USD 2.6971
EUR 3.1405
RUB 3.4134
Tbilisi
«Daily Express» (დიდი ბრიტანეთი): „შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი ომის შეჩერებას უკრაინაში? ეს კითხვა ჯერ-ჯერობით პასუხგაუცემელი რჩება“
Date:  577

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ექსპერესში“ (Daily Express) დაბეჭდილია სტატია სათაურით „შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი ომის შეჩერებას უკრაინაში? ეს კითხვა ჯერ-ჯერობით პასუხგაუცემელი რჩება“ (ავტორი - კონორ უილსონი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

დონალდ ტრამპი უკვე სამი დღეა ამერიკის პრეზიდენტია, რაც იმას ნიშნავს უკრაინასთან მიმართებით, რომ თავისი პირველი დაპირების შესრულება მან უკვე ორი დღით დააგვიანა.

ყველას კარგად გვახსოვს, რომ ბოლო დრომდე დონალდ ტრამპი განუწყვეტლივ იმეორებდა, რომ  სწორედ იგი არის ის ერთადერთი ადამიანი მსოფლიოში, რომელსაც რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტა სწრაფად შეუძლია - ომისა, რომელმაც ასობით ათასი სიცოცხლე შეიწირა.

რა თქმა უნდა, არავინ არ აღიქვამდა ზუსტი მნიშვნელობით რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის განცხადებებს, რომ იგი 24 საათში დაამთავრებდა სამწლიან ომს, თუმცა, მისი მომხრეების თქმით, მთლიანად ამის გამორიცხვაც არ შეიძლებოდა - იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის პრეზიდენტს იურიდიულად და რეალურად უდიდესი გავლენა აქვს და თუ ამას დონალდ ტრამპის ავტორიტეტსაც დავამატებთ, შეიძლებოდა მისი ნათქვამის უდაოდ მიღება. 

ჰოდა, გუშინ, 23 იანვარს, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში დაბრუნების შემდეგ, რეპორტიორების წინაშე გამოსვლისას, პირადად გააფრთხილა თავისი რუსი კოლეგა ვლადიმერ პუტინი, რომ თუ იგი გარიგებას არ თანხმდება, „ამით რუსეთს დაანგრევს. რუსეთი ძალიან დიდ უბედურებაში ჩავარდება“. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტი მზად არის მოლაპარაკებისათვის, რომლის მსვლელობაში მას შეუძლია მხარეები ერთმანეთთან იძულებით შეარიგოს, სურთ ეს მათ თუ არ სურთ.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ ვლადიმერ პუტინს ინაუგურაციის შემდეგ შეხვდებოდა, თუმცა ინაუგურაციაც უკან დარჩა, სამიტის კონტურები კი ჯერ-ჯერობით ჰორიზონტზე არ ჩანს.

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე მზად არის გარიგების დასადებად.  სხვათა შორის, ვლადიმერ პუტინიც იგივეს ამბობს, რომ მოლაპარაკებისთვის მზად არის... მაგრამ თავისი პირობებით.~

გაუგებარია, თუ როგორ მოილაპარაკებენ მხარეები, როგორი იქნება ხელშეკრულება იმ დროს, როცა მოსკოვს და კიევს სრულიად კონფრონტაციული და საწინააღმდეგო მოთხოვნები აქვთ.

ამასობაში რუსეთის არმია ნელა, მაგრამ შეუპოვრად წინ მიიწევს დონბასში. რუსი ჯარსიკაცები თანდათან არღვევენ უკრაინის თავდაცვას და ახალ ტერიტორიებს - სოფლებს და ქალაქებს იკავებენ.

ვლადიმერ პუტინს ჯერ საქმიანად არ ულაპარაკია დონალდ ტრამპთან, მაგრამ ინაუგურაცია მიულოცა და მზადყოფნა გამოხატა დიალოგის დასაწყებად.

როგორც საერთაშორისო საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი იური უშაკოვი აცხადებს, კრემლი ელოდება „კონკრეტულ წინადადებებს, რომლებიც რეალური მოლაპარაკების საფუძველი გახდება“, თუმცა მან თავი აარიდა დონალდ ტრამპის განცხადების კომენტირებას, რუსეთის სავარაუდო დანგრევის თაობაზე.

„ჩვენ ღია ვართ აშშ-ის ადმინისტრაციასთან სერიოზული დიალოგისათვის უკრაინასთან დაკავშირებულ კონფლიქტში. თუ ვაშინგტონიდან შესაბამის სიგნალებს მივიღებთ, ჩვენ მათ, ასე ვთქვათ, „ავიტაცებთ“ და ადექვატურად ვუპასუხებთ“, - განაცხადა იური უშაკოვმა და იქვე დაამატა, რომ კრემლს ჯერ-ჯერობით ასეთი სიგნალები არ მიუღია.

შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი ომის შეჩერებას უკრაინაში? ეს კითხვა ამ ეტაპზე პასუხგაუცემელი რჩება.

წყარო: https://www.express.co.uk/news/world/2004184/poll-do-you-think-donald?int_source=nba

economics
საქსტატი - დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. საქსტატმა 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა.

ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა კვლავ სურსათმა იქონია, სადაც ფასები წლიურად 8.8%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4%), ხილი და ყურძენი (15%), პური და პურპროდუქტები (14.3%), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1%), ზეთი და ცხიმი (10.1%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1%), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1%), საავადმყოფოების მომსახურების (9%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3%) ქვეჯგუფებზე;

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3%), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3%).

See all
Survey
By the way