USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Тбилиси
ახალი კოდექსი: სტუდენტის სტატუსი წვევამდელს ჯარიდან ავტომატურად ვეღარ იხსნის
дата:  538

თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის თქმით, უწყება ამზადებს ახალ “თავდაცვის კოდექსს”, რომლითაც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა მოუწევს ყველა წვევამდელს, მათ შორის იქნებიან სტუდენტებიც, ვინც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩევაელექტრონული პროგრამის მეშვეობით. ამის შესახებ გიორგაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

“დღეს გვაქვს სტუდენტის სტატუსი, როგორც გადავადების საფუძველი. შემოთავაზებული ცვლილებით, სტუდენტის სტატუსი არ არის გადავადების ავტომატური საფუძველი”, – თქვა მინისტრის მოადგილემ.

მისივე განმარტებით, სამინისტრო სტუდენტებს სხვა წვევამდელებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენებს და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის დროს განსხვავებულ პირობებს შესთავაზებს.

“ეს იმ შემთხვევაში, თუ მე 7 ათასი ადამიანი უნდა გავიწვიო მიმდინარე წელს და სხვა არასტუდენტი ადამიანი შევაგროვე 6500, მე მჭირდება უკვე 500 სტუდენტით შევავსო. შერჩევის პრინციპით, პირველი ხუთასი ვინც იქნება, მათ შევთავაზებთ ოპციებს”, – აღნიშნა გრიგოლ გიორგაძემ.

მან ასევე განმარტა, რომ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, აირჩიონ 6-თვიანი, 8-თვიანი, 11-თვიანი ან სწავლასთან ერთად 4-წლიანი პროგრამა:

“[4-წლიანი პროგრამა] ეს გულისხმობს, რომ 4 წლის განმავლობაში, ყოველ წელიწადს, წელიწადში ერთხელ არდადეგების ხარჯზე მოხდეს მათი გადამზადება, წვრთნა, შეკრება და 4 წლის თავზე, როდესაც ისინი დიპლომს აიღებენ, ჩაირიცხებიან რეზერვში. ეს პროგრამა ისეა შედგენილი, რომ სტუდენტები შეიძენენ მინიმალურ და აუცილებელ საბაზისო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს.”

ახალი თავდაცვის კოდექსის შესახებ ისაუბრეს 27 თებერვალს საქართველოს პარლამენტშიც. განახლებული კანონით, სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის გაწვეული წვევამდელები მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურებში იმსახურებენ და არ მოუწევთ შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა თუ პენიტენციურ დაწესებულებებში მუშაობა.

общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი ლამპარი შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებს სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ქალბატონი თამარ მანძულაშვილი.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати