USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
«Tages Anzeiger» (გერმანია): „თბილისური არეულობები: აშორებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ევროპისაგან?“
თარიღი:  567

შვეიცარიის გერმანულენოვან ყოველდღიურ გაზეთ „ტაგეს ანცაიგერში“ (Tages Anzeiger) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „თბილისური არეულობები: აშორებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ევროპისაგან?“ (ავტორი - ფრენკ ნინჰეისენი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

„იგი მაღალ გორაკზე ცხოვრობს, რომელიც თბილისს ზემოდან გადმოჰყურებს. მისი სახლი აგებულია მინისა და ფოლადისაგან. მას შეუძლია პირდაპირ უყუროს თბილისის ძველ უბნებს და სამების ტაძარს, რომელიც თვითონვე ააშენა. აქ, მის სახლში არის [ბრიტანელი მხატვრისა და მოქანდაკის] ჰენრი მურის მიერ შექმნილი სკულპტურების ასლები, ვერტმფრენის დასაშვები მოედანი და ბოტანიკური ბაღი. რეზიდენციაში ასევე აქვს ზოოპარკი ეგზოტიკური ცხოველებით.   

ბიძინა ივანიშვილი, მილიარდერი, საქართველოს უმდიდრესი ადამიანი, იმერეთის ერთ სოფელში დაიბადა და ბავშვობაში ფეხშიშველი დარბოდა. იგი ოდესღაც ღარიბი ადამიანი იყო, დღეს კი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ქვეყნის უმდიდრესი მოქალაქეა. მასზე ბოლო დროს ძალიან ბევრს ლაპარაკობენ, მას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მღელვარების მონაწილედ თვლიან და უფრო მეტიც - მთავარ პასუხისმგებელ პირად.

საით მიჰყავს ბიძინა ივანიშვილს თავისი ქვეყანა?

ბევრი მიიჩნევს, რომ სწორედ იგი, 68 წლის ადამიანი, არის წინააღმდეგობრივი კანონის - „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ - მთავარი მამოძრავებელი ძალა. ბიძინა ივანიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრია, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დამაარსებელი და მისი საპატიო თავმჯდომარე, რომელიც მოვლენებს და პროცესებს ფარულად, კულისებიდან მართავს.

ოთხშაბათს აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო, საბოლოო, მესამე მოსმენა კი მომავალი ორი კვირის განმავლობაშია მოსალოდნელი. ათეულ ათასობით ადამიანი აპროტესტებს ამ საკანონმდებლო აქტს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტიც, რომელიც მას „რუსულ კანონს“ უწოდებს. ისინი შიშობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია კანონს სამოქალაქო საზოგადოებისადმი კონტროლისათვის გამოიყენებს, მისი მეშვეობით საქართველოს ევროპისაგან დააშორებს.

ბიძინა ივანიშვილი ხალხის წინაშე იშვიათად გამოდის, თუმცა მან ორშაბათს ტრადიცია დაარღვია და მიტინგზე სიტყვით გამოვიდა. სავარაუდოდ, მას არ სურდა მსგავსი ნაბიჯი გადაედგა, მაგრამ პროტესტებმა აიძულა.

ყოფილი პრემიერი და პარტიის დამაარსებელი შეკრებილ ხალხს დაპირდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი 2030 წლისათვის გახდება. მაგრამ იგი „ლგბტ-პროპაგანდისა“ და რაღაც გაურკვეველი გლობალური ომის პარტიის“ წინააღმდეგაც გამოვიდა, რომელსაც თურმე ევროკავშირში, ევროპარლამენტში და ნატოში ძლიერი გავლენა აქვს.

ევროპაში ბიძინა ივანიშვილის მოქმედების ნამდვილი მიზანი გაუგებარია. ერთი მხრივ, ბრიუსელში დადებითად უყურებენ იმას, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, მაგრამ მეორე მხრივ, როცა მმართველი პარტია ხელკეტებისა და ცრემლმდენი გაზის გამოყენებით მაინც ცდილობს იმ კანონის საბოლოო მიღებას, რომლის თაობაზეც გერმანიის კანცლერმა ნეგატიური დამოკიდებულება გამოხატა, ევროპელებში საშინელ განწყობას იწვევს - ზოგიერთი პოლიტიკოსი, მაგალითად, ვიოლა ფონ კრამონი, ევროკომისიას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას თხოვს.

იყო დრო, როცა ბიზნესმენი ქველმოქმედებას ეწეოდა

ცამეტი წლის წინათ, როცა ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა და პარტია „ქართული ოცნება“ შექმნა, მან თქვა, რომ პოლიტიკით არასოდეს დაინტერესებული არ ყოფილა და რომ იგი პოლიტიკური მოვლენების არსში ღრმად ჩაწვდომას არ ცდილობდა. იმ პერიოდში ბიძინა ივანიშვილს საკუთარი თავი უფრო სიკეთის მკეთებლად, ქველმოქმედად მიაჩნდა - აშენებდა ეკლესიებს და სკოლებს, თეატრებს, ფორმებისა და აღჭურვილობის შეძენაში ეხმარებოდა პოლიციას... შემდეგ კი მან პოლიტიკური ხელისუფლებაც მოისურვა: 2012 წელს მისმა პარტიამ არჩევნებში გაიმარჯვა და ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა. ერთი წლის შემდეგ გადადგა, მაგრამ პარტიის ლიდერობა შეინარჩუნა, საბოლოოდ კი ლიდერობაზეც უარი თქვა... თუმცა თანამდებობით თუ თანამდებობის გარეშე, მილიარდერი რეალურად დღემდე მაინც  ხელისუფლებაში რჩება.

ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე აცხადებდა, რომ იგი ქვეყანას რუსეთს დაუახლოვებს, რადგან მან თავისი ქონება რუსეთში დააგროვა და მხარს უჭერს მოსკოვთან ურთიერთობასო. მართლაც ასე მოხდა. რუსთმა გააუქმა ბოიკოტი ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტზე, განაახლა პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსთან... და ახლა კიდევ ეს კანონპროექტიც, რომელიც, როგორც ამბობენ, გადმოტანილია რუსული კანონიდან „აგენტების შესახებ“. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მიტინგზე ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო გაერთიანდება და ევროკავშირის წევრი გახდებაო, მაგრამ მისი უკვე ბევრს აღარ სჯერა - მეორე დღეს ქუჩები მისი მოწინააღმდეგეებით გაივსო.

წყარო: https://www.tagesanzeiger.ch/unruhen-in-georgien-fuehrung-er-georgien-weg-von-europa-950452536844

 

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის