USD 2.7433
EUR 2.8862
RUB 2.7214
Тбилиси
აღმოაჩინე გორი
дата:  952

გორის ეკონომიკური მნიშვნელობა

გორს ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობა აქვს. ქალაქი ქვეყნის აღმოსავლეთ და დასავლეთ რეგიონების დამაკავშირებელ მაგისტრალურ გზასთან ახლოსაა გაშენებული. გორიდან გზა შიდა ქართლში, ცხინვალსა და შემდეგ ჩრდილო კავკასიაში გადადიოდა, სურამის უღელტეხილის გავლით — სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში. ეს ვაჭრობის განვითარებისა და სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის მშვენიერი ადგილია და უკვე მე-18 საუკუნეში გორელი ვაჭრები სარფიანად იყენებდნენ შესაძლებლობებს ფართო ასპარეზზე გასასვლელად. ისინი ვაჭრობდნენ ისპაჰანში, თავრიზში, გილანში, მეშჰედსა და რეშთში, შემახაში, დარუბანდსა და ყიზლარში, სტამბოლსა და ასტრახანში. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსთვის გორში არსებული სამეწარმეო ეკოსისტემა იმდენად გაფართოვდა, რომ ქალაქში 65 სხვადასხვა საწარმო აღირიცხებოდა და მათში ქალებიც იყვნენ დასაქმებულნი. თავისუფალ საქართველოში გორის ეკონომიკური პოტენციალი ჯერაც შენარჩუნებული იყო, თუმცა რუსული ოკუპაციის პირობებში ქალაქი სტრატეგიული მდებარეობის გამოყენებას სრულად ვეღარ ახერხებდა. მოგვიანებით, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, დაიწყო მიწის მასობრივი ნაციონალიზაცია, ადგილობრივი თავადაზნაურობის ქონების ექსპროპრიაცია და მათი გასახლება-ლიკვიდაცია მკვიდრი სამოსახლოებიდან. რეგიონის გამოჩენილ ოჯახებს, მაგალითად ამილახვრებს, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს გორის კულტურული ცხოვრების განვითარებაში, ჩამოერთვათ ქონება და აეკრძალათ საქმიანობა. ამასთან, ხელისუფლების მთავარი პროპაგანდისტული ორგანო მოსახლეობას არწმუნებდა, რომ ხვნა-თესვის მიმართულებით საქმე კარგად მიდიოდა და მოსახლეობა კოლექტივიზაციას დადებითად ხვდებოდა. გორს ჯერაც აქვს ყველა რესურსი, რათა დაიბრუნოს ისტორიულ-ეკონომიკური როლი და კიდევ ერთხელ მოგვევლინოს არამხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონის სავაჭრო ცენტრად.

 

გორის ისტორიული და ეთნოგრაფიული მუზეუმი

 

„სერგი მაკალათიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი“ 1935 წელს დაარსდა. გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი იბარებს, ინახავს და იცავს როგორც გორის რაიონის, ასევე შიდა ქართლისა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აღმოჩენილ კულტურული მემკვიდრეობის მოძრავ ობიექტებსა და ძეგლებს. ამჟამად მუზეუმში დაცულია 48,100-ზე მეტი ექსპონატი. აქაა ლითონწარმოების, კედლის მხატვრობის, მცირე ფორმის ქანდაკების, ჰერალდიკისა და სახალხო სანახაობის ამსახველი მასალები. მუზეუმი აგროვებს, აღრიცხავს, სწავლობს, პოპულარიზაციას უწევს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ და მოძრავ ობიექტებს და ძეგლებს. აქ ტარდება თემატური მუდმივმოქმედი და დროებითი გამოფენები, კონფერენციები, სამეცნიერო სესიები, ტრენინგები, პრეზენტაციები. მუზეუმის ყოველდღიური ცხოვრება დატვირთულია სამეცნიერო-კვლევითი, კულტურულ-საგანმანათლებლო, შემეცნებითი და საგამომცემლო საქმიანობებით. მისამართი: კირიონ II-ის ქუჩა 12

ომის მუზეუმი

გორიდან მანქანით ნახევარი საათის სავალ მანძილზე, სოფელ ერგნეთში, მდებარეობს 2008 წლის ომის მუზეუმი. ერგნეთელმა ლია ჩლაჩიძემ მუზეუმი საკუთარი სახლის სარდაფში გახსნა. მისი სახლი ერთ-ერთია იმათგან, რომელიც 2008 წელს საოკუპაციო ძალებმა ერგნეთში გადაწვეს. ფერფლითა და ნაცრით ამოვსებულ სარდაფშია ნაპოვნი პირველი ექსპონატები, გამურული და ალაგ ჩამოშლილი რიყის ქვის კედელი კი საკუთრივ ექსპონატია. აქ დღემდე თვალსაჩინოა ომის კვალი. მუზეუმის დამაარსებლისა და აქაურობის მასპინძლის თქმით, ეს არაა „ომისა და აგრესიის მუზეუმი“, მისი სურვილია, მუზეუმი იქცეს სივრცედ, სადაც მშვიდობაზე ისაუბრებენ. აქ ინახება ფოტოები, რომლებიც ლია ჩლაჩიძეს მეგობრებმა ცხინვალიდან გამოუგზავნეს. ფოტოებზე აღბეჭდილია, თუ როგორ გროვდება რუსული სამხედრო ტექნიკა და სამხედრო ძალა 5 და 6 აგვისტოს როკის გვირაბთან. ლია ჩლაჩიძეს თქმით, ამგვარი მუზეუმის არსებობა აუცილებელია ეროვნული მეხსიერების დასაცავად, რადგან იგი წარმოადგენს ერის იდენტობას, ისტორიას.

1920 წლის გორის მიწისძვრა

1920 წლის 20 თებერვალს გორი ძლიერმა მიწისძვრამ შეაზანზარა. ქალაქის თითქმის ნახევარი ნანგრევებად იქცა. მიწისძვრის შედეგად განადგურდა 756 შენობა. მცირე დაზიანებებით მხოლოდ 16 შენობა გადარჩა. თითქმის სრულიად განადგურდა: ატენი, გორიჯვარი, სკრა, ხოვლე, სასირეთი, დოესი და სხვა სოფლები. სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო მაზრის 75-მა სოფელმა. კატასტროფას ადამიანების სიცოცხლეც შეეწირა (სხვადასხვა წყაროში სხვადასხვა რაოდენობა სახელდება. დაღუპულთა რაოდენობა ასს აჭარბებდა). საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ამ დროს ორიოდე წლისა იყო. გასაჭირმა მთავრობა და საზოგადოება შეაკავშირა, მთელი ქვეყანა გაერთიანდა თანადგომისა და დახმარებისთვის. გამოიყო პირველადი 20-მილიონიანი კრედიტი, თუმცა დახმარების პაკეტის საერთო ღირებულება 60-80 მილიონ მანეთამდე ადიოდა. უსახლკაროდ დარჩენილთათვის მთავრობამ ბინები იქირავა ბორჯომში, ხაშურსა და სურამში. სურამში მომზადდა ბინები 5 ათასი კაცისთვის. გარდა სახელმწიფო აპარატებისა, კატასტროფამ საზოგადოებაშიც გააჩინა სოლიდარობის ინიციატივები: შეუჩერებლად ტარდებოდა საქველმოქმედო აქციები, კონკურსები, მოხალისეობრივი ინიციატივები გორის დასახმარებლად. მოსახლეობას გაეგზავნა: საკვები, პირველადი საჭიროების ნივთები, 10 ათასი კარავი, შეშა. შეიქმნა საველე ჰოსპიტლები დაზარალებულთათვის პირველადი დახმარების აღმოსაჩენად. რკინიგზაზე განუწყვეტლივ მოძრაობდნენ სამგზავრო, საბარგო და სანიტარიული მატარებლები. სანიტარიული მატარებლით დაშავებულები გადაჰყავდათ თბილისში. აქტიური იყო საერთაშორისო მხარდაჭერაც. ქალაქში დახმარება ჩამოიტანეს წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა. იტალიის სამოქალაქო მისიამ გამოგზავნა 500 კაცზე გათვლილი საველე ამბულატორია და ექიმთა ჯგუფი. სომეხთა ეროვნულმა საბჭომ 50 000 მანეთი გამოყო და დამატებით დაზარალებულებისთვის საავადმყოფოში 20 საწოლი უზრუნველყო. ამერიკელთა აღმოსავლეთის დამხმარე კომიტეტმა კი სამი ვაგონი ტანსაცმელი გამოგზავნა გორელებისთვის. 1920 წლის მიწისძვრამ გორის ისტორიაში დატოვა როგორც ადამიანური ტრაგედიების, ასევე საზოგადოებრივი თანადგომის დიდი და მნიშვნელოვანი კვალი.

 

 

ვაჟა-ფშაველა და გორი

გორს ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიაში გამორჩეული ადგილი აქვს. გორის სამასწავლებლო სემინარიაში ვაჟა-ფშაველა 18 წლის ასაკში ჩაირიცხა. ამ პერიოდში სემინარია ის ერთ-ერთ იშვიათი სასწავლებელი იყო, სადაც იმპერიული იდეოლოგიზაცია და პროპაგანდა შედარებით შესუსტებული იყო. მოაზროვნე და თავისუფლებისმოყვარე ახალგაზრდებს გორის სასწავლებელში პიროვნული განვითარების, ინტელექტუალური წვრთნის, ჰუმანისტური იდეების ჩამოყალიბების პირობები ჰქონდათ. ვაჟას ხშირად ხედავდნენ ხალხოსნების წრეებში, სადაც დაუახლოვდა მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ ინიციატორს, მიშო ყიფიანს. არაერთი ამბავია შემორჩენილი როგორც მისი ფიცხი ხასიათისა და ხელჩართული ჩხუბების, ასევე დაუღალავი მოხალისეობის შესახებ გორის მიმდებარე სოფლების დასახმარებლად. თავისუფალ დროს ის ხშირად კითხულობდა სემინარიის კაკლის ხის ძირში. საკითხავი მრავალფეროვანი ჰქონდა: პლატონი, ჰერაკლიტე, ბეკონი, კანტი, ბორელი, სპენსერი, გოეთე, ჰომეროსი, ვერგილიუსი, დანტე, შექსპირი, ბაირონი და სხვები. ვაჟას ინტერესები ყველა სფეროს სწვდებოდა. ის ინტერესდებოდა ძველი ქართული ლიტერატურითაც, ასტრონომითა და ფილოსოფიითაც. მისი თვალსაწიერი ფართო იყო, შემეცნების სურვილი კი შეუზღუდავი. ვაჟას სხვა მნიშვნელოვანი კავშირიც ჰქონდა გორთან – ოჯახი. სოფელ ხელთუბანში სახლობდა ვაჟას ძმა – თედო რაზიკაშვილი. თედო არამხოლოდ სამწერლო საქმიანობას ეწეოდა, არამედ ზეპირსიტყვიერების ნიმუშებსაც აგროვებდა. მან 3000-ზე მეტი ლექსი და 200-მდე ზღაპარი შეაგროვა და შემოინახა, შეადგინა ხალხური სიტყვიერების ლექსიკონი. მოგვიანებით ვაჟამ შვილი – ლევანი სწორედ გორში გამოაგზავნა ძმის, თედოს იმედად. (1923 წელს ლევან რაზიკაშვილი საბჭოთა ხელისუფლებამ დახვრიტა ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმისთვის დახმარების ბრალდებით. ალექსანდრე აბაშელმა, შალვა დადიანმა და პავლე ინგოროყვამ სერგო ორჯონიკიძეს ვაჟა-ფშაველას შვილის შეწყალება სთხოვეს. გადმოცემის თანახმად, ორჯონიკიძემ უპასუხა: „ვაჟას შვილი კი არა, თვით ვაჟა რომ იყოს ცოცხალი, იმასაც დავხვრეტდი“. დღეს ლევანის საფლავის ადგილმდებარეობა უცნობია, მისი გამოსახულება მამასთან ერთად გადაღებული ფოტოებიდანაც ამოშლილია). გორში ახლა ვაჟას 20-მდე შთამომავალი ცხოვრობს. ამბები, ცნობები, ისტორიები, რასაც ისინი ინახავენ, მთელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. ესაა მეხსიერება, რომლის განადგურებაც საბჭოთა რეპრესიებმა მაინც ვერ მოახერხა.

 

 

ისტორიული და დემოკრატიული პროცესები გორში

მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიის ცენტრში აღმოცენებულმა „ნაროდნიკულმა“ მოძრაობამ საქართველომდე მოაღწია და ფეხი გორში მოიკიდა. მოძრაობა 1870-იან წლებში იწყება, თუმცა მალევე, 1876 წელს, ხალხოსანთა წრე გამჟღავნდა და ლიდერების უმეტესობა დააპატიმრეს. დაპატიმრებას გადარჩენილებმა დააფუძნეს „ქართული ისტორიისა და ლიტერატურის შესწავლის საზოგადოება“, რომლის წევრები სკოლებში არალეგალურად ავრცელებდნენ ხალხოსნურ იდეებსა და აკრძალულ ლიტერატურას. საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნასთან ერთად მთელ საქართველოში, მათ შორის, გორში ძლიერდებოდა ადგილობრივი თვითმმართველობები. მოქალაქეები აქტიურად მონაწილეობდნენ არჩევნებსა და საზოგადოებრივი საკითხების განხილვაში. გორის საქალაქო არჩევნებში მონაწილე პარტიები საკუთარ საარჩევნო სიებს ადგილობრივი პრესის მეშვეობით ავრცელებდნენ. 1917-1921 წლების განმავლობაში გორში ჩატარდა 2 საქალაქო, საერობო და საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები. ვითარება ტოტალიტარული რეჟიმის დამყარების შემდეგ, რასაკვირველია, შეიცვალა. მოქალაქეთა გარკვეულ ჯგუფებს ფიქციურ არჩევნებში მონაწილეობაც კი ეკრძალებოდათ. მათ „ხმის უფლება ჩამორთმეულად“, იგივე „შავსიელად“ აცხადებდნენ. არქივები არაერთ ისეთ წერილს ინახავს, რომლებშიც ქალაქის მცხოვრებნი ადმინისტრაციას მიმართავენ, რათა შეცდომით ან უსამართლოდ ჩამორთმეული ხმის მიცემის უფლება აღუდგინონ. ტოტალიტარიზმის პირობებშიც, ათწლეულების განმავლობაში, ქალაქ გორსა და მაზრაში ხალხოსნური, ქალთა თუ საარჩევნო უფლებრივი საკითხები მაინც აქტიურად განიხილებოდა. ეს ადასტურებს, რომ იმპერიის მძიმე უღელშიც კი შესაძლებელია მონდომებულ მოქალაქეთა დემოკრატიული მოქმედებები უყურადღებოდ და უშედეგოდ არ დარჩეს. მისამართი: სამეფოს ქუჩა 49

 

საბჭოთა რეპრესიები გორიდან

სიაში ქალაქ გორში და გორის რაიონში დაბადებული ადამიანების მონაცემებია. ისინი 1930-იან წლებში საბჭოთა რეჟიმის სისასტიკეს ემსხვერპლნენ. მასობრივმა რეპრესიებმა პიკს 1937-1938 წლებში მიაღწია. „დიდი წმენდა“, „დიდი ტერორი“ - ასე მოიხსენებენ დღეს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის, ქვეყნის ერთპიროვნული მმართველის, იოსებ სტალინის კამპანიას ძალაუფლების გასამყარებლად. ეს იყო მასშტაბური პროცესი, რომელიც მიზნად ისახავდა: პოლიტიკური ოპონენტების განადგურებას, წინააღმდეგობის ნებისმიერი გამოვლინების ჩახშობასა და საზოგადოების ერთპარტიული სისტემისთვის დამორჩილებას, კერძო საკუთრების მასობრივ ჩამორთმევასა და გლეხების „კოლექტივიზაციას“, მდიდარი გლეხების „გაკულაკებას“, ეროვნული დამოუკიდებლობისა და სხვა ყოველგვარი თავისუფლების გამოვლინების დათრგუნვას, „საბჭოთა ადამიანის“ ჩამოყალიბებას. „დიდ ტერორს“ საქართველოში 30,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მათგან თითქმის ნახევარი დახვრიტეს, მეორე ნახევარი კი გაუსაძლის პირობებში ციმბირისა და ცენტრალური აზიის გზას გაუყენეს. 3,600-ზე მეტი სტალინის უშუალო ბრძანებით გასამართლდა, მათგან 3,100-მდე ადამიანს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა და პირადი ქონების ჩამორთმევა. ნახე აქ - სტალინური სიები

პროექტის შესახებ

გორი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, გამორჩეული ქალაქია, თუმცა მის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. 1920-ის მიწისძვრის მასშტაბი... გორი - ვაჟა-ფშაველას ცხოვრებაში... ქალაქის დემოკრატიული და კულტურული ტრადიციები... უამრავი სხვა ცნობა, ამბავი, ფაქტი ელის გამომზეურებას. პროექტის მიზანია მივიწყებული ისტორიის აღდგენა ჩვენს მეხსიერებაში, ადგილობრივი მოსახლეობისა და სტუმრებისთვის ქალაქის/რეგიონის ახლებურად გაცნობა, გამორჩეული ისტორიული მომენტებისა და პირების „გაცოცხლება“, ქალაქისა და რეგიონის მდიდარი, უნიკალური ისტორიული და თანამედროვე მახასიათებლების მოძიება, აღწერა და ფართო საზოგადოებისთვის გადაცემა. პროექტის ფარგლებში საზოგადოება აქამდე უცნობი ადამიანების ისტორიებს, ტრავმისა და ტრიუმფის მეხსიერების ადგილებსა და მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტებს გაეცნობა; პროექტის კვლევითი და სხვა აქტივობების შედეგად შეიქმნა „იდენტობის რუკა“ - ამ უნიკალური ისტორიის ერთგვარი ვიზუალური რეპრეზენტაცია, რაც საშუალებას გვაძლევს, თავიდან „აღმოვაჩინოთ“ შიდა ქართლის რეგიონის მნიშვნელოვანი ნაწილი, მისი ისტორია. „იდენტობის რუკის“ კვალდაკვალ ქალაქში შეამჩნევთ ინფორმაციულ ბანერებსა და QR კოდებს, მათი მეშვეობით შეგიძლიათ ესტუმროთ ვებგვერდს, გაეცნოთ ვრცელ ინფორმაციას ან თავად შემოგვთავაზოთ თქვენთვის ცნობილი საინტერესო და უნიკალური ისტორიები ქალაქისა და მისი მცხოვრებლების შესახებ. ისტორიული და თანამედროვე მოვლენები, ფოტომასალა, საარქივო დოკუმენტები და ვიდეოები გორის ისტორიის, კულტურისა და ყოველდღიურობის შესახებ — ეს ყველაფერი და სხვა უამრავი რამ ელის მკითხველს, მკვლევარს, სტუმარს, ადგილობრივს. ყველას, ვისაც ახლის „კვლევა და ჩხრეკა“ სწადია. დააჭირეთ რუკაზე შესაბამისი ლოკაციის პინს ან აირჩიეთ ჩამონათვალიდან.

 

პარტნიორები

IDFI-ის პარტნიორები პროექტში არიან „გორის ფოტოგრაფთა კლუბისა“ და „გორის საინფორმაციო ცენტრის“ წარმომადგენლები. პროექტი ხორციელდება კრეატიულ სააგენტო „ლივინგსტონსა“ და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიასთან“(Sovlab) თანამშრომლობით. პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით გორში მცხოვრებ ახალგაზრდებს.

წყარო: https://gorimaps.ge

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати