ახალი წელი მთელს მსოფლიოში განსაკუთრებული დღესასწაულია. ძირითადად, ხალხი დეკემბრის მიწურულს იწყებს მზადებას ახალი წლის შესახვედრად: ნაძვის ხის ლამაზი სათამაშოებით მორთვა, ფერად-ფერადი განათებები, საახალწლო წვიმები, მაშხალები, ბავშვები წითელ-თეთრ სამოსში გამოწყობილ თოვლის ბაბუას ელოდებიან, მშობლები საჩუქრებს ფუთავენ – დღეს ეს ყველაფერი გვიქმნის საახალწლო განწყობას, თუმცა არც ისე დიდი ხანია, რაც თანამედროვე საახალწლო ტრადიციები დამკვიდრდა, რაშიც მნიშვნელოვანი როლი მიუძღვის ამერიკული კულტურის გავრცელებას ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში. ასე რომ, შობა-ახალი წლის აღსანიშნავი დღევანდელი ტრადიციების უმეტესობა ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ამერიკული კულტურის დიდი გავლენით წარმოიშვა. მანამდე კი ევროპის ქვეყნებშიც კი განსხვავებული ტრადიციები არსებობდა ახალი წლის აღსანიშნავად.
საქართველოში საახალწლო ტრადიციები საკმაოდ დიდი ხნის წინ დამკვიდრდა და მას შემდეგ მუდმივად ვითარდებოდა. ჩვენთან ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წელიწადის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. შემონახული ცნობების თანახმად, IV სუკუნეში ახალ წელს 6 აგვისტოს ზეიმობდნენ. VII საუკუნიდან აგვისტოს სექტემბერი ჩაენაცვლა. IX საუკუნის 20-იანი წლებიდან ახალი წლის ათვლა გაზაფხულის პირველი თვიდან –მარტიდან იწყება. იანვარში კი ახალი წლის აღნიშვნა ჯერ კიდევ X საუკუნეში დაიწყო, თუმცა, საბოლოოდ, XIV საუკუნეში დამკვიდრდა. სწორედ ამ პერიოდში დაიხვეწა უამრავი საახალწლო წეს-ჩვეულება და რიტუალი.
მოგეხსენებათ, საქართველოს ყველა კუთხე საკუთარი დამახასიათებელი კულტურით გამოირჩევა. არც საახალწლო ტრადიციებია გამონაკლისი: მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი საახალწლო ტრადიცია ყველა კუთხეში საერთო იყო, რიტუალები თითქმის ყველგან განსხვავდებოდა ერთმანეთისგან.
სანამ კუთხეების მიხედვით გიამბობთ საახალწლო წეს-ჩვეულებებს, მანამდე გეტყვით, რომ ყველა კუთხეში მოზეიმეების მიზანი საერთო იყო: დღესასწაულს ისე უნდა შეხვედროდნენ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ბედნიერება, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოეტანა. ასევე, საერთო იყო ყველგან თოვლის ბაბუაც – თეთრ ჩოხაში გამოწყობილი, ნაბადშემოხვეული და ხურჯინგადაკიდებული მხიარული და წვერებიანი მოხუცი, რომელიც ბავშვებს საჩუქრებს ურიგებდა. თოვლის ბაბუასთან ერთად საქართველოში ახალ წელთან მეკვლეც ასოცირდებოდა. საბედნიეროდ, ეს ტრადიცია დღემდე შემორჩენილია. მეკვლე იყო კაცი, რომელიც პირველი შეაბიჯებდა ახალ წელს ოჯახში. სწორედ მასზე იყო დამოკიდებული, თუ როგორი აღმოჩნდებოდა ის წელი ოჯახისთვის, ამიტომ ცდილობდნენ, რომ ცუდი ფეხის მქონე მეკვლედ არ აერჩიათ.
ახალ წელს საქართველოში ხშირად „ბასილის დღეს“ უწოდებდნენ, რადგან პირველ იანვარს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ბასილი დიდს იხსენიებს. საახალწლოდ ცხვებოდა ადამიანის ფორმის პური ე.წ. „ბასილას კვერები.“
ქართლში თავდაპირველად ბასილას ქანდაკებას აცხობდნენ, ოჯახის თითოეული წევრისთვის ორ-ორ ბედის კვერს და თითოს შინაური ცხოველებისთვის. ოჯახის უფროსი ხონჩაზე დააწყობდა მოხარშულ დედალს, ღორის თავს, ბედის კვერებს, ბასილას, თაფლში ამოვლებულ პურის ლუკმებს, ჩურჩხელას, გოზინაყსა და დოქით ღვინოს. გათენებისას იგი ხონჩას გარეთ გაიტანდა, სახლს ლოცვით სამჯერ შემოუვლიდა. შინ შებრუნებისას მუგუზლით ცეცხლს შეუჩუჩხუნებდა და ნაპერწკლების აცვენისას წარმოთქვამდა: – „ამდენი ხარი, ამდენი ძროხა, ამდენი ღორი…“
ამ საახალწლო ხონჩას ქართლში „აბრამიანს“ უწოდებენ
შემდეგ ოჯახის ყველა წევრს თაფლიანი ლუკმით „დააბერებდა“ . ამ ხონჩას ქართლში სამ დღეს ინახავდნენ, შემდეგ ბასილას გულიდან ჯვარს ამოჭრიდნენ, ფქვილიან გოდორჩი ჩააგდებდნენ და თან იტყოდნენ:
– „ბარაქა ამ გოდორსაო!“
აქვე გალობდნენ:
„ღმერთმა ყველა ააშენოს ამ ოჯახის მასპინძელი,
პური, ღვინო ბევრი მისცეს და სიმინდი ძველისძველი,
ეს სახლი ღმერთმა აკურთხოს, გაუმაგრდეს საფუძველი
ახალწელიწადს დაესწროს, გაისტუმროს ესე ძველი!“
ბოსელში შესვლისას საქონელსაც ულოცავდნენ ახალ წელს.
კახეთში მეკვლეს სახლში შემოსვლისას ხორბალს ან სიმინდს გადაუყრიდნენ – ბევრი მაძღარი კრუხ-წიწილა გვეყოლებაო. აქვე ასეთი მესტვირული საახალწლო სიმღერა ისმოდა:
„ხელში ორ ჭიქას ავიღებ, ვილოცებოდე ღვინითა,
ყველა კარგად დაესწარით მრავალ ახალწელს დილითა,
ნათლიმამა თან მოგდევდეს, თაფლი მოქონდეს ქილითა;
ხურჯინიც სავსე ეკიდოს, ჩურჩხელებით და ხილითა…
თქვენი კოდები ყოფილა სავსე და – წმინდა ფქვილითა;
თქვენი ქვევრები ყოფილა სავსე და – წითელ ღვინითა;
თქვენი ფარეხი ყოფილა სავსე და – ცხვრითა, ბინითა…
თქვენი მტერი წაქცეულა, ვეღარა ძღება ძილითა…!“
ჰერეთში საახალწლოდ დაამზადებდნენ ხონჩას; დააწყობდნენ ზედ პურებს, ლავაშს, დადგამდნენ ჯამით თაფლს, ერბოს, არაწით ღვინოს, ბამბის წითელ და თეთრ ძაფებს და სახლის-დიდთან ერთად წავიდოდნენ ვენახის საკვლევად. მივლენ ერთ კარგ მოსავლის მომცემ ვაზთან. სახლის უფალი ჯერ გასხლავს ვაზს, მერე ააგებს, ჭიგოების ჩარჭობის დროს ნიადაგს ღვინით მოალბობენ; იგივე უფროსი ვაზის ძირში დაკლავს წითელ ფრთოსან მამალს, წითელ ფრთებს მოაგლეჯს და ბამბის ძაფით ამ ფრთებს ჭიგოსა და ვაზზე მიაკრავს და თან იტყვის:
„ღმერთო, ქურმუხის საყდარო, შენ ნუ მოგვაკლებ ქვევრებში წითელ ღვინოსა.“ თითო ლუკმა პურს ამოაწებენ თაფლსა და ერბოში, შეჭამენ, ცოტა ღვინოს მოსვამენ და შინ დაბრუნდებიან. ახალი წლის დღეს ინგილოებმა სადილი იციან ადრე. უფრო ქათმის წვენსა და ფლავს აკეთებენ. სადილად მოელიან გარეშე მეკვლესაც, რომელიც უნდა იყოს ვინმე ბედისგან დაუჩაგრავი, ან ნათესავი, ან ნაცნობი. მანამ მეკვლე არ ეწვევათ, არავის მიიღებენ სახლში.
ზამთრის სადღესასწაულო რიტუალებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ახალი წლის შეხვედრა, რომელსაც ხალხი თავის ოჯახის ბედს თუ უბედობას უკავშირებს. ამიტომ თუშებიც თავიანთ „წელწდობას“ მოწიწებით ეგებებიან.
საახალწლოდ თუშეთის სოფლებში არაყს ხდიან და ლუდს ადუღებენ. ოჯახებში აცხობენ ერთ გულიან კოტორს „ქრისტეს საგძალს“, კაცზე „ბაცუკაცს“ და ქალზე მრგვალ კვერს. აცხობენ აგრეთვე დამახასიათებელ ნიშნებიან საქონლის კვერებს. ხარისას რქები აქვს, ძროხისას – ძუძუები, ცხვრისას – დუმა, ცხენისა კი ნალის ფორმის არის. ყველა ამ კვერს ხონზე დაალაგებენ და ზედვე დებენ: მატყლს, მარილს, ყველს, ერბოს და ამ სუფრას მეკვლის მოსვლამდე ხელს არავინ ახლებს. დიასახლისი აგრეთვე აცხობს სახლის ანგელოზის ან ფუძის ანგელოზის კვერს და „კერის კვერს.“
საახალწლოდ ირჩევენ მეკვლეს, რომელსაც მოაქვს პური და ამ პურზე უწყვია: ერბო, ყველი, მატყლი და რაიმე ტკბილეული. მეკვლეს ხელში არაყიც უჭირავს. ოჯახში შემოსვლისას პურს შემოაგორებს და იტყვის: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა, კაი წელი გამოგეცვალოთ მრავალი. ერთი ესე, ათასი სხვა. გაგიმრავლოთ შინ ოჯახი, გარეთ საქონი!“
მამლის პირველი ყივილისას დიასახლისი დგება, ჯალაბს ნაყრად (საგზლად) ხმიადს გამოუცხობს, ხონჩაზე დადებს და მას კერის პირზე მიდგამს, გარშემო თაფლ-ერბოიან ჯამებს შემოუმწკრივებს. ოჯახიდან ერთი წყალზე წავა, თან „ნაყრს“ – ყველს და პურს წაიღებს. იქ წყალში ჩააგდებს და სამჯერ იტყვის: „წყალო, ნაყრი მოგიტანე, ბედი გამომაყოლეო.“ ამ წყალსაც დიასახლისი სუფრასთან მიდგამს, სუფრას სახელს შესდებს და დაილოცება. ამის შემდეგ ოჯახის წევრებს თაფლს და ხილს შეაჭმევს, „დააბერებს“ და ერთმანეთს ეტყვიან: „ეგრემც ტკბილად დამიბერდიო“. გადმოიღებენ ხმიადებს, წვნიან ჯამებს და საუზმობენ. ოჯახი უცდის წინა ღამეს ხატში წასული ღამისმთევლების გამობრუნებას, მეკვლეს შემოსვლას და ოჯახიდან არავინ გადის. დიასახლისი ქვაბს ჩამოჰკიდებს და ხინკლის კეთებას შეუდგებიან.
ხევსურები ახალ წელს „წელწადს“ უწოდებენ და მას დიდი სამზადისით ეგებებიან. ოჯახებში საახალწლო არაყს ხდიან, ხატში დასტურები ლუდს ხარშავენ. დიასახლისი საახალწლო კვერებს აცხობს. ყველაზე დიდი სამეკვლეო კვერია, რომელზედაც გამოსახულია ჯვარი, კაცი, სახნისი, ხარი, ძროხა, ცხენი, ქერის თავთავი და სხვა. სამეკვლეო კვერს გამოცხობის დროს უცქერიან და, რომელი გამოსახულებაც აიწევს, იმ წელიწადს ის იქნება მრავალი და დოვლათიანი. შემდეგ დიასახლისი ოჯახის ყველა წევრისათვის აცხობს ბედის კვერებს: თითოეულს თავისი ნიშანი აზის და გამოცხობის დროს, ვისიც აფუვდება, ის ბედიანი და ყისმათიანი იქნებაო.
ოჯახის მეკვლეები ხატებში ათენებენ ახალი წლის ღამეს. გათენებისას ხუცესი გარეთ გამოდის, თოვლი შეაქვს სალოცავში, მეკვლეებს თავზე აყრის და დალოცავს:„ესრ თეთრად აყვავდით! წელიმც კაისა გამოგეცვლებისთ, პურიან-წულიანი, სახელსარგებლიანი, მშვიდობისა და კარგად ყოფნისა!…“
რაჭაში ახალი წლის წინა საღამოს ოჯახის უფროსი
„სამკლოვიარო გერგვს“ აკეთებდა. ამისთვის ცხრა ვაზს თითო რქას შეაჭრიდა, მათ ერთმანეთს შეაგრეხდა, მორკალავდა და შუაში ჯვრად თხილის დაჩიჩილაკებულ ჯოხებს ჩაუყენებდა. ამ ჯოხებს გარეთ გამოშვერილ წვეროებზე ვაშლებს წამოაცვამდნენ, ბაძგის მწვანე ტოტებით მორთავდნენ და ზედ საახალწლო განატეხს დაადებდნენ.
ახალი წლის დილით შინაური მეკვლე შინ შემოვიდოდა, ღომის მარცვლებს მოაბნევდა იატაკზე, ოჯახის წევრებს ახალ წელს მიულოცავდა, სამჯერ შემოუვლიდა კერას სამკლოვიარო გერგვზე დადებული სანოვაგით, რომელსაც ყველა ეხებოდა ხელით. შემდეგ გერგვს საფუარის ქვაბზე დადებდა, შეუჩუჩხურებდა ცეცხლს და ამბობდა:
„ამდენი ვაჟი, ამდენი ხარი, ამდენი გოჭი, ამდენი ქათამიო…“
ლეჩხუმში ახალ წელს, ნაშუადღევს, ოჯახის უფროსი მამაკაცი ზურგზე მოიკიდებდა მეორე მამაკაცს და ვენახისკენ გასწევდა. თან მიჰქონდა ტაბლა, რომელზეც ეწყო ღვინიანი ჭიქა, ღორის შემწვარი ხორცი, ანთებული სანთელი და ხორბლის ერთ-ერთი ჯიშის – ზანდურის თავთავების კონა. ვენახში შესვლისას იგი იძახდა: „ღუზ, ღუზ, ღუზ!“
ამის შემდეგ კაცს ჩამოსვამდა, თავთავების კონას სარზე ჩამოაცვამდა, ტაბლას წაღმა შეატრიალებდა, მერე ღვინით დაილოცებოდნენ და მიტანილ სანოვაგეს შეექცეოდნენ.
სვანეთში ახალ წელს ოჯახის უფროსი კაცი, ერთი ქალი და ერთი კაცი სისხამ დილაზე ჩუმად ადგებოდნენ, სანოვაგით სავსე გიდელს წაიღებდნენ, ყველაზე გამორჩეულ ხარს წაიყვანდნენ და წყალს დაალევინებდნენ, უკან დაბრუნებისას თან წყალი მოჰქონდათ. კალოზე თოვლის ზვინს დადგამდნენ, შუაში ნაძვის ხეს ჩაურჭობდნენ, გარს შემოუვლიდნენ და მერე სახლში შედიოდნენ. კაცი იძახდა: „კარი გამიღეთ, ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს!“ შევიდოდა სახლში, შეიყვანდა ხარსაც, სამჯერ შემოუვლიდა კერას, შემდეგ აიღებდა ხელში ბედის პურს, რომელზეც ელაგა: თაფლი, ხორცი, ყველი, ფული და ყველას მიულოცავდა ახალ წელს.
რაც შეეხება მეკვლეს, ახალწლის ღამეს სვანები სხვადასხვა სანოვაგეს გიდელში ჩაალაგებენ და სახლის გასავალ კარებზე ჩამოკიდებენ, რომ მეკვლეს მზად დახვდეს. მეკვლე კარებს დააკაკუნებს შემდეგი სიტყვებით: „ყორ მუკიარ, ყორ მუკიარ (კარი გააღეთ) ღერ თემიში იხელწიფი ჟორ ამღვე, ყორ მუკიარ (ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს, კარი გამიღეთ).“
სამეგრელოში ყველაზე დიდ დღესასწაულად კალანდა – ახალი წელი ითვლებოდა. შინ გამოსაჩენ ადგილას დადგამდნენ ბროწეულით, ხილით, ტკბილეულით, ძვირფასი ნივთებით, აბრეშუმის ძაფით, სუროსა და დაფნის ტოტებით მორთულ ჩიჩილაკს. აცხობდნენ ბასილას და ღვეზელს, რომელშიც კვერცხის გულს დებდნენ. დილით ადრე სოფელში თოფის სროლა ატყდებოდა. ოჯახის უფროსი სანოვაგით სავსე ხონჩას აიღებდა, ხალხს ლოცვით სამჯერ შემოუვლიდა, ღომის მარცვლებს აბნევდა და ღმერთს გამარჯვებას, ჯანმრთელობასა და კარგ მოსავალს სთხოვდა. შემდეგ შინ შევიდოდა და ყველას მიულოცავდა.
აქვე ახალ წელს სტუმრის მოტაცება იცოდნენ. ამ ჩვეულებაში მთელი უბანი მონაწილეობდა. გაიმართებოდა მხიარული გაწევ-გამოწევა, სიცილი და ხუმრობა. მოტაცებულ სტუმარს ასაჩუქრებდნენ, პატივს სცემდნენ და მეორე დღემდე არ გაუშვებდნენ.
ახალი წლის საღამოს ეწყობოდა „ტყაპობა“ – ახალგაზრდა ქალები და ვაჟები ერთმანეთს სიმინდის ცომით თხუპნიდნენ. ამ მხიარულ შეჯიბრებაში ვინც მოუთხუპნავი გადარჩებოდა, იმ წელიწადს გამარჯვებული და ბედნიერი იქნებოდა.
საახალწლოდ რამდენიმე ჩიჩილაკი მზადდებოდა. ერთ-ერთი მარნისთვის იყო განკუთვნილი. ახალი წლის დილას შინაური მეკვლე წყაროდან წყალს მოიტანდა. ოჯახის წევრები პირს დაიბანდნენ და ისევ მეკვლის წინამძღოლობით მარნისკენ წავიდოდნენ. მიჰქონდათ სანოვაგით სავსე გობი, ორშიმო და ჩიჩილაკი. მეკვლე ჩიჩილაკს საახალწლო ჭურის გვერდით დაასობდა. მარანს ახალ წელს მიულოცავდა, შემდეგ საახალწლო ჭურს მოხდიდა, ღვინოს გასინჯავდნენ და დოქებს აავსებდნენ.
ახალ წელს კალანდას ეძახიან. წინადღით მოჰქონდათ „ცხემლის“ (რცხილის) შეშა, რომელსაც თხილის ჯოხებსაც მოაყოლებდნენ ჩიჩილაკისთვის. ამ ჯოხებს ღადარში აცხელებდნენ და კარგად ალესილი დანით ისე თლიდნენ, რომ ბურბუშელა ჯოხზევე რჩებოდა და ეხვეოდა. შემდეგ ჯვრიან დასადგმელს უკეთებდნენ, წვერში ჯვარედინად თხილის ჯოხებს ჩაურჭობდნენ და რთავდნენ სუროს ტოტებით, ვაშლებით, საჩიჩილაკე ხაჭაპურებით, ტკბილეულითა და ვერცხლის ფულებით. აქვე ასეთი წესით სრულდებოდა: ოთხ ხაჭაპურს გიდელში ჩააწყობდნენ და გოგონას გაატანდნენ მარანში. იქიდან ვაჟი უნდა გამოსულიყო ღვინიანი დოქით და გოგონას შეხვედროდა. მათ შორის მოჩვენებითი ბრძოლა გაიმართებოდა დოქისა თუ ხაჭაპურის წასართმევად და მარანში შესატანად. თუ ბიჭი იმარჯვბდა, მაშინ ღვინისა და ხაჭაპურის უხვი მოსავალი იყო მოსალოდნელი, ხოლო თუ გოგონა იყოჩაღებდა, აბრეშუმის უხვი მოსავალი იქნებოდა.
ახალგაზრდები თითქმის გათენებამდე დადიოდნენ სოფელში და ყველა ოჯახს ახალი წლის დადგომას ქრისტიანული სიმღერით ულოცავდნენ:
„შემოვდგი ფეხი, გილოცავთ,
გწყალობდეთ წმინდა ბასილი,
იმისი მადლით იყავით
პურით და ღვინით ავსილი.“
მასპინძლები საჩუქრებს აძლევდნენ მომლოცველებს.
31 დეკემბერს მზის ჩასვლისას ოჯახის უფროსი მამაკაცი ხელში რკინის ჯოხით სახლს სამჯერ შემოუვლიდა, თან ფუძის ანგელოზს სთხოვდა მისი ოჯახი ეშმაკის გზიდან აეცდინა.
საღამო ჟამს დიასახლისი შეუდგებოდა საახალწლო კვერების გამოცხობას. პირველად გამოაცხობდნენ ბასილას, რომელსაც გრძელი წვერი და ნიგვზის თვალები ჰქონდა. შემდეგ აცხობდნენ: „ხარის ქედის“ მრგვალ კვერებს, ცხვრის „ბუჟუნას“, რომლის ცომსაც სახრეზე დაახვევდნენ და ისე გამოაცხობდნენ, „ბედის პური“ ცხვებოდა დიდი და შიგ ატანდნენ თეთრ აბაზიანს.
შემდეგ დიასახლისი აცხობდა „ბანის პურებს“ და „ქათამ-წიწილას“ პურებს, რომელსაც ვაშლის ფორმა ჰქონდა და გარშემო ცომის ნისკარტებს უკეთებდნენ. აცხობდნენ სამეურნეო იარაღების ბედის კვერებსა: ცელს, გუთანს, ძროხის ძუძუებს, პურის ორმოს, ქერისას და დიკისას.
ამის შემდეგ სახლის უფროსი კვერებს საახალწლო ტაბლაზე დაალაგებდა. შუაში ესვენა ბასილა, რომელსაც ხელები გულზე ჰქონდა გადაჯვარედინებული. თავთან და ფეხებთან ბასილას ბანის პურებს დაუდებდნენ. ტაბლაზე დადებდნენ თაფლიან ჯამს, ჰალვას, გოზინაყს და ტყვიას. ამ ტაბლას ოჯახის უფროსი კერასთან მიდგამდა.
მამლის ყივილისას ამ ტაბლას აიღებდა, ავიდოდა სახლის ბანზე და დარბაზის გვირგვინს სამჯერ შემოუვლიდა ლოცვით; „ერდოსა შენსა შემოვდგი ფეხი, ჩემო ცოლშვილო გწყალობდეს ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა, გწყალობდეს წმ. ბასილას მადლი.“
მეკვლე სახლში შესვლის დროს ასეთ ლექსს წარმოთქვამდა:
„ახალ წელიწადს, წლის თავსა გიკვლევ ვაზისა ქითამცა,
შენიმცა სახლი ავსილა ტყავკაბაზარბაზითამცა;
ცხენზედაც შაგისხდებიან მშვილდისრიანნი, ხმლითამცა,
კარზედამც მოგადგებიან ცხენჯორამაფრაშითამცა;
ტახდზედამც დაგიდგებიან თავ-ოქრო-გვირგვინითამცა,
მტერი სულ დაგიბმრავდების ეშმაკი ხმალით – ცითამცა
მოკეთე ღმერთმა გიმრავლოს, მოყვარე მრავალ გზითამცა;
პურ-ღვინო დაულეველი, ვით მონადირე წყლითამცა;
სიცოცხლე გახარებული, მოუწყინარი დღითამცა;
ასრე დასტკბი ამ ქვეყანას, ვით თაბლი ფუტკრის სკითამცა,
უხვადაც მოგეცემოდეთ თვალ-მარგალიტი ზღვითამცა.“
„სუფრა - ასე ჰქვია ქართულ მოლხენა-დროსტარებას, რომელიც სტუმართმოყვარეობისა და მხიარულების განსახიერებას წარმოადგენს. რომელი კერძებს მიირთმევენ ქართველები სტუმრებთან ერთად? ჩვენი კორესპონდენტი შეეცადა ქართული სუფრის დიდებულება ეჩვენებინა და დარწმუნდებით, რომ ეს მართლაც კარგად გამოუვიდა“, - ასე იწყება გერმანულ გაზეთ „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგში“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნება“ (ავტორი - მაიკე ფონ გალენი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„როცა მივედით, მაგიდა უკვე გაშლილი დაგვხვდა: თეფშებზე დაწყობილი ყველით და ლორით, ნიგვზის ფარშიანი ბადრიჯნით, მხალეულობით, მწვანილით, კიტრით და პომიდორით... მათ შორის ჩადგმულია გრაფინები მოცხარის წვენით და ტარხუნის ლიმონათის ბოთლებით. ოფიციანტი წითელ ღვინოს ბოკალებში ასხამს. გარეთ თბილისური საღამოა, რესტორან „რიგის“ დარბაზში გაშლილ გრძელ მაგიდაზე კი ქართული სუფრა - ქართული ქეიფი იწყება.
ისინი, რომლებიც ქართულ სამზარეულოს არ იცნობენ, მადააღძრულები სწრაფად მიირთმევენ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარ თბილ მჭადებს, სალათებს და ყველს. მაგრამ ვინც იცის, ის ნელ-ნელა ჭამს და მთავარს ელოდება...
ქართველი ქალბატონი თიკო ტუსკაძე, რომელიც ლონდონში ცხოვრობს, მაგრამ ახლა სამშობლოში იმყოფება, ჩვენი გიდის როლს ასრულებს და ქართულ სუფრას გვაცნობს როგორც „გემრიელი საჭმელების უსასრულო რიგს“. იგი კულინარული წიგნის ავტორია და გვიხსნის, თუ რომელი საჭმელი როგორ მივირთვათ.
ზოგიერთმა უკვე საკმაო რაოდენობის სალათა მიირთვა, რომ მაგიდაზე ახალი კერძები მოაქვთ - მოხრაკულ-მოთუშული სოკო, ხაჭაპური, ხორცით მომზადებული კერძები... საჭმლით სავსე თეფშები სულ უფრო მრავლდება და მაგიდაზე თავისუფალი სივრცე მცირდება, თუმცა ახალ-ახალი ნუგბარისათვის ადგილი მოიძებნება.
„სტუმართმოყვარეობა - ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, რაც კარგად არის გამოხატული ქართულ სუფრაში, როცა მაგიდას ეროვნულ სამზარეულოს კერზები ამშვენებს“, - განმარტავს მაკა თარაშვილი. რა თქმა უნდა, იგი ახალბედა სუფრის წევრებისაგან განსხვავებით, შეცდომებს არ უშვებს და ყველაფერს ერთად არ მიირთმევს. მან კარგად იცის, რა როდის უნდა მიირთვას და უცხოელ სტუმრებს ჭამის საიდუმლოებას ასწავლის: როდის დგება მწვადის, „ჩაქაფულის და საჭმელების მიღების დრო...
ქართული ტრადიციის თანახმად, სუფრაზე იმდენი საჭმელი უნდა იყოს, რომ სტუმრების წასვლის შემდეგაც საკმაო რაოდენობით უნდა დარჩეს: „სუფრა, რომელზეც არაფერი აღარ რჩება, საქართველოში არ არსებობს“, - ამბობს მაკა თარაშვილი, - მასპინძლები იფიქრებენ, რომ სტუმრები მშივრები დარჩნენ. ამიტომ ყველაფერი უამრავია“.
რესტორანი „ქეთო და კოტე“ ძველი თბილისის უბანში, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. დარბაზში მყუდრო გარემოა შექმნილი. მაგიდები ყოველთვის მდიდრულადაა გაშლილი - ტრადიციული კერძები თანამედროვე სტილითაა გაფორმებული. თავდაპირველად თვენ მოგართმევენ ცივ და ვეგეტარიანულ კერძებს, ბოსტნეულს, შემდეგ გამომცხავარს, ცომეულს, ბოლოს კი ხორცით მომზადებულ საჭმელებს.
ქართული სუფრის ტრადიციაა თამადა, ანუ დროსტარების ხელმძღვანელი. იგი სუფრის თავში ზის და სადღეგრძელოებს ამბობს. რესტორან „შატო მუხრანში“, სადაც ჩვენ ვიყავით (თბილისიდან ერთი საათის სავალზე), მეღვინე პატრიკ ჰონეფმა ჩვენი სტუმრობის სადიდებელი სადღეგრძელო წარმოსთქვა. გერმანელი მეღვინე უკვე მრავალი წელია საქართველოში ცხოვრობს, ოჯახიც აქ ჰყავს. პატრიკი მადლობას გვიხდის სტუმრობისათვის, რომ გერმანელი ტურისტები საქართველოთი დაინტერესდნენ და კავკასიურ ქვეყანას ეწვივნენ.
მასპინძელი გვიხსნის, რომ სუფრის თამადა ყურადღებით ისმენს სტუმრების საუბარს სადღეგრძელოებისათვის იმპულსის მისაცემად. იგი დისკუსიას ზომიერ მიმართულებას აძლევს და განწყობას ამაღლებს. ამიტომაც თამადა ისეთი პიროვნებაა, რომელიც ცნობილია თავისი კეთილი ხასიათით, გონებამახვილობით და ინტელექტით.
თუ როგორ მზადდება კლასიკური ქართული კერძები, ამას თქვენ თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, კახეთში გაიგებთ, სადაც ღვინის კომპანია „შუმის“ რესტორანი მდებარეობს. აქ სტუმარი საკუთარი თვალით ხედავს, თუ როგორ ცხვება ქართული თონის პური, როგორ კეთდება ხინკალი, რომელიც ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ დიდებულ და გემრიელ კერძს წარმოადგენს.