USD 2.7084
EUR 2.9337
RUB 2.9233
თბილისი
აკაკი ბაქრაძის მოგონება 1978 წლის მარტ-აპრილის მოვლენების შესახებ
თარიღი:  1973

აკაკი ბაქრაძე, (ნიღბების სამყაროში,) ტომი IV, გვ. 453-47...

1978 წლის 23 მარტს, ხუთშაბათ დღეს, საქართველოს კპ ცკ-ში პროპაგანდის განყოფილების გამგემ გიორგი ბედინეიშვილმა თათბირი ჩაატარა. თათბირს კულტურის განყოფილების გამგე ალექსანდრე ალექსიძეც ესწრებოდა. მიწვეულნი იყვნენ შემოქმედებითი კავშირების მდივნები, კულტურის სხვადასხვა დაწესებულებათა დირექტორები და პარტკომები. თათბირს პროპაგანდის გამგემ მოახსენა:

 

ხვალ, 24 მარტს პრესაში გამოქვეყნდება საქართველოს სსრ-ის ახალი კონსტიტუციის პროექტი. ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ მის განხილვას. რაც შეიძლება მაღალ დონეზე უნდა ჩატარეს იგი. ახალი კონსტიტუცია არსებითად იგივეა, რაც ძველი, მაგრამ არის ერთი ცვლილება: ამოღებულია მუხლი, სადაც ეწერა - საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო ენა არის ქართული - და მის მაგიერ შეტანილია 75-ე მუხლი, რომელიც ამგვარად გახლავთ ჩამოყალიბებული და გ. ბედინეიშვილმა წაიკითხა 75-ე მუხლი. „საქართველოს სს რესპუბლიკა უზრუნველყოფს ქართული ენის ხმარებას სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებში, კულტურულ და სხვა დაწესებულებებში და ახორციელებს სახელმწიფო ზრუნვას მისი ყოველმხრივი განვითარებისათვის.

 „საქართველოს სს რესპუბლიკის ყველა ამ ორგანოსა და დაწესებულებაში, თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, უზრუნველყოფილია თავისუფალი ხმარება რუსული, აგრეთვე სხვა ენებისა, რომლებითაც მოსახლეობა სარგებლობს.

 რაიმე პრივილეგიები ან შეზღუდვები ამა თუ იმ ენის ხმარებაში არ დაიშვება“.

(საქართველოს სს რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტი დაბეჭდილია 1978 წლის 24 მარტის გაზეთ „კომუნისტში“).

როცა ამ მუხლის კითხვა დამთავრდა, დარბაზში უკმაყოფილების ჩურჩული გაისმა. ჯანსუღ ჩარკვიანმა პროპაგანდის გამგეს კითხვა მისცა: _ რამ, რა აუცილებლობამ გამოიწვია მუხლის შეცვლა? გ. ბედინეიშვილმა მიუგო: _ ძველ, 1936 წლის კონსტიტუციებში, მხოლოდ საქართველოსა და სომხეთს ჩაუწერეს, რომ ამ ქვეყნებში, შესაბამისად, ქართული და სომხურია სახელმწიფო ენები. სხვა მოკავშირე რესპუბლიკათა კონსტიტუციებში არ ყოფილა მუხლი სახელმწიფო ენის შესახებ. ამიტომ ყველა რესპუბლიკა ერთნაირ მდგომარეობაში რომ იყოს, გადაწყვიტეს 76-ე მუხლი, სადაც სახელმწიფო ენაზეა ლაპარაკი, ამოეღოთ. ჩაწერეს 75-ე მუხლი. ისიც უნდა გითხრათ, რომ, გარდა საქართველოსა და სომხეთისა, 75-ე მუხლი არ არის არც ერთი მოკავშირე რესპუბლიკის კონსტიტუციაში. ამით სკკპ-ის ცკ-მა ღრმა პატივისცემა გამოამჟღავნა ქართული და სომხური ენების მიმართ.

როცა პროპაგანდის განყოფილების გამგემ პასუხი დაამთავრა, სიტყვა ვითხოვე და ვთქვი: ამგვარ ცვლილებას ქართველი საზოგადოება დადებითად არ შეხვდება. ჩვენი ხალხი არ დაუშვებს ქართული ენის კონსტიტუციურ შეურაცხყოფას. ამან შეიძლება ძალიან ცუდი ნაყოფი გამოიღოს. ამიტომ უმჯობესია აღვადგინოთ ის, რაც ეწერა ძველ კონსტიტუციაში, და ამოვიღოთ ეს საეჭვო 75-ე მუხლი.

დარბაზში ვითარება დაიძაბა. მაშინ გიორგი ნატროშვილმა ითხოვა: აქ მოწვეულთაგან კონსტიტუციის პროექტი არავის წაუკითხავს. თქვენ მხოლოდ ერთი ცვლილება გაგვაცანით, სხვა რა წერია და როგორ, არ ვიცით, ამიტომ გთხოვთ, ჯერ ნუ გამოაქვეყნებთ პროექტს. მოგვეცით საშუალება წავიკითხოთ, ღრმად გავეცნოთ, მოგახსენოთ ჩვენი აზრი. მოისმინეთ იგი. აწონ-დაწონეთ და ამის შემდეგ გამოაქვეყნეთ პროექტი.

რუსულ ტექსტში არაფრის შეცვლა არ შეიძლება, უპასუხა გ. ნატროშვილს პროპაგანდის განყოფილების გამგემ. ქართული თარგმანი კი, ბატონო, დახვეწეთ, დაამუშავეთ, გააშალაშინეთ, არავის არაფერი აქვს საწინააღმდეგო, და თათბირი დახურულად გამოაცხადა.

მეორე დღეს, 24 მარტს, გაზეთ „კომუნისტში“ საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციის პროექტი გამოქვეყნდა. იმავე დღეს საქართველოს კპ ცკ-ის სხდომათა დარბაზში დიდძალი საზოგადოება შეიკრიბა: რაიკომის მდივნები, მინისტრები, ჟურნალ-გაზეთების რედაქტორები, უმაღლესი სასწავლებელთა რექტორები, შემოქმედებითი კავშირების ხელმძღვანელები და ასე შემდეგ. საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მხრიდან ესწრებოდნენ ედუარდ შევარდნაძე, ვიქტორია სირაძე, სოლიკო ხაბეიშვილი, გიორგი ბედინეიშვილი, ჟიული შარტავა. საერთო ინფორმაცია ედ. შევარდნაძემ მიაწოდა შეკრებილ საზოგადოებას. ს. ხაბეიშვილმა და გ. ბედინეიშვილმა კი ილაპარაკეს იმაზე, რომ აუცილებელია კონსტიტუციის პროექტის განხილვა ჩატარდეს ერთსულოვნებისა და საზეიმო ვითარებაში.

როცა ოფიციალურ პირთა გამოსვლები დამთავრდა, ედ. შევარდნაძემ დამსწრე საზოგადოებას მიმართა _ რას იტყვითო. დარბაზი დადუმდა. ეტყობოდა, საკუთარი ინიციატივით ლაპარაკის დაწყებას არავინ აპირებდა. მაშინ საქართველოს კპ ცკ-ის პირველი მდივანი თავად მიუბრუნდა კრების მონაწილეებსა და კითხვები დაუსვა. პირველად განათლების მინისტრს ჰკითხა: როგორ არისო საქმე განათლების სამინისტროში? მინისტრმა უპასუხა _ განათლების სამინისტრო მზად არის კონსტიტუციის პროექტის განსახილველად. ვფიქრობ, მხარდაჭერაც ერთსულოვანი იქნებაო.

შემდეგ ედ. შევარდნაძე საქართველოს კპ თბილისის საქალაქო კომიტეტის მდივანს მიუბრუნდა. მასაც იგივე კითხვა დაუსვა, რაც განათლების მინისტრს. მდივნის პასუხიც დადებითი იყო. კრების მესამე მონაწილე, ვისაც ედ. შევარდნაძემ კითხვით მიმართა, გახლდათ თბილისის უნივერსიტეტის რექტორი.

უნივერსიტეტის რექტორი: ავად ვიყავი და უნივერსიტეტში დღეს მივედი. ამდენად სრულ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტის განხილვამ კარგად ჩაიაროს. თუმცა გულახდილად უნდა გითხრათ, რომ უკვე შემატყობინეს, რომ როგორც პროფესორ-მასწავლებელთა, ისე სტუდენტთა შორის არის უკმაყოფილება.

ედ. შევარდნაძე: მაინც რით?

უნივერსიტეტის რექტორი: განსაკუთრებით 75-ე მუხლით, სადაც ენაზეა ლაპარაკი.

ედ. შევარდნაძე: რას ამბობენ, რატომ არ მოსწონთ?

უნივერსიტეტის რექტორი: კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. როგორც გითხარით, ავადმყოფობის შემდეგ, დღეს პირველად მივედი უნივერსიტეტში. ვითარებას ზუსტად გავეცნობი და მოგახსენებთ.

ედ. შევარდნაძე: პირადად თქვენ რა აზრის ხართ, მოგწონთ თუ არა 75-ე მუხლი?

რექტორი გაჩუმდა. არც ჰო უპასუხა და არც არა.

ედ. შევარდნაძემ საყვედურით შენიშნა, _ თუ თქვენ არ გაქვს შემუშავებული საკუთარი აზრი, მაშინ, ცხადია, ვერ უხელმძღვანელებთ უნივერსიტეტში კონსტიტუციის პროექტის განხილვას, _ და ისევ შეკრებილთ მიმართა _ კიდევ ვის სურს სიტყვა.

მე ვითხოვე სიტყვა.

პირველად ახალი კონსტიტუციის შესახებ გუშინ მოვისმინე თათბირზე. დღეს დილით უკვე გაზეთშიც წავიკითხე პროექტი. გუშინაც ვთქვი და დღესაც უნდა გავიმეორო _ არ მომწონს და არ ვეთანხმები 75-ე მუხლს. ისიც უნდა გითხრათ: წეღან აქ რომ ზოგიერთი შეუგნებელი ახსენეს, რომელსაც არ ესმის ამ კონსტიტუციის მნიშვნელობა, მე ვარ.

ედ. შევარდნაძე: მაინც კონკრეტულად რა არ მოგწონს?

მე: მთელი მუხლი. პირველი სტრიქონიდან ბოლო სტრიქონამდე. მე მიმაჩნია, რომ ენის შესახებ კარგად არის ნათქვამი დღესდღეობით მოქმედ კონსტიტუციაში - საქართველოს სსრ სახელმწიფო ენა არის ქართული. მას შეცვლა არ სჭირდება. 75-ე მუხლი კი დამამცირებელი ქვეტექსტის მატარებელია.

ვ. სირაძე: რატომ კითხულობთ კონსტიტუციას ქვეტექსტებით?

მე: ყოველი ტექსტი, მათ შორის კონსტიტუციაც, ქვეტექსტის მატარებელია. ყველა შეგნებული მკითხველი მოვალეა წაიკითხოს ეს ქვეტექსტი.

ედ. შევარდნაძე: კრიტიკოსის პოზიციიდან ნუ გველაპარაკებით.

მე: კრიტიკოსობა არაფერ შუაშია. უბრალოდ ვცდილობ მკაფიოდ გამოვთქვა აზრი. ხომ ცხადია: მნიშვნელობა რომ არ ჰქონდეს, არავინ მოსკოვში არ ამოიღებდა ძველი კონსტიტუციიდან მუხლს, სადაც ქართული ენის სახელმწიფოებრიობაზეა ლაპარაკი და არ ჩაწერდა ახალ 75-ე მუხლს. მაშასადამე, არსებობს ჩანაფიქრი, რაც ქართული ენის წინააღმდეგ არის მიმართული.

(როცა ეს საუბარი მიმდინარეობდა, კრების პრეზიდიუმიდან ისმოდა ხმები - ვინ ყოფილა ეს, რა უკუღმართი აზროვნება ჰქონია).

ედ. შევარდნაძე: ჩამოაყალიბეთ ეს მუხლი თქვენ და, სიტყვას გაძლევთ, ისე შევიტანთ კონსტიტუციაში.

მე: ვფიქრობ, არაფერია ჩამოსაყალიბებელი. უბრალოდ ძველი კონსტიტუციიდან ახალ კონსტიტუციაში უნდა გადმოვიტანოთ მუხლი, სადაც ნათქვამია: საქართველოს სსრ-ის სახელმწიფო ენა არის ქართული. აზრი ჩამოყალიბებულია სხარტად და მკაფიოდ. მას არც შეცვლა სჭირდება და არც გასწორება.

ედ. შევარდნაძე: ეს შეუძლებელია.

მე: თუ ეს შეუძლებელია, მაშინ ყველა ჩვენთაგანისათვის გასაგებია: ქართულს კონსტიტუციურად ართმევენ სახელმწიფო ენის ფუნქციას. ჩვენი ხალხიც მოიქცევა მდგომარეობის შესაბამისად.

სიტყვა დავამთავრე. დარბაზი გააქტიურდა. ზედიზედ გამოვიდნენ კულტურის სამინისტროს, მეცნიერებათა აკადემიის, მხატვართა, კომპოზიტორთა, მწერალთა კავშირების, ინსტიტუტის წარმომადგენლები.

კულტურის მინისტრის მოადგილე: უპირველესი, რაც უნდა მოგახსენოთ, არის ის, რომ ბაქრაძე აქ არ ლაპარაკობდა კულტურის სამინისტროს სახელით. მის აზრს არ იზიარებს კულტურის სამინისტრო. სამინისტროს სახელით პირობას გაძლევთ, რომ კულტურის სამინისტროს უწყებებში მაღალ დონეზე ჩაივლის კონსტიტუციის პროექტის განხილვა და იქნება ერთსულოვანი მხარდაჭერა.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი: არც კი მოველოდი, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტი რაიმე აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევდა, იმდენად ბრძნულად არის იგი შედგენილი. მე გამაკვირვა ბაქრაძის გამოსვლამ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჩვენი სახელმწიფო ენა არის რუსული და უხერხულიც კი არის სახელმწიფო ენად ქართული მოვითხოვოთ. ჩვენი კონსტიტუციის თანახმად არავინ გვიკრძალავს ქართულად ლაპარაკს და ეს უდიდესი მიღწევაა. მე მახსოვს მეფის დროს, როგორ გამოუცხადეს მამაჩემს საყვედური იმის გამო, რომ სამსახურში ქართულად დაილაპარაკა. ახლა ეს არ მოხდება, რადგან ქართულად ლაპარაკის უფლება მონიჭებული გვაქვს. ჩვენში უკვე ყველა განათლებულმა ადამიანმა იცის რუსული და სხვა სახელმწიფო ენა არ გვჭირდება. პირობას გაძლევთ, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემია უეჭველად დაუჭერს მხარს ახალი კონსტიტუციის პროექტს.

მხატვართა, კომპოზიტორთა და მწერალთა კავშირების მდივნებმა ერთხმად მოიწონეს კონსტიტუციის პროექტი. 75-ე მუხლი მიიჩნიეს კონსტიტუციური აზრის უდიდეს მიღწევად. ცკ-ის აღუთქვეს ერთსულოვანი მხარდაჭერა.

განსაკუთრებით ღელავდა უცხო ენათა პედინსტიტუტის რექტორი. იგი ყვიროდა _ რას ბედავენ, რას მოითხოვენ... ახალ კონსტიტუციაში ილიას ოცნებაა განხორციელებული. მეტი რაღა გინდათ? ილიას ოცნება ჩვენ განვახორციელეთ. ამაზე დიდი გამარჯვება რა შეიძლება იყოს?..

იმდენად ნერვიულობდა, რომ განათლების მინისტრმა დაუძახა _ რა მოგივიდათ, რატომ ღელავთ ასე? რექტორმა აკანკალებული ხმით უპასუხა _ როგორ არ უნდა ვღელავდე, როცა ვიღაც-ვიღაცეები გვიწუნებენ პროექტს, იმ პროექტს, რომელიც ჩვენი ხალხის გამარჯვების გამომხატველია. მას აუცილებლად მთელი ერის ერთსულოვანი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს.

ამის მერე კიდევ ერთი პოეტი და ერთი პროზაიკოსი გამოვიდა. მათაც მოიწონეს კონსტიტუციის პროექტი, ოღონდ სტილისტური დახვეწა ითხოვეს. ამაზე ედ. შევარდნაძემ უპასუხა, აგერ ხართ მწერლები და დახვეწეთ და დაამუშავეთ. ამის წინააღმდეგი არავინ არის.

მეტი აღარავინ გამოსულა.

საბოლოო სიტყვა თქვა ედ. შევარდნაძემ. იგი ამტკიცებდა, რომ კონსტიტუცია დიდ პერსპექტივებს უშლის წინ ქართველ ხალხს და იგი დიდი მონაპოვარია. „სახელმწიფო ენის“ ჩაწერა არ შეიძლება, იმიტომ რომ ლენინი იყო მისი წინააღმდეგი. მართალია, ამას რუსული ენის შესახებ ამბობდა, მაგრამ დებულება მაინც ყველა ენას ეხებაო. თუმცა ესეც დასძინა _ ერთადერთი რასაც მოსკოვში მივაღწიეთ, ეს 75-ე მუხლია. იგი არ შეიცვლება. იმედიც გამოთქვა: ქართველი ხალხი ერთსულოვნად დაუჭერს მხარს ახალ კონსტიტუციას და მისი მიღება საზეიმო ვითარებაში ჩაივლისო.

შემდეგ კი დაამატა: რაც შეეხება ბაქრაძეს, აქედან რომ გახვალთ, ნუ ჩაქოლავთ. მან აქ გულწრფელად ილაპარაკა და მოწვევითაც იმიტომ მოგიწვიეთ, რომ აზრი გულახდილად გეთქვათ.

თათბირი დამთავრდა.

(როცა 1978 წლის 24 მარტის საქართველოს კპ ცკ-ში ჩატარებული კრების სტენოგრაფიული ჩანაწერი გამოქვეყნდება, მკითხველი მკაფიოდ დაინახავს, რომ, მართალია, მოკლედ, შეკუმშულად, მაგრამ სრულიად ობიექტურად გადმოვეცი ის, რაც თათბირზე მოხდა).

 მომავალი ამბებისათვის ამ კრებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თბილისში თვალის დახამხამებაში გავრცელდა მისი ამბავი.

 დაიწყო საზოგადოებრივი აზრისა და კომუნისტური პროპაგანდის ბრძოლა.

1978 წლის 26 მარტს გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნებული საქართველოს კპ ცკ-ის დადგენილება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისაგან მოითხოვდა ერთსულოვნად დაეჭირათ მხარი კონსტიტუციის ახალი პროექტისათვის.

 „საქართველოს კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა მტკიცე რწმენა გამოთქვა, რომ საქართველოს სსრ ახალი კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ერთხელ კიდევ დაადასტურებს საქართველოს მშრომელთა მონოლითურ შეკავშირებას კომუნისტური პარტიის ლენინური ცენტრალური კომიტეტის, სკკპ ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროსა და მისი მეთაურის _ პარტიისა და ხალხის გამოჩენილი შვილის ლ.ი. ბრეჟნევის გარშემო“.

აქტიურად ამოქმედდა პარტიულ-ადმინისტრაციული აპარატი. იგი ყველა ღონეს ხმარობდა ზეგავლენა მოეხდინა ადამიანებზე. დაებნიათ და დაეშორებინათ ისინი.

თანამდებობის მქონე პირებს ემუქრებოდნენ მოხსნით.

აწყობდნენ ნაუცბათევ და სახელდახელო კრებებს. მაგალითად, მწერალთა კავშირში ორჯერ ჩატარდა საქართველოს სსრ-ის ახალი კონსტიტუციის განხილვა. 1978 წლის 31 მარტს „ლიტერატურული საქართველო“ იუწყებოდა, რომ მწერალთა კავშირმა მოაწყო კონსტიტუციის პროექტის განხილვა. „მწერლებმა აღნიშნეს ის საყოველთაო აღმავლობა, რაც კონსტიტუციის ახალი პროექტის გამოქვეყნებამ გამოიწვია. გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებანი და სურვილები“.

არ არის ეს ინფორმაცია სიმართლის მაუწყებელი. ჯერ ერთი, ეს არ ყოფილა მწერალთა კრება. ეს იყო კრება მწერალთა სახლის მომსახურე პერსონალისა. ამ კრებას დაესწრო მხოლოდ რამდენიმე მწერალი, რომელიც იმ დროს შემთხვევით აღმოჩნდა მწერალთა სახლში. მეორეც, მწერლებს არ მოუწონებიათ კონსტიტუციის პროექტი. პირიქით, მწერლების იონა ვაკელის, მურმან ლებანიძის, ნოდარ წულეისკირის მძაფრ-კრიტიკული გამოსვლის შედეგად, კრება სასწრაფოდ შეწყვიტეს და არც რაიმე დადგენილება მიუღიათ.

ამის გამო იყო, რომ 12 აპრილს მწერალთა კავშირში ხელმეორედ ჩატარდა კონსტიტუციის პროექტის განხილვა. ბევრი ხალხი ვერ შეგროვდა. საგანგებოდ ცრუ ხმა იყო გავრცელებული _ მწერალთა კავშირში პარტიული კრებააო. მოვიდნენ ისინი, ვინც მიხვდა, რა მიზნით კრებდნენ ხალხს. მაინც ცხარე სჯა-ბაასი გაიმართა. დარბაზში ემოციის სახმილი გიზგიზებდა.

ერთნი იცავდნენ კონსტიტუციის პროექტს.

მეორენი კატეგორიულად იწუნებდნენ მას. ზოგიერთმა მწერალთა კავშირის წევრობაზეც თქვა უარი (მაგალითად, პოეტმა ნელი გაბრიჩიძემ). კავშირის წიგნაკები კრების პრეზიდიუმს დაუწყვეს წინ.

მესამენი მორიგების გზას ეძებდნენ. არც მწვადი უნდოდათ დაეწვათ და არც შამფური.

ოცზე მეტი კაცი გამოვიდა მაშინ სიტყვით. მაგრამ გვარებს აღარ ჩამოვთვლი, რაკი აუცილებლად მიმაჩნია ამ კრების სტენოგრაფიული ჩანაწერის გამოქვეყნება. საერთოდ, გადაუდებლად უნდა შეგროვდეს ყველა ის სიტყვა, რომელიც ითქვა ენათმეცნიერების, ისტორიის, ლიტერატურის ინსტიტუტებში, საქართველოს ისტორიის მუზეუმში, უნივერსიტეტში და სხვა დაწესებულებებში და გამოიცეს ცალკე წიგნად. ეს სრულ წარმოდგენას მოგვცემს იმჟამინდელ საზოგადოებრივ განწყობილებაზე.

მწერალთა კავშირის კრებაზე შექმნილი ატმოსფეროს წარმოსადგენად მოვიტან ნაწყვეტებს ნოდარ წულეისკირის სიტყვებიდან.

 „კონსტიტუციურად გაფორმდა უკანონობა და უსამართლობა, რასაც წლების მანძილზე მისდევდა საქართველოს მთავრობა.

 ამით კანონდება ორენოვანება. რატომ ივიწყებენ ლენინს: „რუსულის ძალით დამკვიდრება გაამწვავებს მტრობას“.

 ქართველს დღევანდელ საქართველოში ისეთივე უფლება მიეცა, როგორც ემიგრანტებს საფრანგეთში.

 ქართველებს საყუდარი არსად აქვთ. ან უნდა იბრძოლონ, ან საკუთარ მიწაში საფლავი გაითხარონ.

 ეს ცვლილებები კონსტიტუციაში წინასწარ დასახული პროგრამაა. ესაა ენების დაახლოვების შედეგად ფუძე ენის, რუსული ენის საფუძველზე ერთი ენის შექმნა.

 ერები და ენები კაცობრიობის სიმდიდრეა.

 ქართველმა მწერალმა უნდა იბრძოლოს. ცალ ხელში ხმალი ეჭიროს, მეორე ხელში _ კალამი. თუ ქართველ მწერალს ბრძოლა არ შეუძლია, ტაში მაინც არ უნდა დაუკრას.

 ისეთ ვითარებას გვიქმნიან, რომ ვიცრუოთ. ერთი კაცის სიცრუე კიდევ დასაშვებია. ტოტალური არა. მწერლობამ სიმართლე უნდა თქვას, გინდ ჯვარს აცვან“.

 მეც ვთქვი მწერალთა კავშირში სიტყვა.

 

* * *

 

დოკუმენტი, რომელსაც დღეს ჩვენ ვიხილავთ, უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი გახლავთ. იგი მომავალში, მრავალი წლის მანძილზე, განაპირობებს კონსტიტუციურად ქართველი ხალხის ბედს. ამიტომ ყველა მოქალაქის ვალია მკაფიოდ, გულწრფელად და აშკარად გამოთქვას თავისი დამოკიდებულება საქართველოს სსრ ახალი კონსტიტუციის პროექტისადმი.

 

ყველა განხილვაზე ძირითადად ლაპარაკი მიმდინარეობს 75-ე მუხლის შესახებ. ეს ბუნებრივია, რადგან ეს მუხლი ქართულ ენას ეხება და ამას ყველა მტკივნეულად განიცდის. მაგრამ ახალი კონსტიტუციის ამ პროექტში, მარტო ეს პუნქტი არ არის საგანგაშო _ არის სხვაც. კერძოდ, კონსტიტუციის პროექტის პრეამბულაში წერია _ საქართველოს სსრ ხალხი აცხადებს ამ კონსტიტუციას... ერთი შეხედვით, აქ თითქოს არაფერია განსაკუთრებულად საშიში, მაგრამ ნამდვილად ასე არ არის. ეს სიტყვები სხვას არაფერს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ქართველი ერი გაუქმებულია და საქართველო არის არა ეროვნულ-პოლიტიკური ცნება, არამედ გეოგრაფიული ადგილი.

 

საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს და ქართველი ხალხი უნდა აცხადებდეს ამ კონსტიტუციას. ყველა იმ უფლებას კი, რომელიც აღნიშნულია კონსტიტუციის პროექტში, ქართველი ხალხი ანიჭებს სხვა ხალხებს, რომელნიც დღეს საქართველოში ცხოვრობს. კონსტიტუცია უნდა გამოხატავდეს ქართველი ხალხის თანდაყოლილ ინტერნაციონალიზმს, ქართველი ხალხის ტოლერანტულ დამოკიდებულებას სხვა ხალხების მიმართ.

 

როცა ვამბობთ _ საქართველოს ხალხი, _ მაშინ ქართველი ხალხი გათანაბრებულია ყველა იმ ხალხებთან, რომელიც დღეს საქართველოში ცხოვრობს. მაგრამ ამ ხალხებს აქვთ თავიანთი სამშობლოც. იქ არიან ისინი ყველაფრის ბატონ-პატრონები. ქართველ ხალხს კი არა აქვს სხვა სამშობლო, გარდა საქართველოსი. მაშასადამე იგი საკუთარ მამულში გათანაბრებულია სხვასთან. ჩვენ ვუფრთხილდებით სხვათა უფლებებს, მაგრამ ამით ვამცირებთ ქართველი ხალხის უფლებებს. ყოველ ადამიანს აქვს ბინა. ამ ბინაში იგია სრულუფლებიანი პატრონი. მასზეა დამოკიდებული, როგორ მიიღებს სტუმარს. ასეთი ბინაა ყოველი ერისთვის თავისი ქვეყანა. ამ ქვეყნის პატრონი თავად უნდა იყოს და მასზე უნდა იყოს დამოკიდებული მიიღებს თუ არა ხელგაშლილი სხვა ხალხებს. ქართველ ხალხს არასოდეს უკრავს ხელი მოსული ხალხისათვის და ხშირად უპატიებელი ინტერნაციონალიზმი გამოუმჟღავნებია. ამიტომ დღეს კონსტიტუციურად მტკიცედ და უცვალებელად უნდა იყოს განსაზღვრული _ საქართველო ქართველი ხალხის ქვეყანაა და კონსტიტუციასაც ქართველი ხალხი აცხადებს.

თუ პრეამბულის ფორმულა _ საქართველოს ხალხი _ არ შეიცვლება ქართველი ხალხით, მაშინ ეს კონსტიტუცია არ იცავს ქართველი ხალხის ინტერესს.

მეორე. ახალი კონსტიტუციის პროექტში წერია, რომ საქართველოს სსრ მთავრობას აქვს უფლება ახალი ავტონომიური რესპუბლიკების შექმნის. მაგრამ ამ მთავრობას არა აქვს უფლება ავტონომიური რესპუბლიკის გაუქმების. აბსურდი გამოდის. ელემენტარული კანონიერება მოითხოვს, რომ იმას, ვისაც შექმნის უფლება აქვს, უნდა ჰქონდეს გაუქმების უფლებაც. სხვანაირად შექმნის უფლება უუფლებობაა, თან საშიში უუფლებობა. საქართველოში ბევრი სომეხი, ბევრი აზერბაიჯანელი ცხოვრობს. ცხოვრობენ ისინი კომპაქტურად. ეს მათ სრულ ნებას აძლევს კონსტიტუციის თანახმად მოითხოვონ ავტონომია. საქართველოს მცირე ტერიტორიაზე ისედაც ბევრი ავტონომიაა. ამას ახალი ავტონომიები დაემატება და ისედაც ერთი ციცქნა ტერიტორია მთლად დაქუცმაცდება. გარდა ამისა, ჩამოსულ, ჩამოსახლებულ ხალხს მისცე ავტონომია, ეს იმას ნიშნავს, რომ მას მისცე სხვისი მიწა-წყალი. არც სომხები, არც აზერბაიჯანელები, არც ოსები საქართველოს ტერიტორიის აბორიგენი მოსახლეობა არ არის. მათთვის ტერიტორიის გამოყოფა ნიშნავს ქართველ ხალხს ჩამოართვა ტერიტორია. ტერიტორიის ჩამორთმევა კი ეროვნული დისკრიმინაციაა. მაშასადამე, ქართველი ხალხის ეროვნული დისკრიმინაციის საფუძველზე ეძლევა სხვა ხალხებს უფლება ავტონომიები შექმნან საქართველოში. ხომ ნათელია, რომ კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც ჩვენ ვიხილავთ, მიმართულია ქართველი ხალხის წინააღმდეგ!

 

მესამე. უკვე ყბადაღებული 75-ე მუხლი, რომელმაც ამდენი მღელვარება გამოიწვია.

კონსტიტუციის პროექტის პროპაგანდისტებმა ქართული ენისათვის „სახელმწიფო ენის“ სტატუსის ჩამორთმევა იმით გაამართლეს, რომ არც რუსული ენაა მოხსენიებული სახელმწიფო ენად რუსეთის კონსტიტუციაში. მაგრამ ამგვარი მსჯელობა კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან სრულიად სხვადასხვა მდგომარეობა აქვს რუსულსა და ქართულს. დღეს რუსული ენა მსოფლიო მნიშვნელობის ენაა. მის წინააღმდეგ ბრძოლა აღარ შეუძლიათ ისეთ დიდ ენებსაც კი, როგორიც ფრანგული და ინგლისურია. მით უმეტეს, საბჭოთა კავშირში რუსულს არ ჰყავს მეტოქე, არც პოლიტიკური და არც კულტურული თვალსაზრისით. ქართული კი მცირერიცხოვანი ერის ენაა. ქართულად სხვაგან არსად ლაპარაკობენ. ქართულს არ გააჩნია მონათესავე ენაც კი. იგი ობოლი ენაა და თუ საქართველოშიც არ მიეცა მას სახელმწიფო უფლებამოსილება, ქართული დასაღუპავად განწირული ენა იქნება.

 

საზოგადოებრივ-პოლიტიკური თვალსაზრისით ენას ორი ფუნქცია აქვს: იგი ან არის სახელმწიფო ენა, ან არის პატუა (შინაური, შინ სახმარი) ენა. ახალი კონსტიტუციის პროექტი ქართულ ენას უტოვებს პატუა ენის ფუნქციას.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან რა დასკვნის გაკეთება შეიძლება? მე ვაკეთებ ერთადერთ დასკვნას _ საქართველოს სსრ ახალი კონსტიტუციის პროექტი კონსტიტუციურ საფუძველს უყრის ქართველი ხალხის გარუსების საქმეს.

 

აქ იყო ლაპარაკი, ბევრი ამბობდა, რომ ეს შემთხვევითია, აქ დაშვებულია შეცდომა, ეს გაუგებრობაა, სტილისტური შეცდომაა და ა.შ. ამდაგვარი დიპლომატობიას თამაში არავითარ შედეგს არ მოგვცემს. კონსტიტუციის პროექტს შემთხვევითი ადამიანები არ ადგენენ. ისინი ასე იოლად არ უშვებენ შეცდომებს, გაუგებრობებს, შემთხვევითობებს... მათ შესანიშნავად იციან, რას აკეთებენ, რატომ და რა მიზნით. ვერც ჩვენი „დიპლომატობიით“ მოვატყუებთ მათ. ამიტომ სრულიად აშკარად და პირდაპირ უნდა ვუთხრათ _ ჩვენ წავიკითხეთ საქართველოს სსრ ახალი კონსტიტუციის პროექტი და მივხვდით მის ნამდვილ აზრს და რაკი მივხვდით, მაშასადამე, პასუხიც უნდა მივაგოთ ახალი კონსტიტუციის პროექტის შემდგენლებს.

 

ამიტომ სრული პირდაპირობით უნდა ითქვას _ აქვს თუ არა რომელიმე ქართველს უფლება, რა მდგომარეობის, რა განათლების, რა შეხედულებებისაც უნდა იყოს იგი, მხარი დაუჭიროს ამ კონსტიტუციის პროექტს? მე გეუბნებით, არა რომელიმე პუნქტს, არამედ მთლიანად კონსტიტუციას? ამ კონსტიტუციის სტილისტური გასწორება-დაზუსტება საქმეს არ უშველის. მისი არსი მაინც ანტიქართული დარჩება, ამიტომ ქართველმა ხალხმა არ უნდა მიიღოს ეს კონსტიტუცია. არცერთ ჩვენთაგანს არა აქვს მორალური უფლება ხმა მისცეს ახალ კონსტიტუციას.

 

დღეს ჩვენ არა გვაქვს უფლება ამ დოკუმენტს ზერელედ მოვეკიდოთ. აქ კარგად თქვა მურმან ლებანიძემ, რომ ხშირად ვიხილავთ ამა თუ იმ დოკუმენტს. ზერელედ ვეკიდებით მათ, ფეხებზე გვკიდია რას ვიხილავთ და რატომ. ყველა შინ გაქცევაზე ფიქრობს და აი წინ დაგვხვდა ამ ზერელობის შედეგი. როცა გაუთავებელი ლაპარაკი იყო ხალხთა ურთიერთდაახლოებაზე, ერთიან საბჭოთა ხალხზე, საქმე აქეთკენ მიდიოდა. ჩვენ კი ამას პირდაღებული მივჩერებოდით.

 

დღეს კი დოყლაპიობის უფლება არა გვაქვს. ჩვენ კატასტროფის წინაშე ვიმყოფებით. ეს დაადასტურეს იმათაც, ვინც იცავდა კონსტიტუციის პროექტს. როცა რაიმეს ასეთი დასაბუთება, ახსნა-განმარტება, ფერუმარულის წასმა სჭირდება, ეს იმის უტყუარი დასტურია, რომ საქმე ცუდად არის. ასე რომ არ იყოს, ამდენი ხვეწნა-მუდარა ეს პროექტი მიიღეთო, არ დასჭირდებოდათ.

 

მაშასადამე მდგომარეობა ნათელია. არავინ ტყუვდება. მე ისიც კარგად ვიცი, რომ არც ამ ჩვენს ლაპარაკს და კრებას აქვს რაიმე მნიშვნელობა. ახალი კონსტიტუციის პროექტს მიიღებენ სულ ტაშის გრიალით და ჩვენი კრებების ოქმებს ვატერკლოზეტის „არქივი“ ელით. მაგრამ ჩვენ მაინც მოვალენი ვართ, ვთქვათ ჩვენი სათქმელი. ზნეობრივად უნდა ვიყოთ ჩვენ მართალნი შთამომავლობის წინაშე. ჩვენ არ გაგვაჩნია სხვა ძალა, სხვა უფლება. ერთადერთი, რასაც შევძლებთ, ეს არის ჩვენი გულწრფელობა. დღეს ქართულმა მწერლობამ საქვეყნოდ უნდა განაცხადოს _ ვის მხარეზეა იგი, ქართველი ხალხისა თუ ქართველი ხალხის მტრების. უკან დასახევი გზა მას არა აქვს. ამიტომ წინადადება შემომაქვს კენჭი ეყაროს _ აძლევენ თუ არა ხმას საქართველოს სსრ ახალი კონსტიტუციის პროექტს საქართველოს მწერალთა კავშირის წევრები.

 

* * *

 

სამწუხაროდ, დასასრულს მწერალთა კავშირის კრება აირია და რაიმე გადაწყვეტილება -დადგენილების მიღება ვერ მოახერხა.

 

პარტიულ-ადმინისტრაციული აპარატი ცდილობდა საზოგადოება დაექსაქსა. იწვევდნენ დაწესებულებათა არა საერთო კრებებს, არამედ განყოფილებების, ლაბორატორიების, კათედრების, საამქროების მიხედვით ცალ-ცალკე. ხალხს არ აძლევდნენ საშუალებას ერთმანეთისთვის მხარი დაეჭირათ.

 

საქმეში ხშირად ერეოდა სუკ-იც. მაგალითად, უნივერსიტეტის ლექტორთა პროტესტი დაიწერა, მას ორმოცი კაცი აწერდა ხელს. ეს წერილი გაიგზავნა საკონსტიტუციო კომისიაში. მაგრამ სტუდენტებს, რომელთაც წერილი მიჰქონდათ, დაეწია უნივერსიტეტის ერთი ლექტორი (სხვათა შორის, ისიც აწერდა ხელს ამ პროტესტს), სუკ-ის თანამშრომლებთან ერთად, და ყმაწვილებს წერილი წაართვეს.

 

სტუდენტები უფრო ეშმაკურად იქცეოდნენ. ისინი რამდენიმე ეგზემპლარად ადგენდნენ საპროტესტო წერილებს. რექტორატისა და პარტკომის მოთხოვნისამებრ ერთ ეგზემპლარს მათ აბარებდნენ, მეორე კი საკონსტიტუციო კომისიაში მიჰქონდათ. რექტორატსა და პარტკომს რომ ეგონათ ყველაფერს ჩვენ ვაკონტროლებთ, ყველაფერი ჩვენ ხელთ არისო, იმ დროს სტუდენტთა საპროტესტო წერილები დასტა-დასტა ეწყობოდა საკონსტიტუციო კომისიაში.

 

ასევე აკეთებდნენ სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებიც.

 

14 აპრილიც მოვიდა. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს საგანგებო სესიაც დაიწყო. უნივერსიტეტის ეზოში ზღვა ახალგაზრდობაა თავშეყრილი. მიმდინარეობს ხვეწნა-მუდარა _ ჯერ ნუ წახვალთ. დარჩით აუდიტორიებში. იქნებ უმაღლესი საბჭოს სესიამ ის გადაწყვეტილება მიიღოს, რაც თქვენ დაგაკმაყოფილებთ. სტუდენტები დრტვინავენ. მათ არ სჯერათ დაპირებების. არადა, შიშიც ბუნებრივია. თბილისის ქუჩები, შუკები, ფოლორცები საბჭოთა არმიის რაზმებით არის გაჭედილი. ყველგან დგას საომარი ტექნიკა. საკმარისია განკარგულება და გაუგონარი ხოცვა-ჟლეტა ატყდება.

 

მილიცია (მართალია, არაგულმოდგინედ) ცდილობდა ხალხი მთავრობის სახლისაკენ არ გაეშვა. მართლაც დაახევინეს უკან უნივერსიტეტის მეორე კორპუსისა და საავადმყოფოსაკენ (ე. წ. „სამკურნალო კომბინატისაკენ“).

 

ასე, პირველის ნახევარი იქნებოდა, საავადმყოფოს წინ უნივერსიტეტისა და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები მწკრივად დაეწყვნენ, ერთმანეთს ხელები ჩასჭიდეს და მთავრობის სასახლისაკენ დაიძრნენ. მათ უკან უთვალავი ადამიანი გამოჰყვა. მოდიოდნენ ისინი და მელიქიშვილისა და რუსთაველის ქუჩების პერპენდიკულარული ქუჩებიდან უერთდებოდა და უერთდებოდა ხალხი. ადამიანებით სავსე და გაჭედილი რუსთაველის პროსპექტი აპრილის მტკვარს ჰგავდა. ამ ხალხის შეჩერება ჩვეულებრივი ძალით უკვე აღარ შეიძლებოდა.

 

ხალხის თავზე აღმართული იყო სისხლისფერი ასოებით დაწერილი ტრანსპარანტები _ აი, ია! ქართული ენა _ სახელმწიფო ენა! ილიასა და აკაკის ენა _ სახელმწიფო ენა! დედაენა!

 

მთავრობის სახლიდან მძლავრი რეპროდუქტორებით გადმოიცემა სესიის სხდომა. სულ ტყუილი ლაპარაკია. სესიაზე მსხდომმა დეპუტატებმა და ქუჩაში აბობოქრებულმა ხალხმაც ჩინებულად იციან _ არაფრის გადაწყვეტა არ შეუძლია საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს სესიას. გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორი განკარგულებაც მოვა მოსკოვიდან.

 

თბილისსა და მოსკოვს შორის უწყვეტი სატელეფონო კავშირია. ჯერ არც იქ იციან, როგორ მოიქცნენ: დაუთმონ ქართველ მანიფესტანტებს, უკან დაიხიონ, აღიარონ ქართული ენა სახელმწიფო ენად თუ ცხელი ტყვიით გაუმასპინძლდნენ გათავხედებულებს, თავისი გაიტანონ და ამით მოათავონ საქმე?

 

ედ. შევარდნაძე ტაატით კითხულობს მოხსენებას. ფეხს ითრევს. მოსკოვის პასუხს ელის. არ უნდა იმის წაკითხვა, რაც მის მოხსენებაში წერია.

 

ედ. შევარდნაძის მოხსენებაში კი წერია შემდეგი:

 

„განხილვის მსვლელობაში საზოგადოების ყურადღება მიიპყრო პროექტის 75-ე მუხლმა, რომელიც ჩამოყალიბებულია ახალი რედაქციით, და აწესებს, რომ საქართველოს სს რესპუბლიკა უზრუნველყოფს ქართული ენის ხმარებას სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებში, კულტურულ და სხვა დაწესებულებებში და ახორციელებს სახელმწიფო ზრუნვას მისი ყოველ ღონისძიებით განვითარებისათვის“. სწორედ მუხლის ამ პირველმა ნაწილმა გამოიწვია ურთიერთსაწინააღმდეგო გამოხმაურებანი. ზოგიერთი ამხანაგი წინადადებას იძლევა ამოვიღოთ ეს მუხლი პროექტიდან. სხვები გვთავაზობენ სარედაქციო ხასიათის შესწორებას ამ მუხლის გამო, ზოგიერთი გვთავაზობს შევცვალოთ იგი დებულებით _ „ქართული ენა საქართველოს სს რესპუბლიკის სახელმწიფო ენაა“. ამ მუხლის ამოღება, რომელიც განსაზღვრავს ეროვნული სახელმწიფოს დამოკიდებულება უკვე რეალურად არსებობს და გარკვეული პოლიტიკური ხასიათი აქვს მოქმედ კონსტიტუციაში, ენისადმი სახელმწიფოს დამოკიდებულება უკვე გამოხატულია და კონსტიტუციის პროექტიდან მისი ამოღება რესპუბლიკის კონსტიტუციის გაღარიბება იქნებოდა. მაგრამ არ შეიძლება დავეთანხმოთ წინადადებას, რომ ქართული ენა გამოცხადდეს სახელმწიფო ენად. მარქსიზმ-ლენინიზმის მოძღვრების შესაბამისად ცნებას „სახელმწიფო ენა“ აქვს გარკვეული პოლიტიკური შინაარსი, რომელიც უკავშირდება სახელმწიფო ღონისძიებების, იძულების ღონისძიებების გამოყენებას სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანთა ურთიერთობაში ამ ენის დასამკვიდრებლად.

 

არავითარი სხვა აზრი ცნებას „სახელმწიფო ენა“ არა აქვს. ელემენტარული შეცდომა მოსდით იმ ამხანაგებს, რომლებსაც სახელმწიფო ენის არსებობა სუვერენიტეტის ატრიბუტად მიაჩნიათ. არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო, ბურჟუაზიულ-დემოკრატიული სახელმწიფოც კი არ მიმართავს პოლიციურ ღონისძიებებს სხვა ენის წინააღმდეგ ერთი ენის, როგორც სახელმწიფო ენის დასამკვიდრებლად. შვეიცარიაში, მაგალითად, მოქალაქეები ლაპარაკობენ ოთხ ენაზე _ და არც ერთ მათგანს არა აქვს სახელმწიფო ენის პრივილეგია. მე აღარ ვლაპარაკობ ჩვენს მრავალეროვან საბჭოთა კავშირზე, სადაც მოქალაქეები ერთმანეთთან ლაპარაკობენ 100-ზე მეტ ენაზე და სადაც არც ერთი მათგანი პრაქტიკულად სახელმწიფო ენა არ არის.

 

(აქ იყო მაგალითები ჩამოთვლილი _ როგორ ზრუნავენ ქართული ენის განვითარებაზე).

 

75_ ე მუხლის დებულებები ამკვიდრებს ენისა და მოსახლეობის შესაბამისი ჯგუფებისადმი ყველაზე დემოკრატიულ, ბუნებით სოციალისტურ დამოკიდებულებას ენებისა და მოსახლეობის შესაბამისი ჯგუფებისადმი, რომლებსაც ურთიერთობა აქვთ ამ ენების საშუალებით.

 

უნდა ვივარაუდოთ, რომ 75-ე მუხლის ძირითადი დებულებანი სწორედ არის ჩამოყალიბებული და ისინი უნდა მივიღოთ“.

 

თუ ამას წაიკითხავს საქართველოს კპ ცკ-ის პირველი მდივანი, არავინ უწყის, რას იზამს გამძვინვარებული ხალხი. არადა, რამდენ ხანს უნდა გაჭიანურდეს მოხსენების კითხვა? გარეთ, ქუჩაში, ადამიანებს მოთმინების ფიალა ევსებათ. შიგნით, მთავრობის სახლში, დეპუტატები გულის კანკალით ელიან მოსკოვიდან პასუხს.

 

ჰაერი გაჟღენთილია მოლოდინით: რა მოხდება _ განმეორდება 1956 წლის 9 მარტი თუ ამჯერად ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება?

 

მოხდა ის, რასაც არავინ მოელოდა: მოსკოვმა უკან დაიხია, დათმო. რატომ? ჩემი ფიქრით, დათმობა გამოიწვია ერთმა გარემოებამ. 1978 წლის 4 მაისს სკკპ ცკ-ის გენერალური მდივანი ლ. ბრეჟნევი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მიემგზავრებოდა ვიზიტად (ჩავიდა კიდეც). თუ მოსკოვი არ დათმობდა, თბილისში სისხლიან სასაკლაოს მოაწყობდა, მაშინ ვიზიტი ჩაიშლებოდა. სისხლში ამოთხვრილ ბრეჟნევს გფრ-ში არავინ შეუშვებდა. ეტყობა, მოსკოვში იმსჯელეს _ რა სჯობდა, ვიზიტის ჩაშლა თუ ქართველებისათვის ანგარიშის გაწევა? გონივრული დასკვნა გააკეთეს: თუ ქართველებს დაუთმობდნენ, მოსკოვი ამით არაფერს აგებდა. კონსტიტუციაში ქართულის სახელმწიფო ენად აღიარებას ფორმალური მნიშვნელობა ენიჭებოდა. პრაქტიკულად მას (ქართულ ენას) ეს ფუნქცია მაინც არ ექნებოდა. თუ ვიზიტი ჩაიშლებოდა, ეს კრემლისათვის დიდი პოლიტიკური მარცხი იქნებოდა.

 

მაგრამ მოსკოვმა მაინც იეშმაკა. სახელმწიფო ენის სტატუსი მარტო ქართულს კი არ მიანიჭა, არამედ _ სომხურსაც სომხეთში და აზერბაიჯანულსაც აზერბაიჯანში. ამით მოსკოვმა მთელ სსრკ-ის მოსახლეობას უთხრა _ კრემლს ქართველთა ჭირვეულობის არ შეშინებია. უბრალოდ, ამგვარი პოლიტიკა სცნო მიზანშეწონილად ამიერკავკასიაში.

სპორტი
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.