დღეს ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი ცუდად გახდა. კლინიკა "იმედის" დირექტორმა დავით მაისურაძემ ტელეკომპანია "პირველს" ინფორმაცია დაუდასტურა. მისივე თქმით, კომატოზურ მდგომარეობაში მყოფ ექთანს მალე, სავარაუდოდ, თბილისში გადაიყვანენ.
"მდგომარეობა მძიმეა, ამჟამად მართვით სუნთქვაზეა და ვმუშაობთ პაციენტთან. უკვე თითქმის სამი საათია, კომაშია", - განაცხადა კლინიკის დირექტორმა. მისივე თქმით, დაუზუსტებელი ინფომაციით, პაციენტი ცუდად გახდა ვაქცინის გაკეთებიდან ნახევარი საათის შემდეგ.
ადგილზე მივიდნენ კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ექთნის ახლობლები, რომლებმაც კლინიკის ფანჯრები ჩაამსხვრიეს.
კლინიკასთან პოლიციაა მობილიზებული.
ახალგაზრდა ქალი, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან ნახევარ საათში კომაში ჩავარდა, ინექციის შემდეგ tv9news.ge-თან ინტერვიუში ამბობდა, რომ თავს კარგად გრძნობდა და ვაქცინაცია აუცილებელი იყო.