USD 2.6403
EUR 3.0147
RUB 3.3999
თბილისი
აკაკი ყულიჯანიშვილი – კაცი, რომელიც ფილოსოფიას და უნივერსიტეტს სიყვარულით ემსახურა
თარიღი:  1873

მეგობრებისა და კოლეგებისათვის ძნელი და მტკივნეულია აკაკი ყულიჯანიშვილზე უკვე მხოლოდ ნამყო დროში საუბარი; ამ ნათელი სულის კაცის ადამიანური და ინტელექტუალური მონაგარიდან გამომდინარე, ალბათ, შეუძლებელიც. მისი ცხოვრების „მშრალი ნალექი“ ასე გამოიყურება: დაიბადა ქ. ხაშურში 1959 წლის 19 აგვისტოს. 1982-1987 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, 1987-1990 წლებში – ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში. 1990 წელს დაიცვა  საკანდიდატო დისერტაცია და დაიკავა უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობა. 1994 წლიდან გახდა ესთეტიკის და კულტუროლოგიის კათედრის დოცენტი, 2006 წლიდან – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, 2011 წლიდან გარდაცვალებამდე (2023 წლის 17 ოქტომბერი) – სრული პროფესორი.

თავისი მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდში ა. ყულიჯანიშვილი იყო ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ესთეტიკისა და კულტუროლოგიის კათედრის გამგე, თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი, ამავე ფაკულტეტის საგამომცემლო კოლეგიის თავჯდომარე, ფილოსოფიაში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი, საქართველოს ფილოსოფიური საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალის „ენა და კულტურა“ გამომცემელ-რედაქტორი,  ჟურნალ „მაცნეს“  მრჩეველი საბჭოს წევრი,  ჟურნალ „კულტურის“ რედკოლეგიის წევრი.

იგი არის სამი მონოგრაფიისა და 60-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი.

ეს არის საგულისხმო და მაინც მშრალი ფაქტები, რომლებიც მხოლოდ მიანიშნებენ არსებითზე, მთავარზე, რითაც გამსჭვალული იყო ამ ღირსებით სავსე კაცის ყოველი სიტყვა და ნამოქმედარი. მხედველობაში გვაქვს სიკეთე, ზრუნვა და სიყვარული, რაც ყოველთვის გამოარჩევდა მას ყველასთან ურთიერთობაში, ცხოვრების გზაზე გადადგმულ ყოველ ნაბიჯში. გულისხმიერი, ტაქტიანი, ვითარებისა თუ საკითხის მუდამ გონიერად გამჩხრეკი და სამოქმედოდ შემართული, იგი დაუზარებლად და უანგაროდ ირჯებოდა ყველა მიმართებით, თავის ყველა ქმედებაში. მნიშვნელობა არ ჰქონდა – რას ან ვის ეხებოდა საქმე – ზოგადად ფილოსოფიას, ესთეტიკას, უნივერსიტეტს, ფაკულტეტს, კათედრას, ქვეყანას, მშობლიურ კუთხეს, კოლეგას, სტუდენტს, თანასოფლელებს, თანაქალაქელებს, მეგობრებს თუ უცნობ ადამიანებს.

აკაკი ყულიჯანიშვილისათვის ფილოსოფია არ იყო ოდენ პროფესია, დაკავშირებული სოციალურ სტატუსთან და პრესტიჟთან, არამედ, უწინარეს ყოვლისა, მისთვის ეს იყო სულიერების ფორმა, არამატერიალურთან, მეტაფიზიკურთან ურთიერთობის გზა. ყოფიერებისაკენ მიბრუნების, მისკენ ძალისხმევის ეს კვალი (ენერგია) ნათლად გამოსჭვივის ადამიანის, ხელოვნების, კულტურის შესახებ მისი შეხედულებებიდან. მის მოხსენებებში, სტატიებსა და წიგნებში მკაფიოდ იკვეთება  სიკეთის, მშვენიერებისა და ჭეშმარიტების ტრანსცენდენტალური ბუნება, სულიერების, სულიერ  ღირებულებათა გამათავისუფლებელი ძალა.

აკაკი ყულიჯანიშვილს ადამიანი საერთოდ ვერ წარმოედგინა თავისუფლების, როგორც ფუნდამენტური მახასიათებლის, გარეშე.  ამიტომ ისტორიაც, მისი აზრით, არა ერთი პრინციპის, ერთი სუბიექტის, ერთი კულტურის რეალიზების ტოპოსია, არამედ მრავალი პრინციპის, მრავალი სუბიექტის, მრავალი კულტურის და მათი ურთიერთქმედების არეალი, სადაც ღიაობა და დიალოგურობა ადამიანის ყოფიერებისათვის უსაკუთრივესად გვევლინება. ამ ფილოსოფიურ მრწამსს ეფუძნებოდა იგი ყველა თავის განაზრებასა და ქმედებაში. და, ალბათ, ამიტომაც ტოვებს მისი ცხოვრების თეორიული და პრაქტიკული მხარეები განუყოფელი მთლიანის შთაბეჭდილებას.

ლუდვიგ ვიტგენშტაინმა გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, ვიდრე გონებას დაკარგავდა, თავის ცხოვრებას მშვენიერი უწოდა. იგივე შეფასება შეეფერება აწ გარდაცვლილი ჩვენი კოლეგის და საყვარელი მეგობრის – აკაკი ყულიჯანიშვილის მიერ განვლილ ცხოვრების გზასაც.  მან, მაღალი გონიერებითა და ღირსების გრძნობით სავსე კაცმა, რომელიც უნივერსიტეტს, ჭეშმარიტებას, სიკეთესა და მშვენიერებას მთელი არსებით ემსახურა, მართლაც რომ მშვენიერი ცხოვრებით იცხოვრა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის

ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის

ასოცირებული პროფესორი მამია სურმავა

https://tsu.media

საზოგადოება
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის