USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
"ახლა გახარიაზე დიდი საფრთხე ქართულ ოცნებას არა ჰყავს"- ბექა კობახიძე
Date:  688
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პირველი რესპუბლიკის მკვლევარი ბექა კობახიძე სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას წინააღმდეგ გაჩაღებული კამპანიის შესახებ ვრცელ ანალიზს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
 
"პოსტ ტივიმ რეკლამაზე გაუშვა "ცნობა", რომ გახარიას კეზერაშვილი აფინანსებს, გუშინ ტელე იმედმა პირდაპირ განაცხადა რომ გახარიას კავშირი აქვს ნაცმოძრაობასთან, დღეს ჩემმა მოგვარემ თქვა, რომ დაზუსტებული ინფორმაცია აქვს გახარია და სააკაშვილი ერთად მოქმედებდნენო.
თუ ვინმეს გგონიათ, რომ გახარიას წინააღმდეგ სიბინძურის ნიაღვარი დაიწყო ძალიან ცდებით. ეს მხოლოდ კვირტებია. გახარიას პარტიის პრეზენტაციამდე კარგა ადრე რამდენიმე მეგობარს ვუთხარი, რომ საქართველოშიც კი გაგვიკვირდება მის წინააღმდეგ ისეთი ბინძური კამპანია გაეშვებათქო. თავისი ფარული ჩანაწერებით, იუთუბში ატვირთული ვიდეოებით, აღძრული საქმეებით, კორუფციული სკანდალებით, ერთბაშად სააკაშვილთან და რუსეთთან კავშირით და რა აღარ, you name it...
რატომ? იმიტომ რომ ახლა გახარიაზე დიდი საფრთხე ხელისუფლებას არ ყავს. დათქმულია 43%-იანი ზღვარი, თუ ეს ქართულმა ოცნებამ ვერ გადალახა, ინიშნება ვადამდელი არჩევნები. 43%-ის ვერგადალახვა იმხელა მარცხი იქნება, რომ ხელისუფლებაში დარჩენის შანსი ნულამდე დაეცემა. ჯერესერთი, დამარცხებულ ხალხს შეშინებული სახელისუფლებო რესურსი (საჯარო მოხელეები, უმცირესობებით დასახლებული რეგიონები და ა.შ.) ხმას აღარ მისცემს; უფრო მეტიც, ოცნების შიგნითა და რეგიონულ ადმინისტრაციებში ადამიანები დაიწყებენ ოპოზიციასთან, ესე იგი მომავალ ხელისუფლებასთან ურთიერთობების დალაგებისა და საკუთარი მომავლის უზრუნველყოფის მცდელობებს, ცხადია ქართული ოცნების ხარჯზე.
როგორ შეიძლება ქართულმა ოცნებამ ვერ გადალახოს 43%-იანი ზღვარი? ენმ-ს თავისი სტაბილური მხარდამჭერები ყავს. ფაქტია, არც კარგავენ ხმებს, მაგრამ ოცნების ხარჯზე მატებაც უჭირთ. ასევე არიან "მესამე ძალები", რომლებიც, დაახლოებით, შეწონილ 15%-ის აჩვენებენ. აი ასეთ ზღვარზე დგას სტატუს ქვო, მაგრამ ახლა ასპარეზზე შემოვიდა ორი ძალა, რომელთაც დიდი შანსი აქვთ 7-10% წაართვან ქართულ ოცნებას. ესენია, უფრო სუსტი, ლევან ვასაძე, რომელიც პატრიოტთა ალიანსის ხმებსაც წაიღებს და, ელექტორალურად უფრო ძლიერი, ყოფილი პრემიერი გახარია.
ეს 7-10% თუ დაკარგა ხელისუფლებამ, გაყალბების პირობებშიც კი შეუძლებელია 43%-ის აღება.
ამიტომ, ახლა, რა ნაცები და რის ნაცები, მათთვის მთავარი და ეგზისტენციური ფრონტი არის გახარიას გაშავება. საკითხი დგას ძალიან მარტივად: გააშავებენ გახარიას? შეინარჩუნებენ ხელისუფლებას. ვერ გააშავებენ? დაკარგავენ ხელისუფლებას.
არ სჭირდება ამას დიდი ფილოსოფია, ეს არის უბრალო არითმეტიკა.
გახარია შინაარსობრივად ართულებს ოცნების საქმეს - დღემდე ყველა არჩევნების მთავარი ლაიტმოტივი იყო, რომ "ნაცები ბრუნდებიან", რომ არის ორი პოლუსი - ხელისუფლება და ნაცები. არავითარი პოზიტიური დღის წესრიგი, წინასაარჩევნო დაპირებებიც კი გაქრა - მხოლოდ ნაცების შიში დარჩა. ასეთ დროს ოპოზიციურ ასპარეზზე გამოდის ადამიანი, რომელსაც ერთადერთს ან ორში ერთს ჰქონდა ქართულ ოცნებაში ყოფნის დროს პირადი რეიტინგი. ის ოცნების ამომრჩეველს უყვარდა ("კაცია და ყვერებიანია"!). ოცნებას ნარატივი ენგრევა, ამიტომ ისევ მარტივ, ნაცად გზას მიმართეს, ისევ ორპოლუსიანობით უნდათ ფონს გავიდნენ. ამისთვის საჭიროა ოცნების ამომრჩეველმა დაიჯეროს, რომ გახარია ნაცია.
და რა პრობლემაა? სახელისუფლებო ფეისბუქ ფეიჯები ფოტოშოპში გაკეთებულ გახარიას და სააკაშვილის შეხვედრის ფოტოებსაც გვაჩვენებენ. მე ფანტაზია სად მეყოფა ეგენი ისეთებს მოიფიქრებენ...
ამ შემთხვევაში, როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება? რა აწყობს მას და რა აწყობს ხელისუფლებას?
აბსოლუტურად მესმის ემოციური ცდუნება, რომ გახარია თვალთხარიაა, რომ 19 ივნისი მისი პასუხისმგებლობაა, რომ "ქართულ ჯიგრულ პონტში" კორუფცია ნიჩიო ამბავია, რომ ოპოზიციას უთხრა დაგამთავრებთო, რომ ნახევარი წლის წინ ისიც ირაკლი კობახიძის გვერდით იდგა და ა.შ.
როგორც თავად იტყოდა, "გავიგე, გავიგე..."
მაგრამ ოპოზიციის და თუნდაც აქციაზე დაზარალებული ადამიანების პრაგმატული გადასახედიდან რომ შევხედოთ, რა არჩევანია?
1. აშავებენ გახარიას, რჩება ივანიშვილი, ქვეყანაში ცვლილებების ალბათობა ბუნდოვან მომავალში გადაიწევს; არც 19 ივნისს გამოიძიებს არავინ, ან გამოიძიებენ და ყველაფერს გახარიას შეტენიან;
2. ვერ აშავებენ გახარიას, ვიღებთ ყოფილ პრემიერ-მინისტრს 7-10%-იანი პარტიით (მისთვის უკეთეს შემთხვევაში), მაგრამ იცვლება ხელისუფლება და მერე გინდა 19 ივნისი გამოიძიე, გინდა გარეჯის საქმის დამკვეთები, გინდა მუხთარლის გატაცება და რაც გინდა...
ასე მარტივადაა ეს ყველაფერი და არა სხვანაირად.
ხელისუფლების მთავარი ინტერესია, რომ ქოცებმა და ნაცებმა უნისონში იძახონ 19 ივნისს გახარიამ დათხარა ხალხს თვალებიო. ვინ იყო ბრძანების გამცემი და იყო თუ არა ასეთი ბრძანება ამაზე აქ სპეკულაცია არ არის მთავარი, მაგრამ იმის თქმა ზუსტად შეიძლება რომ ხელისუფლებას ასეთი ნარატივი სასიცოცხლოდ სჭირდება. რატომ? იმიტომ რომ თვალდათხრილი ხალხი ოცნების ზომიერ ამომრჩეველსაც არ მოსწონს და თუ ოპოზიცია ხელისუფლებასთან შეთანხმდა ეს პირადად გახარიამ გააკეთაო, ესე იგი გახარია ხმებს ვერ მიიღებს.
იცით ხელისუფლების ასეთი მცდელობა და ოპოზიციის გახარიასადმი ემოციური დამოკიდებულება რას მაგონებს? რუსეთი ყველანაირად რომ ცდილობს დაგვაჯეროს, მთავარი საფრთხე თურქეთიაო. ჩვენ უნდა ავვარდეთ, ანტითურქული აქციები ვმართოთ და ამასობაში მთავარი საფრთხეები მიგვავიწყდეს.
არ არის ოპოზიციონერი გახარია ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა. ეს ოპოზიციაში უნდა გაიგონ!
მე არ ვამბობ, რომ ოპოზიცია უნდა გამოვიდეს და გახარიას დაცვა დაიწყოს. რასაკვირველია არა, მაგრამ უნდა გამოაცხადოს ნეიტრალიტეტი; ან თუნდაც იგნორი, მოკლე კომენტარით, რომ "ქოცების დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებაში არ ვერევით" ან რამე ასეთი.
ჯერჯერობით, რაც ვნახე, ამას ზურა ჯაფარიძე და გიგი უგულავა მიხვდნენ, მაგრამ ვერ მიხვდნენ ოპოზიციური მედიასაშუალებების დიდ ნაწილში.
არ მაქვს მე ოპოზიციის გონივრული მოქმედების იმედი. 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ გონივრული ძალიან ცოტა რამ ვნახე (if anything). ცარიელი ემოციაა ოპოზიცია და ეს ემოცია იმდენად მართავს მათ გადაწყვეტილებებს, რომ პირსისხლიანი რეჟიმის მობრუნების არა და ხელისუფლებაში ემოციაზე დამოკიდებული ხალხის მოსვლის კი მეშინია.
მაინც იმედს დავიტოვებ, აჯობებენ საკუთარ თავს და ჩაწვდებიან არითმეტიკულ ჭეშმარიტებებს.
როგორ უნდა მოიქცეს სამოქალაქო საზოგადოება/არასამთავრობო სექტორი, თუნდაც იმ დაშვებით, რომ მათ სძულდეთ გახარია?
1953 წელს დახვრიტეს ბერია. განა ათჯერ დახვრეტას არ იმსახურებდა? მაგრამ დახვრიტეს არასწორი განაჩენით და, კონკრეტულ შემთხვევაში, ბერია იყო უსამართლობის მსხვერპლი.
გიორგი რურუას რომ იარაღი ჩაუდეს, ოცნების მხარდამჭერებში იყო ვიშვიში, რომ "ეგ მხედიონელია, მაგან კაცი მოკლა...". მე არ ვიცი გიორგი რურუამ 90-იან წლებში რა ქნა, მაგრამ ბევრის და მათ შორის ჩემი პასუხი იყო, რომ იარაღის ჩადებით დაჭერილი კაცი არის უსამართლობის მსხვერპლი.
ამიტომ, ძვირფასო სამოქალაქო საზოგადოებავ, გუშინ რომ ვერ იტანდი გახარიას და, შეიძლება, დღესაც რომ ვერ იტან, ის აუცილებლად გახდება დიდი უსამართლობების მსხვერპლი და ისევ შენ უნდა დაიცვა. რატომ? იმიტომ რომ სამართლებრივი სახელმწიფო გვინდა, იმიტომ რომ ოცნების სასარგებლო იდიოტებად არ უნდა ვიქცეთ, იმიტომ რომ შემოდგომაზე ცვლილებების შანსი უნდა გამოვიყენოთ."
society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way