ოკუპირებულმა აფხაზეთმა საბოლოო მოსმენით საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რომლებიც მიზნად ისახავს, სხვათა შორის, გალის რაიონის მკვიდრ ქართველებს „აფხაზური ეთნიკურობის აღდგენის“ საშუალება მისცეს.
„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, სამოქალაქო მდგომარეობის აქტების შესახებ კანონში შესული ამ ახალი დებულებებით, აფხაზეთში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს ამიერიდან „აფხაზური ეთნიკურობის აღდგენის“ უფლება ენიჭებათ.
ოკუპირებული სოხუმი უცხოელებად თვლის გალის ზონაში მცხოვრებ დაახლოებით 30 000 ეთნიკურ ქართველს, რომელთაც წინა, რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაციამ 2014 და 2017 წლებში მათ აფხაზეთის „მოქალაქეობა“ ჩამოართვა და პოლიტიკური უფლებები წაართვა.
დღეს მიღებული ცვლილებები გალის მცხოვრებლებს პოტენციურად გზას გაუხსნის აფხაზური პასპორტების მისაღებადაც, თუმცა საამისოდ მათ ქართული გვარების დათმობა და აფხაზურზე გადასვლა მოუწევთ.
ცვლილებების პაკეტმა დაახლოებით ერთწლიანი პროცესი გაიარა. პროექტი 2021 წლის მარტში „პარლამენტის თავმჯდომარე“ ვალერი კვარჩიამ წარადგინა.
უნდა აღინიშნოს, რომ მოქალაქეობის შესახებ ოკუპირებული რეგიონის „კანონის“ მე-5(ა) მუხლი აფხაზური ეთნიკურობის ადამიანებს „მოქალაქეებად“ მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობენ ისინი, ან აქვთ თუ არა უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობა, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ისინი ეწინააღმდეგებიან აფხაზეთის სუვერენიტეტს.
კენჭისყრამდე მწვავე დებატებში მონაწილე რამდენიმე „დეპუტატმა“ შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ ახალი რეგულაციები საქართველოს მოქალაქეებს აფხაზეთის „მოქალაქეობის“ მიღების საშუალებას მისცემს.
თუმცა ერთ-ერთი აფხაზი კანონმდებლის, გივი კვარჩიას აზრი, ამ ცვლილებების მიღება „ისტორიული სამართლიანობის“ დაბრუნების ტოლფასია. მისივე მტკიცებით, 1930-იან წლებში ათასობით აფხაზი იძულებული გახდა ეთნიკური კუთვნილება შეეცვალა.
აფხაზების ნაწილში გავრცელებულია აზრი, რომლის თანახმადაც, გალის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა, სინამდვილეში ეთნიკურად აფხაზები არიან, რომელთა „გაქართველებაც“ საბჭოთა დროს მოხდა.
თბილისში დევნილობაში მყოფი აფხაზეთის უზენაესი საბჭო ამ თეორიას მკაცრად აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ „ანტიისტორიული თეორიის“ ავტორები „ურცხვად ცრუობენ“. საბჭო აღნიშნავს, რომ „სამწუხაროდ, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი აგრძელებს ყოვლად მიუღებელი ექსპერიმენტების ჩატარებას გალის გეტოში მომწყვდეული ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ“.
„კანონპროექტს“ გააფთრებული მოწინააღმდეგეები სოხუმშიც ჰყავს. 2021 წლის აპრილში, აფხაზეთის ომის ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაამ“ გააფრთხილა „დეპუტატები“, რომ ცვლილებები არ მიეღოთ.
მანამდე, ამავე ორგანიზაციამ ასლან ბჟანიას ადმინისტრაციის ინიციატივა დაგმო, რომელიც გალელი ქართველებისთვის „აფხაზური პასპორტების“ უპირობოდ გაცემას ითვალისწინებდა.