USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
თბილისი
აკაკი ხოშტარია – „ნამდვილი ქართველი მილიონერი“ და "ირანის უგვირგვინო შაჰი"
თარიღი:  792

„აკაკი ხოშტარია, მსოფლიო ომის დაწყებისთვის, 1914-1918 წლებში მთელი საქართველოსა და სპარსეთის მნიშვნელოვანი ნაწილის გამგებელი ხდება. არაჩვეულებრივი ნებისყოფისა და ასეთივე ენერგიის მქონე ადამიანი. იგი ომის წლებში, სპარსეთში, მთელი რიგი კონცესიების მოპოვებას ახერხებს, აშენებს იქ რკინიგზას, აარსებს სააქციო საზოგადოებას“, – წერს ალექსანდრე ნელინი წერილში „ლომისა და მზის ქვეყანაში“, რომელიც 1924 წელს, რუსულ ემიგრანტულ გაზეთში Рулъ გამოქვეყნდა (Рулъ 1920-1931 წლებში, ბერლინში გამოდიოდა).

 
აკაკი ხოშტარია (ციფრული ფოტომატიანე)

1920-იანი წლების დასაწყისიდან, თითქმის, 70 წლის განმავლობაში, საბჭოთა ხელისუფლების დროს, აკაკი ხოშტარიას სახელის ხსენება აკრძალული იყო. დღეს კი მას, ძმებ ზუბალაშვილების, დავით სარაჯიშვილისა და მიტროფანე ლაღიძის გვერდით, ქართველ მრეწველთა ოთხეულში მოიხსენიებენ. გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ აკაკი ხოშტარიამ უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს, აზერბაიჯანისა და, განსაკუთრებით, ირანის ეკონომიკის განვითარებაში. მეტიც, წარუშლელი კვალი დატოვა ამ ქვეყნების კულტურასა და ისტორიაში. მას ნამდვილ ქართველ მილიონერს უწოდებდნენ. კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში სამეწარმეო საქმიანობას საქართველოს პარალელურად აწარმოებდა, ვიდრე ქონების კონფისკაციის შემდეგ, სამშობლო საბოლოოდ არ დატოვა.

აკაკი მეთოდეს ძე ხოშტარია 1873 წელს, აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნაში, ტახტის აზნაურის ოჯახში დაიბადა. სანკტ-პეტერბურგში დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო კოლეჯი. რამდენიმე წელი გაგრაში, პრინც კონსტანტინე ოლდენბურგთან  სუპერინტენდანტად მუშაობდა. აკაკი ხოშტარიამ დაგეგმა მთელი შავიზღვისპირეთის ტერიტორიაზე არსებული ყველა ბულვარისა და ბაღის მოწყობის სამუშაოები, შემდეგ კი მეთვალყურეობას უწევდა პროცესს და ზრუნავდა მათ გამწვანებაზე. მისი დაფინანსებითა და უშუალო ხელმძღვანელობით გაშენდა ახალი ათონის ცენტრალური პარკი, იალტის მთავარი ბაღი, ბათუმის მთავარი ზღვისპირა ბულვარი და მახინჯაურის ბოტანიკური ბაღი. მებაღე – დეკორატორად 10 წლის მუშაობის შემდეგ, აკაკი ხოშტარია სავაჭრო და სამეწარმეო საქმიანობაში ჩაება. „გადმოცემის მიხედვით, ახალგაზრდობაში იგი ფოთში მეგობრობდა მეწვრილმანე ვაჭარ, ვინმე ზოდელავასთან. ერთხელ, მათ გადაწყვიტეს, სავაჭრო გემით ნავთი წაეღოთ ოდესაში სარეალიზაციოდ, მაგრამ ტუაფსეში ამოვარდნილმა ქარიშხალმა გემი თურქეთში გაიტანა, სადაც ნავთი ოქროს ფასად გაყიდეს. აკაკი, ამ შემთხვევამ სამეწარმეო საქმიანობაზე დააფიქრა. იგი თურქეთიდან ბაქოში გაემგზავრა და ნავთობმრეწველ მუსა ნაგიევისგან ნავთობის სარეწი დანადგარები, ბათუმში კი სავაჭრო აქციები შეიძინა და მთლიანად ნავთობ-სამრეწველო საქმიანობაზე გადაერთო“ (თ. კვაჭაძე).

პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდში, აკაკი ხოშტარიამ ბაქოში ჩამოაყალიბა მსხვილი სამრეწველო კომპანია, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ირანში წარმართავდა სავაჭრო ოპერაციებს. კომპანიაში გაერთიანდნენ ნავთობის ინდუსტრიის ცნობილი მრეწველ-კაპიტალისტები.

„ბაქოში მამაჩემი დაუკავშირდა ქართველების დიდ ჯგუფს, რომლებიც ნავთობის წარმოების სისტემაში მუშაობდნენ. ამ ჯგუფს სათავეში ედგა აკაკი ხოშტარია, იმ დროის საქართველოში ერთადერთი ნამდვილი მილიონერი, რომელმაც ნავთობის კონცესიები შეიძინა სპარსეთში და ჩამოაყალიბა ფირმა, სახელად „რეპენტო” (Русско-Персидское Нефеяное Товарищество). ეს იყო ყველაზე დიდი და ფინანსურად ყველაზე ძლიერი ფირმა, რაც კი ქართველებს ოდესმე შეუქმნიათ. მისი პრეზიდენტი იყო აკაკი ხოშტარია“, – წერს დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის პოლკოვნიკი მერაბ კვიტაშვილი.

გარდა ამისა, აკაკი ხოშტარიამ ბაქოში დააარსა კომერციული ორგანიზაცია – თურქულ-სპარსული „ხოშტარიას ბანკი“, რომლებიც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან აწარმოებდნენ ფინანსურ კომბინაციებს. 1913 წელს გააფორმა 99 წლიანი კონტრაქტი ჩრდილოეთ ირანის მიწათმფლობელებთან, დააარსა კომპანია „პერსლესი”, რომლის კაპიტალი შეადგენდა რამდენიმე მილიონ ოქროს რუბლს. ააშენა თავისი საკუთარი საამქროები, ელექტრონით მოქმედი ქარხნები და სპეციალური სარკინიგზო ხაზი „ტალრუდი”, ხის მორების გადასაზიდად. ეს ირანისთვის პირველი რკინიგზის ხაზი იყო. აკაკი ხოშტარიამ დააარსა, აგრეთვე, თეირანის რუსულ-ირანული ბანკი (1923 წელი) და კომერციული სახლი – „რუპეტო”. 1926 წელს ორივე ორგანიზაცია ხელში ჩაიგდო საბჭოთა მთავრობამ.

სამეწარმეო და სავაჭრო საქმიანობით აკაკიმ ირანის შაჰის კარზე დიდი გავლენა მოიპოვა. გამოცემა Рулъ-ის ერთ-ერთ სტატიაში მოხსენიებულია როგორც „ირანის უგვირგვინო შაჰი”.

1914 წელს აკაკიმ დააარსა სატრანსპორტო კომპანია თეირანსა და ფეჰლევს შორის. მან პირველმა შეიყვანა ირანში ავტომობილი „ფორდი”, რომელსაც ოქროს ფრთები ჰქონდა სამკაულად. აკაკიმ მანქანა საჩუქრად იმჟამინდელ შაჰ აჰმედს მიართვა.

აკაკი ხოშტარია თანამშრომლებთან ერთად, სპარსეთი („ცფრული ფოტომატიანე“)

1916 წელს მიიღო კონცესიები მიწისქვეშა საკუთრების ექსპლუატაციაზე, რომელიც გულისხმობდა მინერალების, ნავთობისა და სხვა წიაღისეულის მოპოვებას ჩრდილოეთ ირანში, აზერბაიჯანის ჩათვლით. მან, ასევე, გააფორმა ხელშეკრულება ბრაიტონ ფ. ფ. ლიჩთან, რომელსაც ლონდონში უნდა დაეარსებინა კომპანია 2 მილიონი ფუნტი სტერლინგის ოდენობის ძირითადი კაპიტალით.

აკაკი ხოშტარია ბიზნეს და სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა საქართველოშიც. მას თბილისში ეკუთვნოდა მექანიკური ქარხანა, სამიწათმოქმედო იარაღების ფაბრიკა, საპნისა და მეტალურგიული ქარხანა; იყო ამიერკავკასიის ბანკის გამგეობის წევრი; დააარსა ტრანსკავკასიური ბანკი და სატრანსპორტო კომპანია;

აკაკი ხოშტარიამ, მას შემდეგ, რაც საბოლოოდ დატოვა საქართველო, 1923 წელს, მიიღო კონცესიები ნავთობის ექსპლუატაციისთვის სემნანში და დააარსა კომპანია „ქავირეხურიან”. ამ კომპანიის უდიდესი ნაწილი მას ეკუთვნოდა, ნაწილი – სხვა კერძო პირებს, რომელთა შორის იყვნენ ირანელებიც, დანარჩენი კი საბჭოთა მთავრობას, ვინაიდან ეს უკანასკნელი არ აძლევდა უფლებას, რომელიმე თავის ქვეშევრდომს მონაწილეობა მიეღო ირანის კონცესიებში, თუ თვითონ არ ერგებოდა წილი. დაიწყო კვლევითი სამუშაოები სემნანში, მაგრამ აკაკის გარდაცვალების შემდეგ (1932 წ.) მისი წილი, ავტომატურად, ირანის მთავრობის საკუთრება გახდა.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ქონებისა, ხოშტარიას ირანში ჰქონდა საკუთარი რკინიგზა მატარებლებით, მონოპოლია ხე-ტყის, საპნის, ბრინჯის წარმოებაზე, თევზის სარეწები, ვაჭრობდა მატყლით ინგლისელებთან და რაც მთავარია, იყო ჩრდილოეთ ირანის ნავთობის კონცესიებისა და მთელი ამ ტერიტორიის მიწების კერძო მფლობელი, რომელიც მან შეისყიდა მოჰამედ ალი-შაჰის პირველი მინისტრის, სპასალარის, პროვინცია გილანის მმართველ მოჰამედ ვალი ხანისგან. მის ხელში იყო კასპიისპირა ქალაქ ენზელის ელექტრიფიკაციაც, სადაც სერიოზულ კონკურენციას უწევდა ინგლისელებსა და ამერიკელებს.

თეირანის ბანკის თანამშრომელი ამბაკო ჭელიძე იგონებს, შაჰად კურთხევის პირველ დღეებში რეზა შაჰისთვის (1925-1941 წლები. კორონაცია 1926 წლის 24 აპრილი) მეჯლისის წევრებს ძვირფასი საჩუქრები მიუძღვნიათ. აკაკი ხოშტარიას იტალიიდან ჩამოტანილი მარმარილოს ქანდაკებები უჩუქებია, შაჰს უთქვამს, ჯერ ასეთი ძვირფასი ნივთების დასადებად შესაფერისი სასახლე არ მაქვს, მალე ავაშენებ და იქ მოვათავსებ ამ ქანდაკებებს, თქვენ კი სტუმრად აუცილებლად მოგიწვევთო. პარადოქსია, ყაჯართა დინასტიის დამამხობლის რეზა ხანის გამეფების ცერემონიალის დროს, აჰმად შაჰ ყაჯართან დაახლოებულ ხოშტარიას საშუალება მიეცა ახალი გვირგვინოსნისთვის ტახტზე ასვლა მიელოცა. ფაქტია, რომ ქმედითი და წონადი შუამდგომლობისა და დახმარების გარეშე, ქართველი კომერსანტი ირანის ახალ შაჰთან ვერ მოხვდებოდა. არსებობს ვარაუდი, რომ რეზა ფეჰლევთან დაახლოებულმა პირმა, სპარსეთის რეზერვთა ბრიგადის (რეზა ხანი ხელმძღვანელობდა) გენერალმა ნიკოლოზ მარკოვმა გაუწია რეკომენდაცია. ნიკოლოზ მარკოვს აკაკი ხოშტარია, სავარაუდოდ, მას შემდეგ დაუახლოვდა, რაც მან მინადორა ხოშტარიას აკლდამა ააგო. არსებობს ინფორმაცია, რომ თბილისში გიმნაზიის დირექტორის ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. მსახურობდა სპარსეთის კაზაკთა ბრიგადაში, შემდეგ ირანის შეიარაღებული ჯარების გენერალი და არქიტექტორი იყო.

ირანში, გილანის პროვინციაში, კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე საკურორტო ქალაქ ენზელში, აკაკი ხოშტარიას ჰქონდა სასახლე, 17 ჰექტარი მიწის ნაკვეთით. შემდეგ იგი ირანის შაჰ რეზასათვის უჩუქებია. თუმცა, დღეს ნაგებობა პირვანდელი სახით არ არის შენარჩუნებული. გადმოცემის მიხედვით, იქ ხანძარი გაჩნდა და შაჰმა მოგვიანებით აღადგინა. ახლა ამ შენობის პირველ სართულზე სამხედრო-საზღვაო მუზეუმია, მეორეზე კი გამოფენილია აკაკის პირადი ნივთები. ასევე, შესასვლელში განთავსებულია ფოტო, სადაც ნაგებობა პირვანდელი სახითაა წარმოდგენილი.

აკაკი ხოშტარია, საქართველოს ანექსიის შემდეგ, ყველანაირად ცდილობდა, დახმარებოდა ეკონომიკურად დაუძლურებულ სამშობლოს. სწორედ ამიტომ, არ უნდოდა ურთიერთობის გამწვავება საბჭოთა რუსეთთან. 20-იანი წლების შიმშილობის დროს კომუნისტების თხოვნით მან დააარსა კომპანია „საბჭოთა კავშირი და ხოშტარია”, საკუთარი სახსრებით პურს ირანში ყიდულობდა და ბაქოში გზავნიდა, იქედან კი “ხოშტარიას პური” სხვა ქვეყნებში ნაწილდებოდა. საბოლოოდ, „კომუნისტებმა“ დაპირებული თანხა არ გადაურიცხეს და საერთაშორისო მასშტაბის სკანდალის თავიდან ასაცილებლად, მისი დაპატიმრება გადაწყვიტეს. აკაკი ხოშტარიამ გაქცევა მოასწრო, რადგან ბაქოში მიიღო ბუდუ მდივანის საიდუმლო დეპეშა, წადი, თორემ დაგიჭერენო. მან საქართველო, სასწრაფოდ, გემით დატოვა. ამ დროს თან ახლდა მეუღლე მინადორა ეგნატეს ასული თურქია, რომელმაც დიდი როლიც ითამაშა მის ფინანსურ წარმატებებში.

აკაკი ხოშტარია ოჯახთან ერთად („ციფრული ფოტომატიანე“)

აღსანიშნავია, რომ მინადორა თურქია-ხოშტარია გარდაიცვალა 1924 წელს თეირანში. დაკრძალულია დულაბის მართლმადიდებლურ რუსულ სასაფლაოზე. მეუღლის საფლავზე აკაკი ხოშტარიამ ააგებინა სამლოცველო და აკლდამა, რომელიც ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ერთადერთი ნიმუშია ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

ბიზნეს და სამეწარმეო საქმიანობის გარდა, აკაკი ხოშტარია საზოგადოებრივ და საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა.

1907 წელს, ბაქოდან 8 ათასი მანეთი გამოუგზავნა თბილისში ახალშექმნილ „საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას”; 1915 წელს, აბაშის სოფელ სუჯუნაში, დედის სახელზე, ევროპელი არქიტექტორების დახმარებით, სახლი ააშენა. მოგვიანებით, ეს შენობა სოფელს საგანმანათლებლო დანიშნულებისთვის საჩუქრად გადასცა. 1914 წელს, თბილისელთა თხოვნით, საჯარო აუქციონზე შეიძინა ცნობილი მრეწველის, დავით სარაჯიშვილის სახლი, რომელიც გადააკეთა, შიგნით მოაწყო საზაფხულო და ზამთრის ბაღი, დეკორაციისთვის იტალიიდან ჩამოატანინა ლომის ფიგურები თუ სხვა ძვირფასი ანტიკვარული ნივთები. მათი ნაწილი დღემდე შემორჩენილია „მწერალთა სახლში“. გარკვეული ხნის შემდეგ, როცა საბოლოოდ გადაწყვიტა საცხოვრებლად საფრანგეთში წასვლა, მისი ახლო ნათესავის – დუტუ მეგრელის მეშვეობით, ქართველ მწერლებს ამცნო, რომ სახლსა და ნივთებს უსასყიდლოდ გადასცემდა მათ.

ნ. ნიკოლაძის ინიციატივით, აკაკი ხოშტარიამ თავისი ხარჯით გაიყვანა რკინიგზა ფოთსა და აბაშას შორის.  საქართველოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის შესაქმნელად,1920 წელს იტალიასა და ამერიკაში შეიძინა 4 სამხედრო გემი, თვითონვე ჩამოიყვანა და სახელებიც თავად შეურჩია: „საქართველო“, „თამარ მეფე“, „რუსთაველი“, „პრეზიდენტი ჟორდანია“. ამის შესახებ 1920 წლის 11 მაისს, პარიზიდან გამოგზავნილ წერილში საქართველოს სატრანსპორტო საზოგადოების თანამშრომელს, დავით ალექსანდრეს ძე გურამიშვილს სწერდა. საფრანგეთში ლადო გუდიაშვილისა და ცნობილი კუბისტის, ანდრე ლოტის სურათები შეისყიდა და საჩუქრად გამოუგზავნა საქართველოს ხელოვნების მუზეუმს. აკაკი ხოშტარიას დაფინანსებით, უცხოეთში განათლება მიიღო უამრავმა ნიჭიერმა ქართველმა სტუდენტმა, რომელთაგან ბევრი შემდგომში მეცნიერი გახდა. გარდა ამისა, კონსტანტინოპოლში მის მიერ დაარსებულ თურქულ – სპარსულ ბანკში სამშობლოდან წასული ქართველები დაასაქმა.

„აკაკი ხოშტარიას სავაჭრო კომბინაციები და კომერციული გეგმები, ერთი შეხედვით, ფანტასტიკურად შეიძლება მოგვეჩვენოს, თავისი საოცარი წარმატებებით. მაგრამ ყველაფერ ამის უკან დგას პიროვნება თავისი ემოციური და არტისტული გამოვლინებებით, რომელიც დაუღალავად მიიწევდა წინ. მრავალ მოგონებაში, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავენ და საუბრობენ მასზე, არა როგორც მდიდარ, ფულიან მრეწველზე, რაც ფაქტია, არამედ, მის არაჩვეულებრივ კეთილშობილებაზე, ქართულ გულზე, სიკეთეზე, მოყვასის სიყვარულსა და ყურადღებაზე, რითაც იგი გარშემო მყოფ ადამიანებზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენდა“ (ნონა კუპრეიშვილი ფილოლოგიის დოქტორი).

აკაკი ხოშტარიას ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაკარგი, 1921 წელს საქართველოში მისი უძრავი ქონების კონფისკაცია იყო. მასთან ერთად, საბჭოთა რუსეთსა და ირანს შორის 1921 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის მიერ მეფის რუსეთის აქტივებსა და ვალებზე უარის თქმის შემდეგ, ირანში რუსეთის მოქალაქეებს კონცესიები, ბანკები და ა.შ. ჩამოართვეს. შესაბამისად, რამდენიმე წელში, საქართველოს შემდეგ, ხოშტარიას ქონებას იგივე ბედი ეწია ირანშიც.

აკაკი ხოშტარია 1932 წელს, პარიზში, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, სადილობისას, შემთხვევით, ღომის ქერქმა სასულე გაუკაწრა. რადგან დიაბეტით იყო დაავადებული, ყელის შეშუპება დაეწყო და ვეღარ გადაარჩინეს. დაკრძალეს პერ-ლაშეზის სასაფლაოზე. თუმცა, დღეს მისი საფლავი დაკარგულია.

აკაკი ხოშტარია („ციფრული ფოტომატიანე“)

ქონების კონფისკაციისა და ნაციონალიზაციის გამო, საქართველოსა და ირანში, აკაკი ხოშტარიას საქმიანობა, წლების განმავლობაში, დავიწყებას მიეცა, გაქრა ყველა ხილული კვალი.

„საქართველოში, აზერბაინაჯსა და ირანში, მისი საქმიანობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი აქამდე ხელმიუწვდომელი იყო. კონკრეტული ისტორიები და ფაქტები, ვიცოდით მხოლოდ ზეპირი გადმოცემით, ასე ვთქვათ, ლეგენდების სახით. არსებობდა მხოლოდ ალექსანდრე ნელინის წერილი, სადაც ჩამოთვლილი იყო აკაკი ხოშტარიას კაპიტალი. სწორედ აქედან ვიგებდით, რომ ქართველ კომერსანტს „ირანის უგვირგვინო შაჰს“ უწოდებენ. ხანდახან ამ კონცესიებსაც კარგავს, მაგრამ მერე წყლიდან უვნებელი ამოყვინთავს და ჯიბე ისევ ახალი კონცესიებით აქვს სავსეო, წერდა ალექსანდრე ნელინი. აი, სულ ეს ვიცოდით აკაკი ხოშტარიაზე დადასტურებულად. მოგეხსენებათ, „კომუნისტების“ დროს, 70 წლის მანძილზე, მისი სახელის ხსენება აკრძალული იყო. საქართველოს ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ოფიციალური დიპლომატიური კავშირი არ ჰქონია. მხოლოდ 1994 წელს გაიხსნა იქ საქართველოს საელჩო და 1994-2004 წლებში ჩვენი ქვეყნის საგანგებო სრულუფლებიანი ელჩი ჯემშიდ გიუნაშვილი გახლდათ. მაგრამ იმის შესაძლებლობა, რომ ვინმეს ირანში დაცულ დოკუმენტებზე ემუშავა, პრაქტიკულად, არ იყო. ძალიან ბევრი მკვლევარი სწავლობდა მის საქმიანობას, განსაკუთრებით, ბოლო წლებში. თუმცა, ხელთ გვქონდა ძალიან მწირი მასალები: ემიგრაციის მუზეუმში დაცული 2 დოკუმენტი (საუბარია საქართველოში არსებული აკაკი ხოშტარიას კუთვნილ საპნის ფაბრიკასა და სამიწათმოქმედო მასალების ქარხნის შესახებ, დათარიღებულია1919-1920 წლებით), ლიტერატურის ეროვნულ მუზეუმში დაცული 3 ფოტო (2 ფოტო გადაღებულია 1923 წელს თეირანში, ბანკის გახსნაზე და 1 ფოტოზე – აკაკი ხოშტარია თავის თანამშრომლებთან ერთად) და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული 1 დოკუმენტი, სადაც საუბარია, რომ ხოშტარიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას იტალიიდან და აშშ-დან 4 გემი გამოუგზავნა. ასევე, ვიცოდით, რომ ირანის ეროვნულ არქივში უნდა ყოფილიყო ცნობები აკაკი ხოშტარიას ბიზნეს საქმიანობის შესახებ. თუმცა, რა დოკუმენტებზე იყო საუბარი ან რეალურად იყო თუ არა, დაზუსტებით ესეც არავინ იცოდა.

დაახლოებით, 2 წლის წინ, დავიწყე აკაკი ხოშტარიაზე მონოგრაფიის წერა და ფილმის გადაღება. პროექტის კონსულტანტი გახლდათ ჯემშიდ გიუნაშვილი. ეს იყო ურთულესი გზა. იმის მიუხედავად, რომ აკაკი ხოშტარია იმჟამინდელი ირანის ეკონომიკაში ცენტრალური ფიგურა იყო, ამ ერთმა, მე-20 საუკუნემ ყველაფერი წაშალა. მის შესახებ, ზეპირი ინფორმაციის სახით, შემორჩენილი იყო ცნობები თეირანში, რადგან აქ არის დულაბის ის რუსული მართლმადიდებლური სასაფლაო, სადაც მინადორა თურქია-ხოშტარია განისვენებს. აქვე დაკრძალულია 30 ქართველი, რომლებიც ირანში ცხოვრობდნენ და აკაკი ხოშტარიას კომპანიებში მუშაობდნენ. 2015 წელს ამ საქმეში საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი მოჩთაფა ქამრამფარდი, რომელიც ზუსტად 2 წლის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რომ ირანში დაცული დოკუმენტაცია ჩვენთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. 2 წლის შემდეგ, მივიღეთ პასუხი, რომ დოკუმენტაცია მოძიებული იყო და გადაწყვეტილებაც მიღებული ჰქონდათ, ირანის ეროვნულ არქივში დაცული, აკაკი ხოშტარიას კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებული სრული მასალის ყველა ასლი საქართველოსთვის გადმოეცათ. სამწუხაროდ, ამ ფაქტს ვერ მოესწრო ჯემშიდ გიუნაშვილი, რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა და ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, ეს პროექტი სწორედ მისი ხსოვნისთვის მიგვეძღვნა. პირველად ირანში 2016 წელს ჩავედით და აკაკი ხოშტარიას საქმიანობის ხილული კვალის ძებნა დავიწყეთ, რაშიც ასევე დიდი დახმარება გაგვიწია მოჩთაფა ქამრამფარდმა. მაშინ გადავიღეთ აკაკი ხოშტარიას ყოფილი სასახლე ენზელში, რომლის არც ფოტო და არც ვიდეო კადრი, მანამდე, საქართველოში არავის ჰქონდა გადაღებული. თითქმის ერთწლიანი მოლაპარაკების შედეგად, მოვიპოვეთ დულაბის სასაფლაოზე, მინადორა თურქია-ხოშტარიას საფლავის გადაღების უფლება. აღსანიშნავია, რომ აქ არსებულ სამლოცველოს რესტავრაცია 2003-2004 წლებში ირანულმა მხარემ ჩაუტარა. ადგილობრივი კლიმატური პირობების გამო, ძეგლი კვლავ საჭიროებს რესტავრაციას და ირანული მხარე მზადაა, კიდევ ერთხელ აღადგინოს ის. აქედან ცხადად ჩანს, რომ აკაკი ხოშტარიას საქმიანობა და მისი როლი ირანის ეკონომიკის და ზოგადად, ქვეყნის განვითარების საქმეში, მათ არ დავიწყებიათ. მე-20 საუკუნის უდიდესი კომერსანტი დღესაც უმნიშვნელოვანეს სიტყვას ამბობს საქართველოსა და ირანის ურთიერთობაში. ზუსტად ამიტომ არ არის ის ჩვენი ქვეყნების წარსული.

აკაკი ხოშტარია („ციფრული ფოტომატიანე“)

საბოლოოდ, ირანის ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტების ასლები 2017 წლის ზაფხულში ჩამოვიდა, რომლებიც მოჩთაფა ქამრამფარდმა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა. ახლა ეს წერილები მუშავდება, იშიფრება. წარმოიდგინეთ, დოკუმენტაცია საუკუნის წინანდელი სპარსულითაა დაწერილი. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან რთული პროცესია, რომელშიც ჩართულები არიან ჩვენი აღმოსავლეთმცოდნეობის უძლიერესი სკოლის წარმომადგენლები ნიკო ნახუცრიშვილი, გია ბერაძე, გოგა სანიკიძე. ასევე  ისპაჰანის უნივერსიტეტის პროფესორები. მათ ასევე გამოთქვეს მზადყოფნა, მოავლინონ დოქტორანტები და მაგისტრანტები, რომ დოკუმენტაცია მაღალ დონეზე დამუშავდეს. რაც უკვე გაშიფრულია, იმ დოკუმენტებიდან, ერთი დათარიღებულია 1913 წლით. ეს არის ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აკაკი ხოშტარიას კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ამ უკანასკნელს უფლებას აძლევდა, 99 წლის განმავლობაში, ჩრდილოეთ ირანში ეწარმოებინა გამოკვლევები და მოეპოვებინა ნავთობი, გაზი და სასარგებლო წიაღისეული. იქ არის პუნქტები, როგორ უნდა მოხდეს მოპოვებული ნავთობის ტრანსპორტირება და ა.შ. წარმოიდგინეთ, ეს იყო პირველი ფაქტი, რომელიც ჩვენამდე მოღწეული ამბებიდან დადასტურდა. მეორე დოკუმენტი, რომელიც გაიშიფრა, არის ირანის მაშინდელი შრომის სამინისტროს წერილი აკაკი ხოშტარიას სატრანსპორტო კომპანიის შესახებ. დოკუმენტში საუბარია, რომ ქართველმა კომერსანტმა ირანში შეიყვანა მანქანები, რომლებსაც განბაჟება ესაჭიროება. დოკუმენტი დათარიღებულია 1915 წლით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აკაკი ხოშტარიას საქმიანობის შესახებ, ცნობები, სავარაუდოდ, დაცულია ირანის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელიც ასევე გამოუკვლევი და დაუდასტურებელი მასალაა. იმედი გვაქვს, რომ ჩვენ შორის თანამშრომლობა მომავალში, სწორედ ამ მიმართულებით გაგრძელდება და კვლევის პროცესს ბოლომდე მივიყვანთ. აბსოლუტურად შეუსწავლელია ბაქოს ეროვნულ არქივში დაცული ცნობები, რომელიც აზერბაიჯანში ხოშტარიას საქმიანობას უკავშირდება.

ზურაბ ავალიშვილი (დიპლომატი, პუბლიცისტი, მეცნიერი) აკაკი ხოშტარიას „ამერიკული ყაიდის“ ბიზნესმენს უწოდებდა. მისი კომპანიების საერთაშორისო საქმიანობა ისეთი მასშტაბების იყო, და ამას 105 წლის წინანდელი დოკუმენტიც ადასტურებს, რომ დღესაც კი ადამიანურ გაოცებას არ აქვს საზღვარი. ირანსა და აზერბაიჯანში არსებული დოკუმენტების სრულად შესწავლის შემდეგ შევძლებთ საუბარს, რეალურად რა მასშტაბის მოღვაწე იყო აკაკი ხოშტარია. ამას კი 2-3 წელი მაინც დასჭირდება“, – თამარ თაგვაძე, ჟურნალისტი, აკაკი ხოშტარიას მკვლევარი.

წყარო:https://www.marketer.ge

 

ანალიტიკა
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.