USD 2.7484
EUR 2.8998
RUB 2.7361
თბილისი
«Daily Sabah» (თურქეთი): „რუსეთისა და დასავლეთის მეტოქეობა კავკასიაში: მოსკოვის როლი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში“
თარიღი:  156

თურქეთის ინგლისურენოვანი გაზეთის „დეილი საბაჰის“ (Daily Sabah) 15 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთისა და დასავლეთის მეტოქეობა კავკასიაში: მოსკოვის როლი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში“ (ავტორი - აჰმედ თურანი, ელიაზიგის „ფირატის“ სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი).

გთავაზობთ ვრცელი პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

რუსეთის მეტოქეობას დასავლეთთან კავკასიაში ისტორიული ფესვები აქვს და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ჩარჩოებს სცილდება. შესაძლოა ვინმემ იფიქროს, რომ კავკასია მხოლოდ ახლა გადაიქცა „დიდი თამაშების“ არენად რუსეთის მონაწილეობით და რომ მოვლენების განვითარება, უბრალოდ, ერთმანეთს დაემთხვა, მაგრამ თუ თვალს გადავავალებთ ჩრდილოელი მეზობლის მოქმედებას სამხრეთით - კავკასიონის დიდი ქედის მიღმა ქრონოლოგიური თანამიმდევრობით, ნათელი გახდება, რომ ამჟამად ეს ყველაფერი უბრალო დამთხვევა თუ შემთხვევითობა კი არ არის, არამედ კანონზომიერებაა - რეგიონში მიმდინარე მოვლენებს რუსეთისა და დასავლეთ შორის დიდი ხნის წინ ჩასახული მეტოქეობა განსაზღვრავს.

ბრძოლის ველი - კავკასია

კავკასიაში რუსეთისა და დასავლეთის მეტოქეობის პირველი ნიშნები უახლეს პერიოდში საბჭოთა კავშირის დაშლის დროს გამოიკვეთა და შემდეგ საკმაოდ მწვავედ განვითარდა - მთიანი ყარაბაღისა და რიგი სხვა კონფლიქტების საკითხის განხილვისას ეუთოს მინსკის ჯგუფში (1994-1996 წლებში). შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვმა დასავლეთის ინტერესებზე ზეწოლისათვის ადგილობრივი კონფლიქტებით ისარგებლა, განსაკუთრებით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, მაგრამ კრემლის ინტერესების მნიშვნელოვანი დოზა საქართველოსაც შეეხო.

მაგალითად, 2001 წლის ოქტომბერში, საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის აშშ-ში ვიზიტის დროს, მან ყველას გასაგონად განაცხადა: „საქართველო ითვლება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესთა სივრცის არა სამხრეთ ფლანგად, არამედ უფრო მეტად ნატოს ინტერესების ჩრდილოეთ ფლანგად“. მისი ნათქვამიდან სულ მალე საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში - აფხაზეთში, კოდორის ხეობაში გაეროს ვერტმფრენი იქნა ჩამოგდებული, ხოლო  ცოტა ხნის შემდეგ კოდორის ხეობა რუსეთის მიერ დაიბომბა. ეს ორი მოვლენა უბრალო დამთხვევა კი არ იყო, არამედ მათ ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი ჰქონდათ. იმ დროიდან მოყოლებული, საქართველოს უმაღლესი პირები რეგულარულად გამოხატავდნენ სურვილს ჩრდილოატლანტიკრ ალიანსში გაწევრიანებაზე, რაც რუსეთსა და დასავლეთს შორის მეტოქეობას აღრმავებდა.

კავკასიაში რუსეთ-დასავლეთის მეტოქეობის „დამთხვევათა ჯაჭვში“ საქართველოს „მონაწილეობით“ შემდეგი რგოლი გახდა ნატოს ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის 2-4 აპრილი) გაკეთებული განცხადება კავკასიური ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსის წევრად შესაძლო მიღების თაობაზე, რომლის გამოც მოსკოვი სერიოზულად შეშფოთდა. დაახლოებით სამი თვის შემდეგ, 2008 წლის 15 ივლისს, „რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის კონცეფციის“ ცვლილების შემდეგ, კრემლი გამოვიდა განცხადებით, რომლის მიხედვით, „რუსეთი ინარჩუნებს თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას ნატოს გაფართოების მიმართ, კერძოდ, ალიანსის გეგმებთან დაკავშირებით, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში სავარაუდო მიღებასთან დაკავშირებით და მთლიანობაში, ნატოს ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოების გამო“. ის, რომ მოსკოვმა ნატოს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას ასეთი განცხადებით უპასუხა, უბრალო დამთცევავ-სემთხვევითობას არ წარმოადგენდა.

2008 წლის 24 ივლისს საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიაში, რითაც მან ხაზი გაუსვა საქართველოს მზარდ ინტეგრაციას დასავლეთთან. ამ მოვლენიდან ორი კვირის შემდეგ კი, 2008 წლის 8 აგვისტოს, რუსეთმა თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე შეიყვანა. ამ ფაქტმა კიდევ უფრო მეტად გაამძაფრა რუსეთ-დასავლეთის კონფრონტაცია რეგიონის გამო. „ხუთდღიანი ომის“ შემდეგ კი, 2008 წლის 14 აგვისტოს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის დსთ-დან გასვლის თაობაზე, რაც აღნიშნული დაპრისპირების დამადასტურებელ  ერთ-ერთ მნიშვნელოვან იურიდიულ დოკუმენტს წარმოადგენს

ოლიგარქი ქართულ პოლიტიკაში

21-ე საუკუნის მეორე ათწლეულში განვითარებულმა ცვალებადმა პირობებმა სიტუაცია იქამდე მიიყვანა, რომ რუსეთი იძულებული გახდა კავკასიაში კონკურენციის ინსტრუმენტები შეეცვალა. მეტოქეობის წესებმა ტრანსფორმაცია განიცადეს. ვლადიმერ პუტინის ეპოქაში თანდათანობით მეტი ყურადღება დაეთმო  ოლიგარქების მონაწილეობას ჯერ საშინაო პოლიტიკაში, შემდეგ კი რუსეთის ფარგლებს გარეთაც მიმდინარე რეგიონულ „დიდ თამაშებში“. ეს კურსი აირეკლა საქართველოს პოლიტიკაში პრორუსულად განწყობილი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით. მან თავისი ქონება ძირითადად რუსეთში საქმიანობით დააგროვა და საქართველოს ყველაზე მდიდარ ადამიანად გადაიქცა, შექმნა თავისი პარტია „ქართული ოცნება“ და 2012 წლის არჩევნებში გაიმარჯვა. ამის შემდეგ ქართულ პოლიტიკაში ქრონიკული პრობლემა გახდა [ოპოზიციის] მუდმივი ბრალდებები არჩევნებში რუსეთის ჩარევის თაობაზე.

ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა რამდენიმე პროდასავლურად განწყობილ პარტიასთან კოალიციით, თავს იკავებდა ვლადიმერ პუტინის კრიტიკისაგან  და აცხადებდა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის სამხედრო შეტაკება მეტად აღარ უნდა მომხდარიყო. 2012 წლიდან მოყოლებული, „ქართულმა ოცნებამ“ ჯერ კოალიციით, შემდეგ კი თვითონ ხელისუფლებაში ყოფნა რამდენჯერმე გაიგრძელა - ეს წარმატება კი სწორედ რუსეთთან ამგვარი [ლოიალური] მიდგომით არის განპირობებული. ასე რომ, პრორუსული შეხედულებების მქონე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება არ არის „შემთხვევითობით“ განპირობებული - ეს მოვლენაც დასავლეთ-რუსეთის დაპირისპირებით უნდა აიხსნას.

26 ოქტომბრის არჩევნები

2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, გაიმარჯვა (უკვე მეოთხე ვადით) „ქართულმა ოცნებამ“, მიღებული ხმების 54%-ით. არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პროდასავლური პარტიების მიერ მიღებულმა ხმებმა, მთლიანობაში, 37% შეადგინა. რასაკვირველია, კვლავ დაიწყო ბრალდებები არჩევნების გაყალბებისა და მომხდარი სხვა დარღვევების შესახებ.

ის ფაქტი, რომ არჩევნების შემდეგ დასავლურმა ორგანიზაციებმა მხარი ოპოზიციას დაუჭირეს, კავკასიაში რუსეთისა და დასავლეთის მეტოქეობის ბუნებრივ გაგრძელებას წარმოადგენს. ამ მიზეზის გამო ბევრმა კონკრეტულმა ევროპულმა სახელმწიფომ თავი შეიკავა უშუალო კომენტარებისაგან არჩევნების მიმართ, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ხაზი გაუსვა არჩევნების პროცესში მომხდარ დარღვევებს და მოუწოდა საქართველოს პატივი სცეს კანონის უზენაესობას, თავისუფლების პრინციპს და მოითხოვა, გაუქმდეს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული რიგი კანონები და ერთობლივად აღმოიფხვრას საარჩევნო პროცესში გამოვლენილი დარღვევები.

აშშ-ის მიერ ანტიდემოკრატიული კანონების მოხსენიება შემთხვევითი არ არის, მასში იგულისხმება საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც საკმაოდ ჰგავს რუსეთში 2012 წელს მიღებულ კანონს. (...)

26 ოქტომბრის არჩევნების განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატება, რომ ის ნათლად ასახავს რუსეთისა და დასავლეთის მეტოქეობას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შემდეგ იგივე ტონისა და არგუმენტების მქონე განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. 2024 წლის 5 ნოემბერს მინისტრმა სერგეი ლავროვმა უარყო დასავლეთის ბრალდებები არჩევნების პროცესში რუსეთის ჩარევის თაობაზე და განაცხადა, რომ ვაშინტონი აქტიურად სარგებლობს მითებით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. თუ თეთრ სახლს სადმე არ მოეწონება არჩევნების შედეგები, მაშინვე იწყებს რუსეთის მიმართ დაბრალებას“.

დღეისათვის რუსეთისა და დასავლეთის მეტოქეობა კავკასიაში, რომელიც საქართველოში მიმდინარე მოვლენებშიც აისახება, კვლავ გრძელდება. დაპირისპირებულ  მხარეთა შემხვედრი და ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათის მქონე განცხადებების გათვალისწინებით, შეუძლებელია ობიექტურად გაგება, თუ კონკრეტულად ვინ არის ჩარეული საქართველოს არცევნებში - დასავლეთი და რუსეთი (ან ორივე ერთად). მაგრამ მთავარი ფაქტი, რომლის კომენტირებაც შეიძლება, ისაა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენები, რომლებიც ქრონოლოგიურად ასახავენ სიტუაციას, თავიანთი არსით, „შემთხვევითობა და დამთხვევა“ კი არ არის, არამედ უფრო მნიშვნელოვანი და ობიექტური რეალობის მაჩვენებლები. როგორც იან ფლემინგი - ჯეიმს ბონდის პერსონაჟის შემქმნელი - ამბობდა, „ერთჯერ მომხდარი შემთხვევითობაა, ორჯერ მომხდარი - დამთხვევა, სამჯერ მომხდარი კი - მოწინააღმდეგის თანმიმდევრული მოქმედება“.

წყარო: https://www.dailysabah.com/

 

ანალიტიკა
«Lauterbacher Anzeiger» (გერმანია): „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“

გერმანული გაზეთი „ლაუთერბახერ ანცეიგერი“ (Lauterbacher Anzeiger - იბეჭდება ჰესენის მხარეში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „საქართველო პუტინის ორბიტაზე გადადის: უშვებს თუ არა „შეცდომას“ ევროკავშირი?“ (ავტორი - ფლორიან ნაუმანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

საქართველოში ჩატარებული არჩევნებიდან სამ კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ ევროკავშირს ჯერ კიდევ არ აქვს გამოხატული მკაფიო პოზიცია და ამ ეტაპზე მხოლოდ განმარტებებს ითხოვს. ბრიუსელს ამისათვის საკმაო მიზეზები აქვ: არცევნებში რატომღაც მოულოდნელად გაიმარჯვა სულ უფრო ავტორიტარმა და პრორუსულად განწყობილმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ კითხვას იწვევს. ოქტომბრის ბოლოდან ოპოზიცია არჩევნების დროს მომხდარი დარღვევების ფაქტებს აგროვებს, მაგრამ მნიშვნელოვანი კანონდარღვევების რაოდენობა, როგორც ჩანს, საკმარისი არ არის.

დებატები ევროპარლამენტში: საით მიდის საქართველო?

ამ კვირაში ევროპის პარლამენტში მიმდინარე დებატების დროს ორი მომენტი აშკარად გამოიკვეთა: პარლამენტართა ერთმა ნაწილმა ევროკავშირი ორმაგი პოლიტიკის გატარებაში  და არჩევნების შედეგების მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით შეფასებაში დაადანაშაულა, ხოლო მეორე ნაწილმა საქართველოს მთავრობის მიმართ უფრო ხისტი ზემოქმედება მოითხოვა. გადაწყვეტილება (ალბათ, სიმბოლური მნიშვნელობის მქონე) ჯერ მიღებული არ არის.

საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, ამჟამად საკითხის აქტუალობა იმაშია, გადავა თუ არა  საქართველო რუსეთის ორბიტაზე და გახდება თუ არა მისი თანამგზავრი - მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობას ევროპული ორიენტაცია აქვს. ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს - იყო თუ არა არჩევნები დემოკრატიული და სამართლიანი.

გერმანიის „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელი სერგეი ლაგოდინსკი და ესტონელი სოციალ-დემოკრატი მარინა კალიურანდი ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები იმაში, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ყოველ შემთხვევაში, ისინი დამადასტურებელ ფაქტებს ვერ ხედავენ. ორივე პოლიტიკოსი ევროპარლამენტის დელეგაციის - „ევრონესტის“ წევრები არიან, რომელთა მოვალებაშია ურთიერთობა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქონდეთ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი. სერგეი ლაგოდინსკი, თავის მხრივ, „ევრონესტის“ თავმჯდომარეა.

თბილისი მოსკოვსა და ბრიუსელს შორის

„საქართველო და მოლდოვა ჭადრაკის ფიგურები არ არიან, რომ ჩვენ ისინი დაფაზე გადავაადგილოთ. ისინი სახელმწიფოებს წარმოადგენენ და მათ თავიანთი მომავალი აქვთ“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, რომელსაც მხედველობაში აქვს ორივე ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები. თუმცა იგი ყურადღება ასევე ამახვილებს სავარაუდო გაყალბებაზეც და აღნიშნავს, რომ არსებობს არგუმენტები განმეორებითი არჩევნების ჩასატარებლად.

 „პირადად ჩემთვის საკითხი ასე გამოიხატება: რა უნდა ვუქნათ იმ პარტიას, რომელიც ანტიკონსტიტუციურ პოლიტიკას ატარებს? საქართველოს ძირითად კანონში ჩაწერილია, რომ ქვეყნის მიზანს ევროკავშირთან ინტეგრაცია წარმოადგენს“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ სიტყვით ოფიციალურად ადასტურებს, რომ მისი მიზანი 2030 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანებაა, მაგრამ საქმით მთავრობამ უკვე დიდი ხნის გადაუხვია ევროკავშირისაკენ მიმავალი გზიდან, როცა პრორუსული კანონები მიიღო, ბრიუსელის გაფრთხილებისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად. „ვფიქრობ, მართლაც გონივრული იქნებოდა არჩევნების განმეორებით ჩატარება - უბრალოდ, საზოგადოება რომ სიმართლეში დარწმუნდეს“, - ამბობს სერგეი ლაგოდინსკი, - ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ მანიპულაციები მართლაც მოხდა, ახალი არჩევნების ჩატარება აუცილებელია, თანაც საერთაშორისო კონტროლით“.

მარინა კალიურანდსაც ასეთივე თავალსაზრისი აქვს: „უნდა დაველოდოთ განმარტებებს [და სასამართლოს გადაწყვეტილებებს], სპეკულირება არ უნდა მოხდეს... მაგრამ თუ დამტკიცდება, რომ არჩევნები იმაზე უარესად ჩატარდა, როგორც ამას ეუთოს დამკვირვებლები აღწერენ, მაშინ ჩვენ მკაფიო რეაგირება უნდა მოვახდინოთ“. აღსანიშნავია, რომ ეუთოს მისიამ დაგმო ცალკეული დარღვევები, მიუთითა მთავრობისა და ოპოზიციის არათანაბარ პირობებზე, მაგრამ არჩევნებში მასშტაბური ფალსიფიცირება არ დაუფიქსირებია.

„ეუთოს მისიამ 2020 წლის არჩევნებიც დაახასიათა როგორც კონკურენტული და კარგად ორგანიზებული“, - ამბობს მარინა კალიურანდი, რომელიც ადრე ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე კი ესტონეთის ელჩი რუსეთში, - „თუმცა ასეთი დახასიათება დემოკრატიული ქვეყნისათვის საკმარისი არ არის. ჩვენ ყველას გვსურს, რომ არჩევნები გამჭვირვალე და პატიოსნად ჩატარდეს“. მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გაუქმება ლოგიკური იქნება, თუ ქვეყანა თამაშის წესებს არ დაიცავს.

განხეთქილება ევროპარლამენტის მემარჯვენეთა ბანაკში

სერგეი ლაგოდინსკის თქმით, საქართველოს ახალგაზრდა იურისთა ასოციაცია თვლის, რომ არჩევნებში მრავალი დარღვევა მოხდა. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასოციაციის წევრები ობიექტურად აფქსირებდნენ დარღვევებს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც, მაშინ მათი პოზიცია პოლიტიკურად მიუკერძოებლად  უნდა ჩაითვალოს. ეს სერიოზული არგუმენტია“, - ამბობს მწვანეთა პარტიის წარმომადგენელი.

დღემდე ევროკავშირს თავისი მტკიცე პოზიცია დაფიქსირებული არ აქვს. „ალბათ, ეს იმას უკავშირდება, რომ ჯერ-ჯერობით მოსმენები კომისიებში ისევ მიმდინარეობს... საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნებაზეა დამოკიდებული. ამჟამად რაიმე კონფრონტაცია არ შეიმჩნევა“, - აცხადებს სერგეი ლაგოდინსკი.

ევროპარლამენტში 13 ნოემბერს დებატების დროს აზრდტა სხვადასხვაობა დაფიქსირდა აღმოსავლეთევროპელ მემარჯვენეთა შორის. უნგრელი პოლიტიკოსის ანდრაშ ლასლოს აზრით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის კურსის ერთგულია და რომ არჩევნების შედეგები ევროკავშირმა უნდა აღიაროს. პოლონელმა მალგოჟატა ჰოსევსკამ ყოფილი მმართველი პარტიიდან „კანონი და სამართლიანობა“, პირიქით, განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლებაში არის პიროვნება, რომელსაც [რუსეთთან] გაურკვეველი კავშირები აქვს“ (იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი). პოლონელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდა, რომ „საქართველოს მმართველი რეჟიმის ირგვლივ სანიტარული კორდონი უნდა შეიქმნას“.

წყარო: https://www.lauterbacher-anzeiger.de/politik/georgien-rueckt-in-putins-umlaufbahn-begehen-die-eu-einen-error-zr-93415845.html

 

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.