USD 2.7127
EUR 3.1386
RUB 3.3552
Tbilisi
აფხაზი ექიმი ზურაბ აჩბა: ჩვენ ბედის ანაბარა ვართ მიგდებული და დახმარებას არ უნდა დაველოდოთ. თვითონვე უნდა დავიცვათ თავი
Date:  3061

გულრიფშის რაიონის ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, საქართველოს სამედიცინო ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა ზურაბ აჩბამ საკუთარი “ფეისბუკგვერდზე”, კორონოვირუსის ინფექციის საფრთხეზე ვრცელი საჯარო სტატუსი გამოაქვეყნა. იმავე გვერდზე ამ სტატუსს ბევრი აფხაზი გამოეხმაურა, ბევრმაც გაიზიარა და ყველამ სწორედ მისი ე.წ. ჯანმრთელობის დაცვის მინისტრობა ინატრა დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკაში. გთავაზობთ ზურაბ აჩბას სტატუსის თარგმანს:

“SOS!
როგორ ებრძვიან აფხაზეთში კორონავირუსს? – არანაირად არ ებრძვიან! საარჩევნო უბნების ყველა ფოტო და ვიდეომასალა დავათვალიერე და ეს არის ჩვენი სრული მარცხი. დამკვირვებელი თუ ამომრჩეველი, ყველა უნიღბოდ და უხელთათმნოდ იყო, არც მაგიდებზე იდგა სადეზინფექციო ხსნარები, ადამიანები ერთმანეთს ეხვეოდნენ და კოცნიდნენ. თქვენ რა, შეიშალეთ? ვინც კარანტინზე არის პასუხისმგებელი, ყველა უნდა გაასამართლო, სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი კი უნდა გაასამართლო იმისთვის, რომ თავისი დამკვირვებლები ყველა აუცილებელი აღჭურვილობით არ მოამარაგა. ჩემი პატივისცემა მინდა გამოვხატო მოსკოვის საარჩევნო კომისიისა და ორგანიზატორებისადმი – ყველას ეკეთა ნიღაბი და ეცვა ხელთათმანი. საერთოდ რა ხდება?! საზღვრები თითქოს დაკეტილია, არადა, სინამდვილეში, ვებ-კამერებით სრულიად საწინააღმდეგოს უყურებ. იქ მანქანები თითქმის არ არის, აქ კი – კილომეტრიანი რიგია.

ბევრი რუსი ვიცი, ვინც ვირუსისგან თავის დასაცავად აქეთ ჩამოდის.საქართველოს საზღვართანაც თითქმის იგივე ხდება. სამედიცინო დაწესებულებები ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშეა, არაფერი არის – არც ნიღბები, არც სადეზინფექციო ხსნარები და არც სპირტი. ქაღალდზე ყველაფერია, სინამდვილეში კი – არაფერი. ბანალურ მაგალითს მოვიყვან: გუშინწინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში შემოვიდა ავადმყოფი ქალი გრიპის ნიშნებით. მანამდე მან ქირურგიული მკურნალობა ჩაიტარა საქართველოში და სამი დღის წინ დაბრუნდა უკან. საავადმყოფოში მოსულ ქალს ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, მშრალი ხველა და საერთო სისუსტე. მორიგე ექიმებმა ოპერატიულად აცნობეს ეს ამბავი ეპიდსამსახურს, რათა კორონავირუსზე ანალიზი გაეკეთებინათ, ამის პასუხად კი მიიღეს, – შაბათ-კვირას არასამუშაო დღეებია და ორშაბათს მოვიდესო. ქალი შინ გაბრუნდა.

შტაბი საერთოდ არ მუშაობს.
ნორმალურ სახელმწიფოში არჩევნებს გადადებდნენ, ყველა საარჩევნო უბანს დახურავდნენ, გადადებდნენ ქორწილებს, არ მივიდოდნენ პანაშვიდებზე, აკრძალავდნენ მასობრივ ღონისძიებებს, დახურავდნენ ბაზრებს, სასტუმროებს, რესტორნებს, საერთო სასადილოებს, მაღაზიებს (გარდა აფთიაქებისა და სასურსათოებისა), საზოგადოებრივ ტრანსპორტს დროებით გააჩერებდნენ, აუცილებელი საჭიროების გარდა, ადამიანებს ქუჩაში სიარულს აუკრძალავდნენ, ყველაფრის გასაკონტროლებლად ქუჩაში ჯარსა და მილიციას გამოიყვანდნენ და კიდევ… შეიძლება მთელი დღის განმავლობაში განვაგრძო ჩამოთვლა.


ჩვენთან მსგავსს არაფერს აკეთებენ. გადახედეთ მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს – მსოფლიოს ყველა ქალაქი დაცარიელებულია, ქუჩებში ადამიანს ვერსად დაინახავთ, ყველაფერს ჯარი და პოლიცია აკონტროლებს. ნუთუ ფიქრობთ, რომ დედამიწაზე ყველაზე ჭკვიანები ჩვენ ვართ, რადგან ამ მოთხოვნებს არ ვასრულებთ? ჩვეულებრივ ვიქცევით, არა? – ეგებ და, დავუძვრეთ! გარწმუნებთ, ვერ დავუძვრებით. 

რატომ არის ყველაზე დიდი აფეთქება იტალიაში? – იმიტომ, რომ ზუსტად ჩვენნაირი მენტალიტეტი აქვთ – მოუწესრიგებლები არიან და კანონს არ ემორჩილებიან. 

დღეს ხელისუფლებაც კი არ გვყავს. სრული ქაოსი გვაქვს და იმიტომ მოგმართავთ თქვენ – აფხაზეთის მოსახლეობას. ჩვენ ბედის ანაბარა ვართ მიდგებული და დახმარებას არ უნდა დაველოდოთ.

თვითონვე უნდა დავიცვათ თავი, თორემ მერე გვიანი იქნება.გთხოვთ, საჭიროების გარეშე შინიდან ნუ გამოხვალთ, არ იაროთ რესტორნებში, კაფეებში, ქორწილებში, დაკრძალვებზე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ორ ადამიანზე მეტიერთად ნუ დადგებით, არ იაროთ სამსახურებში (სამედიცინო პერსონალისა და ძალოვნების გარდა), ვისაც სოფლად სახლები გაქვთ, სასწრაფოდ გაემგზავრეთ (იქ სუფთა ჰაერი და ნაკლები ადამიანი იქნება), არ იუხერხულოთ ქუჩაში ნიღბით სიარული, ქუჩიდან შინ შესვლისთანავე საპნით დაიბანეთ ხელები და სპირტის შემცველი ხნარებით გაიწმინდეთ, ყოველ საათში სვით ცხელი სასმელები, ჭამეთ ნიორი და მწვანილი (რაც ვიტამინებს შეიცავს).

ძალიან გთხოვთ, ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი. ავადმყოფობა არც ეროვნების მიხედვით აირჩევს, არც მოხდენილობის, არც მენტალიტეტის, არც სინდისის, არც სირცხვილის, არც შესაძლებლობებით, იგი ყველას შეეხება.
საკუთარი თავი თუ არ გებრალებათ, თქვენი შვილები და ახლობლები შეიცოდეთ. ნუ დაიმედდებით, რომ თუკი ამ ელემენტარულ წესებს არ შეასრულებთ, მაინც გამოუძვრებით. ვერ გამოუძვრებით.
პანიკა სულაც არ არის საჭირო, მაგრამ იცოდეთ, ვირუსმა უკვე ჩვენამდეც მოაღწია, მთავარია, მას ღირსეულად შევხვდეთ.
ყველას ჯანმრთელობასა და საღ გონებას გისურვებთ!"

society
მეუფე შიო - განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება

მხოლოდ გულმოწყალე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას, ღირსი გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს ქადაგების დროს განაცხადა.

მიტროპოლიტის თქმით, ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს...

მისივე განცხადებით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო და არც არასდროს მოაკლდება“.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს, რომელიც დაემთხვა ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენებას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

გადმოგცემთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას და კურთხევას.

დღეს წაკითხული იყო იგავი სახარებიდან მდიდარსა და ლაზარეზე. ეს ორი ადამიანია, ორი სახეა წარმოდგენილი ჩვენ წინაშე. მდიდარს საერთოდ არ ენაღვლებოდა, რომ მის კართან იწვა მძიმე ავადმყოფი და გლახაკი, სრულიად გულგრილი იყო მისი ბედისადმი. ლაზარე კი ძალიან მოკრძალებული იყო. მას ის კი არ უნდოდა, რომ მდიდრის სუფრიდან ლანგრით მიეტანათ მისთვის საჭმელი, არამედ იმას ნატრობდა, რომ ძირს დაცვენილი ნამცეცი მაინც შეხვედროდა. იმდენად ავად იყო, რომ სიარულიც კი არ შეეძლო. ამ მდიდარს ეს ამბავი სრულიად არ აღელვებდა, ის იმდენად გართული იყო თავისი ნადიმებით და ფუფუნებით. გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, ღარიბი აღმოჩნდა აბრაამის წიაღში, მდიდარი კი - ცეცხლოვან გეენიაში, ჯოჯოხეთში.

რატომ მოხდა ასე? რაზეა ეს იგავი, საერთოდ?

ეს იგავი არის მოწყალებაზე. ასე იმიტომ მოხდა, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ ღმერთი არის მოწყალე. მხოლოდ გულმოწყალე, მოწყალე გულის მქონე ადამიანმა შეიძლება დაიმკვიდროს სასუფეველი. ვერცერთი ულმობელი, ვერცერთი უსიყვარულო, სასტიკი, ბოროტი ადამიანი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს, რაგინდ ბევრი დამსახურება ჰქონდეს ამ დედამიწაზე, იმიტომ რომ ცათა სასუფეველი არ არის ის, რაც გაიცემა რაღაც დამსახურებების სანაცვლოდ, არამედ ცათა სასუფევლის დამკვიდრებისთვის საჭიროა, ისე მოვალბოთ ჩვენი გული, რომ მასში შემოვიდეს სულიწმინდის მადლი, რომელიც ფერს უცვლის ადამიანს და ხარბიდან გადააქცევს ხელგაშლილად, ამპარტავნიდან - თავმდაბლად, შურიანიდან - მოსიყვარულედ, ნაყროვანიდან - მმარხველად და ა. შ. არცერთი ულმობელი ადამიანისთვის, ვინც არ არის მოწყალე გულის მქონე, ეს ფერისცვალება შესაძლებელი არ არის. ვერ მოხდება ეს სასწაული მის სულში. ვიმეორებ: რატომ? - იმიტომ, რომ ასეთი ადამიანის სულში სულიწმინდის მადლი ვერ შემოდის.

ამიტომ მთელი ცხოვრება უნდა იღვაწოს ადამიანმა ქმედით სიყვარულში, რომ ეს ლმობიერება და მოწყალება ისწავლოს. სწორედ ამაზეა დღევანდელი იგავი, რომ ვისწავლოთ ეს თვისებები, ეს სათნოებები და ჩვენი ცხოვრების შედეგად ამ მდიდრის მსგავსად არ აღმოვჩნდეთ ცეცხლოვან გეენიაში, არამედ მოვემზადოთ მარადისობასთან შესახვედრად. ეს ცხოვრება იმისთვის გვაქვს მოცემული, რომ ღირსეულად მოვემზადოთ მარადისობაში გადასვლისთვის, როცა იქნება სამსჯავრო ჩვენი, როცა წარვდგებით სამსჯავროზე. თუმცა სამსჯავრო არის მთელი ცხოვრება, ადამიანი ამ ცხოვრებაშივე გამოუტანს განაჩენს თავის თავს და აკეთებს არჩევანს, თუ სად იქნება მარადისობაში.

თუ ამ ცხოვრებაში შეიძინე შური, უმოწყალობა, სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა, ამპარტავნება და სხვა ასეთი ვნებები, მარადისობაშიც თან წაგყვება ეს თვისებები, იქაც ასეთი იქნები. მაგრამ უფალს უნდა, რომ შეიძინო სიმდაბლე, სიყვარული, ლოცვა, მოთმინება, სულგრძელება, მოწყალება. რატომ? - იმიტომ, რომ თვითონ არის ასეთი უფალი ჩვენი იესო ქრისტე; და თუ ეს თვისებები გექნება, მაშინ ის თავისთან წაგიყვანს და გაცხონებს.

ძვირფასო ძმებო და დებო, მაგრამ ეს ადამიანის დახმარების გარეშე შეუძლებელია. თუ ადამიანს ეს არ უნდა, ყველაფერი ამაო იქნება, ხოლო თუ უნდა და იღვწის ამისთვის, მაშინ უფალი აუცილებლად შეეწევა მას, განკურნავს ამ ვნებებისგან და აცხონებს.

ასე რომ, დავფიქრდეთ ამ იგავზე: ვინ ვართ ჩვენ - მდიდარი თუ ლაზარე? და თუ ჩვენს თავში ჯერ კიდევ ვხედავთ ამ უმოწყალო მდიდრის თვისებებს, გონს მოვიდეთ, სანამ კიდევ გვაქვს ფიზიკური და სულიერი ძალები, რომ ფერი ვიცვალოთ და გამოვსწორდეთ.

დღეს არის ღირსი გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის ხსენება. საოცარი სიხარული სუფევს დღეს ჩვენს მსახურებაზე, ძალიან ბევრი ხალხია შეკრებილი. გილოცავთ ამ დღესასწაულს. შეგვეწიოს მამა გაბრიელის ლოცვა და მადლი.

იგი იყო სრულიად გამორჩეული ადამიანი და მოღვაწე ჩვენი ეკლესიის უახლეს ისტორიაში. მოგეხსენებათ, ის მოღვაწეობდა ათეისტურ პერიოდში და მრავალ ადამიანს გაუნათა გზა უფლისკენ, რისთვისაც იგი მრავალჯერ ტანჯეს, დევნეს, გვემეს და დააპატიმრეს. ის ამ თავის დიდ სულიერებას ფარავდა სალოსობის ღვაწლით. ამის გამო, მრავალჯერ შეშლილი ეგონათ, მაგრამ, როგორც ამბობს პავლე მოციქული: „სულელი იგი ღვთისა უბრძენეს არს კაცთა“ (1 კორ. 25). თავისივე სიცოცხლეში ის მრავალ სასწაულს აღასრულებდა და მისი გარდაცვალების შემდეგ კიდევ უფრო მეტი სასწაული სრულდება, ადამიანები მოდიან არამხოლოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა მხარიდან და წმინდა გაბრიელის ლოცვით უფალი მათ უსრულებს თხოვნას და ანიჭებს სულიერ და ხორციელ კურნებებს.

დღეს, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ასეთი სულიერი ძნელბედობაა, ჩვენ განსაკუთრებით გვამხნევებს ღირსი გაბრიელის სიტყვები, რომ სულიწმინდის მადლს არასდროს დაუტოვებია საქართველო, საქართველოს არასდროს მოჰკლებია სულიწმინდის მადლი და არც არასდროს მოაკლდება.

მაშ, დღეს, მისი ხსენების დღეს, განსაკუთრებით ვევედროთ ღირს გაბრიელს, აღმსარებელსა და სალოსს, რომ მისი ლოცვით უფალმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ეკლესია, გააძლიეროს და ადღეგრძელოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და შეგვეწიოს ღირსი მამა გაბრიელი, რომ ამ ლაზარეს მსგავსად, უფალმა დაგვამკვიდროს აბრაამის წიაღში, რათა დავტკბეთ იმ გამოუთქმელი სიკეთეებით, რომლებიც „თვალს არ უნახავს და ყურს არ სმენია“ (1 კორ. 2,9), რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, თანა მამით და სულიწმინდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, - განაცხადა მეუფე შიომ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way