USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Тбилиси
აფრიანი ხომალდები ქართული დროშებით სვეტიცხოვლის ფრესკაზე
дата:  2325

მანანა გაბაშვილი (დ. 23 თებერვალი, 1945 , თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი, პოლიტიკოსი.

1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი და ასპირანტურა 1971 წელს.

1972-1990 წლებში ეწეოდა საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი, ამავე ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერ მუშაკთა და ასპირანტთა საბჭოს თავმჯდომარე, ახალგაზრდა აღმოსავლეთმცოდნეთა სამეცნიერო ჟურნალის „ჯევან მარდის“ რედაქტორი. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“, საქართველოს ეროვნულ-ლიბერალური კავშირი, საგარეო ურთიერთობათა კომისიის წევრი, აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობის ქვეკომისიის თავმჯდომარე. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი.

აფრიანი ხომალდები ქართული დროშებით სვეტიცხოვლის ფრესკაზე

 

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი საქართველოს საეკლესიო და საერო ისტორიის დიდი მატეანეა, რომლის ფრესკებზეც სხვადასხვა დრო და ეპოქა, შიდა და საერთაშორისო საკითხები, ქვეყნის დიდებისა თუ ძნელბედობის ხანა მხატვრული ხერხებითაა გამოხატული და წარწერებით დადასტურებული. საზოგადოდ ფრესკებს, როგორც საისტორიო წყაროსა და ამა თუ იმ პრობლემების პროპაგანდის საშუალებას, მათ შორის საყოფაცხოვრებო კუთხითაც (ტანსაცმელი, სამკაული, ავეჯი და სხვ.,), თავის დროზე ვახუშტი ბაგრატიონმა მიაქცია ყურადღება და გამოიყენა კიდევაც თავის სამეცნიერო შემოქმედებაში. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, დაფარული თუ ღია ინფორმაციის შემცველია სვეტიცხოვლის ტაძრის სამხრეთი კედლის საზღვაო თემატიკის ამსახველი ფრესკა მასზე გამოსახული აფრიანი ხომალდებით.

ბუნებრივია იბადება კითხვა, რაც ახსნას ითხოვს. კერძოდ რა განაპირობებს საქართველოს მთავარ საკათედრო ტაძარში საზღვაო თემატიკის გაჩენას, რაც ამ გზითაც მის პოპულარიზაციას ხელს უწყობს. ცხადია აღნიშნული კონკრეტული საკითხის შესწავლა ფრესკის მთლიან კონტექსტში უნდა მოხდეს. ასევე ეპოქის ჭრილში და ტაძრის მოხატულობათა საერთო ატმოსფეროს გათვალისწინებით.

მხედველობაშია მისაღები საზღვარგარეთის სავანეებთან მჭიდრო კავშირებიც, კერძოდ, მკვლევართა აზრით, ათონის წმინდა მთასთან, მის იკონოგრაფიულ სახეხატებთან, აგრთვე ტაო-კლარჯეთის ეკლესიების X საუკუნის მიწურულისა და XI საუკუნის გარკვეული ხასიათისა და ტიპის მოხატულობებთან. XVII საუკუნის II ნახევრიდან კი ანტიოქიის საპატრიარქოსა და არაბულენოვან მართლმადიდებელ ქრისტიანულ სამყაროსთან, რომელსაც ,,მელქიტურსაც” უწოდებენ.

ამდენად, სვეტიცხოვლის ისტორია, მისთვის ნიშანდობლივი დიდი მასშტაბით, ურთულეს რეგიონში მდებარე აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზასაყარზე მდებარე ქვეყნის ისტორიაცაა, მრავალმხრივი და, შეიძლება ითქვას, ამოუწურავიც, რომელიც ყოველთვის მიიპყრობს სხვადასხვა დარგის მკვლევართა [[[[[ყურადღებას]]]]]] (რელიგიის სპეციალისტების, ეთნოგრაფების, ფოლკლორისტების, ისტორიკოსების…), მით უმეტეს მეცნიერების განვითარების ყოველ ახალ ეტაპზე. იგივე უნდა ითქვას სვეტიცხოვლის საზღვაო თემატიკის ამსახველ ფრესკაზეც, რომელიც მრავალპლანიანობითა და უჩვეულობით რიგითი დამთვალიერებლების ინტერესსაც იწვევს.

სვეტიცხოვლის XI საუკუნის ფრესკებიდან, მას შემდეგ რაც მელქისედეკ კათალიკოსმა ტაძრის რესტავრაციას მოჰკიდა ხელი, ცოტა რამ, ისიც მცირე ფრაგმენტების სახით შემორჩა. ამ ტაძრის დღემდე მოღწეული სხვადასხვა ხასიათისა და შინაარსის მქონე კედლის მხატვრობა ძირითადად XVII საუკუნეს ეკუთვნის, ისევე როგორც ზემოთ აღნიშნული საზღვაო თემატიკის ამსახველი ფრესკა.

ტაძრის მოხატულობებით XIX საუკუნის 40-იანი წლებიდან მოყოლებული სიძველეთმცოდნენი და მოგზაურები დაინტერესდნენ. დაახოლოებით ამავე პერიოდიდან და შემდგომ მათ შეთეთრება-,,რესტავრაციას” ეგზარქოსებმა (1837-1844, 1880წწ.) მიჰყვეს ხელი, რასაც არაერთი მოხატულობა, მათ შორის ვახტანგ გორგასლის პორტრეტი შეეწირა.

მოგვიანებით სვეტიცხოვლის ფრესკების კვლევაში მეცნიერები და სპეციალისტები ჩაერთნენ. ამ მხრივ უმნიშვნელოვანეს ეტაპად განიხილავენ 1922 წელს. (237.) ეს ის პერიოდია, როდესაც კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ექსპედიციის მონაწილეები _ ხელოვნების ისტორიკოსი დ.გორდეევი, პროფ. გ.წერეთელი, მხატვარი აკადემიკოსი ე. ლანსერე და სტუდენტი შ.ამირანაშვილი, ვის სახელსაც დღეს ხელოვნების მუზეუმი ატარებს, შესაბამისი ანგარიშით წარდგნენ ფართო საზოგადოების წინაშე, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. თუმცა მათ კვლევა ბოლომდე არ მიუყვანიათ, მაგრამ გაკეთდა მნიშვნელოვანი აქცენტები, რის საფუძველზეც ამ მიმართულებით მუშაობა დღემდე გრძელდება.

2010 წელს სვეტიცხოვლის საიუბილეო თარიღის აღნიშვნისას გამოქვეყნდა ტაძრის საიუბილეო მემორიალური კრებული ,,სვეტიცხოველი”, რომელშიც სათაურით ,,სვეტიცხოვლის მოხატულობანი” ხელოვნებათმცოდნე ნინო ჩიხლაძემ საქართველოს მთავარი საკათედრო ტაძრის კვლევის ისტორია წარმოაჩინა და მისი ფრესკები ხელოვნებათმცოდნეობითი და რელიგიური თვალსაზრისით განიხილა. ამ კუთხით მან სვეტიცხოვლის საზღვაო თემატიკის ამსახველი ფრესკაც განიხილა და მასთან დაკავშირებული ცეკვის სცენა. რაც შეეხება ისტორიკოსებს, შეიძლება ითქვას, რომ ის მათი ინტერესის სფეროში არ მოხვედრილა. თუმცა მასში წარსულის დიდი და არაერთი დაფარული ინფორმაციაა ჩადებული საზღვაო ისტორიის ჩათვლით. ეს კი საქართველოს წარსულისა და საზღვაო ინტერესებთან დაკავშირებული არაერთი საკითხის ახლებური გაშუქების საშუალებას იძლევა.

თავისთავად მრავლისმეტყველია, რომ სვეტიცხოვლის რესტავრაცია მელქისედექის მიერ (XIს.) მალევე ხორციელდება საქართველოსთვის ისეთ უმნიშვნელოვანეს დროს, როგორიცაა ფეოდალური საქართველოს გაერთიანების (Xს.) ისტორიული პროცესი. ამ დროს საფუძველი ეყრება (რაშიც დიდია დავით კურაპალატის როლი), ქართული სახელმწიფოს სხავადასხვა პროგრამას, რომელიც დროთა მანძილზე და მომდევნო საუკუნეებში მეტნაკლები წარმატებით მუშაობს. X საუკუნეზე ყურადღებას ვამახვილებთ იმის გამოც, რომ ამ საუკუნეშივე ყალიბდება შავი ზღვისადმი პროგრამული მიდგომა და ინტერესები, რისთვისაც ქართულ ისტორიოგრაფიას ყურადღება არ მიუქცევია. რაც ასევე მნიშვნელოვანია ამავე ეპოქაში და მასთან ახლოს მდგომ ხანაში ჩნდება საქართველოსა და ქართულ სამყაროსთან დაკავშირებული სახელები. სწორედ X საუკუნეში, სპარსელ ანონიმ ავტორთან, შავი ზღვის აღსანიშნავად (არაერთ, არამედ რამდენიმე ადგილას) ჩნდება ,,ქართველთა ზღვა,” თანაც სპარსელებში, ვინც ერთ-ერთ წამყვან როლს რომ ასრულებდა საერთაშორისო საზღვაო ცხოვრებაში. აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ საერთაშორისო დონეზე ქართველების შავი ზღვისადმი დამოკიდებულების ერთგვარ რეზონანსზე მიგვანიშნებს. ისიც აღსანიშნავია, რომ ანონიმი ავტორის ,,ჰუდუდ ალ-ალამში” (,,ქვეყნიერების საზღვრები”) ,,ქართველთა ზღვა” ,,ბიზანტიის ზღვის” პარალელურად გვხვდება, რაც ამ კუთხითაც საქართველოს, ასევე საერთაშორისო დონეზე აღქმულ ბიზანტიასთან მეტოქეობის კიდევ ერთი დასტურია.

უმნიშვნელოვანესია აგრეთვე, რომ ,,ქართველთა ზღვა” საქართველოს შავი ზღვის ისტორიის კვლევის ერთგვარ გასაღებადაც მიგვაჩნია, ერთ-ერთ არგუმენტად, რაც ქართველთა შავი ზღვისადმი გაუცხოებას აბათილებს, რომლის პროპაგანდასაც სახელმწიფოებრიობის დაკარგვის შემდეგ მუდმივად ჰქონდა ადგილი. როგორც ამას ქვემოთ ვუჩვენებთ იგივე რიგშო უნდა ჩავაყენოთ სვეტიცხოვლის ფრესკაც.

ნიშანდობლივია აგრეთვე, რომ ქართულ წყაროებში (ლეონტი მროველი, ჯუანშერი, ვახუშტი) დადასტურებული შავი ზღვის სამხრეთი ნაწილის წმინდა ქართული სახელწოდება ,,სპერის ზღვა” მომდინარეობს იმ რეგიონიდან, საიდანაც წარმოშობით იყვნენ ბაგრატიონები, ვის პოლიტიკაშიც ზღვასა და ზღვაოსნობასთან დაკავშირებული ინტერესები ყოველთვის ცოცხლობდა. თანაც ,,სპერი” და ..სასპერი” იგივე იბერი და იბერიელია. ეს იმას ნიშნავს, რომ შავი ზღვის ქართული სახელწოდება ,,სპერის ზღვა” ეხმაურება სპარსულ ,,ქართველთა ზღვას” (,,დარიაიე გურჯ”). ასეთი მიდგომა მნიშვნელოვანია, ვინაიდან X საუკუნეში დასახული საზღვაო პროგრამა, როგორც ამას ქვემოთ ვუჩვენებთ, XVII საუკუნეშიც ჰპოვებს ასახვას, მაშინაც როდესაც სვეტიცხოვლის საზღვაო შინაარსის ფრესკა იქმნება. როგორც ამას ქვემოთ ვუჩვენებთ, ამავე პერიოდში (XVIIს.) ჩნდება ,,მეგრელთა ზღვა” და ,,დავითის ზღვა.”

XX საუკუნის 20-იან წლებში გ.წერეთელმა მასზე ბერძნული წარწერების ამოკითხვისას დაადგინა, რომ საზღვაო თემატიკის სამხრეთის კედლის დიდი კომპოზიცია 148-150-ე ფსალმუნთა ილუსტრაციაა. გერმანელი მეცნიერის გ.პ.შიმენცის აზრით, 103 ფსალმუნთანაც გვაქვს საქმე, რომელშიც ზღვის სტიქიაზეცაა საუბარი.

მხატვრული გადაწყვეტის თვალსაზრისით აღნიშნული კომპოზიცია ასე გამოიყურება. მისი ზედა ნაწილი 108 ფსალმუნის სტროფებს ასახავს (,,ყოველი სული აქებდეთ უფალსა”) მასზე უფლისადმი აღვლენილ ქებას უერთდებიან ვეშაპები, ,,დიდი ზღვის ქმნილებანი”, ,,გოლიათი თევზები.” კომპოზიციის მარჯვენა ნაწილში ფანტასტიკური ცხოველები და ორი სტიქიის გამაერთიანებელი გარემოა გამოხატული. ადიდებული ტალღებიდან გველეშაპებს უფლის მაქებარი ხახადაღებული თავები აქვთ ამოყოფილი, ზედაპირზე კი წითელი ყვავილებია და მათ შორის მოსრიალე შვიდთავიანი წითელფრთიანი გველეშაპი, აგრეთვე წითელ-ყვითელი დრაკონები, ადამიანისა და დრაკონის თავებიანი გიგანტური გველები.

კომპოზიციის ქვედა ნაწილში რომელიც შემოსაზღვრულია დაკბილული ზოლით და ზედა კომპოზიციის საზღვაო თემატიკას აგრძელებს, გამოსახულნი არიან სხვადასხვა ტიპის წყლის ცხოველები და თევზები, მითოლოგიური სირინოზები, ქალთევზები, ზღვის ქარის პერსონიფიკაციები, აპოკალიფსური ფანტასტიკური ცხოველი ქალის შვიდი თავით, ავაზა დაწინწკლული სხეულით. სწორედ ამ ფონზე, დინამიკაში, მოლურჯო-მონაცრისფრო ტალღებზეა ნაჩვენები ჩვენი კვლევისთვის საინტერესო აფრიანი ხომალდები ოქროსფერ ჯვრიანი მეწამული ფერის დროშებით. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ოთხივე კუთხეში გამოსახული ზღვის ქარის პერსონიფიკაციები.

როგორც ვხედავთ, აღნიშნული ფრესკა ძალზედ რთულია თავისი სიმბოლოებით, რეალური თუ არარეალური სამყაროთი, რაც ითხოვს, როგორც ეს ზემოთ ითქვა, სხვადასხვა დარგის მკვლევართა ყურადღებას _ მით უმეტეს, რომ საქმე გვაქვს უნიკალურ ფრესკასთან, როგორც გამომსახველობითი თვალსაზრისით, ისე იმ მხრივაც, რომ სვეტიცხოვლის გარდა საქართველოს სხვა ტაძარში არსად დასტურდება. მკვლევართა აღიარებით მას არც მსოფლიო პრაქტიკაში აქვს ადგილი, სადაც ამ ფსალმუნს (148-150) ზღვის თემატიკის ფონზე არ გამოსახავენ. ამიტომაც სვეტიცხოვლის აღნიშნული ფრესკის დედნის განსაზღვრა უჭირთ, რაც ჩვენი მომავალი კვლევის საგანია. თანაც ზღვის თემატიკის წარმოჩენა ზღვისგან დაშორებულ, საქართველოს მთავარ საკათედრო ტაძარში ასევე არ უნდა იყოს შემთხვევითი და პასუხს ითხოვს. თუმცა როგორც სამეცნიერო ლიტერატურიდანაა ცნობილი, აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებს ანტიკურ პერიოდში და შემდგომაც საზღვაო ქალაქების რიგში განიხილავდნენ, იმ კონტაქტებიდან გამომდინარე, მათ საზღვაო ქვეყნებთან რომ ჰქონდათ.

გ.პ.შიმენცი, რომელიც სვეტიცხოვლის ზემოთ აღწერილ ფრესკას სხვა ქართველ მკვლევართა მსგავსად რელიგიური თვალსაზრისით იკვლევს, მას საგანგებო წერილი მიუძღვნა. ისიც მის უნიკალურობას აღნიშნავს. იგი წერს, რომ წყლის სტიქიასთან დაკავშირებული ამგვარი მრავალფეროვნება და ამ შინაარსიის კომპოზიციაში წყლის სამყაროს ასეთი ფართოდ წარმოჩენას ადამიანის ნახელავი ხომალდებით, მითოლოგიური არსებებით, ზღვის ბინადრებით (მასში აპოკალიფსური მხეცის ჩართვით თითქოს არაფერი რომ არ უნდა ჰქონდეს საერთო წყლის სტიქიასთან) კომპოზიციას გამორჩეულად იშვიათ ხასიათს ანიჭებს, რასაც მეცნიერი მეორედ მოსვლას უკავშრებს.

ცნობილია, რომ ხალხურ რწმენასა და წარმოდგენებში, მითოლოგიაში, უძველეს რელიგიებში ზღვა-წყალი განიხილება სამყაროს საწყის ფორმად. ,,მთელი ქვეყნიერება ზღვა იყო ოდენ” _ ასე ხსნიდნენ შუმერები. ამ მხრივ საინტერესოა ძველი ეგვიპტელების წარმოდგენებიც. ასევეა სხვადასხვა ეპოქისა და ქვეყნების ფილოსოფოსებთანაც. ქართული მითოლოგიის თანახმადაც ყველაფრის დასაბამი ზღვაა, ე.ი. წყალი, რაც აღნიშნულ ფრესკაზეც არის მინიშნებული. ყოველივე ეს ვიზუალური ფორმით ფრესკაზე გამოსახული ეხმაურება რელიგიურ, არქეოლოგიურ, ეთნოგრაფიულსა და ფოლკლორულ მასალებს, იმ ცოდნას, რაც საქართველოში წყალთან, წყლის კულტთან და ზღვის სტიქიასთანაა დაკავშირებული.

ფრესკის ზღვის მრავალფეროვანი თემატიკა ოსტატის მიერ მოძრაობასა და დინამიკაში, ურთიერთკავშირშია გამოსახული, რაც მთლიანობაში ზღვის სტიქიასთან დაკავშირებულ შესაბამის განწყობასა ქმნის, როგორც ეს უკვე ითქვა, უჩვეულოსა და მიმზიდველს.

კიდევ ერთი იშვიათი თავისებურება ახლავს ამ ფრესკას. მის ცენტრში ვარსკვლევები და თანავარსკვლავედი ზოდიაქოს თორმეტი ნიშნის სახითაა წარმოდგენილი, რაც სვეტიცხოვლის გარდა სხვა ქართულ ტაძარში ასევე არსად დასტურდება და უცხოა მართმადიდებლური ეკლესიისთვის. მაგრამ ამჟამად ის ჩვენი კვლევის ინტერესებში არ შედის. მხოლოდ მის ერთ მხარეს აღვნიშნავთ, მასზე დადასტურებული ასტრონომიულ ელემენტებს, რაც საზღვაო ქვეყნებისთვის უმნიშვნელოვანესია.

ამგვარად იბადება კითხვა. რით არის გაპირობებული ზღვის სტიქიის ასე ფართოდ წარმოჩენა, თანაც საქართველოს მთავარ საკათედრო ტაძარში. ცხადია, ეს კითხვა ეხება სვეტიცხოველში აფრიანი ხომალდების გამოხატვასაც.

რასაკვირველია, საეკლესიო ფრესკების მთავარი დანიშნულება, პირველ რიგში, რელიგიური სიუჟეტების წარმოჩენა და ამ გზით მრევლთან სულიერი კონტაქტია. მაგრამ ამ შინაარსის ფრესკები, როგორც წესი, სხვა ხასიათის მასალასა და ინფორმაციასაც შეიცავენ, რაც მათ მრავალპლანიანობაზე მიანიშნებს, რის გამოც არა მარტო სასულიერო, არამედ საერო თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი არიან. უფრო მეტიც: გარკვეულ შემთხვევაში ისტორიასა და პოლიტიკურ პროცესებზეც მიანიშნებენ. ამიტომაც გამორიცხულია მათი მხოლოდ რელიგიური თვალსაზრისით შესწავლა, რაც ამ ფრესკასაც, რომელსაც კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი უჭირავს, დააკნინებდა.

იბადება სხვა კითხვაც. კერძოდ, რატომ არ გახდა აღნიშნული ფრესკა საქართველოს საზღვაო ისტორიის თვალთახედვიდან კვლევის საგანი. თუმცა მას შემდეგ, რაც მხედველობაში მივიღებთ, რომ საქართველოს საზღვაო ინტერესები დიდხანს არ შეისწავლებოდა (და დღესაც ზოგჯერ იგნორირებულია), გასაგებს ხდის, თუ რა უშლიდა ხელს მის კვლევას. რატომ არ სცილდებოდა მეცნიერთა მხრიდან მისი შესწავლა ძირითადად რელიგიურ მიდგომას, ანდა საზღვაო სამყაროს უბრალო აღწერას. თვით ისეთ პოპულარულ და ,,ქართლის ცხოვრებასთან” ერთად ქართველებს შორის ყველაზე საკითხავ წიგნში ,,ვეფხისტყაოსანშიც,” სადაც საზღვაო თემატიკას ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს, ის დიდხანს მხედველობაში არ იყო მიღებული. მაშინაც მას არ იმოწმებდნენ, როდესაც (სახელმწიფოებრიობის დაკარგვის შემდეგ) მიდიოდა პროპაგანდა ქართველების ზღვისადმი გაუცხოების გამო. ამ დროს პოემიდან ჩანს შოთა რუსთაველის ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა ზღვასა და ზღვაოსნობასთან დაკავშირებული საკითხებისა, თანაც მსოფლიო მასშტაბითაც. ჩანს, აგრეთვე, რამდენად შედიოდა ზღვა ქართველების ინტერესთა სფეროში, სადაც, პოემის მიხედვით ფართოდაა გაშუქებული ზღვაზე მოგზაურობა, საზღვაო ვაჭრობა, საზღვაო სახელმწიფო, ნავსადგურები ასევე ჩვენი კვლევისთვის საინტერესო აფრიანი ხომალდები და სხვადასხვა ტიპის საზღვაო ტრანსპორტი (,,კატარღა,” ,,ნავი მეკობრე”).

მრავლისმეტყველია აგრეთვე, რომ პოემაში მხოლოდ ქართული, თანაც საზღვაო ტერმინოლოგიაა დადასტურებული, საიდანაც ჩანს ქართული ზღვაოსნობის მაღალი დონე. საინტერესოა აგრეთვე, რომ მასში მოყვანილმა ქართულმა მეტეოროლოგიურმა ტერმინოლოგიამ დღემდე თითქმის უცვლელად მოაღწია.

როდესაც აღვნიშნავთ, რომ ,,ვეფხისტყაოსანი” თაობებისთვის ყველაზე მეტად საკითხავი წიგნი იყო (,,ქართლის ცხოვრებასთან” ერთად), ეს იმას ნიშნავს, რომ ამ გზითაც, ქართველებს არასდროს გაუწყვეტიათ კავშირი ზღვასთან და ზღვის სამყაროსთან. ამ დროს ამ პრობლემებზე ქართული ისტორიოგრაფია ან დუმდა, ანდა მასში არსებული ხარვეზების გამო მცდარი გზით მიდიოდა (გულანშაროს ლოკალიზაციის ჩათვლით). ამის მიზეზად თუნდაც ის ფაქტი მიგვაჩნია, რომ არ იყო დანახული კავშირი ტრაპიზონის იმპერიის დაარსებასა (1204 წ.) და სპარსეთის ლაშქრობას შორის (1210 წ.), რითაც იკარგებოდა ქართული სახელმწიფოს მიზნები და ამოცანები, თამარის პოლიტიკის რეალური მასშტაბი. ამ დროს ვინც აკონტროლებდა თავრიზ-ტრაპიზონის მაგისტრალს, მის ხელთ იყო მსოფლიო პოლიტიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის სადავეები.

მკვლევართ მხედველობიდან გამორჩათ შემდეგი უმნიშვნელოვანესი ფაქტიც. კერძოდ თამარის მიერ საზღვაო პოლიტიკის ორ ეტაპად დაყოფა. როგორც შესაბამის გამოკვლევებში ვუჩვენეთ, მისი საზღვაო პოლიტიკის პირველ ეტაპს ტრაპიზონის იმპერიის დარსება (1204წ.) წარმოადგენდა, მეორე ეტაპს კი კონსტანტინოპოლისკენ ლაშქრობა (1212წ.), რომლის განხორცილებაც თამარ მეფემ მის მიერ ტახტზე დასმული ბაგრატიონების ახლო ნათესავის, ალექსი კომნენოსის (1204-1222) ძმის, დავით კომნენოსის ხელით დაიწყო. ვინაიდან ამ მასშტაბური პოლიტიკის წარმართვა ახლად დაარსებულ ტრაპიზონის იმპერიას, მხოლოდ მახლობელი აღმოსავლეთის უძლიერესი სახელმწიფოს, საქართველოს მხარდაჭერით შეეძლო. ეს იმ პოლიტიკის ასახვა იყო, რომელსაც საქართველოს გაერთიანებისთანავე ჩაეყარა საფუძველი და შავი ზღვის აღსანიშნავად გაჩნდა ,,ქართველთა ზღვა. ალექსი კომნენოსსა და ტრაპიზონის სხვა იმპერატორებს კი სხვადასხვა პერიოდის ბიზანტიური წყაროები ხან ,,ლაზთა მმართველებს”, ზოგჯერ კი ,,კოლხთა მმართველებს” უწოდებენ, რაც შავი ზღვის სახელწოდებებშიც აისახებოდა.

ამდენად, თამარ მეფე დავით კურაპალატის იმ პოლიტიკას აგრძელებს, რაც ოშკის საფასადო ტაძარზეა გამოსახული და სადაც დავით კურაპალატი ბიზანტიის იმპერატორის გვირგვინშია გამოსახული. ეს კი ბიზანტიის იმპერიის მემკვიდრეობაზე განაცხადს ნიშნავდა, საქართველოს საზღვაო ინტერესებზე, იმ პოლიტიკაზე რომელიც თამარის დროს წარმატებით დაგვირგვინდება მის მიერ ტრაპიზონის იმპერიის (1204წ.) დაარსებით. ამ პოლიტიკასა და მის გამოძახილს შემდგომ საუკუნეებშიც ჰქონდა ადგილი და როგორც ამას ვუჩვენებთ ამ მიმართულებით კვლევისას (უკვე სხვა სტატიაში) XVII საუკუნის სვეტიცხოველშიც.

მაგრამ მანამდე საკითხი ასე უნდა დავსვათ. საქმე ის არის, რომ ამ თემებზე მუშაობისას დაგვებადა კითხვა, ქართული პოლიტიკის აღნიშნული პროგრამა, საზღვაო ინტერესების ჩათვლით, რამდენად შეიძლება ასახულიყო რომელიმე ქართული ეკლესიის ფრესკაზე. ასეთი ვარძიისა და ტიმოთესუბნის ფრესკები აღმოჩნდა. ამ მხრივ განსაკუთრებული ვარძიის ფრესკაა როგორც ვიზუალური, ისე მასზე დადასტურებული სიმბოლიკითა და წარწერებით. ცნობილია, რომ აღნიშნულ ფრესკაზე თამარი წითელი ფეხსაცმელებითაა წარმოდგენილი, რაც ბიზანტიის იმპერატორის პრეროგატივას წარმოადგენდა და ამ შემთხვევაში თამარის პრეტენზიას ბიზანტიის იმპერიის მემკვიდრეობაზე. მნიშვნელოვანია ვარძიის ფრესკაზე დადასტურებული წმ. ევგენიც, რომელიც ტრაპიზონის მფარველია და ამდენად, ამ შემთხვევაში, საქართველოს ტრაპიზონის პოლიტიკის მიმანიშნებელი.

თამარის აღმოსავლური იერი და წარწერა კი ,,ყოვლისა აღმოსავლეთისა მეფეთ მეფე...” მის აღმოსავლურ პოლიტიკაზე მიგვანიშნებს. ყველაფერი ერთად და ურთიერთკავშირში კი იმ აღმოსავლური და დასავლური, მათ შორის საზღვაო პოლიტიკის დადასტურებაა, რასაც საფუძველი საქართველოს გაერთიანებისთანავე ჩაეყარა.

აღსანიშნავია, რომ ვარძიის ფრესკის შემსრულებელმა კარგად იცოდა ტრაპიზონის პოლიტიკის სპარსულ პოლიტიკასთან კავშირი, რასაც ქართული ისტორიოგრაფია ვერ მიხვდა. იცოდა აგრეთვე საქართველოს საზღვაო ინტერესები და ბიზანტიის იმპერიის მემკვიდრეობაზე პრეტენზიაც, რაც შესაბამისი სიმბოლოებით გამოხატა. ეს იცოდნენ თამარის მეხოტბეებმაც _ იოანე შავთელმა და გრიგოლ ჩახრუხაძემ. იოანე შავთელი, თამარის პოლიტიკის მონაწილე, თამარს კეისარს (ანუ ბიზანტიის იმპერატორს) და ,,ჯემშიდ მფლობელს” (სპარსეთის მფლობელს, ჯემშიდი ამ შემთხვევაში სპარსეთს ნიშნავს) უწოდებს. იოანე ჩახრუხაძე კი მას ,,ახალო ხვასროსთან” (ანუ ახალ სპარსეთთან) ერთად ,,ახალო რომოდაც” მოიხსენიებს. ყველა შემთხვევაში კავშირია დანახული აღმოსავლურსა და დასავლურ პოლიტიკას შორის, რაც მათი ერთ კონტექსტში დადასტურებიდანაც ჩანს. როგორ აისახება ქართული პოლიტიკის ეს პროგრამული იდეა სვეტიცხოველში, ამას როგორც აღვნიშნეთ, ცალკე გამოკვლევას მივუძღვნით.

,,ახალო რომო” ჩვენი კვლევისთვის მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ამ იდეას ქართველები მოგვიანებითაც მიმართავდნენ, ოღონდ უკვე განსხვავებულ ისტორიულ ვითარებასა და პირობებში. როგორც ამას ქვემოთ ვუჩვენებთ ასეა XVII საუკუნეში, როდესაც სვეტიცხოვლის ჩვენთვის საინტარესო ფრესკა შეიქმნა და ჩამოყალიბდა ანტიოსმალური კოალიცია.

ქართულ დიპლომატია (ახალ ვითარებასა და პირობებში) ,,ახალი რომის” იდეის, ანუ ბიზანტიის მემკვირეობაზე პრეტენზიის ხორცშესხმას უმთავრესად ევროპის ქვეყნებს სთავაზობდა მათი ანტიოსმალურ კოალიციაში მიზიდვისა და ჩართვის მიზნით. თუმცა ამ კოალიციაში ქართველები საკუთარ საზღვაო ინტერესებსაც ითვალისწინებდნენ. აქედანაც ჩანს, რამდენად იყო საქართველოს ისტორიის თავისებურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი ფაქტორი ზღვასა და ზღვაოსნობასთან, საზღვაო პოლიტიკასთან დაკავშირებული. ამ მიმართულებით კვლევებმა ასევე დაგვანახა, საქართველოს ისტორიის, კულტურის, ეთნოგრაფიის, ფოლკლორის ზოგიერთი პრობლემა მხოლოდ შავი ზღვის კუთხითა და თვალსაწიერიდან რომ აიხსნება. ამიტომაც დავდექით ზოგიერთი თოთქოსდა ცნობილი პრობლემის ახლებური გააზრებისა და ანალიზის წინაშე. ამგვარად მივუდექით ვახტანგ გორგასლის, დავით კურაპალატის, თამარისა და გიორგი ბრწყინვალის ეპოქის ზოგიერთ ასპექტსა და თვით ,,ვეფხისტყაოსანს.” ეს ეხება სვეტიცხოველსაც.

როგორც შესაბამის მონოგრაფიაში აღვნიშნეთ, შავ ზღვაზე არსებული ვითარება (მისი ხმელთშუა ზღვასთან კავშირი თუ ჩაკეტილობა) ერთნაირად განსაზღვრავდა როგორც VIII-XI სს-ის, ისე XV_XVIIIსს. დასავლეთ საქართველოს ქალაქებისა და საქალაქო ცხოვრების მდგომარეობას, მის ეკონომიკურ დონეს.

ასევე მხედველობაშია მისაღები, რამდენად დიდი გავლენა მოახდინა ზღვამ ქართველების ფსიქოლოგიასა და ბუნების ჩამოყალიბებაზე, სხვადასხვა დარგის განვითარებაზე, პირველ რიგში ზღვაოსნობაზე, საზღვაო ტრანსპორტზე, თევზის რეწვაზე, ვაჭრობაზე, საქართველოში ფულად მიმოქცევაში თევზის ფორმის მონეტების ბრუნვაზე, რომლებიც გაცილებით ადრე კოლხურ ცულებზე დასტურდებიან.

ზღვაოსნობასთან დაკავშირებით არსებობს ხალხური ცოდნაც, ნიშანდობლივი ზღვის სანაპიროზე მცხოვრები ადამიანებისთვის და სხვ.

ასე რომ, მხოლოდ წლების მანძილზე აღნიშნულ საკითხებზე და საქართველოს საზღვაო პოლიტიკაზე მუშაობამ მიგვიყვანა სვეტიცხოვლის ზემოთ აღნიშნულ ფრესკამდე და მისი შინაარსიის გახსნის მცდელობამდე, იმდენად დიდხანს ის რთულად და უჩვეულოდ მიგვაჩნდა და ამ მხრივ გამონაკლისი არ ვიყავით. მით უმეტეს, რომ ამ შინაარსის ამ ფრესკას წინ საქართველოს საზღვაო ინტერესებისა და ისტორიის ამსახველი წლები და საუკუნეები უსრებს.

photo4

კვლევის პროცესში დავრწმუნდით, რომ სვეტიცხოვლის აღნიშნულ ფრესკაზე გამოსახული აფრიანი ხომალდები ვიზუალურ მხარეზე გაცილებით მეტი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებლები არიან, რომლის გახსნაც, როგორც ეს უკვე აღინიშნა, ფრესკის მთლიან კონტექსტშია შესაძლებელი და ეპოქის ჭრილში.

ცხადია, აფრიანი ხომალდების სვეტიცხოველში გამოსახვა (რომელთა რაოდენობაც ორს არ აღემატება) მათ საინტერესოდ ხდის ნავიგაციის ისტორიით დაინტერესებული მკვლევართათვისაც. თუმცა ეს ფაქტი თვით იმ ქართველ მეცნიერთა ნაშრომებში არ აისახა (თ.ბერაძე, ზ.კუტალეიშვილი…), რომლებიც საგანგებოდ სწავლობენ საქართველოს ნაოსნობასა და ნავთმშენებლობას. ყურადღება არც იმის გამო გამახვილებულა, რომ ისინი საქართველოს მთავარ საკათედრო ტაძარში დასტურდებიან და პირდაპირ კავშირში უნდა დავინახოთ საქართველოს საზღვაო ცხოვრებასთან, ნაოსნობასა და საზღვაო ინტერესებთან, ამ ინტერესების პროპაგანდასთან. მით უმეტეს, როდესაც აფრიანი ხომალდები აღნიშნულ ფრესკას კიდევ უფრო შთამბეჭდავსა და მასშტაბურს ხდიან. უფრო მეტიც, როგორც ამას ვუჩვენებთ, გარკვეულ ორიენტირს წარმოადგენენ საქართველოს საზღვაო ისტორიისა და ქართული პოლიტიკის კვლევის საქმეში. ისინი ნავიგაციის განვითარების გარკვეულ ეტაპსაც ასახავენ, რაც შესაბამისი სპეციალისტების მიერ საგანგებო შესწავლას ითხოვს.

საკითხში გასარკვევად, ორიენტირების თვალსაზრისით ასევე უმნიშვნელოვანესია აღნიშნულ აფრიან ხომალდებზე გამოსახული დროშებიცეს არის მეწამული ქართული დროშა ოქროსფერი ჯვრით, რაც არ არის შემთხვევითი და უმნიშვნელოვანესია საქართველოს საზღვაო ინტერესებისა და პოლიტიკის გახსნის გზაზე. თუმცა მეცნიერთა მხრიდან ძირითადად ფაქტის კონსტატაციასთან გვაქვს საქმე და რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს (აფრიანი ხომალდების მსგავსად), არ დასტურდებიან დროშებთან დაკავშირებულ სამეცნიერო ლიტერატურაში.9

ბუნებრივია საინტერესოა თუ აფრიანი ხომალდი როგორ და რა ხასიათის ქართულ მასალებში დასტურდება. აღსანიშნავია, რომ საზღვაო ტრანსპორტი და მათ შორის აფრიანი ხომალდები გვხვდება როგორც საერო (,,ვეფხისტყაოსანი”, თამარის მეხოტბენი, ,,ქართლის ცხოვრება”, ისე სასულიერო (შატბერდის კრებული და სხვ.) ნაწარმოებებში, როგორც თარგმნილ, ისე ორიგინალურ ძეგლებში. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს შემდეგი ფაქტიც. ათონელი ბერები, რომლებიც დავით კურაპალატის პოლიტიკის მხარდამჭერებსა და დასაყრდენსაც წარმოადგენდნენ (მათ შორის ტრაპიზონის საკითხში), პრაქტიკულ ინტერესს იჩენდნენ ზღვაოსნობისადმი, კერძოდ საზღვაო ტრანსპორტისადმიც, რისი დამადასტურებელი მასალები გვხვდება როგორც ქართულ, ისე ბიზანტიურ წყაროებში. ასე მაგალითად ათონელი ბერების მიერ მოწვეულ ხელოსნებს შორის დასახელებული არიან მენავეებიც. ისიც მრავლისმეტყველია, რომ ათანასე ათონელმა (დედით ლაზი იყო), თავის მეგობარ იოანე ბერსა და ქართველ ათონელებს ბასილი II-ის ხრისობულით (984წ.), ნავების ყოლის უფლება მოუპოვა. ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან ქართველ ათონელ ბერთა ეკონომიკური სიძლიერის წყარო ზღვიდან მიღებული შემოსავალი იყო.

ჩვენი კვლევისთვის საინტერესოდ მიგვაჩნია საქართველოში ნაპოვნი ვენეციური ვერცხლის დუკატი (XVIს.) ზღვისა და აფრიანი ხომალდის გამოსახულებით, რომელიც ერთგვარად ეხმაურება სვეტიცხოვლის ფრესკას და რაც ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპასთან ურთიერთობების კიდევ ერთი დასტურია იმ ევროპულ მონეტებთან ერთად საქართველოში XV-XVIII საუკუნეების მანძილზე რომ ბრუნავდა (ჰოლანდიური, ესპანური, პოლონური, გერმანული…).

ამდენად, სვეტიცხოვლის ფრესკის ორი აფრიანი ხომალდი იმ წყაროების რიგში უნდა ჩავაყენოთ, ნივთებისა თუ მონეტების, ქართული თუ უცხოური საისტორიო და ლიტერატურული მასალების ჩათვლით, სადაც სხვადასხვა დროს დასტურდება ნავი, მენავე (მოგვიანო პერიოდის ,,ზღვიერნი,” ,,ზღვის კაცი,” ,,ზღვას მოარული,” ,,მეზღვეურება,” ,,მეზღვაური”) ,,მენავეთმოძღვარი,” ,,ნავის უფალი,” ,,ნავის წინამძღოლი,” ,,ნავის მოქმედი,” ,,ნავით მავალი,” ,,ნავით მოგზაური,” ,,სანავე” (ნავის დასაქირავებელი თანხა), ,,სამხედრო ნავები,” ,,სავაჭრო ნავები” და სხვ.

ქართველები ,,მეაფრეს,” ,,მეაფქიონეს,” ,,ნავის აფრათა განმგეს,” ,,აფრის მეურნეს” აფრის მომსახურეებს უწოდებდნენ, დიდი ზომის აფრიან ნავებს კი XI საუკუნიდან ხომალდებს, რომელიც როგორც ტერმინი პირველად Xს. ჩნდება. ამავე საუკუნის ერთ დოკუმენტში ლაპარაკია მენავეთმოძღვრის ხელოვნების დაუფლებაზე, რომელსაც უნდა ჰქონოდა ,,სიმახვილე გონებისა და სიფრთხილე.” არსებობდა ნაოსნობის აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინიც _ ,,ნავთმავლობა” ,,ზღვათმავლობა.”

ნავი ყველა ტიპის საზღვაო ტრანსპორტის ზოგადი სახელწოდება იყო, რომლის კურთხევისას ლოცვაში აუცილებლად იხსენიებდნენ პირველ ნავთმშენებელ ნოესა და მის კიდობანს.

საზოგადოდ საზღვაო ტერმინოლოგია, რომელიც კიდევ უფრო დიდი რაოდენობით გვხვდება XVII საუკუნეში, შავ ზღვაზე არსებულ ინტერესებსა და პოლიტიკასაც ასახავს. ეს ტერმინები გარდა ქართულისა ბერძნული, ბიზანტიური და იტალიურია, XVII საუკუნიდან თურქული შემოდის, რომელთაგან საკუთრივ თურქული მცირეა, დანარჩენი ნასესხებია. მაგრამ მკვლევართა აღიარებით, ფეოდალური ხანის ქართულ სანაოსნო ტერმინოლოგიაში ნასესხები სიტყვების წილი არც თუ ისე დიდია.ქართული სანაოსნო ტერმინოლოგია და ტრანსპორტი ფოლკლორშიც გვხვდება ზღვასთან დაკავშირებულ სხვა თემებთან ერთად, განსაკუთრებით თამარ მეფესთან დაკავშირებით, სადაც იგი ზღვის მძლეველად არის გამოყვანილი, რაც რეალური ისტორიული მოვლენების (ტრაპიზონის პოლიტიკისა და სხვ.) ანარეკლია.

ქართული ზღვაოსნობის ისტორიისთვის საინტერესოა შემდეგი ფაქტიც. მკვლევართათვის, ისევე როგორც საკითხით დაინტერესებულ მკითხველთათვის კარგად არის ცნობილი, რომ ქართული სამყაროს ნაოსნობას, საერთაშორისო თვალსაწიერიდან, ჯერ კიდევ უძველესი დროიდან აკვირდებოდნენ.

ჰიპოკრატე კოლხეთის ტრანსპორტის მთავარ საშუალებად ნავს მიიჩნევდა. ძვ.წ. II-I ათასწლეულში ცნობილი იყო ,,კოლხური სამეფო აფრიანი ხომალდი.” სხვადასხვა უცხოურ წყაროში გვხვდება ,,კოლხური საბრძოლო ხომალდი,” ,,კოლხური ნავი,” ,,კოლხური ფლოტი,” “კოლხური კამარა’’ (მოგვიანებით ,,ლაზური კამარა”).

აპოლონიოს როდოსელის (ძვ.წ, IIIს.) თქმით კოლხებს საკმაოდ ძლიერი და დიდი ფლოტი ჰყავდათ, რომლებიც შორეულ ნაოსნობაშიც დადიდნენ. ავტორი ამ ფლოტის თაობაზე ,,არგონავტიკაში” წერს: ,,კაცი იტყოდა, რომ ეს ხომალდთა ლაშქარი კი არა, ფრინველთა ურიცხვი გუნდი არის და ზღვას დაჟრიამულებსო.

ვანში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ამავე საუკუნის ადგილობრივი ხელოსნის მიერ გაკეთებული თიხის ნაწარმი, რომელზეც კოლხური აფრიანი ხომალდია დადასტურებული. აფრიანი ნავები (რომელიც კოლხური ტიპის სამხედრო ხომალდად მიიჩნევა) გვხვდება ბრინჯაოს საბეჭდავ ბეჭედზე. აფრიანი ხომალდის გამოსახულება ნაპოვნია აფხაზეთშიც. ვ.ლატიშევი XX საუკუნის დასაწყისში აღნიშნავს, რომ კოლხური ტიპის ხომალდები საუკეთესო ტაქტიკური და ტექნიკური მონაცემებით იყვნენ აღჭურვილნი, რასაც ბერძნები და რომაელები იყენებდნენ.ცნობილია ისიც, რომ კოლხი მეზღვაურები საუკეთესონი იყვნენ მითრიდატეს ფლოტში. როგორც ეს ზემოთ ითქვა, ისინი შორეულ ნაოსნობაშიც დადიოდნენ.

როგორც ძველი ავტორები (აპოლონიოს როდოსელი, …კალიმაქე…) აღნიშნავენ, თავის ფაქტორიებს შავსა და ხმელთაშუა ზღვებზე არა მარტო ბერძნები, არამედ ქართველებიც აარსებდნენ. ზღვებზე კოლხების აქტიურობამ განაპირობა, რომ შავი ზღვის ერთ მონაკვეთს ,,კოლხთა ზღვაც” ეწოდა, რომელიც მოგვიანებით ,,ლაზთა ზღვამ” ისევე შეცვალა, როგორც ,,კოლხი” და ,,კოლხეთი” ,,ლაზმა” და ,,ლაზეთმა.” ცხადია, როგორც შავი ზღვის სახელწოდებები, ისე სხავდასხვა ეპოქის წყლის ტრანსპორტი ნაოსნობის განვითარების სხვადასხვა ეტაპს ასახავს.

საქართველოში აფრიანი ხომალდები მთელი შუა საუკუნეების მანძილზე დასტურდება. 1557წ. მარინო კავალოს ცნობით, ლევან I დადიანი (სამას კაციანი დიდი ამალით) რამდენიმე დიდი აფრიანი ხომალდით სტამბოლამდე ჩასულა. XVII საუკუნეში, როდესაც სვეტიცხოვლის აღნიშნული ფრესკა შეიქმნა, შავ ზღვაში დაცურავდნენ სხვადასხვა დანიშნულების ტიპისა და ფორმის ნავებით, მათ შორის აფრიანი ხომალდებით. ,,მენექსილას”_ დიდი ზომის ლაზურ-ოდიშურ ნავებს თურქებიც იყენებდნენ. ერთი უცხოური წყაროს ცნობით XVIIს. შავ ზღვაში დაცურავდა ,,იბერიული ხომალდი” და სხვ.

დიდია ლაზების წვლილი ნავთმშენებლობაში, რომლებიც ამ საქმის პროფესიონალად ითვლებიან და ვისაც ,,ზღვის მეგობრებს” უწოდებენ, ზღვას კი ,,ლაზების ბაღს,” ლაზებისათვის მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო. მათი დამსახურებაა როგორც ლაზური ტიპის საბრძოლო ხომალდების, ისე სხვადასხვა ქვეყნის სავაჭრო თუ სატვირთო, მცირე თუ საშუალო ზომის სატრანსპორტო და სატვირთო ხომალდების გაუმჯობესება და კონსტრუირება. რაც მთავარია ისინი კოლხების დიდი საზღვაო ტრადიციების გამგრძელებლები არიან.

XVII საუკუნეში, ქართველებისა და ქართული მოდგმის ხალხის ლაზების ყოველდღიურ ცხოვრებაში საზღვაო სიმბოლიკა და მოტივები დიდ როლს ასრულებდა, რასაც სხვადასხვა შენობების მოჩუქურთმება-მოხატვისას ხშირად იყენებდნენ. ეს არის ხომალდის გამოსახულება, აფრა, ღუზა, ნიჩაბი და სხვ. ასე მაგალითად, აფრიანი ხომალდის გამოსახულება (ასევე აფრა და ჩაშვებული ღუზა) დასტურდება სოფელ ღორჯომის საკულტო ნაგებობაზე. საზღვაო სიმბოლიკა გვხვდება დღვანში და საქართველოს სხვა კუთხეებში.

აფრიანი ხომალდები აღინიშნება ანდრონიკაშვილების, თარხან-მოურავებისა და ხერხეულიძეების საგვარეულო ემბლემებზეც. როგორც ვხედავთ, ჩვენთვის საინტერესო აფრიანი ხომალდები დასტურდება ფრესკებზე, ნივთებზე, შენობებზე, საბეჭდავებზე, მონეტებზე... ასე რომ, აფრიანი ხომალდების ისტორიაში სვეტიცხოვლის ანალოგიურ საზღვაო ტრანსპორტს თავისი ადგილი უნდა მივუჩინოთ. თუმცა ამ დარგის სპეციალისტების საქმეა განისაზღვროს, აღნიშნული ხომალდები სავაჭრო ხასიათისაა თუ სამხედრო. XV-XVI საუკუნეებში ასეთ გამიჯვნას ადგილი არ ჰქონია. ამის ნიშნები მხოლოდ XVII საუკუნის გარკვეული პერიოდიდან დასტურდება. სხვათა შორის სწორედ ამ დროს მატულობს ცნობები ქართული ნაოსნობის შესახებ, ძირითადად უცხოურ წყაროებში.

ჩვენი ვარაუდით, სვეტიცხოვლის ფრესკის საერთო ატმოსფეროდან გამომდინარე სამხედრო გემებთან უნდა გვქონდეს საქმე. ამ განწყობას ამძაფრებს ქართული დროშებიც, მოცემულ შემთხვევაში აშკარად პოლიტიკური დატვირთვა რომ აქვთ, რასაც საგანგებოდ ქვემოთ შევეხებით.

საქართველოში ნავთმშენებლობისა და ნავიგაციის მაღალ დონეს, რასაც უძველესი დროიდან (პლატონი, სოკრატე და სხვ.) საზოგადოების პროგრესის დამაჩქარებელ, მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების საშუალებად მიიჩნევდნენ, ხელს უწყობდა შესაბამისი მასალების არსებობა. მხედველობაშია მისაღები შემდეგი გარემოებაც. სახმელეთოსთან შედარებით საზღვაო ვაჭრობა (რისთვისაც შესაბამისი საზღვაო ხომალდები არსებობდა, მათ შორის ქართულიც) იაფი, რენტაბელური და უსაფრთხო იყო. ეს კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული ფეოდალური საქართველოს გაერთიანების მესვეურებსაც. საქართველოში ზღვის ტრანსპორტს ასევე დიდი უპირატესობა ეძლეოდა. მისი საშუალებით გაცილებით მეტი ტვირთის გადატანა იყო შესაძლებელი ვიდრე ხმელეთით. XVII საუკუნეშიც ქართველებისთვის ის ყველაზე პოპულარულ სამგზავრო თუ სავაჭრო ტრანსპორტად რჩებოდა.

საინტერესოდ გვეჩვენება შემდეგი ფაქტიც. შუა საუკუნეებში ზღვა და ზღვის ტრანსპორტი ადამიანის ცხოვრების შეფასებისა და გააზრების საშუალებასაც წარმოადგენდა. საზღვაო ქვეყნებისთვის ნიშანდობლივი ასეთი მიდგომა დამახასიათებელი იყო საქართველოსთვისაც. მაგალითად, ილარიონ ქართველის ცხოვრებას, სიცოცხლის დასალიერზე, მენავეთმოძღვარს ადარებდნენ, რომელმაც აბობოქრებულ ზღვაში, ცხოვრების ოკეანეში, მესაჭის სიბრძნე და ოსტატობა გამოიჩინა. მენავეთმოძღვარს (რაც დიდ ოსტატობას ითხოვდა) ადარებდნენ ზოგიერთ ქართველ მეფესაც (ბაგრატ III-ს და სხვ.). რამდენადაა ზღვა და ზღვაოსნობასთან დაკავშირებული მოვლენები შუა საუკუნეების ქართველების აზროვნებაში გამჯდარი, ამაზე დავით აღმაშენებლის დახასიათებაც მეტყველებს, რომლის თაობაზეც ისტორიკოსი წერს: ,,და ვითარცა მენავემან ბრძენმან განიცადის რა ნავი თუისი აღსავსედ მრავალფერითა ტვირთითა მიისწრაფის ნავსადგურად რათა არა რა ევნოს სოფელსა ამას მღელვარე ზღვისაგან.”

ვფიქრობთ, სვეტიცხოვლის ფრესკაზეც, ასევე აბობოქრებულსა და ხიფათით სავსე ზღვაში, აფრიანი ხომალდები მწყობრად, ერთი მიმართულებით მცურავნი იმ გამბედავსა და მიზანმიმართულ ადამიანებზე მიანიშნებენ, მას რომ მართავენ. თანაც, როგორც ეს ზემოთ აღინიშნა, ხომალდები ქართული დროშის ქვეშ სერავენ ზღვის სტიქიას, რაც ასევე მრავლისმეტყველია და ფრესკის საერთო დაძაბულ ატმოსფეროში იმედის მომცემიც. ბუნებრივია კვლევის პროცესში შემდეგი კითხვაც დაიბადოს.

როგორი ვითარებაა XVII საუკუნეში შავ ზღვაზე სვეტიცხოვლის საზღვაო თემატიკის ამსახველი ფრესკის მოხატვისას. რატომ მოხდა აღნიშნულ ეპოქაში საზღვაო თემების აქტივიზაცია და ნაოსნობისადმი ინტერესი, რაც სვეტიცხოვლის ფრესკითაც გამოიხატა. რომელი ქვეყნის ხომალდები დაცურავდნენ შავ ზღვაში, როგორია თავისი ხასიათითა და სულისკვეთებით XVII საუკუნე, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს ზოგადად ამ ფრესკისა და კონკრეტულად აფრიანი ხომალდების კვლევისას.

XVII საუკუნის ერთ-ერთი მთავარი ნიშანთვისება საქართველოს წარსულისადმი განსაკუთრებული ინტერესია თანამედროვეობაზე შესანიშნავად მორგებული. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს შემდეგი გარემოებაც. ყველაფერი, რაც XVII საუკუნეში იქმნება ისტორიულ დარგთან დაკავშირებით, როგორც წესი, გამსჭვალულია ერთი მიზნით. ეს არის პატრიოტიზმი, ეროვნული ერთიანობა, საუკუნეების მანძილზე შემუშავებულ ეროვნულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული ერთიანი საქართველოს იდეა. ასეა შედგენილი როგორც ვახტანგ VI-ის ,,სწავლულ კაცთა” კომისიის მიერ დაწერილი ,,საქართველოს ოსტორია”, ისე ,,ქართლის ცხოვრების” ვახტანგისეული რედაქცია.

XVII საუკუნეშივე დიდი მნიშვნელობა მიენიჭა საისტორიო წყაროებსა და მათ შეგროვებას, კლასიფიკაციასა და ანალიზს. ასევე მსოფლიო ისტორიისა და საერთაშორისო პოლიტიკის ცოდნას, რომლის თვალსაწიერშიც განიხილებოდა საქართველოს ისტორია.

პატრიოტული ჟანრის პარალელურად, აღორძინდა აგიოგრაფიული ლიტერატურაც. ჩვენი კვლევისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს საეკლესიო თუ საერო ისტორიის, ქართულ მწიგნობრობასთან დაკავშირებული ამ თემების სვეტიცხოველზე ასახვა. ამ მხრივ სვეტიცხოვლის ტაძარი არა მხოლოდ მაშინდელი საზოგადოების განწყობის, რელიგიისა და საერო ისტორიის დიდი მატეანეა, არამედ საქათველოს რთული საშინაო და საგარეო პრობლემების ხედვის, მისი გადაწყვეტის გზაც.

კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. ვალერიან გაბაშვილის კვლევების თანახმად XVII საუკუნე და XVIIIს-ის დასაწყისი იყო არა მარტო ტრადიციული ქართული კულტურის აღდგენა-განახლების ხანა, არამედ ქართული კულტურის ევროპეიზაციისაც. ვ.გაბაშვილის სიტყვებით, ამ პერიოდის მოღვაწენი ახლებურად ითვისებდნენ კარგად ნაცნობი აღმოსავლური კულტურის მიღწევა-მონაპოვარს, მაგრამ ამავე დროს ფართოდ უხსნიდნენ კარს ახალ ევროპულ კულტურასა და მეცნიერებას. ეს სრულიად ახალი მოვლენა მრავალსაუკუნოვანი ქართული კულტურის განვითარებაში გულისხმობდა ძველი, შუასაუკუნოებრივი ბერძნულ-ბიზანტიური და აღმოსავლური ,,სწავლის” გავლენათა ინტერესებისგან განთავისუფლებასაც. ცხადია, სვეტიცხოვლის მაგალითზე, საინტერესოა ევროპეიზაციასთან დაკავშირებული ტენდენციებიც. რამდენად და როგორ აისახება საქართველოს მთავარ ტაძარში.

ამ მიმართულებით კვლევისას, მით უმეტეს, როდესაც პოლიტიკაში ახალ ტენდენციებთან გვქონდა საქმე არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა შემდეგ გარემოებასაც. როგორც ირკვევა ყველა პროცესს ეროვნული სულისკვეთების, უდიდესი განათლების ადამიანები წარმართავდნენ, ვისაც გაცნობიერებული ჰქონდათ საქართველოს წარსული, აწმყო და მომავალი, ეროვნული იდეოლოგიის მიშვნელობა. მათ ენციკლოპედისტებად მიიჩნევდნენ, რაც ევროპული კულტურის ერთ-ერთი ნიშანთვისება იყო. მათი თაოსნობით ქართულად ითარგმნებოდა ევროპელ მეცნიერთა საისტორიო, გეოგრაფიული, ასტრონომიული თუ მათემატიკური თხზულებანი.

ვახტანგ VI-ს, რომელიც თავის გარშემო განათლებულ ხალხს იკრებდა, ისევე როგორც სულხან-საბა ორბელიანს კარგად ესმოდათ, რომ ევროპეიზაციასთან დაკავშირებული პროცესები მოითხოვდა განათლებისადმი ახალ მიდგომას. ამას ითხოვდა ევროპელებთან ურთიერთობა პოლიტიკის, დიპლომატიის, მეცნიერებისა თუ საერთაშორისო სავაჭრო სფეროში. ამიტომაც ,,ფრანგულ,” ანუ ,,ევროპულ” განათლებას წმინდა პრაქტიკული მნიშვნელობაც მიენიჭა. შესაბამისად სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენდა ევროპული განათლება, რაც ევროპელი მისიონერების საშუალებითაც ვრცელდებოდა და მათ ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენდა. ამაში ზოგიერთი ახალი დარგის ათვისებაც შედიოდა ევროპული ენების ჩათვლით.

თბილისში ფრანგთა ქუჩაზე მდებარე სკოლაში სწავლობდნენ როგორც ფეოდალების, ისე მოქალაქეთა შვილები, სადაც ძირითადად პრქტიკულ განათლებას იღებდნენ. ეს სკოლა უკვე 500-მდე ახალგაზრდას ჰქონდა დასრულებული, მათ შორის მეფის შვილი ვახუშტი ბაგრატიონიც იყო, რომელიც პირველ ევროპული ყაიდის ქართველ მეცნიერად მიიჩნევა.

ქართველები ევროპას უშუალოდ ევროპაში ჩასვლითაც ეცნობოდნენ, როგორც სულხან-საბა, ნიკიფორე ირბახი და სხვები.

,,ფრანგული” განათლების პოპულარიზაციას ისიც უწყობდა ხელს, რომ ყველაფერი ევროპული პროგრესულად მიიჩნეოდა აღმოსავლურთან შედარებით, რომლის პოლიტიკული გავლენისგანაც საქართველო თავის დაღწევას ცდილობდა. ასე ფიქრობდა მაშინ ყველა განათლებული ქართველი, მათ შორის სულხან-საბა ორბელიანი, რომელიც ევროპული გნათლების უპირატესობას აღიარებდა და მის აქტიურ პროპაგანდისტს წარმოადგენდა.

ცნობილია, რომ მისიონერებს შორის იყვნენ სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები _ ისტორიკოსები, ეთნოგრაფები, ფოლკლორისტები, ასტრონომები, ექიმები, ინჟინრები, მხატვრები. მათთან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ სულხან-საბა, ნიკიფორე ირბახი, ვახტანგ VI და სხვ, რომლებიც ევროპული მეცნიერების უახლეს მიღწევებს ითვისებდნენ. მათ შემოქმედებაში უკვე ევროპეიზაციის ტენდენციები აღინიშნებოდა. ეს იყო ურთიერთგაცნობისა და შეცნობის ნაყოფიერი პერიოდი. ასე რომ ყველა, ვისაც კი ახალი ცოდნის მნიშვნელობა ესმოდა, ცდილობდა ევროპული განათლებაც მიეღო, თუმცა აღმოსავლური ცოდნის მისაღებ ნაწილს ინარჩუნებდა.

მაგრამ ეს არ ხდებოდა საკუთარის უარყოფის ხარჯზე. პირიქით, ევროპული განათლების შეძენა ქართულისა და ყოველივე ტრადიციულის გააქტიურების ფონზე მიმდინარეობდა, ძველი და ახალი ცოდნის გააზრების საფუძველზე. გახშირდა ქალთა მზითევში ,,ვეფხისტყაოსნის” გატანება. ხელნაწერთა გადამწერლები ვერ აუდიოდნენ ,,ქართლის ცხოვრების” გადაწერას, ყველა განათლებულ ქართველს სურდა ხელთ ჰქონოდა საკუთარი ,,ქართლის ცხოვრება.” სწორედ ამ პერიოდში მეფის კარზე არსებული ბიბლიოთეკისთვის XVII ს. გადაიწერა მარიამისეული ,,ქართლის ცხოვრება.” სწავლობდნენ დიდკაცები, მოქალაქენი და მათი შვილები. ხელიდან ხელში გადადიოდა თეიმურაზის, არჩილის და იოსებ თბილელის ისტორიული პოემები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქართულ ენაზე, რაზეც სულხან-საბას ,,სიტყვის კონაც” მეტყველებს. საკუთარი ბიბლიოთეკები, სამეფო კარის გარდა, ჰქონდათ განათლებულ ფეოდალებსაც და მდიდარ მოქალაქეებს. მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა სვეტიცხოველსაც.

როგორც ვხედავთ, ამ შემთხვევაშიც, როგორც ტრადიციულად იყო მიღებული საქართველოში, განათლება მძლავრ საშუალებას წარმოადგენდა ქართული პოლიტიკის მესვეურთა ხელში. მით უმეტეს ისეთ რთულ რეგიონში, რომელშიც საქართველო მდებარეობდა, რაც მას მუდმივად ახალ-ახალი გამოწვევების წინაშე აყენებდა. ასე იყო იმ ეპოქაშიც, როდესაც სვეტიცხოვლის ფრესკები იქმნებოდა.

საქართველო მაშინაც სხვადასხვა ქვეყნის ინტერესთა სფეროში შედიოდა. შესაბამისად, საქართველოზე სხვადასხვა ხასიათის ცნობები გროვდებოდა, მათ შორის ევროპელების მხრიდანაც. მათ ქართველების პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ, პოლიტიკურსა თუ საზოგადო ასპარეზზე გამოსული ყველა ქართველის თაობაზე დაწვრილებითი ცნობები ჰქონდათ. ამავე დროს ისინი, განსაკუთრებით მისიონერები, ყველაფერს აკეთებდნენ ქართველ მეფე-მთავართა კარზე დასავლური ორიენტაციის გასაძლიერებლად. არ არის შემთხვევითი, ერთ-ერთ ძველ ევროპულ რუკაზე (1575), რომელიც შედგენილია ცნობილი კარტოგრაფის ორტელიუსის მიერ, საქართველო ევროპის ნაწილადაა მიჩნეული, დღეს სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპას რომ უწოდებენ.

Levan II Dadiani

ქართული პოლიტიკის მესვეურნი, ვისაც გაცნობიერებული ჰქონდათ საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქცია-უპირატესობანი, საკუთარი ქვეყნის ინტერესები, მალე მიხვდნენ, რომ საქართველოს გამო ევროპა არც ოსმალეთს დაუპირისპირდებოდა, არც ირანს და რუსეთს. ამ მხრივ გამოირჩეოდა ოდიშის მმართველი ლევან II დადიანი (1611-1657), რომლისთვისაც ნათელი იყო, რომ პოლიტიკა ინტერესებია და არა მეგობრობა. ანგარიში კი ძლიერსა და ეკონომიკურად დაწინაურებულ ქვეყანას ეწევა, რისკენაც მას თავისი სამთავრო მიჰყავდა.

კვლავაც იბადება კითხვა. ისტორიისადმი მზარდი ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც ევროპეიზაციის პროცესის ფონზე მიმდინარეობდა და საქართველოში ყველა სფეროს შეეხო, აისახა თუ არა ის საზღვაო კუთხით საზღვაო თემატიკის ამსახველ ჩვენთვის საინტერესო სვეტიცხოვლის ფრესკაზე. რამდენად აღნიშნული ფრესკა XVII საუკუნის საერთო ტენდენციების გამომხატველია როგორც ისტორიისადმი ინტერესის, ისე ევროპეიზაციის თვალსაზრისით. და თუ ასეთი მოსაზრება დაგვებადა, რამდენად შეიძლება მისი დასაბუთება.

ერთ-ერთი პასუხი XVII და XVIII საუკუნის დასაწყისის ენციკლოპედისტების ნაშრომებშიცაა, სადაც ისინი საქმიან და პრაქტიკულ მიდგომას ამჟღავნებენ ზღვაოსნობისა და ქართული ნაოსნობის, სანაოსნო ტერმინოლოგიის მიმართ. აშკარაა, რომ ქართველი ენციკლოპედისტების საზღვაო ინტერესები და სვეტიცხოვლის საზღვაო თემატიკის ამსახველი ფრესკა ურთიერთკავშირშია განსახილველი, თანაც მაშინდელი საერთაშორისო პოლიტიკის ჭრილში. თანაც სწორედ ამ ეპოქაში, 1629წ. ევროპაში დაიბეჭდა გემთმშენებლობის პირველი სახელმძღვანელო, სადაც სხვადასხვა ტიპის ხომალდებია აღწერილი. ამ მხრივ საინტერესოა სულხან-საბა ორბელიანის ,,სიტყვის კონაში” დადასტურებული საქართველოს სანაოსნო ტრანსპორტის დახასიათება და სახელწოდებები, მათ შორის ქართულის _ ვარცლი, ორჩხომელი, ოლეჭკანდერი და სხვ.

სულხან-საბას, რომელიც მიჩნეულია ქართული სანაოსნო ტერმინოლოგიის პირველ მკვლევრად, ასევე ზღვაოსნობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მასალები აქვს თავმოყრილი თავის ,,მოგზაურობა ევროპაში,” რითაც ამ საკითხის კიდევ უფრო ფართო მასშტაბზე გადის.

საქართველოს ზღვაოსნობასა და ნავთმშენებლობას აღწერს და წარმოაჩენს ვახუშტი ბაგრატიონიც. მაგრამ ქართული ნაოსნობის შესახებ (XVII ს.) გაცილებით მეტი ცნობები უცხოურ წყაროებშია დაცული, რაც ამ კუთხითაც საქართველოსადმი მზარდი ინტერესის დასტურია. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოში მყოფი უცხოელების (იტალიელი კასტელი, ფრანგი შარდენი…) ინფორმაციები. მაგალითად, კასტელი აღწერს მცირე ზომის ქართული საზღვაო აფრიანი ნავის მშენებლობის პროცესს (რომელშიც სხვადსხვა დარგის ხელოსნები იყვნენ ჩართული) და რომელიც მან სამეგრელოში ლევან II დადიანის კარზე ყოფნისას ჩაიხატა. ამ ტიპის ნავს სათევზაოდაც იყენებდნენ და სტამბოლამდეც ჩადიოდნენ.

ბატისტა ანეზეს (XVIს.) საზღვაო ატლასის თანახმად სებასტოპოლისში (სოხუმი) ხის მთლიან მორებში ამოჭრილ სატვირთო ნავებს დიდი თანხის საფასურად აკეთებდნენ. ეს ცნობა 2007წ. გამოაქვეყნა რუსმა მეცნიერმა იგორ ფომენკომ მონოგრაფიაში: ,,მსოფლიო სურათი ძველი პორტოლანების მიხედვით: შავი ზღვისპირეთი XIII-XVIIსს.” მკვლევარს ზღვაოსნობასთან დაკავშირებული მდიდარი და მრავალფეროვანი მასალა აქვს მოხმობილი (ხომალდებისა და დროშების ჩათვლით). იგი ევროპელ მოგზაურთა პორტოლანების მიხედვით აღწერს და ახასიათებს საქართველოს უმნიშვნელოვანეს ნავსადგურებსაც, მისი სიტყვებით ,,ორ ქართულ ქალაქს” _ ,,ფასისს” (ფოთი) და ,,სევასტოპოლს,” ,,სებასტოპოლს” (სოხუმი). ი.ფომენკო ევროპელთა ამ ცნობებს არაბი ისტორიკოსის აბულფიდას სიტყვებით ამაგრებს, რომელიც სოხუმს ქართულ ქალაქს უწოდებს.

ზემოთ დაისვა საკითხი, თუ რა ვითარება იყო შავ ზღვაზე სვეტიცხოვლის ფრესკისა და მასზე აფრიანი ხომალდების გამოსახვის პერიოდში. როგორც მკვლევარნი აღნიშნავენ, შავი ზღვის ქართულ პორტებს კვლავაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. შესაბამისი წყაროებიდან და ლიტერატურიდან ჩანს, რომ ლევან II დადიანის სავაჭრო ხომალდები შავი ზღვის საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილეობდნენ იმ დროს, როდესაც უამრავი თურქული და სხვა ქვეყნის ხომალდი შემოდიოდა დასავლეთ საქართველოს პორტებში, რაც ევროპელთა მაშინდელ ნახატებშიც აისახა. მათივე ცნობების თანახმად კონსტანტინოპოლიდან სამეგრელოში ყოველდღე ხომალდები ჩამოდიოდნენ, რეგულარულად ევროპელი ვაჭრებიც შემოდიოდნენ.ამ მასალებიდანაც ჩანს, როგორი დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ ამ სიტუაციას ევროპელები.

ბათუმის, ფოთის, ბიჭვინთის ნავსადგურებიდან ადგილი ჰქონდა გემების ინტენსიურ და უწყვეტ მიმოსვლას რუმინეთთან და ბალკანეთის ქვეყნებთან, რომელთა შორისაც, როგორც ეს უკვე აღინიშნა, ქართული სავაჭრო გემებიც კურსირებდნენ. ქართულ ფლოტთან დაკავშირებით აღნიშნავენ შემდეგ უმნიშვნელოვანეს ფაქტსაც: ის იმდენად ძლიერი ყოფილა, რომ გასული საუკუნის 80-იან წლებში თავის მონოგრაფიაში თურქმა ისტორიკოსმა კირზიოღლუმ, რომელიც XVIს. 90-იან წლებში ქართველთა ზღვაოსნობას, მათ საბრძოლო ნავებს მაღალ შეფასებას აძლევს, აღნიშნავს: თურქებმა ტრაპიზონის აღებისთანავე (1461წ.) დაიწყეს საკუთარი ფლოტის შექმნა ზღვაზე ქართველებისგან თავდასაცავად.

სხვათა შორის, ტრაპიზონის საკითხიც, რაც საგანგებო აღნიშვნას ითხოვს, უმნიშვნელოვანესი ჩანს როგორც ქართველებისთვის, ისე თურქებისთვის. ამ მხრივ თურქები ფაქტობრივად ისევე მოქმედებდნენ, როგორც თავის დროზე იტალიელები.

იტალიური წყაროებიდან ცნობილია, რამდენად აკვირდებოდნენ ისინი (მანამდე კი ბიზანტია) ქართველებისა და ტრაპიზონელების სიახლოვეს არამარტო ტრაპიზონში, არამედ მთელი შავი ზღვის მასშტაბით და ყირიმშიც, სადაც ქართველების სავაჭრო კოლონიაც არსებობდა. რაც მთავარია იტალიელები ყველგან, შავი ზღვის მასშტაბით ქართველების გაღიზიანებას ერიდებოდნენ.

ამ ცნობების გათვალისწინებით გამოვთქვით მოსაზრება, რომ XIVს. იტალიელებმა თავისი კათოლიკური ცენტრი სმირნადან თბილისში, იმ ქვეყნისა და მეფის (გიორგი ბრწყინვალე) დედაქალაქში გადმოიტანეს, რომელშიც ყველაზე დიდი მეტოქე დაინახეს. თანაც იმ დროს, როდესაც ეგვიპტელი ალ-კალკაშანდის შეფასებით (XIV-XVსს.) გიორგის დროს ,,ქართველთა ქვეყანა დიდია, ის დიდებული სამეფოა… მასში ხელისუფლება მტკიცეა და მისი ძალაუფლება მყარი,” საქართველოს მეფე უძლიერესია: ,,ზღვათა და სრუტეების სამფლობელოთა განძის მფლობელი _ რუმისა და ირანს ქვეყანათა მფარველი, იონიელთა მემკვიდრე _ იერუსალიმის წმინდა ადგილების განმადიდიდებელი, ქრისტიანთა საყრდენი, რომის პაპის მეშველი. მუსლიმთა მეგობარი, _ სულტანთა უგულითადესი მეგობარი.

მხედველობაშია მისაღები, რომ ზღვათა და სრუტეების განძის მფლობელი ნიშნავდა შავი და ხმელთაშუა ზღვების დამაკავშირებელი გასავლელების კონტროლს, რისკენსაც თამარ მეფე მიისწრაფოდა (ბიზანტიის იმპერიის მემკვიდრეობაზე პრეტენზიის მქონე). აღნიშნული გარემოება გვიდასტურებს, რომ გიორგი ბრწყინვალე მისი ამ პოლიტიკის მემკვიდრე იყო.
მნიშვნელოვანია შემდეგი ფაქტიც. არსებობს იტალიური წყარო (XVს.), საიდანაც ირკვევა, რომ იტალიელები ქართველებსა და ტრაპიზონელებს ერთ ხალხად და სახელმწიფოდაც აღიქვამდნენ. ამიტომაც გენუის მმართველი დაინტერესებული იყო თავისი ქალიშვილის ტრაპიზონის იმპერატორ დავით კომნენოსზე დაქორწინებით, რომელიც დედის მხრიდან ქართველი მეფის ალექსანდრე I დიდის შვილიშვილი იყო. ამასთან დაკავშირებით იგი ერთ თავის წერილში აღნიშნავს, რომ ეს ქორწინება მას არაერთ სადავო საკითხს მოუგვარებს და კეთილგანწყობას მოუპოვებს ლევანტში.

აღნიშნული ცნობა სამეცნიერო მიმოქცევაში შემოიტანა ტრაპიზონის ისტორიის ცნობილმა რუსმა მკვლევარმა სერგეი კარპოვმა, რომელსაც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში საშუალება ჰქონდა ემუშავა ვენეციისა და გენუის არქივებში. მანვე ამ ხასიათის მასალების გათვალისწინებითაც გამოთქვა მოსაზრება, რომ XV საუკუნეში საქართველო არ იყო ეკონომიკურად ისე დაკნინებული, როგორც ეს ქართულ ისტორიოგრაფიაშია მიღებული, რასაც ვიზიარებთ. ამდენად, ოსმალების სიფრთხილე ქართველების მიმართ სავსებით გასაგები იყო. მათ მხოლოდ 1578წ. შეძლეს ფოთის, ბათუმისა და სოხუმის ნავსადგურების ხელში ჩაგდება, რითაც მძიმე დარტყმა მიაყენეს ქართულ ნაოსნობას.

ოსმალებმა გათიშე და იბატონეს ცნობილ ხერხსაც მიმართეს, როდესაც ზღვაოსნობით სახელგანთქმულ ქრისტიან ლაზებს გამაჰმადიანებული ლაზები დაუპირისპირეს. თუმცა როგორც საბერძნეთში ბერძნულ ენაზე გამოცემულ იანიდისის მონოგრაფიაშია ნათქვამი, შავსა და ხმელთშუა ზღვებზე ბერძნები და ლაზები საუკეთესო მეზღვაურებად რჩებოდნენ. ცნობილია, რომ ლაზ მეზღვაურებს იტალიელებიც ქირაობდნენ, როგორც საზღვაო საქმეების საუკეთესო მცოდნეებს.

ასე რომ, ზემოთ მოყვანილი მასალებისა და შესაბამისი ანალიზის საფუძველზე XVII საუკუნის სვეტიცხოვლის ფრესკის საზღვაო თემატიკა, აფრიანი ხომალდების ჩათვლით, საქართველოს საზღვაო ისტორიისა და ქართველების ზღვაოსნობასთან დაკავშირებული მასალების რიგში უნდა განვიხილოთ. რენესანსის პერიოდად აღიარებული XVII საუკუნის ჭრილში, როდესაც ისტორიისადმი დიდი ინტერესი საზღვაო საკითხებსაც შეეხო. მაგრამ ეს თემა მხოლოდ აღნიშნული ფრესკით არ შემოიფარგლება. ამ მხრივ სვეტიცხოველი სხვა ხასიათის ინფორმაციასაც გვაწვდის, რასაც საგანგებო სტატიას მივუძღვნით. აქ კი მხოლოდ მცირე ინფორმაციით შემოვიფარგლებით.

მხედველობაში გვყავს ამ ტაძრის ერთ-ერთ ფრესკაზე გამოსახული ისტორიული პიროვნება, რომლის წარმოშობა და შემდეგ უკვე ინტერესები, როგორც გავარკვიეთ, საქართველოს საზღვაო პოლიტიკასთანაც არის დაკავშირებული. ეს არის მარიამ დედოფალი (1605-1680/83) ქართლის მეფის როსტომის (1632-1658 წწ.) თანამეცხედრე. მარიამს XVII საუკუნის იმ საზოგადო მოღვაწეთა რიგში აყენებენ ეპოქის სახე რომ შექმნეს (სულხან-საბა და ვახტანგ VI). ამავე დროს იგი იმათ შორისაცაა ვინც სვეტიცხოველთანაა დაკავშირებული.

ცნობილია, რომ ქრისტიანმა დედოფალმა და ქართლის გამაჰმადიანებულმა მეფე როსტომმა ააშენეს არაერთი ქართული ეკლესია, შეაკეთეს სვეტიცხოვლის მიწისძვრისაგან ჩამოქცეული გუმბათი და ტაძარში სხვადასხვა ტიპის სამუშაოები წარმართეს. უფრო მეტიც, როსტომმა, რომელმაც შეინარჩუნა ,,ქართველობა,” რაც ქართული სოციალურ-ეკონომიკური სისტემის დაცვას ნიშნავდა, დააწყნარა ქვეყანა, ააღორძინა მეურნეობა. ისიც მრავლისმეტყველია, რომ მან ერთ-ერთი გამარჯვების შემდეგ მადლობა სვეტიცხოველს შესწირა.

მარიამი ფრესკაზე თავის ყრმა ძესთან ოტიასთან ერთადაა (1621/22-1645) გამოსახული, რომელიც მას პირველი ქორწინებიდან სვიმონ გურიელისგან ჰყავდა. მათი პორტრეტები სვეტიცხოვლის საზღვაო თემატიკის ამსახველ იმ ფრესკის სიახლოვესაა, რომელზეც აფრიანი ხომალდებია გამოხატული, რაც შემთხვევითად არ მიგვაჩნია. ასევე შემთხვევითი არ უნდა იყოს ანტიოსმალურ კოალიციაში ჩართული მარიამ დედოფლის მიერ სვეტიცხოვლის ტაძარში საზღვაო თემატიკის შემოტანა. 1646წ. სვეტიცხოველში დადასტურებულ ეპიტაფიაში (შვილის უდროოდ გარდაცვალებასთან დაკავშირებით) მარიამ დედოფალი თავს ასე წარადგენს: ,,ჩვენ ზღვათ მეფის დადიანის ასული დედოფალი.” ეს ცნობა მეცნიერთა მხრიდან ფაქტის კონსტატაციას არ გასცდენია. ამ დროს მისი ანალიზისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ მარიამი ლევან II-ის და იყო და ოდიშის მთავრის, მანუჩარ I (1590-1611) დადიანის ასული, რომელმაც ოსმალებს თავი იმითაც დაამახსოვრა, რომ გურიელს მხარში დაუდგა. მათ აჭარა ოსმალებს გამოსტაცეს და დაიბრუნეს. ამ პოლიტიკას აგრძელებდა ლევან II დადიანი, რომლის ინტერესებშიც ჩანს ტრაპიზინისადმი ქართული პოლიტიკის ტრადიციული დამოკიდებულებაც (ყველაზე დიდი წარმატებას თამარის დროს რომ მიაღწია), რაც, ცხადია ოსმალებს აღიზიანებდათ.

კიდევ ერთი ფაქტორია მხედველობაში მისაღები.
ხელოვნებათმცოდნეთა აზრით, მარიამ დედოფლისა და ოტიას პორტრეტები ევროპული დაზგური ფერწერის (ევროპული საპარადო პორტრეტის) გავლენას განიცდიან. ჯერ კიდევ XXს. 20-იან წლებში ,,დასავლური” ფერწერის გავლენა გორდეევმა სვეტიცხოვლის იმ ფრესკაზეც შეამჩნია, რომელიც განადგურებულია და დღეს აღარ არსებობს. ამდენად თამამად შეიძლება ითქვას, რომ XVII საუკუნისთვის ნიშანდობლივი ევროპეიზაციის პროცესი სვეტიცხოველსაც შეეხო.

ამის თაობაზე ჩვენ შემდეგი მოსაზრება გვაქვს. ვფიქრობთ, XVII საუკუნეში საქართველოში დაწყებული ევროპეიზაცია იმ სახით, რამაც განსაზღვრა ამ ეპოქის სახე, ერთგვარი რეაქცია უნდა ყოფილიყო 1453 წ. კონსტანტინოპოლისა და შემდეგ უკვე 1461წ. ტრაპიზონის იმპერიის დაცემაზე. შემთხვევითად არ მიგვაჩნია, რომ ქართველების მოწინავე ნაწილი, მათ შორის ვახუშტი ბაგრატიონი აანალიზებს ბიზანტიის იმპერიის დაცემის მიზეზებს და საქართველოს მდგომარეობას ახალ ვითარებასა და პირობებში. ნიშანდობლივია ისიც, რომ იგი თარგმნის ისეთ ნაწარმოებს, რომელიც 1453წ. კონსტანტინოპოლის აღებასა და მის შედეგებს ეხება. ასეთ ანალიზს (ბიზანტიისა და ტრაპიზონის იმპერიების დაცემის თაობაზე) იგი მის მიერ შეგროვილი მასალების საფუძველზეც აკეთებს და აღნიშნავს უარყოფით შედეგებს საქართველოსა და ზოგადად ქრისტიანული სამყაროსთვის. როგორც ეს ზემოთ აღინიშნა, უკვე მაშინ ქართველების მიერ ამ მოვლენისა და მისი შედეგების გააზრება ხდებოდა. ეს ჩანს XVIIს. ქართველი დიპლომატების საუბრებში ევროპაში ვიზიტების დროსაც, საიდანაც ირკვევა რამდენად სწორად აფასებდნენ ისინი კონსტანტინოპოლის დაცემის მიზეზებს.

ამ რთულ ვითარებაში ისტორიისადმი მზარდი ინტერესი იმითაც უნდა აიხსნას, რომ ის ეროვნული გრძნობების გაძლიერებას, ერში გამძლეობისა და წინააღმდეგობის უნარის ზდას იწვევდა. მით უმეტეს, როდესაც მთელი სიმწვავით იდგა საქართველოს მაჰმადიანური მარწუხებისგან გამოხსნა, რაშიც ევროპეიზაციას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს შეეხო შავ ზღვასაც, რომლის ისლამიზაციისა და თურქიზაციის პროცესი ასევე 1453 წ. ბიზანტიის იმპერიის დაცემას მოჰყვა. ასე რომ, თურქების მიერ კონსტანტინოპოლის აღებამ კატასტროფული შედეგები გამოიღო არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მაშინდელი მსოფლიოსთვის. ჩამოყალიბდა ახალი ურთიერთობები, ახლებურად გადანაწილდა ძალები. მხედველობაშია მისაღები დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიც, რასაც ბიძგი ასევე 1453 წლის მოვლენებმა მისცა. თავისთავად ის ფაქტი, რომ ამერიკა პირველად ქართველ ენციკლოპედისტებთან, კერძოდ სულხან-საბასთან, შემდეგ კი ვახუშტისთან ჩნდება, ქართველების ფართო გეოგრაფიულ თვალსაწიერსა და მსოფლიო მოვლენებისადმი ინტერესზე მეტყველებს.

ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთვის ევროპეიზაცია ნიშნავდა 1453 წლის შემდეგ შექმნილ მოვლენებთან გამკლავებასაც, რაც შესაბამის პოლიტიკასა და დიპლომატიურ სვლებს ითხოვდა. ამიტომ ბუნებრივი იყო საქართველოს აქტიურობა ანტიოსმალური კოალიციების შექმნის საქმეში, რასაც ადგილი ჰქონდა XV საუკუნიდან, კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ და მთელი XVI-XVII საუკუნეების მანძილზე. ცნობილია, რომ უკვე 1459წ., რომის პაპმა ქართველებს ანტიოსმალური კოალიციის შექმნის წინადადებით მიმართა. მის მიერ და ევროპელთა შემუშავებულ ანტიოსმალურ გეგმაში ირანი და საქართველო აქტიური სუბიექტები იყვნენ.

ქართულ ისტორიოგრაფიაში სამართლიანად მიიჩნევენ ანტიოსმალური კოალიციის გაფორმებად ირანის მიერ ქართლის ტახტზე დასმულ როსტომ მეფესა (ქართველ მეფეთა შთამომავლისა) და ოდიშის მმართველ ლევან II დადიანს შორის მოლაპარაკებებს. შედეგად 1634წ., შედგა ქორწინება როსტომ მეფესა და მარიამს (ლევან II-ის და) შორის. უკვე თანამედროვეთათვის ნათელი იყო ამ ქორწინების საერთაშორისო მნიშვნელობა და მიზანი, მათ შორის ოსმალთათვისაც, რომლებმაც არ დააყოვნეს და 1634 წელსვე საქართველოს საზღვაო სანაპიროები დაარბიეს. ამდენად ოსმალებისთვის ნათელი იყო, რომ ამ კოალიციაში ქართველების შავი ზღვის ინტერესებიც იდო.

მაგრამ რამდენად შეიძლება სვეტიცხოვლის აღნიშნული ფრესკა ასახავდეს ქართველების ანტიოსმალური კოალიციის განწყობასა და მარიამ დედოფალსა და ლევან II-ს შორის არსებულ ურთიერთკავშირსა თუ კოორდინაციას. მით უმეტეს, რომ ორივე ანტიოსმალურ კოალიციაში შედიოდა. პირველ რიგში ეს ჩანს წარსულისადმი დამოკიდებულებაში.

იტალიელი მისიონერი კასტელი, რომელიც ახლოს იყო ლევან II დადიანთან (თავის თავს ხელმწიფედ რომ მოიხსენიებდა) ოდიშის სამთავროს ,,კოლხეთის სამეფოს უწოდებს,” ლევანს ,,კოლხელ მთავარს.” ამით იგი კოლხური სამყაროსადმი მემკვიდრეობაზე მიანიშნებს, რაც ცხადია, ლევან II-გან მოდიოდა. ფაქტობრივად იმ ეპოქაზეა ლაპარაკი, როდესაც შავი ზღვის ერთ მონაკვეთს ძველ წყაროებში (სტრაბონი) ,,კოლხთა ზღვა” მოგვიანებით კი ,,ლაზთა ზღვა” და ,,მეგრელთა ზღვა” ეწოდებოდა. ,,მენგრალია,” ან ,,მეგრალიაა” ევროპულ საზღვაო რუკებზე _ პორტოლანებზე ლევან II დადიანის სამთავრო. ასეა თურქულ კარტოგრაფიაშიც.

წარსულთან კავშირის თვალსაზრისით საინტერესოდ გვეჩვენება სვეტიცხოველში დადასტურებული მარიამ დედოფლის პორტრეტიც. რამდენად ის ერთგვარ მსგავსებას ამჟღავნებს თამარის ვარძიის ფრესკასა და მასში ჩადებულ იდეასთან ამის დასაბუთებას სხვა ცალკე სტატიაში შევეცდებით. აქ მხოლოდ გაკვრით აღვნიშნავთ, რომ ამ გზით შესაძლებელია თამარის საზღვაო პოლიტიკასთან კავშირის დანახვა, რისი პროპაგანდისტიც ამ შემთხვევაში სვეტიცხოველია. ამ იდეას რომ თავისი ტრადიცია და ისტორია აქვს ეს ჩანს თუნდაც გიორგი ბრწყინვალის თაობაზე ზემოთ მოყვანილი ალ-კალკაშანდის ცნობიდანაც.

ჩვენი კვლევისთვის არაერთი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია და-ძმის, მარიამ დედოფალისა და ლევან II-ს ზოგად ქართული საქმიანობისადმი ერთგვაროვანი დამოკიდებულება და კოორდინაცია, რაც მათი საქართველოს ევროპეიზაციისადმი ასევე ერთგვაროვან მიდგომიდანაც ჩანს. მათი ეს კავშირი ირიბად სვეტიცხოველზეც აისახება.

ყურადსაღებია შემდეგი ფაქტიც. თუკი ანტიოსმალური კოალიციის წარმომადგენლები მარიამ დედოფალი და როსტომ მეფე სვეტიცხოველზე ზრუნავდნენ, ასევე ანტიოსმალური კოალიციის მონაწილე ლევან II დადიანი განსაკუთრებულ ყურადღებას იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მიმართ იჩენდა, სადაც მისი უხვი დაფინანსებით ნიკიფორე ირბახი საქმიანობდა (გუმბათის შეკეთება და სხვ.). ცნობილია, რომ იერუსალიმი ქართველებისთვის არა მარტო რელიგიური, არამედ პოლიტიკური ცენტრიც იყო და ევროპელებთან კონტაქტებისა და დიპლომატიური ურთიერთობების გზაც, რასაც მაშინდელი ქართველები გონივრულად იყენებდნენ. ისინი იმდენად დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ განათლებითა და ზნეობით, (ასევე ევროპელთა დახასიათებით როგორც ,,თავაზიანნი და კაცთმოყვარენი”), რომ იერუსალიმელ მართლმადიდებლებსა და პატრიარქს ნიკიფორე ირბახის პატრიარქად არჩევაც კი უნდოდათ.

და თუ სვეტიცხოველში მარიამ დედოფლის პორტრეტია, ჯვრის მონასტერში ერთ დროს ლევან II დადიანისა და ნიკიფორე ირბახის ფრესკული პორტრეტები დასტურდებოდა. ამასთანავე დღეს თუ ხელთა გვაქვს მარიამისეული ,,ქართლის ცხოვრება,” ლევან II დადიანის კარზე მოღვაწე მამუკა თავაქარაშვილის მიერ მოხატულია ,,ვეფხისტყაოსანი.”

კასტელი იმასაც აღნიშნავს, რომ ლევან II დადიანის საქმიანობა სცილდებოდა ოდიშის ფარგლებს და რომ მას სარგებლობა მოჰქონდა არა მხოლოდ თავის სამბრძანებელში, არამედ სხვა მრავალ მხარეშიც. როგორც ვხედავთ, ანტიოსმალური კოალიციის მასშტაბები დიდი იყო. მათი ძალისხმევით ის სულიერი და ინტელექტუალური, ასევე საერთაშორისო პოლიტიკისთვის აუცილებელი კონტაქტები სვეტიცხოველსა და ჯვრის მონასტერს შორის ქართულ საქმიანობას გაცილებით ქმედითს ხდიდა და მისი მოქმდების არეალს ზრდიდა. რაც მთავარია, ეს საქმიანობა ერთიანი საქართველოს იდეას ეფუძნებოდა. არ არის შემთხვევითი, სწორედაც რომ მარიამ დედოფლისა და როსტომ მეფის მემკვიდრედ შერჩეული ვახტანგ V შაჰნავაზი (1658-1675), მართალია მცირე ხნით, მაგრამ საქართველოს გააერთიანებს. ამავე დროს იგი საქართველოს ევროპეიზაციის ხელშემწყობი იყო, რითაც თავის წინამორბედთა საქმიანობას აგრძელებდა სხვადასხვა ძალასთან ბალანსირების პოლიტიკის გამოყენებითაც.

როგორც აღინიშნა, ანტიოსმალურ კოალიციაში ჩართულ ყველა ქვეყანას თავისი ინტერესები ამოძრავებდა, რაც ქართველებისგან დიდ ყურადღებასა და მოქნილობას ითხოვდა. ირანს სურდა ოსმალეთის დასუსტება და ქრისტიანული ქვეყნების გამოყენება ევროპულ სახელმწიფოებთან ურთიერთობისთვის, რაც მისი ევროპასთან სავაჭრო ინტერესებითაც იყო გაპირობებული. ევროპელებს პირველ რიგში სავაჭრო ინტერესები ამოძრავებდათ, ამიტომ არ არის შემთხვევითი, რომ ისინი ამ ხასიათის ცნობებთან ერთადად საინტერესო ინფორმაციას გვაწვდიან საქართველოში ევროპული ფულის ტრიალის თაობაზე. საქართველოს კი, რომელიც ამ დროს დაშლილი იყო სამეფო-სამთავროებად _ ,,საქართველოებად,” პირველ რიგში, მაჰმადიანური სამყაროსაგან გამოხსნა და ევროპასთან დაახლოება ესაჭიროებოდა. ასე რომ, ამ პოლიტიკაში შავი ზღვა მოვლენების ერთ-ერთი ეპიცენტრი და დაპირისპირების ასპარეზი იყო, რაც ამ კუთხითაც საინტერესოს ხდის ლევან II დადიანისა და მარიამ დედოფლის პოლიტიკურ კავშირს.

ზემოთ გაკვრით ითქვა, რომ ქართული დიპლომატია ახალ ვითარებასა და პირობებში, ძირითადად ევროპის ქვეყნებს (კახეთი სამეფო კი რუსეთს) ანტიოსმალური კოალიციით კიდევ უფრო დაინტერესების მიზნით კონსტანტინოპოლისა და იერუსალიმის გამოხსნას სთავაზობდა, რისთვისაც მათ ,,ახალი რომის,” ანუ ბიზანტიის მემკვიდრეობის იდეას უცნობიერებდნენ. უფრო მეტიც, კონსტანტინოპოლის ასაღებად სამხედრო დახმარებასაც პირდებოდნენ. ქართველები ამ გეგმით მანიპულირებას საერთაშორისო ვითარებაზე დაკვირვების შედეგადაც ახდენდნენ. ეს ეხებოდა ოსმალეთსაცრომელიც მაშინ საქართველოსთვის ყველაზე დიდ საშიშროებას წარმოადგენდა. ამაში ტყვის სყიდვაც იგულისხმებოდა, რომელიც მაჰამდიანური გარემოცვის ერთ-ერთ შედეგს წარმოადგენდა. ნიშანდობლივია, რომ ასევე 1453 წლიდან ოსმალეთი ტყვის სყიდვის მთავარი ორგანიზატორი ხდება, რომლის მასშტაბები XVI-XVIII წწ. განსაკუთრებით იზრდება. ამავე ეპოქაში, XVII ს. ოსმალეთის გზით შემოდის და საერთაშორისო ასპარეზზე მკვიდრდება ,,ყარა დენიზი”, რაც თურქულად შავ ზღვას ნიშნავს (ასეთი დეფინიცია ამ ზღვას ადრეც ჰქონდა სხვადასხვა ხალხის ენებში, მაგ., სპარსულ-არაბული ,,ბაჰრ-ე სიაჰი”). შავი კი გარდა კონკრეტული ფერისა ნიშნავს საშინელს, სახიფათოს, ულმობელს. არ გამოვრიცხავთ, რომ ამ სახელის დამკვიდრება განაპირობა შავ ზღვაზე არსებულმა ვითარებამაც. ამ მხრივ ის ერთგვარ ასოციაციას იწვევს ბერძნულ სახელწოდება ,,პონტო ავქსინოსთან” (არასტუმართმოყვარე ზღვასთან), რაც ასევე შავი ზღვის ისტორიითა და იმ დროს შექმნილი სირთულეებით იყო გაპირობებული.

ანტიოსმალური კოალიციის ქართველ წარმომადგენლებს, ისევე როგორც ოსმალებს კარგად ესმოდათ, რომ შავ ზღვაზე გაბატონებასა და თავისი სოციალურ-ეკონომიკური სისტემის დანერგვას ისინი ვერ შეძლებდნენ ერთიანი საქართველოს არსებობის პირობებში, ამიტომაც მისი დაშლილობა აწყობდათ. მაგრამ ოსმალები შავ ზღვაზე თავს მაინც მშვიდად არ გრძნობდნენ. მით უმეტეს ისეთი გონიერი და მოქნილი პოლიტიკოსის დროს, როგორიც ლევან II დადიანი (1611-1657) იყო, როსტომ ქართლის მეფის (1632-1658წწ.) მოკავშირე, რომელთა უკანაც ირანი იდგა, ოსმალების მთავარი მტერი. თუმცა საბოლოოდ ქართველების ამოცანა ირანთან გამკლავებაც იყო, რისთვისაც ქართული დიპლომატია ტრადიციულად, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე დიდ სახელმწიფოთა შორის არსებულ წინააღმდეგობებს, ასევე მათ ქვეყნებში შიდა დაძაბულობებს ოსტატურად იყენებდა. ასეთ დროს, მათთვის ხელსაყრელ მომენტში, ქართველები შავ ზღვაზეც იწყებდნენ აქტიურობას. ამ მხრივ მრავლისმეტყველია საქართველოდან ოსმალების მიერ მათი სულთნისადმი გაგზავნილი არზა, სადაც ნათქვამია, რომ ისინი ქართველების ,,ჩეთეს” ტიპის ნავებს ვერაფერს აკლებენ და ამიტომ ზღვიდან დახმარებას ითხოვენ: ,,თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ურწმუნოები ისე გათავხედდნენ, რომ ალაჰის შვილებს ზღვის სანაპიროზე არ გაესვლებათ.”

საქმე ის არის, რომ ლევან II დადიანი არსებული რეალური ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც 1453 წლის შემდეგ შავი ზღვა ,,ოსმალთა ტბად” გადაიქცა, მოქნილად მოქმედებდა. იგი ოსმალებს ხან ებრძოდა, ხან ეფერებოდა, ხანაც სხვისი ხელით უტევდა. პიეტრო დელა ვალეს სიტყვებით, ქართველები თავისუფლებას იმდენად უფრთხილდებიან, რომ ოსმალებს არასოდეს აძლევენ მათს ქვეყანაში შესვლის, არც იქ მბრძანებლობისა და არც სხვა ქვეყანაზე თავდასასხმელად თავიანთ სამთავროებში ჯარის გატარების უფლებას.45

როგორც აღინიშნა, ქართველებისთვის ანტიოსმალური კოალიცია ევროპასთან დაახლოებასაც ნიშნავდა. იმ დროს, როდესაც სვეტიცხოველში იხატებოდა მარიამ დედოფლის პორტრეტი დასავლური ფერწერის სტილში, ხოლო თავად იგი სვეტიცხოველის საშუალებით საზღვაო თემატიკას პოპულარიზაციას უწევდა, ლევან II დადიანი ძალისხმევას არ იშურებდა შავ ზღვაზე პოზიციების გასაძლიერებლად, რაც ევროპასთან დამაკავშირებელი გზაც იყო. მისი დიდი სურვილი იყო ოდიშის სამთავროს შავი ზღვის საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართვა, ევროპელი ვაჭრების ოდიშში დასახლება.

ამ პოლიტიკაში მის მრჩევლად და საგარეო პოლიტიკის წარმმართველად ნიკიფორე ირბახს (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი) მიიჩნევენ, თავისი დროის ერთ-ერთ უგანათლებულეს პიროვნებას, ევროპული და აღმოსავლური ენების მცოდნეს, ევროპაში ნამყოფს (იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი) და ევროპულ ქვეყნებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილების მქონე დიპლომატს. ცნობილია მისი წვლილი რომში იტალიურ-ქართული ლექსიკონის შექმნისა და გამოცემის საქმეშიც (1629წ). ნიკიფორე ირბახის გამოცდილებასა და ავტორიტეტს, ვისაც ევროპელების ცნობით ხალხი დიდ პატივს სცემდა, ოდიშის მთავრისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პოლიტიკის რეალური ხედვისთვის.

mariam dadiani

მარიამ დადიანი, ქართლის დედოფალი. კასტელის მიერ შესრულებული პორტრეტი

ნიკიფორე ირბახმა, ევროპეიზაციის პოლიტიკის ერთ-ერთმა გამტარებელმა, მარიამ დადიანსა და როსტომ მეფეს შორის ქორწინებისა და შესაბამისად ანტიოსმალური კოალიციის მხარდამჭერმა და ერთ-ერთმა შემოქმედმა, ხელი შეუწყო ევროპელი მისიონერების შემოსვლას ოდიშში, ვისთანაც მთავარ ლევან II-ს, ამ მისიონერების ცნობით, ხშირი და საქმიანი ურთიერთობები ჰქონდა.რამდენად მისიონერები დიდ შეფასებას აძლევენ დასავლური ორიენტაციის ლევან II-ს, მათი სიტყვებით, როგორც თავიანთ მფარველსა და ბრძენ მმართველს, ევროპელთა მიერ დატოვებული არაერთი ცნობიდან გამოსჭვივის. ასეთივე მაღალ შეფასებას აძლევდნენ ნიკიფორე ირბახსაც, როგორც მრავლის მნახველსა და პოლიტიკაში კარგად გარკვეულ პიროვნებასაც. კასტელმა ორივეს, ლევან II დადიანისა და ნიკიფორე ირბახის პორტრეტები დახატა ინდივიდუალური პორტრეტისთვის ნიშანდობლივი შტრიხებით.

ამდენად, სვეტიცხოველში დადასტურებული მარიამისა და მისი ყრმა ვაჟის ოტიას პორტრეტები შესრულებული ევროპული მხატვრული ტრადიციების სტილში, საზღვაო თემატიკის ამსახველი ფრესკა აფრიანი ხომალდებითა და ქართული დროშებით, ასევე ზემოთ აღწერილი ეპიტაფია ურთიერთკავშირშია განსახილველი. რაც მთავარია XVII საუკუნის ევროპეიზაციის საერთო კონტექსტში, წარსულსა და თანადროულ ვითარებასთან, ეპოქის ახალ გამოწვევებთან კავშირში. ეს გამოწვევები სვეტიცხოვლის საზღვაო თემატიკის ამსახველ ფრესკაშიც ჩანს, სხვადასხვა ხასიათის სიმბოლოებსა და ფრესკისთვის ნიშანდობლივ დრამატიზმში. საშიშ სამყაროსთან დაპირისპირება, ვფიქრობთ, ორ აფრიან ხომალდშიც უნდა დავინახოთ და მათზე გამოხატულ ქართულ დროშებშიც.

რა გვაქვს მხედველობაში.

კერძოდ, რამდენად შეიძლება ამ ფრესკის საერთო ატმოსფერო აღვიქვათ, როგორც 1453 წლის ტრაგიკული მოვლენების გამოძახილი, რომლის შედეგადაც, კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ შავ ზღვას ისეთი ძალა დაეუფლა, რის გამოც მას ,,ოსმალთა ტბა” უწოდეს. ეს ძალა განსაკუთრებით საშიში გახდა შავი ზღვის სანაპიროზე მცხოვრები ქართველებისთვის. საკითხს ასე თუ დავსვამთ, მაშინ აფრიანი ხომალდები ქართული დროშებით ქართული საზღვაო პოლიტიკის სიმბოლურ განსახიერებად უნდა მივიჩნიოთ, ეროვნული ხაზის გატარებად შექმნილ ვითარებაში, დაპირისპირებად თურქულ ექსპანსიასთან, რომელსაც 1453 წლის შემდეგ აქვს ადგილი.

ნიშანდობლივია, რომ XVII-XVIII საუკუნეებში საქართველოს წარსულთან დაკავშირებული საზღვაო თემები, როგორც მტერზე გამარჯვების ფაქტორი აქტუალური ხდება. შემთხვევით არ ჩნდება ამავე პერიოდში შავი ზღვის აღმნიშვნელი ,,დავითის ზღვა”, დაკავშირებული დავით აღმაშენებლის სახელთან.

თეიმურაზ ბაგრატიონის ეროვნული სულისკვეთების პიესაში ,,სამსახეობა რაინდისა”, რომელშიც დავით აღმაშენებლის გამარჯვებებია აღწერილი, ,,დავითის ზღვა” (,,შავი ზღვა”) და ,დარუბანდის ზღვა” (,,კსპიის ზღვა”), უდიდეს როლს ასრულებენ მის წარმატებულ ბრძოლებსა და პოლიტიკაში, დავითის ზღვა კი მტერთა მშთანთქმელია. XVII საუკუნის ერთ-ერთ რუკაზე კასპიის ზღვის ,,გურჯისტანის ზღვად” მოხსენიება, მკვლევართ აფიქრებინებს იმ ეპოქაზე, როდესაც საქართველო შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე იყო გადაჭიმული. 

დაკვირვებას ითხოვს ქართლის სამეფოს გერბიც (1672წ.), რომლის ქვედა ნაწილის წყლის სივრცე, სვეტიცხოვლის საზღვაო ფრესკის ერთგვარ პატარა მოდელს გვაგონებს. ამ თვალსაზრისით აღნიშნული გერბი ჩვენი მომავალი კვლევის საგანია.[[[[

რაც შეეხება სვეტიცხოვლში დადასტურებულ ქართულ დროშებს, ისინი ეროვნული იდეოლოგიისა და ინტერესების სიმბოლოც არის და ქართული ნავიგაციის დადასტურება ოსმალეთის აგრესიული პოლიტიკის პირობებში, ასევე ამ პოლიტიკასთან დაპირისპირების სიმბოლო. ქართულ დროშები კიდევ უფრი დიდი დატვირთვას იძენდნენ საქართველოს დაშლილობის ხანაში. ასე იყო XVII საუკუნეშიც. ამ შემთხვევაშიც, დროშების გამოსახვას საქართველოს მთავარ საკათედრო ტაძარში, იმ ტაძარში, რომელიც ერის ერთიანობის სიმბოლოდაა მიჩნეული, გარდა ეროვნული მუხტისა და ერის ერთიანობისკენ მოწოდებისა, გამამხნეველი, იმედის მომცემი ფუნქციაც აქვს.

ქართული ელჩობები, რომლებიც ევროპაში დადიოდნენ ანტიოსმლურ კოალიციასთან დაკავშირებული დიპლომატიური მოლაპარაკებების მიზნით, ევროპის მმართველ წრეებს სხვადასხვა ინფორმაციას აწვდიდნენ (რაც ევროპულ არქივებში ინახება) ქართველების ისტორიის, გეოგრაფიის, მათი გარემოცვისა, მეურნეობისა თუ წეს-ჩვეულებების შესახებ. ისინი მათ ქართულ დროშასაც აღუწერდნენ, როგორც, მაგალითად, ესპანეთის სამეფო კარზე (XVIს. 90წწ.) ყოფნისას: ,,იმ მრავალ დროშათა შორის, რომლებიც ომში მიაქვთ, ქართველთა მეფის დროშა ჩვეულებრივზე უფრო მდიდარია და ლამაზი. ის გაკეთებულია ოთხი განის თხელი წითელი ქსოვილისაგან, ოქროთი მდიდრულად მორთული ულამაზესი ჯვრით, ყოველ განზე ორნამენტებით მორთული უძვირფასესი ქვებით და მარგალიტებით, მწვერვალზე გამოხატულია მეფის გვირგვინი.” 

ფაქტობრივად ეს ის დროშაა, რომელიც სვეტიცხოვლის ფრესკის გემებზეა გამოსახული. მაგრამ ეს ის დროშაცაა, რომელიც ევროპელთა საზღვაო რუკებზე, პორტოლანებზე გვხვდება, სადაც ყველაზე ხშირად ლევან II-ის უძლიერესი სამთავროა წარმოჩენილი. ამდენად ასეთი კვლევით ჩვენ სვეტიცხოვლის დროშების მხოლოდ აღწერით მხარეს ვცდებით და პარალელს ვავლებთ სვეტიცხოვლის საზღვაო თემატიკის ამსახველ ფრესკასა და ევროპულ რუკებს შორის, რაც საკითხს ახალი კუთხით ხსნის. ეს კი სვეტიცხოვლის ფრესკის ახლებური ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ასევე ამ ფრესკისა და სვეტიცხოვლის სხვა მასალების მიხედვით (გაკვრით ეს ზემოთ ითქვა) შეიძლება ვილაპარაკოთ მარიამ დედოფალსა და ლევან II-ს შორის საზღვაო საკითხში არსებულ ურთიერთკოორდინაციაზე.

ამ მხრივ, ისევე როგორც ევროპეიზაციის თვალსაზრისით საინტერესოა სხვა მასალაც. სვეტიცხოვლის აღნიშნულ ფრესკაზე, მის ოთხივე ზედა კუთხეში მოთავსებულია ქარის პერსონიფიცირებული სიმბოლიკა. ეს ის სიმბოლოებია, რომლებიც ანტიკური ხანიდან მთელს მსოფლიოშია გავრცელებული და მათ შორის საქართველოშიც, სადაც ,,ოთხნი ქარნი ცისანი” იყოფოდა ,,ქარი ჩრდილოის,” ,,სამხრის,” ,,დასავლისა” და ,,აღმოსავლისა.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულ ევროპულ რუკებზე, გარდა აღნიშნული დროშებისა, ევროპული რუკებისთვის ნიშანდობლივი ქარის ანალოგიური სიმბოლიკაცაა. გამომსახველობითი თვალსაზრისით, რაც ჩვენი კვლევისთვის უმნიშვნელოვანესია.

რა გვაქვს მხედველობაში. ისინი წმინდა ევროპულია და ისეთივეა, როგორიც სვეტიცხოვლის ფრესკის ქარის სიმბოლიკა, რომელიც ამ ტაძარზე ევროპეიზაციის პროცესის ასახვის კიდევ ერთი დასტურია. როგორც ეს უკვე აღინიშნა, ასეთი ევროპული რუკები ყველაზე დიდი რაოდენობით ოდიშის სამთავროსთან დაკავშირებითაა შედგენილი, ხოლო მათი უმრავლესობა ლევან II დადიანის მმართველობის ხანაზე მოდის. თუ მხედველობაში მივიღებთ ლევან II-ის საზღვაო პოლიტიკასა და მის სიძლიერეს, რასაც ანგარიშს უწევდნენ არა მარტო ევროპელები, არამედ ოსმალებიც, გასაგებია ევროპელთა ინტერესები ოდიშის სამთავროს მიმართ, რომლის სტრატეგიული მნიშვნელობა (ზღვასთან მდებარეობის გამოც), გაცნობიერებული ჰქონდათ. მით უმეტეს, რომ მათ პორტოლანებზე, მაგალითად დე ვიტას რუკაზე შავ ზღვას ..Mare Mengreliae,” ანუ ,,მეგრელთა ზღვა” ეწოდება. ასეა XVIIს. თურქულ კარტოგრაფიაში. თურქები კი როგორც ცნობილია ასევე დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ შავ ზღვაზე შექმნილ ვითარებას. 

მოყვანილი მასალებისა და ანალიზის საფუძველზე კიდევ ერთხელ უნდა ითქვას (და თავისთავად რამდენად მნიშვნელოვანია ფაქტი), რომ ევროპელთა მიერ შედგენილი აღნიშნული რუკები პარალელს პოულობენ სვეტიცხოვლის ფრესკასთან. ეს ის ახალი ხედვაა და მიდგომა, რაც რასაკვირველია ახლებურად სვამს აღნიშნული ფრესკის შესწავლისა და შინაარსის გახსნის პრობლემას. ასევე დგება ამ მიმართულებით კვლევის გაგრძელების აუცილებლობის საკითხი. გარდა XVII საუკუნისთვის ნიშანდობლივი ტენდენციებისა (წარსულთან მიბრუნება, ევროპეიზაციის პროცესები და სხვ.), რაც სვეტიცხოვლის ჩვენ მიერ განხილულ საზღვაო თემატიკის ამსახველ ფრესკებზეც აისახა, ჩვენი თვალსაზრისით, ეს ფრესკა ანტიოსმალური კოალიციის გაფორმებადაც შეიძლება მივიჩნიოთ. ეს კი საბოლოოდ ნიშნავდა ქვეყნის მაჰმადიანური გარემოცვისგან გამოხსნასა და მისი მომავლის ევროპასთან დაკავშირებას.

უმნიშვნელოვანესია, რომ ამ იდეების წარმოჩენა საქართველოს მთავარ საკათედრო ტაძარში აქვს ადგილი, რომელიც ყოველთვის ერისა და ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოს წარმოადგენდა, ამ იდეის პოპულარიზაციის ქმედით საშუალებას. ასე რომ, მართლდება ჩვენი მოსაზრება, როდესაც ზემოთ აღნიშნული ფრესკა წარსულის ტრადიციების განახლებას, საშინაო და საერთაშორისო ვითარებას, 1453 წლის შედეგებს, ევროპეიზაციის პროცესებსა და ანტიოსმალურ კოალიციას დავუკავშირეთ, რაშიც საზღვაო საკითხებიც ვიგულიხმეთ და საქართველოს საზღვაო ინტერესებიც.

ამგვარად, აფრიანი ხომალდები ქართული დროშებით, გარდა იმ მნიშვნელობისა და დატვირთვისა, რაზეც ზემოთ გვქონდა ლაპარაკი, საქართველოს, შავ ზღვასა და საერთაშორისო პოლიტიკაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასაც ასახავენ. დროშები ერთგვარ გზამკვლევს წარმოადგენენ, გასაღებსაც კი ამ უნიკალური ფრესკის გაგებისა და შემდგომი სამეცნიერო კვლევისთვის, რაც საქართველოს ისტორიას გაამდიდრებს, ხოლო ქართულ მეცნიერებას არაერთ სიახლეს შესძენს. ასევე მნიშვნელოვანია რომ ევროპასთან ურთიერთობის (თანაც სხვადასხვა კუთხით) აქამდე უცნობ ფაქტებსაც გამოავლენს.

ასეთი მიდგომა კიდევ უფრო საინტერესოდ აამეტყველებს სვეტიცხოვლის საზღვაო თემატიკის ამსახველ უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვან საზღვაო ფრესკას.

საბოლოოდ სვეტიცხოველთან დაკავშირებულ კვლევას მონოგრაფიის სახე მიეცემა.

კრებული ქართველოლოგია, 4, თბილისი, 2016.

аналитика
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати