვლით), ასევე საეპისკოპოსო სახლის მთელ პერიმეტრზე ხარაჩო, რათა სპეციალისტებს შესძლებოდათ სრულფასოვნად მუშაობა, რისთვისაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყო ალავერდში 4 500 კვ. მ ხარაჩოს მასალის გაგზავნა. სპეციალისტებს მიეცათ შესაძლებლობა შეესწავლათ სტიქიის შედეგად გამოვლენილი დაზიანებები, რის საფუძველზეც ჩატარდა პრევენციული ღონისძიებები და დაიგეგმა საპროექტო სამუშაოები.
ამ დროისთვის საკათედრო ტაძრის დასავლეთ მინაშენზე (სტოაზე) და საეპისკოპოსო სახლზე მოხსნილია დაზიანებული კრამიტის სახურავი. სტოაზე მოეწყო კრამიტის საბურვლისთვის შესაბამისი კონსტრუქციები, ხოლო საეპისკოპოსო სახლზე სრულად აღდგა კრამიტის სახურავი. გარდა ამისა, კარიბჭე-სამრეკლოზე მოეწყო გუმბათის ირგვლივ ანტისეისმური სარტყელი.
სამომავლოდ გათვალისწინებულია შემდეგი სამუშაოები: კარიბჭე-სამრეკლოზე ფურცლოვანი სპილენძით გუმბათის გადახურვა. ტაძრის დასავლეთ მინაშენზე (სტოა) დაგეგმილია კრამიტის სახურავის მოწყობა. ამასთან, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის გუმბათის გადახურვისა და ჯვრის დასამაგრებლად მიმდინარეობს შესაბამისი კონსტრუქციული პროექტის შემუშავება. საჭირო ხდება გუმბათის ქვედა ნაწილებში დამტვრეული ლორფინების აღდგენა, რის შემდეგაც მოეწყობა სპილენძის საბურველი. ასევე, იგეგმება ტაძრის მკლავებისა და ნავების სახურავებზე დაზიანებული ლორფინების აღდგენა და მცენარეული საფრისგან გაწმენდა.
როგორც ცნობილია, 26 ივნისს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ალავერდში ჩავიდა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად და სტიქიის შედეგად შექმნილ მდგომარეობას გაეცნო.
7 ივლისს სტიქიის შედეგად დაზიანებულ ალავერდის სამონასტრო კომპლექსში არსებულ ვითარებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეცნო. საქართველოს პრემიერ-მინისტრს შექმნილი მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ აზნაურაშვილმა და აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა.
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
ბრიტანულ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპმა პუტინისათვის დრო ისე გამოთვალა, რომ სანქციებით მაქსიმალურ შედეგს მიაღწიოს“ (ავტორი – კონ კოფლინი). პუბლიკაციაში განხილულია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული მეორადი სანქციების ათდღიანი ვადა და მოცემულია მათი სავარაუდო შედეგები.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
დონალდ ტრამპმა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო და შესაფერისი დრო შეარჩია თავისი მეორადი ეკონომიკური სანქციების ახალი ვადის გამოცხადებისათვის, რომ რუსეთს ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებული შემოსავლები შეუმცირდეს და უკრაინაში ომი შეწყვიტოს.
დონალდ ტრამპს სამჯერ ეგონა, რომ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაში დაარწმუნა, მაგრამ სამჯერვე, როგორც კი სატელეფონო საუბარი მთავრდებოდა, რუსეთის არმია უკრაინული ქალაქების დასაბომბად რაკეტებსა და დრონებს უშვებდა.
აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან იმის დაგვიანებული აღიარება, რომ „პუტინი მას თურმე ათამაშებდა და ომის გასაგრძელებლად დროს იგებდა“, იმას ნიშნავს, რომ როგორც იქნა, „ტრამპი აბობოქრდა“ და თავის რუს კოლეგას ათდღიანი ვადა დაუწესა ცეცხლის შესაწყვეტად. თუ კრემლი თეთრი სახლის მოთხოვნას არ დაეთანხმება, ძალაში შევა ახალი მომატებული საბაჟო ტარიფები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთისაგან ნავთობს ყიდულობენ. სანქციის მიზანი და განხორციელების პროცედურა ასეთია: აშშ რუსული იაფი ნავთობისა და გაზის მოყვარული ქვეყნების – ინდოეთის, ჩინეთის (და ალბათ, თურქეთის და სხვების) მიერ წარმოებულ იმპორტირებულ პროდუქციაზე მომატებულ საბაჟო ტარიფებს დააწესებს. მათი ფასი იმდენად გაძვირდება, რომ ამერიკაში მყიდველი აღარ ეყოლება, ანუ ინდური და ჩინური კომპანიები დაზარალდებიან. ზარალის თავიდან ასაცილებლად იგივე ქვეყნები იძულებულნი გახდებიან, რომ რუსეთისაგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა შეწყვიტონ, რის შედეგადაც რუსეთს შემოსავლები შეუმცირდება, ანუ კრემლს აღარ ექნება თანხები უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად. რუსეთი ცეცხლს შეწყვეტს და სამშვიდობო მოლაპარაკებაზე დათანხმდება.
კონგრესში ზოგიერთი დეპუტატი უფრო რადიკალურად არის განწყობილი, რომლებიც 500%-იან სანქციების დაწესებას მოითხოვენ.
უეჭველია, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად არის განწყობილი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან იძულებული გახადა იაპონია და ევროკავშირი სავაჭრო ხელშეკრულებების დადებისას აშშ-ის მოთხოვნებზე დათანხმებულიყვნენ, განა თეთრი სახლი კრემლის წინაშე უკან დაიხევს?
როგორც კი ინდოეთი და ჩინეთი მტკივნუულ დარტყმას იგრძნობენ ამერიკასაგან, ისინი იძულებულნი გახდებიან რუსეთისაგან ნავთობ-გაზის შესყიდვა შეამცირონ (ან საერთოდ შეწყვიტონ). ამით დაინგრევა ვლადიმერ პუტინის გენერალური გეგმა რუსეთის იმპერიული ძლიერების აღდგენის შესახებ.
რუსეთი უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობას განიცდის. მართალია, კრემლმა დრონებითა და რაკეტებით უკრაინული ქალაქების დაბომბვა გააძლიერა, მაგრამ ფაქტია, რომ მაისში დაწყებულ შეტევას რუსეთის არმიისათვის რაიმე მნიშვნელოვანი წარმატება არ მოუტანია. ვლადიმერ პუტინი ბოლო დროს მუდმივად ცდილობს რომელიმე მსხვილი უკრაინული ქალაქის დაპყრობას, მაგრამ უშედეგოდ – პოკროვსკს და კონსტანტინოვკას ისევ უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინელები მამაცურად იბრძვიან, რუსები უამრავ ჯარისკაცს კარგავს – კრემლის ზარალმა უკვე მილიონს მიაღწია დაღუპულებისა და დაჭრილების სახით. ეს ნიშნავს ყოველდღიურად 1080 რუსი მებრძოლის დაღუპვა-დასახიჩრებას.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ათასკილომეტრიან ფრონტის ხაზზე რაიმე წარმატებას მიაღწევს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი უკრაინას მეტ იარაღს მიაწვდის. უკრაინელებს თუ იარაღი საკმარისი რაოდენობით ექნებათ, ისინი რუსებს უკან დაახევინებენ და საეჭვოა პუტინმა ის ტერიტორია შეინარჩუნოს, რაც ბოლო დროს დაიპყრო. კრემლს ირანის იმედიც აღარ ექნება, რადგან თეირანი მნიშვნელოვნად არის დასუსტებული ისრაელთან (და აშშ-სთან) ამასწინანდელი საჰაერო შეტაკების გამო.
არის იმის ნიშნებიც, რომ თვითონ ვლადიმერ პუტინს მისსავე გარემოცვაში ბევრი არ ეთანხმება, რასაც მოსკოვში მიმდინარე საკადრო წმენდა მოწმობს. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ჩინოვნიკი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს, ცნობილი ოლიგარქები კი ქვეყნიდან გაქცევის დროს იქნენ დაკავებულები. ზოგიერთი მაღალჩინოსანი ოფიცერი, რომლებსაც ყოფილ თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, დაპატიმრებულები იქნენ კორუფციის ბრალდებით.
იმ სიძნელეების მასშტაბს, რასაც ვლადიმერ პუტინი შეეჯახა ომის გამო, მოწმობს ის ფაქტი, რომ იგი იძულებული გახდა გასულ კვირას ყოველწლიური სამხედრო-საზღვაო აღლუმის ჩატარება გაეუქმებინა – უკრაინაში განცდილი დიდი დანაკარგების გამო.
ამრიგად, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ვადების შემცირების თაობაზე დროულია – ის იმ დროს იქნა მიღებული, როცა ვლადიმერ პუტინს, ყოყოჩობის მიუხედავად, ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ გაგრძელების ვარიანტები უმთავრდება.
თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოფხიზლდება და მიხვდება, რომ მას უკრაინაში ომის მოგების შანსი არ აქვს, მას სხვა არჩევანი არ ექნება იმის გარდა, რომ დონალდ ტრამპის მოთხოვნას დათანხმდეს – ცეცხლი შეწყვიტოს და სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყოს.