USD 2.6074
EUR 2.9941
RUB 3.1022
თბილისი
«Daily Mail» (დიდი ბრიტანეთი): როგორ გახდა „მანჩესტერ-სითის“ ყოფილი თავდამსხმელი საქართველოს პრეზიდენტი
თარიღი:  1205

ბრიტანული გაზეთის „დეილი მეილის” (Daily Mail) საკვირაო ნომერში გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „როგორ გახდა „მანჩესტერ-სითის“ ყოფილი თავდამსხმელი საქართველოს პრეზიდენტი და რატომ აღმოჩნდა იგი ქვეყნის მომავლისათვის ბრძოლის ცენტრში იმ განცხადებების ფონზე, რომ იგი პრორუსი მარიონეტია“ (ავტორი - ეიდან რედნეჯი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

როცა მიხეილ ყაველაშვილმა „მანჩესტერ-სითის“ შემადგენლობაში გოლი გაიტანა და „მანჩესტერ იუნაითედთან“ მატჩში ანგარიში გაათანაბრა, „სქაი ნიუსის“ სპორტულმა კომენტატორმა მარტინ ტაილერმა წამოიძახა: „ღმერთო ჩემო, ეს რა ისტორიას მოვესწარი!“.

მაგრამ ექს-ფეხბურთელი ახლა უფრო ბევრად მნიშვნელოვან, რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა, რომელსაც საერთოევროპული შედეგები აქვს: მას საკუთარ სამშობლო საქართველოში სადაო პრეზიდენტად თვლიან.

ყოფილი თავდამსხმელი მიხეილ ყაველაშვილი დიდი ხანია ჩამოშორდა საგოლე მომენტებს და საფეხბურთო კარიერის ნაცვლად უპირატესობას სახელისუფლო კარიერას ანიჭებს: იგი ქვეყნის პარლამენტში დეპუტატის სტატუსით პირველად 2016 წელს აირჩიეს. ახლახანს მან ფიცი პრეზიდენტის რანგში დადო და პირველად გახდა არა საყოველთაოდ არჩეული პრეზიდენტი, არამედ საზოგადოებისა და კანონმდებლების მიერ არჩეული, საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად.

მაგრამ 53 წლის ოთხი შვილის მამა ქუჩაში აქტიურ პროტესტებს აწყდება - როგორც თავის ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთ - იმ ბრალდებებით, რომ იგი პოპულისტური მარიონეტია და სურს საქართველო კვლავ რუსეთის თათებში მოაქციოს.

მიხეილ ყაველაშვილი, რომელმაც საქართველოს ნაკრებში თამაშის დროს 46 მატჩში ცხრა გოლი გაიტანა, მემარჯვენე ანტიდასავლურ მოძრაობაში წამყვან ფიგურად იქცა. მის პარტიას „ხალხის ძალას“, რომელიც 2022 წელს დაარსდა და მმართველი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი განშტოებად ითვლება („ოცნება“ ხელისუფლებაში ათ წელზე მეტია იმყოფება), იმის გამო აკრიტიკებენ, რომ ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობის ნაცვლად უპირატესობას რუსეთთან დაახლოებას ანიჭებს.

როგორც საზოგადოებრივმა გამოკითხვებმა აჩვენეს, საქართველოს მოსახლეობის 80% ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერია. გასულ წელს კი ქვეყანამ საერთოევროპული ორგანიზაციაში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი მიიღო.

მაგრამ ევროკავშირში მიღების მიზნით დაწყებული მოლაპარაკებები შეჩერებულია იმ მიზეზით, რომ ხელისუფლებამ გასულ წელს საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩაატარა, შედეგები გააყალბა, თან მმართველი რეჟიმი ოპოზიციურ პარტიებს და მათ ამომრჩევლებს დევნიდა და ემუქრებოდა.

მიხეილ ყაველაშვილს მხარს უჭერს მმართველი პარტია და მისი ყველაზე გავლენიანი ფიგურა, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში 1990-იან წლებში დააგროვა (დაახლოებით 7 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობით).

„ქართული ოცნება“ 2012 წლიდან საქართველოში ჩატარებულ ყველა დონის არჩევნებს იგებდა. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ ყაველაშვილის წინამორბედი პრეზიდენტის პოსტზე სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის მმართველი პარტიის წევრი არ იყო, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ოცნებამ“ მხარი მას დაუჭირა. და მაინც, სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ ყაველაშვილის არჩევას „უკანონო“ უწოდა.

ევროპის პარლამენტმა ასევე არალეგიტიმურად აღიარა გასული წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები და საქართველოს ხელისუფლებას მისი განმეორებით ჩატარებისაკენ მოუწოდა. იმავდროულად, აშშ-მა ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები შემოიღო. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მილიარდერი იმაში დაადანაშაულა, რომ მან „დემოკრატიული ინსტიტუტების საქმიანობა დაარღვია, დაუშვა ადამიანის უფლებების დარღვევები და საქართველოში ძირითადი თავისუფლებები შეზღუდა“.

1996 წლის 6 აპრილს, როცა მიხეილ ყაველაშვილმა „მანჩესტერ-სითისთან“ 1,4 მილიონი გირვანქა სტერლინგის კონტრაქტი გააფორმა და პრემიერ-ლიგაში „მეინ როუდს“ შეხვდა, იმავე კომენტატორმა მარტინ ტაილერმა ტელემაყურებლებს უთხრა: „ამ ფეხბურთელს იმხელა გვარი აქვს, რომ „მანჩესტერის“ მაისურზე არ დაეტევა“ და დაამატა: „მაგრამ თუ იგი „მანჩესტერში“ თამაშს ასეთივე ტემპით და სულისკვეთებით გააგრძელებს, იგი მთავარი გაზეთების პირველ გვერდზე მოხვდება“. და მართლაც ასე მოხდა: „იუნაითედის“ კარში მისი გოლი დიდებული აღმოჩნდა. ასე დაიწყო მიხეილ ყაველაშვილმა თავისი საფეხბურთო კარიერა დიდ ბრიტანეთში - „მანჩესტერ-სითის“ შემადგენლობაში 28 მატჩი გამართა და შემდეგ შვეიცარიაში გადავიდა.

იგი ფეხბურთიდან 2007 წელს ისე წავიდა, რომ ვერ შეძლო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება - იმ მიზეზით, რომ მას უმაღლესი განათლება არ ჰქონდა. მოგვიანებით მიხეილ ყაველაშვილმა პოლიტიკურ საქმიანობას მიჰყო ხელი და იქაც იგივე პრობლემის წინაშე დადგა - ჯერ პარლამენტის დეპუტატად, ახლახან კი პრეზიდენტად არჩევის წინ ოპოზიციამ იგი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ქვეყნის მეთაურობის კანდიდატს, ყოფილ ფეხბურთელს, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აღმოაჩნდა. ოპოზიციამ პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მიხეილ ყაველაშვილი ერთადერთ კანდიდატად რჩებოდა. მას მხარი დაუჭირა საარჩევნო კოლეგიის 224-მა წევრმა 300 წევრიდან, რომელშიც „ქართული ოცნების“ წევრები დომინირებდნენ.

სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ადრე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, „ქართული ოცნების“ ფავორიტს წარმოადგენდა, მაგრამ შემდეგ მომხდარი განხეთქილების გამო პარტიისაგან დისტანცირდა, დღეს ამტკიცებს, რომ მისი მმართველობის ვადის გასვლის მიუხედავად, ქვეყნის კანონიერ პრეზიდენტად რჩება.

პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევა და ფიცის დადება (ინაუგურაცია) გასულ კვირაში ქვეყნის დედაქალაქის თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში დემონსტრაციების ფონზე მოხდა.

პროტესტანტები საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ შეიკრიბნენ, უსტვენდნენ და ხელში „წითელი ბარათები“ ეჭირათ - მიხეილ ყაველაშვილის საფეხბურთო წარსულის საწინააღმდეგოდ, სალომე ზურაბიშვილმა კი მხარდამჭერ ოპოზიციას განუცხადა: „მე ვრჩები ერთადერთ კანონიერ პრეზიდენტად. მე თქვენთან ვარ“.

მიხეილ ყაველაშვილს ოპოზიცია აკრიტიკებს იმის გამოც, რომ იგი ულტრამემარჯვენე ლოზუნგების ერთგულია, აკეთებს დამცინავ კომენტარებს „ლგბტ“ საზოგადოების მიმართ და იცავს საქართველოს პარლამენტის მიერ კრემლის სტილით მიღებულ კანონებს, რომლებიც სამოქალაქო თავისუფლებებს ზღუდავენ.

უფრო ადრე მიხეილ ყაველაშვილმა დასავლეთი იმაში დაადანაშაულა, რომ [ევროპას და ამერიკას] სურს საქართველოში რაც შეიძლება მეტი ისეთი ადამიანი იყოს, რომლებიც „ლგბტ“ იდეოლოგიის მიმართ ნეიტრალურები და მომთმენები იქნებიან. მისი თქმით, „ლგბტ“-ის იდეოლოგია თითქოსდა უმცირესობას იცავს, სინამდვილეში კი  მათი პროპაგანდა კაცობრიობის წინააღმდეგ არის მიმართული“. მან ასევე დაადანაშაულა ოპოზიციური პარტიები, რომლებიც თითქოსდა „ამერიკელი კონგრესმენების მიერ კონტროლდებიან და რომლებსაც დაუოკებელი სურვილი აქვთ საქართველოში დასავლური რევოლუცია და ქვეყნის უკრაინიზაცია მოახდინონ“.

ოპოზიციური პარტიები 26 ოქტომბრის „გაყალბებული“ არჩევნების შემდეგ უარს აცხადებენ პარლამენტში შესვლაზე და ითხოვენ, რომ  განმეორებითი არჩევნები დაინიშნოს, თუმცა მმართველი პარტიის მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალი არჩევნების ჩატარებას კატეგორიულად გამორიცხავს.

პროტესტების პირველი ათი დღის განმავლობაში, როცა ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებს „გაყალბებულს“ უწოდებდა, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. თავის მხრივ, დემონსტრანტები პოლიციელებს ქვებს და პიროტექნიკის შუშხუნებს ესროდნენ. პროტესტების დროს პოლიციამ 400-ზე მეტი ადამიანი დააკავა, რომლთაგან ზოგიერთებმა განაცხადეს, რომ მათ სცემდნენ.

საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის აპრილში გამოაცხადა და რუსეთისაგან დისტანცირებული პირველი რესპუბლიკა გახდა, ბალტიისპირეთის ქვეყნების თუ არ ჩავთვლით. მაგრამ დღეს მიხეილ ყაველაშვილი და მისი პარტია პუტინისტურ რუსეთთან სულ უფრო მეტი კავშირებისაკენ ისწრაფვის. მისი როგორც პრეზიდენტის პირველივე მოქმედება გამოიხატა იმ კანონებზე ხელმოწერაში, რომლებიც კრძალავენ ფეირვერკების გამოყენებას და ჯარიმებს აწესებს ანტისამთავრობო წარწერების გაკეთებაზე, აგრეთვე სალომე ზურაბიშვილისათვის სამთავრობო დაცვის გაუქმებაზე.

უფრო ადრე მიხეილ ყაველაშვილი იყო იმ კანონების თანაავტორი, რომლებიც უცხოელ აგენტებად „აღიარებს იმ არასამტავრობო ორგანიზაციებს და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, რომლებიც თავიანთი დაფინანსების 20%-ს საზღვარგარეთიდან იღებენ - ანალოგიური რუსული კანონის მსგავსად. კრემლი მსგავს სამართლებრივ აქტს, რომელიც სახელმწიფო სათათბირომ რამდენიმე წლის წინ მიიღო, მთავრობის კრიტიკოსების წინააღმდეგ იყენებს.

ოპონენტების მტკიცებით, მიხეილ ყაველაშვილი მარიონეტი იქნება არა მარტო „ქართული ოცნების“ დამაარსებლისა და მისი საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ხელში, არამედ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ხელშიც.

გიორგი მარგველაშვილმა, ისტორიკოსმა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი 2013-2018 წლებში იყო, ორივე - ივანიშვილიც და ყაველაშვილიც - დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი „კრემლის სპეციალური ოპერაციის“ ნაწილს წარმოადგენენ საქართველოში რუსეთის გავლენის უზრუნველსაყოფად. გაზეთმა „თაიმსმა“ მარგველაშვილის სიტყვების ციტირება მოახდინა: „ორივე ევროპას ფაქტიურად დაემშვიდობა. ვინ მოიგებს ამით? მხოლოდ რუსეთი“..

ამასობაში კი გიორგი გახარიამ, რომელიც საქართველოს პრემიერ-მონისტრი იყო 2019-2021 წლებში, მიხეილ ყაველაშვილის შესახებ ასეთი რამ თქვა: „რადგანაც მას არც უმაღლესი განათლება არ აქვს, არც გამოცდილება და არც კომპეტენტურობა, ამიტომ იგი იოლად მართვადი იქნება და უსიტყვოდ შეასრულებს მითითებებს. მოკლედ, ყაველაშვილი ისეთივე ადამიანად დარჩა, როგორიც საფეხბურთო მინდორზე იყო“.

და მაინც, ყაველაშვილის თანამემამულე და მისი თანაკლუბელი „მანჩესტერ-სითიდან“ გიორგი ქინქლაძე, რომელიც დღემდე რჩება გმირად მანჩესტერელი გულშემატკივრების თვალში და რომელმაც ყაველაშვილს 1996 წელს კონტრაქტზე ხელმოწერა ურჩია, ქვეყნის ახალ პრეზიდენტს წარმატებებს უსურვებს და ეს ხდება იმ დროს, როცა მიხეილ ყაველაშვილის ლეგიტიმურობაზე ალიაქოთია ატეხილი.

გიორგი ქინქლაძე, რომელსაც დღეს მაჩესტერში ღვინის ბარი აქვს, „დეილი მეილის“ ჟურნალისტთან საუბარში ამბობს: „მე ბედნიერი ვარ და იმავდროულად მასზე ვწუხვარ კიდეც. იმიტომ, რომ საქართველოს პრეზიდენტობა უდიდეს პასუხისმგებლობას ნიშნავს. მე მას ყველანაირ წარმატებს ვუსურვებ“. თვითონ მიხეილ ყაველაშვილმა კი ახალი წლის წინ ქართველი ერისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ მას სჯერა - „2025 წელი ბოროტზე კეთილის გამარჯვების წელი იქნება“.

თუმცა, როგორც პრეზიდენტის სასახლის წინ გამართული ოპოზიციური მიტინგის მონაწილე, 22 წლის დავითი (გვარს არ ასახელებს) ამბობს, „ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ, უკან დახევა უკვე გვიანია“. აქციის კიდევ ერთი მონაწილის, 34 წლის გიორგი მამათელაშვილის თქმით, „სალომე ზურაბიშვილი კვლავ ჩვენს პრეზიდენტად რჩება“. მას იმედი აქვს, რომ სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ ველზე ყოფნა ხელს შეუშლის მიხეილ ყაველაშვილის გავლენის ზრდას და ქალბატონი პრეზიდენტის მმართველობა დამატებითი ვადით გაგრძელდება.

წყარო: https://www.dailymail.co.uk/news/article-14251647/How-former-Manchester-City-striker-turned-president-heart-battle-Georgias-future-amid-claims-pro-Russian-puppet.html

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის